№19 როგორ ჩაუწყო ერეკლე შონიას გარდაცვლილმა მამამ იმქვეყნიდან ქორწინება სასურველ ქალზე და რატომ დაუბრუნა ერეკლემ მესამე ცოლს საქორწინო ბეჭედი
გასულ კვირას უფოლოგმა ერეკლე შონიამ თავის მეუღლესთან, რომლის გვერდითც უკვე შვიდი წელია ცხოვრობს, ურთიერთობა დააკანონა და ია თოთაძის კანონიერი ქმარი გახდა. მათ 5 წლის შვილი, ულამაზესი თამარი ჰყავთ, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას. ერეკლესთვის, ია მესამე ცოლია. რამ მოაფიქრებინა წყვილს შვიდი წლის თავზე ქორწინება, ვინ გადაწყვიტა მათი ბედი იმქვეყნად და რატომ ჩავარდა შოკში მისი სამეგობრო ქორწილის გამო, ამას ინეტრვიუდან შეიტყობთ.
ერეკლე შონია: ძალიან მოძრავი ბაშვი ვიყავი, ერთ ადგილას ვერ მაჩერებდნენ. დედაჩემი სულ ტყუპებზე ოცნებობდა და მე რომ გავჩნდი, მერე ამბობდა, კიდევ კარგი, ორი ამნაირი არ მყავს, ღმერთმა დამიფარაო (იცინის). სიარულის რეჟიმი არ მქონია – ან დავრბოდი და ან მეძინა. სხვათა შორის, 90-იანი წლებში ოჯახი ჩემი გადარჩენილია – სულ დავდიოდი და თუ სადმე ხეს და შეშას ვნახავდი, სახლში მოვარბენინებდი. თბილად გადავატანინე რთული პერიოდი (იცინის). ახლაც, 41 წლის ასაკში, სულ მოძრაობაში და საქმეში ვარ. ვერ დავჯდები და ვერ ვითევზავებ, სად შემიძლია გაუნძრევლად ჯდომა და ლოდინი? მიყვარს ახალ-ახალი პროფესიების ათვისება. გარდა უფოლოგიისა, ბიზნესშიც ვცადე ბედი, მანქანებიც ამიწყვია და გადამიწყვია. ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და მიყვარს, როცა სულ საქმით ვარ დაკავებული. შესაბამისად, ვინც ჩემ გვერდით არის, მათაც ვასაქმებ.
– ამბობენ, რომ შენთან თანაცხოვრება რთულია. რატომ?
– წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც სულ იმას გეუბნება, საქმე გააკეთე, იმუშავეო... ასეთ კაცთან ცხოვრება ადვილია? (იცინის). აი, ია, ჩემი მეუღლე, უკვე შვიდი წელია, მიძლებს. ეს ის ქალია, რომელმაც ჩემს რუხ ცხოვრებაში ფერები შემოიტანა, სხვანაირად დამანახა რაღაც-რაღაცები. ყველაფერში გვერდით მიდგას და მიგებს. მოკლედ, პირად ცხოვრებაში, ბევრი ბრძოლის, რამდენჯერმე ოჯახის შექმნის შემდეგ, გამიმართლა. იასთან ერთად, შვიდი წლის განმავლობაში, ბევრი რამ გადავიტანე. მან ჩემში ზომიერების გრძნობა გააღვივა. ჩემს გემოვნებაში კი, ფერადოვნება შემოიტანა. მანამდე მსგავსი არაფერი მიგრძნია.
– ერეკლე, რატომ გადაწყვიტე, იასთან შვიდი წლის თანაცხოვრების შემდეგ, ტრადიციული ქორწილის გადახდა და ჩოხის ჩაცმა?
– ია ჩემი მესამე ცოლია. პირველთან ხელი მქონდა მოწერილი, 12 წლის ჯარჯი მყავს, მეორესთან, არც ხელი მომიწერია და არც ჯვარი დამიწერია. მე და ია შვიდი წელია, ერთად ვართ, 5 წლის თამარი გვყავს და მოვიდა დრო, ეს ურთიერთობა დაგვეკანონებინა. მეგობრებს რომ ვუთხარი, ქორწილში გეპატიჟებით-მეთქი, შოკში ჩავარდნენ, კიდევ ცოლი მოგყავსო? (იცინის). ვერ წარმოიდგინეს, რომ იმავე მესამე ცოლზე ვქორწინდებოდი (იცინის). სხვათა შორის, ჩემს ქორწილში, ჩემი პირველი ცოლიც დავპატიჟე, არ მოვიდა, მაგრამ შვილი გამოუშვა. თამარი კი, დედამისს ეხვეწებოდა, დედა არ გათხოვდე, მე გამომყევი ცოლადო... ეგონა, თუ გათხოვდებოდა, სახლიდან წავიდოდა (იცინის). სიღნაღში მოვაწერეთ ხელი და ჯვარიც იქვე დავიწერეთ. ყველა ქალს უხარია თეთრი კაბის მორგება და საყვარელი მამაკაცის გვერდით საკურთხეველთან დგომა. ეს აუცილებელია და ჩვენც ეს ტრადიცია არ დავარღვიეთ – შავი ჩოხაც მეცვა, თეთრ ულამაზეს კაბაში ჩაცმული საყვარელი ქალის გვერდითაც ვიდექი. უფლის წინაშე დავაკანონეთ ჩვენი ურთიერთობა და ბეჭდებიც გავცვალეთ. ვიცეკვე, ვიმღერე ჩემს ქორწილში და ტორტიც გავჭერი. ქორწილის გადახდა ჩემმა ძმაკაცმა, ზურაბ დვალმა მაიძულა მისი იდეა იყო. ზურაბი კავკასიის შესახებ იღებს ფილმებს. უნდოდა, ტრადიციული ქართული ქორწილიც გადაეღო, და შემდეგ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ენახვებინა. დავთანხმდით და ამიტომ, ყველა ტრადიციის დავცვით ჩავატარეთ. სამ დღეში გავუკეთეთ ორგანიზება და ვიქორწინეთ. მე და იამ ამ ქორწილით ოცნებები ავიხდინეთ: მე ვოცნებობდი შავი ჩოხის ჩაცმაზე, ია კი – თეთრ კაბაზე. ოჯახის წევრებიც გვერდით დაგვიდგნენ. სხვათა შორის, ჩემმა დამ, ლალი მოროშკინამ ჩააწვეთა ამ ქორწილის იდეის შესახებ ზურას – მეჯვარეები, მეგობრები იყვნენ. მართალია, 70-კაციანი ქორწილი მქონდა, მაგრამ, იმდენი სანაცნობო-საახლობლო-სამეგობრო მყავს, რომლებიც ვერ იყვნენ, მომიწევს, საქორწინო-საჩაქაფულო დღეებ-რიტუალების, ყოველ შაბათ-კვირას გამეორება-ჩატარება (იცინის). ზვიად თავაძე იყო თამადა, დააგვიანა ჯვრისწერაზე და მერე მეუბნებოდა, ყველა, ვინც ჯვარს იწერს გაღიმებულია, თქვენ კიდევ, ისეთი სერიოზულები და დამშვიდებულები იყავით, ვიფიქრე, ამ ხალხს რა დაემართა-მეთქი (იცინის). მართლა სხვა განზომილებაში ვიყავით, არაამქვეყნიური გრძნობა იყო.
– თაფლობის თვის გამეორებას გეგმავთ?
– არა. ეს ჯერ არ მოგვიფიქრებია. არ გვცალია თაფლობის თვისთვის, ორივეს ბევრი საქმე გვაქვს. არც შვიდი წლის წინ გვქონდა თაფლობის თვე, მაშინაც შრომის დღეები გვქონდა (იცინის). გადავაგორებთ რაღაც პერიოდს და იმედია, მერე დადგება თაფლობის თვე ჩვენთვის.
– ანუ, ია არის „მესამე და სამართალი“?
– ბავშვობაში, თავზე სამი გვირგვინი მქონდა და სულ მეუბნებოდნენ, სამი ცოლი გეყოლებაო. მგონი, ჩემმა თავზე გაჩენილმა გვირგვინებმა, გადაწყვიტა ჩემი პირადი ცხოვრება (იცინის). ძალიან რთულია ჩემი ცოლობა და იამ ეს შეძლო. ურთიერთობის დაკანონების მერე ახალი ცხოვრება დავიწყეთ, უკვე მართლები ვართ ღმერთთან და კანონთან. ია დამეხმარა ჩემი თავის პოვნაში, პირადი ცხოვრება დამილაგა და მისი მადლობელი ვარ.
– საქორწინო ბეჭედი არ გიკეთია. სად გაქვს, რატომ არ ატარებ?
– იამ მიყიდა, ცოტა პატარა მომივიდა, მიჭერს, ვერ ვიკეთებ, უკან დავუბრუნე, გაადიდებს და მერე გავიკეთებ.
– ამბობენ, ორი ადამიანის ბედი ზეცაში წყდებაო. ამ აზრს ეთანხმები?
– ჩემი და იას ბედი ზეცაში კი არა, იმქვეყნად გადაწყდა. მამას ძალიან უყვარდა ციმბირში, ტომსკში სიარული. ანომალიურ თემატიკაზე იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ უფოლოგები. მიყვებოდა, მხოლოდ იქ შემორჩა სხვანაირი ხალხიო. ია რომ გავიცანი, აღმოჩნდა, რომ დედამისი ციმბირელია. მერე ვამბობდი, ეტყობა, იმქვეყნიდან მამა დამეხმარა, იას ბაბუა ნახა, საქმე ჩამიწყო, რომ იას შევხვედროდი და ცოლად მომეყვანა-მეთქი. მე არ ვარ კაცი, რომელიც გამოადგება ქართველ „გოგოშკას“, ვერ ვიტან კაფეში ფეხი-ფეხზე გადადებულ ჯდომასა და დროის უქმად ხარჯვას. თუ ჩემ გვერდით ხარ, იმუშავე! ჰოდა, ბევრი გოგო ამ ჩემი ხასიათით დავაფრთხე. რად უნდა 30 წელს გადაცილებულ ქალს ისეთი კაცი, რომელიც სულ იმუშვე, იმუშავეს გაიძახის? უნდა „გამოიჭიროს“ ისეთი, ვისაც მზამზარეული აქვს. ია კი, ამყვა შრომაში, მიძლებს და მომყვება.