№19 რატომ დასვა ორთვე-ნახევრის შვილი დიეტაზე თამო ვაშალომიძემ და როგორ აპირებს ის ბოიფრენდის ნაჩუქარი ძვირფასი საჩუქრით სერიოზული ბიზნესის დაწყებას
თამო ვაშალომიძემ ცოტა ხნის წინ თავისი მშვენიერი პატარა გოგონა, სოფია გააქრისტიანა. მას შემდეგ, რაც სოფია დაიბადა, თამოს ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა – ის თავის პატარა გოგონაზე მუდმივად ზრუნავს და მის მომავალზე ფიქრობს.
თამო ვაშალომიძე: სულ ვცდილობ, სოფიასთან ერთად ვიყო. სადაც შემიძლია, თან წავიყვანო ან, დღის განმავლობაში, მის გვერდით ვიყო, გავართო, ვეთამაშო. თან, ბოლო პერიოდში, თავის ენაზე რაღაცებს მეუბნება, მეჭორავება. დილის 8 საათზე რომ იღვიძებს, აუცილებლად უნდა გამაღვიძოს, რაღაც უნდა ვუთხრა, დაველაპარაკო. მეც ვცდილობ, ნერვები არაფერზე მოვიშალო. ადრე თუ ბევრ რამეზე ვნერვიულობდი, თუნდაც, სადმე რომ მაგვიანდებოდა ან სხვა რამეზე, ახლა ვცდილობ, არაფერზე ვინერვიულო. სიმშვიდე, სიწყნარე, მშვიდი გარემო უნდა იყოს ჩემ ირგვლივ. ბავშვიც ძალიან წყნარია, ყველანაირად მიწყობს ხელს, არ ტირის, არ ჭუჭყუნებს. გადავწყვიტეთ, რომ კვირაობით ერთად ვიყოთ, გავისეირნოთ. ახლა უკვე ნათლიებთან ერთად ვართ, ვუვლით ბავშვს, ვართობთ, ჩვენც ვერთობით. არც უცხოობა იცის. ნებიერაა, მოფერება უყვარს, ყველასთან ერთობა. ოღონდ ცოტა ღორმუცელაა – ორთვე-ნახევრის არის და უკვე 8 კილომდეა. თუ არ ვაჭამეთ, ისე გვეჩხუბება... დროს არ უნდა გადავუცილოთ. თუმცა ღამე ბოლო ჭამა 12 საათზე აქვს და შემდეგ დილის 8 საათზე ვაჭმევ – დიეტაზე დავსვი.
– თავიდან ახალბედა დედებს გარკვეული სირთულეები აქვთ ხოლმე.
– ყველაზე რთული ის იყო, რომ ერთი თვის განმავლობაში ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ყოველ ნახევარ საათში შიოდა. ბევრი რძე მქონდა, ვერ ვიტყვი, რომ ვერ ვაკმაყოფილებდი, მაგრამ ხშირად ჭიჭყინებდა. საქმე რომ მქონდა და გავდიოდი, სულ საათს ვუყურებდი. პირველი შვილი როცაა, ხელში დაჭერაც რთულია, პამპერსის გამოცვლაც. ჭიპლარი როდის მოურჩებოდა ამაზეც ვნერვიულობდი, ამიტომ მოდიოდა ქალი, რომელიც ჭიპლარს უმუშავებდა. დღემდე მოდის ხოლმე და ასუფთავებს, ბანს... მასაჟებზეც დაგვყავს გოგონა. უკვე მეც ბევრი ვისწავლე. ერთი თვის მერე ხელოვნურ კვებაზეც გადავიყვანე და სხვათა შორის, უფრო მეტად ჩაჯდა რეჟიმში. ბუნებრივ კვებაზე რომ მყავდა, ბევრ რამეში მეშლებოდა ხელი: გადაღებები მქონდა, სოლარიუმი არ შეიძლებოდა, შეიძლება, რაღაც მეჭამა და მას აწყენდა. რაც ხელოვნურ კვებაზეა, არც გაზები აწუხებს და არც სხვა რამ, მშვენიერ რეჟიმშია. მშვიდადაც არის, რასაც ჭამს, ის აკმაყოფილებს. ჩვენც მშვიდად ვართ. თავიდან ყველა დედა მშიშარაა: პატარა რომ არის, გეშინია, რამე არ ატკინო. ახლა მივხვდი რომ რთული არაფერი ყოფილა, ყველაფერს მშვენივრად გავართვი თავი.
– ვის ჰგავს?
– ყოველდღე იცვლება, მაგრამ თვალის ჭრილი მამის აქვს. მე ვყოფილვარ ბუთხუზა ბავშვი და ალბათ, მეც მგავს. მამას ვამსგავსებ თვალებით, ლოყებით კი – ჩემს ბავშვობას.
– მამა არის ბავშვის აღზრდაში ჩართული?
– რა თქმა უნდა, ყველაფერში ჩართულია. უბრალოდ, გადავწყვიტე, ამ თემაზე ბევრი აღარ ვისაუბრო, რადგან ყველას აინტერესებს, იქექებიან ჩემს ცხოვრებაში, კითხულობენ რაღაცებს, თემა დავხურე. რა თქმა უნდა, მისი შვილია და ჩემ გვერდითაც არის. სულ ღიად ვსაუბრობდი ამ თემაზე, მაგრამ მერე დაიწყეს კითხვების დასმა: აბა, ვინ არის, რატომ მალავს, არ ჰყავს, ალბათო. ძალიან ბედნიერი ვარ და არ მინდა, ვიღაცების კომენტარებს ვკითხულობდე. როგორც აქამდე ვმალავდი და სანამ არ დავორსულდი, მანამდე არ ვამბობდი არაფერს, ახლაც ასე ვაპირებ.
– ის, რომ არ ამხელ შენი შვილის მამის ვინაობას, ამან ხომ არ გააჩინა ამდენი კითხვა?
– ვფიქრობ, რომ მე სწორად ვიქცეოდი და ახლაც სწორად ვიქცევი. ყველაფერი სწორად მაქვს გაკეთებული და არაფერს ვნანობ.
– სოფიას მამის ოჯახი რამდენად არის ჩართული ბავშვის ცხოვრებაში?
– ჩართულები არიან იმდენად, რამდენადაც მე ვაძლევ უფლებას, იყვნენ ჩემს ცხოვრებაში და შვილიშვილის აღზრდაში. ახლა ვაპირებ ჩემს ბებოს გავაცნო შვილთაშვილი.
– ცოტა ხნის წინ სოფია გააქრისტიანე.
– კი. ჩემი მეგობრები არიან ნათლიები. ოთხივე ნათლია ჩემი მეგობარია, ერთ-ერთი ჩემი ფოტოგრაფი, მიშო ბეგაშვილია და სამი – ჩემი დაქალი, რომლებთანაც ერთად ბავშვობიდან მოვდივარ. მცხეთაში დედათა მონასტერში მოვნათლეთ და შემდეგ თბილისში მოვილხინეთ.
– სოფია რომ დაიბადა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის ფოტოებს სოციალურ ქსელში არ დებდი, არ აჩენდი.
– ერთ-ერთი გადაცემიდან მთხოვეს: არ დადო ფოტოები, სანამ ჩვენი გადაცემა არ გავაო, ამიტომაც არ ვდებდი ფოტოებს. არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, რომლებიც ბავშვს სახეზე მაიმუნის სტიკერს აკრავენ. ყველა სტიკერზე ლამაზია ბავშვის სახე. თუ თვალი ეცემა, ყველგან ეცემა, სახის გარდა, სხვა რაღაცებიც აქვს.
– როგორ აპირებ სოფიას გაზრდას, აღზრდას?
– ის, რომ დავაწყო გეგმები: ასე უნდა გავზარდო-მეთქი, რა თქმა უნდა, არ გამოვა. მთავარია, სწორად გავზარდო, კარგი და ძლიერი გოგონა იყოს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შვილი – არც გოგო და არც ბიჭი, მომავალში რომ მეყოლება, ნაზი არ იქნება. ძლიერი ადამიანი ვარ და მინდა, ჩემი შვილიც ასეთი იყოს – ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოს, სხვების დახმარების გარეშე. როცა ცხოვრებაში ძლიერი ადამიანი ხარ, ვერავინ დაგჩაგრავს. დედიკო დამეხმარე, მამიკო, დამეხმარე, მცემეს – ჩემს ოჯახში ასეთი რაღაცები არ იქნება, თავის თავს უნდა მიხედოს. ერთ-ერთ გადაცემაში როცა ვიყავი და მიმტანობა ვახსენე, მერე ხალხმა აიტაცა: პრინცესულად ზრდის შვილს და თან, უნდა მიმტანი იყოსო. ყველა დედას სურს, რომ მის შვილს წარმატებული მომავალი ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 18 წლის ასაკში დირექტორი უნდა იყოს, რადგან მას არ ეცოდინება, რასაც აიღებს, ის თანხა საიდან და როგორ მოვიდა. ამიტომ ადამიანმა უნდა დაიწყოს პატარა რაღაცით, რომ ფასი იცოდეს. მიმტანობა მაგალითად მოვიყვანე, თუმცა, გავიმეორებ, რომ სათაკილო არაფერია. რაღაცით უნდა დაიწყო, აკეთო და მიაღწიო წარმატებას.
– შენ თქვი: ძლიერი ადამიანი ვარო. რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სირთულე, რამაც ბევრი თვისება ჩამოგიყალიბა?
– მე არ ვყოფილვარ ცნობადი სახე, ყველაფერი ჩემით შევქმენი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე გავაკეთე ისეთი რამ, რითიც შემიძლია, ვიამაყო და ვთქვა: დამთავრდა, ეს ის არის, რაზეც ვოცნებობდი. შეიძლება, ასე ვიფიქრო, როცა დავბერდები, შვილიშვილები მეყოლება და ჩემს განვლილ ცხოვრებას გადავხედავ. მაგრამ ახლა ამას ვერ ვიტყვი, რადგან კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი, თუნდაც, კარიერაში, ბიზნესში, პირად ცხოვრებაში. ბევრი რთული პერიოდი მქონდა. ალბათ, ყველაზე დიდი სირთულე იყო, როცა ოჯახიდან წამოვედი, დავიწყე მუშაობა. ერთი პერიოდი ვერ ვმუშაობდი, გავჩერდი. მაგრამ მე თვითონ არაფერს მივიჩნევ სირთულედ, არ ვვარდები დეპრესიაში და ცივი გონებით ვუყურებ, როგორ გადავჭრა. ადამიანები თავად უქმნიან თავს ამ პრობლემას, მაგრამ თუ საკუთარ თავს დაუსვამ კითხვებს, არ ინერვიულებ, დეპრესიაც არ დაგემართება. ერთხელ დავიწყე ცხოვრება ნულიდან, როდესაც სახლიდან წამოვედი და ახლა არანაირად არ მსურს რამის ნულიდან დაწყება. მომწონს ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც დღეს მაქვს.
– რა დაგეხმარა წარმატებაში?
– არასდროს არაფრის გამო არ ვიხევ უკან და ვარ რისკიანი. ჩემი მეგობრების გარდა, სხვების აზრი არ მაინტერესებს, ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ და ვარ პრინციპული, მიზანდასახული. ვფიქრობ, ეს ჩემი პლუსებია.
– რა ჭორი გახსოვს ყველაზე ცუდად?
– როცა ორსულად ვიყავი და დაწერეს, თითქოს კიბიდან დავგორდი და მუცელი მომეშალა. ჟურნალისტმაც დარეკა და გადაამოწმა. „გამიტყდა“ ამ ჭორის გაგება, არ მესიამოვნა. ხან ვისი საყვარელი გამხადეს, ხან – ვისი, ზოგს არც კი ვიცნობ, სახეზეც კი არ ვიცი, ვინ არიან ხოლმე. ასეთ რაღაცებზე მეცინება.
– მახსოვს, სასტუმროს გახსნას გეგმავდი.
– კი, ჩემმა ბოიფრენდმა მაჩუქა მიწა და ვაპირებ გაკეთებას, თავიდან უნდა აშენდეს. ალბათ, ასე, 3-4 წელი დასჭირდება.
– მამიკომ რით დაასაჩუქრა სოფია ნათლობაზე?
– ყველამ იცის, რომ არ გვაკლებენ საჩუქრებს.