№19 როდის ასკდებიან ერთმანეთს რქებით ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი და რატომ ამოისვირინგა ოთომ გულის მხარეს, ნეკნებზე ჯულიანას ფოტო
ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი, ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ტურნირებზე ძალიან წარმატებულად გამოდიან და მნიშვნელოვან ადგილებსაც იკავებენ. ახლო მომავალშიც მათ ბევრი საერთაშორისო კონკურსი, ასევე, საქართველოს ჩემპიონატი ელოდებათ.
ჯულიანა ბარ-გნარი: ბოლოს რუსეთში, ჩელიაბინსკში საერთაშორისო შეჯიბრებაზე ვიყავით, რომელშიც 91 წყვილი მონაწილეობდა. ჩვენ მერვე ადგილზე გავედით და საუკეთესო ათეულში მოვხვდით. ეს ძალიან მაგარი შედეგი იყო, რადგან ზოგადად, რუსეთში ძლიერი ტურნირები ტარდება, ძალიან კარგი წყვილები მონაწილეობენ ხოლმე. ამ ტურნირშიც 4 ტოპ-წყვილი იყო, ამიტომ მერვე ადგილი ჩვენთვის ძალიან კარგია.
ოთო ფოლადაშვილი: როდესაც კონკურსზე მიდიხარ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კარგი შედეგი უნდა დადო. თან, რუსეთში ქართველებს სხვანაირი ჟინი გვაქვს, უფრო მეტი შემართებით მივდივართ ხოლმე, გვინდა, ყველას მოვუგოთ. აქედან გამომდინარე, ასეულიდან ათეულში შესვლა ძალიან მნიშვნელოვანია და ათეულიდან რვა საუკეთესოში შესვლა, საიდანაც 4 მოწვეული ტოპ-წყვილი იყო, ნამდვილად კარგი შედეგია. ყველამ აღნიშნა, რომ საქართველო გამორჩეული იყო.
– როგორია შეფასებები თქვენი წყვილის მიმართ?
– სადაც უნდა ვიყოთ, ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ძალიან კარგი წყვილი ვართ, როგორც ვიზუალურად, ასევე ჩაცმით, ფიზიკური მონაცემებითა და რაც მთავარია, ცეკვით. წარმოუდგენლად კარგ კომპლიმენტებს ვიღებთ ხოლმე. ჩვენ მიმართ მაყურებელიც თბილად არის განწყობილი. შენს გამოცხადებაზე რომ უფრო სხვანაირი აპლოდისმენტებია, შენს გამოსვლაზე ძალიან ბევრ მობილურ ტელეფონს რომ ხედავ, ყველა გიღებს და ბედნიერი სახეებით არიან. ეს ჩვენ გვაბედნიერებს და როცა შედეგიც დგება, ეს კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოა.
– რა იყო თქვენთვის ყველაზე კარგი კომპლიმენტი?
ჯულიანა: ალბათ, ის კომპლიმენტი, როდესაც მსაჯი ამბობს: ამ წყვილს ძალიან დიდი პოტენცია, პერსპექტივა აქვსო.
ოთო: უფრო წინ გეკუთვნოდათ ადგილიო. როდესაც ფინალში მეოთხე ადგილს იღებ და დაჯილდოების დროს მსაჯი გეუბნება: უფრო წინ უნდა ყოფილიყავითო. მეოთხე ადგილი გვიხარია, ტოპ-ექვსეულში გავდივართ, ძალიან მაგარი შედეგია და პლუს, გეუბნებიან, რომ თქვენ აუცილებლად საპრიზო ადგილზე უნდა ყოფილიყავითო.
ჯულიანა: ეს ჩვენთვის უფრო მეტი სტიმული და მოტივაციაა, იმას ნიშნავ, რომ სწორ გზაზე დგახარ და ყველაფერს სწორად აკეთებ.
ოთო: პირველი, რაც მოსწონთ, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. რომ ამ წყვილში აღიქმება მამაკაცი და მანდილოსანი. ჩვენთან ეს უფრო მაღალ ლეველზე გვაქვს. ასევე აღნიშნავენ, რომ გარეგნობა გვიწყობს ხელს, გვაქვს ძალიან კარგი კოსტიუმები, ძალიან მოდური ტანსაცმელი.
– როდესას ჯული კაბას არჩევს, შენ თუ ეხმარები რჩევის სახით?
– არა, ჯულიმ კარგად იცის, რა ჩაიცვას და როგორ ჩაიცვას. მე სიურპრიზის წინაშე მაყენებს ხოლმე – კონკურსის წინ მაჩვენებს კაბას, რომელიც აბსოლუტურად უნიკალურია. როგორც წესი, მისით აღფრთოვანებული ვრჩები.
– ჯული, ოთო გეუბნება კომპლიმენტებს?
ჯული: რა თქმა უნდა. იცის ჩემი ხასიათი და ყოველთვის „პადერშკის“ სახით მაგრძნობინებს, რომ პარკეტზე ჩვენ ვართ ლიდერები. შეიძლება, ზუსტად ამიტომაც ჩანს მერე: მამაკაცი და ქალი. ამის წარმოდგენა არც ოთოს სჭირდება და არც მე, ჩანს, რომ ის არის ძლიერი და გვერდით ჰყავს გოგონა.
ოთო: ცხოვრებაშიც არ მავიწყდება ხოლმე, რომ გვერდში მდგომი მანდილოსნები გავანებივრო.
– ტურნირებზე ოთოს სხვა გოგონები არ ეპრანჭებიან ხოლმე?
ჯული: ამას უკვე მიჩვეული ვარ: ბიჭი ჩემს ხელშია გაზრდილი. რატომაც არა, მე ძალიან მსიამოვნებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ მეწყვილედ მყავს ძალიან სიმპათიური, მამაკაცური ბიჭი, რომელსაც სხვა გოგონები ეპრანჭებიან, უყურებენ.
– ჯულის, არ ეპრანჭებიან?
ოთო: ჯულის გვერდით მე ისეთი ვდგავარ, რომ ბიჭები ვეღარ ეპრანჭებიან. რომ გაეპრანჭონ, იციან: შეიძლება, კარგი ჩიტი დაიჭირონ. მსგავსი ინციდენტი არ ყოფილა, რადგან იქ ვარ და ხვდებიან: ეს ქართველია და პატარა მცდელობაც შეიძლება, არ გვაპატიოსო.
– როგორ ანებივრებ ხოლმე გოგონებს?
– ექსპრომტად, ნებისმიერი წვრილმანით შეგიძლია, შენ გვერდში მდგომი ადამიანი გააბედნიერო. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის – მარტივად შეგიძლია, ადამიანს შეუქმნა ის გარემო, რომ ღიმილი მოჰგვარო. მე მიყვარს, როდესაც ჩემ გვერდით მყოფი ადამიანები მოღიმარები, ბედნიერები, გახარებულები არიან და სულ ვცდილობ, გავაბედნიერო.
– ჩხუბობთ ხოლმე? ასე მგონია, ჯულის საერთოდ არ ღალატობს ნერვები?
ჯული: მე, არა პირიქით. ოთოა ძალიან ძლიერი.
ოთო: რა თქმა უნდა, ვკამათობთ, რადგან კამათში იბადება ჭეშმარიტება. ალბათ, წვრილმანებზე, მოძრაობაზე. ჯული ძალიან მარტივად აგვარებს ხოლმე: როგორც გინდა, ოთო, როგორც გინდა. მაგრამ, ზოგჯერ აქვს მომენტები, როცა რქებით ვასკდებით ერთმანეთს. სერიოზული კონფლიქტი არ მოგვსვლია.
ჯული: 8 თუ 9 წელია წყვილში ვდგავართ და სერიოზული კონფლიქტი რომ გვქონოდა, ახლა ერთად არ ვიქნებოდით.
ოთო: ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთი ძალიან კარგად გავიცანით, საერთო მიზნები გვაქვს და ვიცით, რომ ამ მიზნებისთვის ცხოვრებაში რაღაც უნდა დავთმოთ.
ჯული: ისეთი ტიპი ვარ, ყველგან, სადაც ჩემიანია, ვცდილობ, შევუქმნა ისეთი შეგრძნება, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჯერჯერობით ამ შეგრძნებაში ბზარი არ გვქონია, რომ ჩვენ ერთნი ვართ და უნდა „მივაწვეთ“. ამას კარგად ვხვდებით ორივე, გაცნობიერებული გვაქვს და ვიცით: რა გვჭირდება.
– როგორია შენი თვალით დანახული ჯული?
ოთო: ასეთია, რასაც ხედავთ. ჩემ მიმართ უფრო თბილი, ყურადღებიანია. იცის მეგობრობის ფასი, დამოკიდებულებები. ერთადერთი, მაგარი ჯულიანა.
ჯული: მე მაშინ ვეჭვიანობ, როცა რეპეტიცია 2 საათზე გვაქვს და მოდის 3-ზე. ვურეკავ: სად ხარ, რას აკეთებ, მოდიხარ? მე რომც არ მოვიდე სტუდიაში, არ დავურეკო, არც კი დაინტერესდება.
ოთო: ისე ვანაწილებ ყურადღებას, რომ ჯულის არაფერი აკლდება. შეიძლება ვინმესთან მეტ დროს ვატარებდე, მაგრამ ამას ჯული ვერ იგრძნობს. მისთვის ისედაც მიძღვნილი მაქვს დიდი ყურადღება და კმაყოფილდება. ჯერჯერობით პროტესტის გრძნობა არ აქვს, რადგან მის მიმართ დიდ ყურადღებას ვიჩენ.
– შენი გოგონები არ ეჭვიანობენ ჯულიზე?
ჯული: მე დიდად არ მქონია მათან კონტაქტი და ვფიქრობ, არ ეჭვიანობენ.
ოთო: ზოგჯერ კი, ზოგჯერ – არა, გააჩნია ურთიერთობას, ხშირ შემთხვევაში – არა.
– რამდენად ეკითხებით ერთმანეთს რჩევებს, უზიარებთ პირად ამბებს?
– მგონი, არ მიზიარებს ხოლმე.
ჯული: როცა რამე სერიოზული იქნება, ალბათ, გამიზიარებს. პირადზე არ ვსაუბრობთ. ოთოს ცივი გონება აქვს და შეუძლია, კარგად დაგანახვოს, რეალურად როგორ გამოიყურება სიტუაცია, ცოტა გამოგაფხიზლოს. როცა რაღაც პრობლემაა, არ ვიცი, რა გავაკეთო, ოთოს შეუძლია ფსიქოლოგივით დამელაპარაკოს, დამარიგოს.
ოთო: გვიწევს ხოლმე რაღაც საკითხების ერთად გადაჭრა და დიალოგი: ასე ჯობია, თუ ისე. ჩვენს ბიზნესშიც ერთად ვწყვეტთ ყველაფერს, საბოლოოდ, კონსესუსამდე მივდივართ და ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებები ამართლებს.
– მახსოვს, შენი და ჯულის ფოტოც ტატუდ გაიკეთე სხეულზე.
- კი, ტანზე მაქვს და ჯულისთვის ორმაგად სასიამოვნო იყო, ჩვენი ფოტო გულის მხარეს რომ დავიხატე. ჯული მეცხრე ცაზე იყო – თვით ჯულიანა მახატია გულის მხარეს, ნეკნებზე, თან ცეკვის პოზაში. ჩვენი ცეკვის სურათია, ეს პოზა მოგვწონს და რომ გადავწყვიტე, ცეკვასთან დაკავშირებული ტატუ უნდა მქონოდა, ჩემი და ჯულიანას ცეკვის ფოტო გადავიტანე სხეულზე.
– ჯულის გაუკეთებია შენთვის მსგავსი სიურპრიზი?
ოთო: ძირითადად, საჩუქრებით მანებივრებს ხოლმე.