№19 როგორ ეგუება ზუზუ ბეჟაშვილის მეუღლე მის ბოჰემურ ცხოვრებას და რატომ არიან ისინი ცალ-ცალკე
ზუზუ ბეჟაშვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა – ის პირველად დაქორწინდა ოფიციალურად. ზუზუმ და მისმა რჩეულმა, თამარ ორაგველიძემ გაცნობიდან მალევე, სრულიად მოულოდნელად, მოაწერეს ხელი.
ზუზუ ბეჟაშვილი: ჩემი მეუღლე არის თამარ ორაგველიძე. არ არის ბოროტი გოგო. მე, საერთოდ, ხანგრძლივი ურთიერთობები მქონდა, მერე რაღაცები „მიტყდებოდა“ – ახლოს რომ გაიცნობ ადამიანს, აღარ მოგწონს... ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა არ გვქონია. ავდექით, გავვარდით და ხელიც მოვაწერეთ და ფეხიც. არ მახსოვს, რომელს მოგვივიდა იდეად ხელმოწერა, რადგან მთვრალი ვიყავი. სამი დღის მერე წავედი იუსტიციის სახლში, მეჯვარეებთან ერთად. უცებ უნდა ქნა ყველაფერი, მართლა ექსპრომტად მოხდა. ყოველგვარი ყვავილებისა და ბეჭდების გარეშე. ქორწილს არ ვაპირებთ, მაგრამ დაბადების დღე მაქვს პირველ ივნისს და მივდივარ თურქეთში მასთან. დიდი ურთიერთობები ვერ მოვასწარით, ის თურქეთში, სტამბულში ცხოვრობს, ჩავდივართ ხოლმე ერთმანეთთან. გეგმაში გვაქვს, რომ კანადაში წავიდეთ.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– გაგიკვირდება და – არა ინტერნეტით, ასე ვთქვათ, ძველმოდურად – წვეულებაზე. მერე აგორდა, აგორდა, ყველაზე მაგარი ხომ ფლირტია. როცა ვართ ერთად, ვართ კარგად. ხალხი შოკში ჩავარდა, რეკავდნენ ფიქტიური ხომ არ არისო. რაში უნდა მჭირდებოდეს ფიქტიური ქორწინება, ფაქტიური ძლივს მოვახერხე. წლები მიცხოვრია ერთსა და იმავე ადამიანთან, უბრალოდ, შტამპი არ მქონდა დარტყმული. ესეც ხომ უნდა მექნა, საინტერესოა. მე ქალივით მინდა მოვლა. ძალიან კარგი გოგოა, ძალინ კარგი იუმორი აქვს, ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ წარმოშობით არის გურული. ძაან სწორად ეცინება ჩემზე. არ უყვარს კლუბები, ხათრით წამოვა, იქაც შაკიკს მოიგონებს და გამოვარდება, მაგრამ ეს შაკიკებიც მომწონს.
– ცალ-ცალკე რომ ხართ, არ ეჭვიანობს შენზე?
– არ ვიცი, არ შემიმჩნევია. ძალიან კარგია, ნაწყვეტ-ნაწყვეტ იხილო ადამიანი. ჩემთვის ყოველწუთიერი ურთიერთობა არ არის ურთიერთობა. ამიტომ არის კარგი, დაკავებული რომ ხარ. მერე მიდიხარ სახლში, უყვები რაღაცებს. ჩემს თავზე მეცინება, რომ ვამბობ, მაგრამ ადამიანს მეორე ნახევარი გჭირდება, რომ გაუზიარო შენი რაც არის. არ მიყვარს გადახლართული ძილი და სულ ერთ ჭერქვეშ ყოფნა. მე ეგოისტი ვარ, თორემ ეჭვიანი ნამდვილად არ ვარ. მეზარება ეჭვიანობა, ისევე როგორც დეპრესია. ნევროზი საერთოდ მეზარება. მე ვიყავი ძალიან კომპლექსიანი ბავშვი და დეპრესია მოსდევდა ამ კომპლექსებს. მივედი ფსიქოლოგთან და ძალიან მიშველა. მერე მეტეხის ტაძარი მიმასწავლეს. იქ მივედი მამა აკაკისთან და იმდენად მოვიხსენი ეს კომპლექსი, რომ მე მგონი, ახლა საჭიროა, ცოტა მქონდეს – საერთოდ, არაფრის კომპლექსი არ მაქვს.
– რა არის შენთვის გარყვნილება?
– გარყვნილება არის, როცა შემაწუხებ შენი თავით. გარყვნილება ის კი არ არის, რომ ჩაიხადოს ვინმემ, პირიქით – ჩაიხადოს. გარყვნილებაა, თუნდაც ცინიზმი, მე ათეისტსაც პატივს ვცემ და მორწმუნესაც, მაგრამ როცა დამცინი, რომ მე ვარ ათეისტი, ეს გარყვნილებაა ჩემთვის. სულში ხელების ფათური არის გარყვნილება. მე ვისი გარყვნილება უნდა გამიკვირდეს, მე შემოვიღე მოდაში გარყვნილება. უკვე მოდაშიც აღარ არის, რაღა დროს გარყვნილებაა, თორემ გარყვნილება, მომენტში, ძალიან კარგია, ოღონდ არა სულ.
– შენ რომ ეგეთი ბოჰემური ცხოვრების, დალევის მოყვარული ხარ, რა დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფრის მიმართ შენს მეუღლეს?
– მე ვარ ბოჰემური ცხოვრების მოყვარული, ის არ არის, შაკიკი აქვს. სულ თავი სტკივა. მეც მომბეზრდა ეს ტუსოვკები და ღამის კლუბები. ლოთის სახელი უფრო მაქვს, ვიდრე ვარ. მეუბნებიან, რთულია შენთან ურთიერთობაო. თუ რთულია, ვინ აძალებთ, „სროკზე“ ხომ არ არიან. საჩუქარი არ ვარ.
– ბევრი სიგიჟე ჩაგიდენია სიმთვრალეში?
– ძალიან ბევრი სისულელე ჩამიდენია, არ მახსოვს ჩემი სიმთვრალე, დილით გამეღვიძოს და რაიმეს არ ვნანობდე ან ფრაგმენტულად რაღაც არ მახსოვდეს. ძალიან დიდხანს არ დავდიოდი კაზინოში და რომ დავლევ, თუ ფული მიდევს, ეგრევე მახსენდება. ერთხელ მივედი და რამდენიმე კაზინოში თავი გავიშავე. ერთი დავიტოვე მაინც და გუშინწინ იმ ერთში ძალიან ცუდად მოვიქეცი – დიდი თანხა წავაგე. ერთხელ, სიმთვრალეში, ორივე ფეხი მოვილეწე – მთვრალი გადავდიოდი დიღმის ტრასაზე, მაგრამ აი, სიმთვრალით თავდაჯერებულს, გგონია, რომ როლს უკეთესად ითამაშებ. დალევა იმ წუთში თავისუფლებას გაძლევს, მაგრამ რაღაც ღილაკს გითიშავს და გგონია, რომ უკეთესად თამაშობ, მაგრამ მხოლოდ გგონია. მქონია პერიოდები, როცა დიდხანს ვსვამდი, მაგრამ დილით რომ გავიღვიძე, დავისხი, დავლიე და მივხვდი, რომ თავი უნდა დამენებებინა, ეგეც ლოთურია, მოდი, ერთი დღე არ დავლევ, მეორე დღე და მერე ისევ სვამ. არ მომწონს, სიგარეტის მოწევა რომ აკრძალეს – არც რესტორანში, არც კაფეში, არსად მიმსვლელი არ ვარ. ეს ქალი, გუგული მაღრაძე, მაგიჟებს, ჯერ ისედაც მაგიჟებდა, მაგრამ ახლა საერთოდ ჰერკულესზე დაგვსვა, გაუფრთხილდეს თავის ორგანიზმს.
– რადგან კაზინოებში თავი გაიშავე, ალბათ ბევრი გაქვს წაგებული..
– სახლს არ გავკარებივარ ნამდვილად, ჩემი სახლები სხვა ამბავმა წაიღო, მაგრამ ჰონორარებს შევხებივარ, მე არ მქონდა პატარა ჰონორარები და იმედი მაქვს, კიდევ იქნება. აზერბაიჯანში როცა ვიყავი, იქ კაზინოები არ იყო და შემრჩა ის ჰონორარი. ჩამოვედი და აქ შევძვერი. მოსკოვში როცა ვიყავი, იკეტებოდა, მაგრამ მოვასწარი იქ მოხვედრაც. ერთხელ დამპატიჟეს და ჰონორარი რომ ავიღე, ეგრევე მივედი. თბილისში კიდევ გაიღვიძებ, ვიღაცას ლუდს სთხოვ, მაჭამეს ეტყვი და მოსკოვში წარმოიდგინე, იღვიძებ საერთო საცხოვრებელში, ვის რა უნდა სთხოვო. მერე იქ შემიგროვეს. რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ხუთი წელი არ გავკარებივარ სამორინეს, მერე ისევ შევედი და მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი სისულელე მაშინ ჩავიდინე. ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე თამაშია.
– ყველაზე რთული პერიოდები როდის გქონდა?
– რთული პერიოდია მაშინ, როდესაც უსუსური ხარ, როცა დედა ავად არის, ფული როცა გინდა და არ გაქვს. უფულობის გამო ხშირად მიგვრძნია თავი დამცირებულად. ისიც ვერ გავიგე, რომელ კატეგორიას მივეკუთვნები – მდიდარს თუ ღარიბს. ყველაფერი შედარებითია, ვიღაცასთან შედარებით მილიარდერი ვარ, მაგრამ კაინუ რივზთან შედარებით – ღატაკი, ამიტომ მე ფული ძალიან მიყვარს. თან, მე მარტო წასვლა მიყვარს დასასვენებლად, ახლა ფული რომ მედოს, ავდგებოდი და მარტო წავიდოდი.