№19 იწვევს თუ არა ერთი მოხმარებით დამოკიდებულებას „აბაზანის მარილად“ წოდებული ნარკოტიკი და რა შემთხვევაში შეიძლება, გაუჩნდეს მის მომხმარებელს ვინმეს შეჭმის ან მოკვლის სურვილი
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბური ნარკოტიკის მოხმარების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი – მძიმედაა. ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცა როგორც ითქვა, საქმე სინთეზურ ნარკოტიკთან, „მეფედრონთან“, იგივე „აბაზანის მარილთან“ გვაქვს.
ნინო გონგლიაშვილი (შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიური სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელი): მეფედრონი დღეს ძალიან გავრცელებულია. ის საქართველოში „აბაზანის მარილად“ გამოიყენებოდა 2024-15 წლებში და შემდეგ აიკრძალა. სინთეტურ ნარკოტიკებს მიეკუთვნება. ამა თუ იმ უკვე არსებული ნარკოტიკული საშუალების სინთეტური ანალოგია, რომელიც მათი ქიმიური სტრუქტურის შეცვლით მიიღება. მათი მსგავსი მოქმედება აქვთ, მაგრამ გაცილებით უფრო ძლიერი. 2008 წელს, როდესაც პრეპარატი გამოვიდა, მას ნეგატიური შედეგები მოჰყვა, ისეთ ძლიერ დამოკიდებულებას იწვევდა და ფსიქიკური აშლილობაც იმდენად ძლიერი იყო, რომ 2009 წლიდან აკრძალული ნივთიერებების რიცხვს მიაკუთვნეს.
– როგორია მისი მოქმედება, რა ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე?
– ეს არის ამფეტამინი, ფსიქოსტიმულატორი. თავდაპირველად მისი სინთეზირება 1929 წელს მოხდა საფრანგეთში. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და პრეპარატის გავრცელება მხოლოდ 2008 წელს დაიწყო, რასაც ადვილმა ხელმისაწვდომობამ და დაბალმა ფასმა შეუწყო ხელი. მთავარი მიმზიდველობა, რაც ამ ფსიქოსტიმულატორს აქვს, არის ძალიან ძლიერი ეიფორია. სხვა სტიმულატორებისგან განსხვავებით, მას გაცილებით ძლიერი ეიფორია აქვს და მისი მომხიბვლელობა ამაშია. შესაბამისად, იწვევს ძალიან სწრაფ დამოკიდებულებას. ეიფორია იმდენად დიდია, რომ შესაძლებელია ადამიანს ამ პრეპარატის მიმართ ერთი მოხმარების შემდეგაც გაუჩნდეს ძლიერი პათოლოგიური ლტოლვა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ტვინი ყოველთვის ინახავს სასიამოვნო ინფორმაციას და შესაბამისად, მთელ თავის ტვინს და ორგანიზმს დაუოკებელი, პათოლოგიური ლტოლვა უჩნდება მისდამი. ხაზს ვუსვამ, შესაძლოა, ერთი მოხმარების შემდეგაც კი.
– ეხსნებათ ფილოსოფიური ხედვები და ჰგონიათ, რომ სექსუალურ ურთიერთობებში შეუდარებლები არიან, რაც დიდი მიზიდულობის მიზეზი ხდებაო...
– ეს იმ შემთხვევაში, როცა უკვე ფსიქოზური აშლილობა დგება. გააჩნია, რა დოზა მოიხმარა და რამდენჯერ. მეფედრონი ორგანიზმიდან სწრაფად გამოდის, მაგრამ ეს პროცესი ძალიან რთულია. თანმდევი პროცესებია: ქრონიკული დეპრესია, ფსიქოზური აშლილობები – ჰალუცინაციები. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სად იღებენ მას. თუ ეს სასიამოვნო გარემოში ხდება –მეგობრებთან ერთად, მუსიკის თანხლებით, მაშინ მომხმარებელი უფრო ლამაზად აღიქვამს ყველაფერს, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ადამიანმა იჩხუბა, საქმის გარჩევა ჰქონდა და ასეთ გარემოში მიიღო მეფედრონი, ასეთ შემთხვევაში, მას მოჰყვება საშინელი ჰალუცინაციები, უჩნდებათ დევნის განცდა, საშინელი შიშის შეგრძნება, დაძაბულობა და მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, უფრო და უფრო მძლავრდება დეპრესიული ფონი, საერთოდ აღარ აქვთ ჭამის მადა, ვერ იძინებენ, დროთა განმავლობაში უქვეითდებათ ინტელექტუალური ფუნქციები, უკვე ძალიან შორს არიან ეთიკის ნორმებთან და მორალთან. ძალიან ცუდად გრძნობენ თავს: წნევის მატება, ტაქიკარდია, ტემპერატურის მატება, კუნთების ჰიპერტონია, სპაზმები, გუგების გაფართოება – ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც მათ არასდროს დაავიწყდებათ.
– გარეგნული ნიშნებით თუ შეგვიძლია გამოცნობა, რომ ადამიანი ამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა?
– არა. ამ ნარკოტიკს ვერ გამოვიცნობთ, უბრალოდ, მივხვდებით, რომ ეს არის სტიმულატორი. ძალიან ბევრი წერს, რომ მოქმედების მექანიზმით მეფედრონი ცხრაჯერ უფრო ძლიერია კოკაინზე და სეროტონინზე კი – 13-ჯერ უდრო ძლიერი. ანუ, ის ძალიან ძლიერი ნარკოტიკია.
– „ღარიბების კოკაინიც“ კი უწოდეს.
– კი. მისი ფასისა და ზემოქმედების გამო – ლოგიკურია. ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი ნარკოტიკია, ძალიან სწრაფად ხდება ზედოზირება და ურთულესად მიმდინარეობს რეაბილიტაციის პერიოდიც. „გამოსვლის“ პროცესში ძალიან ხშირია ღებინება, კრიჭის დაჭიმულობა, უჭირთ ყბის მოძრაობა და ამიტომაცაა, რომ სულ საღეჭ რეზინს ღეჭენ, ახასიათებთ კბილების კრაჭუნი.
– და ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს კანისთვის. უცხოურ ლიტერატურაში ვკითხულობდი, რომ აბაზანის მარილმა ერთი გამოყენების შემდეგ, ქალს კანი გაუნადგურა, თან საკმაოდ მცირე დროში.
– კანზე ასეთი ზემოქმედება ერთეული შემთხვევებია. შეიძლება, ამ შემთხვევაში კანის პათოლოგიასთანაც გვქონდა საქმე, მაგრამ ზოგადად, როცა ადამიანები მეფედრონს ხშირად მოიხმარენ, ძალიან ბინძურები ხდებიან. აღარ უვლიან თავს, არ სძინავთ, ვერ ჭამენ, აქვთ ჰალუცინაციურ-პარანოიდული აშლილობა, ძლიერი აღზნება. სიბინძურისგან ხდება პარაზიტების გამრავლება, რასაც მოჰყვება სეფსისი, განგრენა და ასე შემდგომ. თუმცა კანის თემა უფრო დეზომორფინს ახასიათებს, რომელსაც „ნიანგს“ ეძახიან. მეფედრონს ასეთი ზემოქმედება უშუალოდ კანზე ნაკლებად აქვს. უფრო მეტად ახასიათებს საშინელი თავის ტკივილი, უქვეითდებათ მხედველობა, სცვივათ თმა, ცხვირიდან სისხლი სდით, არითმიები, ინფარქტი, ინსულტი – ყველაფერი შესაძლებელია. იწვევს კიბოს პროვოცირებას, მით უმეტეს, როცა მისი მიღება მოწევით ან შეყნოსვით ხდება. ძალიან რთული შედეგები მოაქვს, როცა ალკოჰოლთან კომბინაციაში ვიღებთ. როგორც ამბობენ, მას კლუბში არ მოიხმარენ, იქ რომ შედიან, უკვე მიღებული აქვთ, მაგრამ იქ იღებენ ალკოჰოლს, რასაც ორმაგი ეფექტი აქვს და მომხმარებელი უმძიმეს შედეგებამდე მიჰყავს.
– განსაკუთრებით სახიფათოა მისი კლუბურ ნარკოტიკთან კომბინაციაც.
– კი ბატონო, ძალიან საშიშია მასთან კომბინაცია. იცით, ყველაზე ცუდი რა არის? როცა პაციენტი ამ ეიფორიიდან გამოდის, იმდენად არ უნდა, რომ გამოვიდეს, ეგრევე, ამატებს და ამატებს. ამ დროს ძალიან სწრაფად შეიძლება, მოხდეს ზედოზირება. ამ ყველაფერს კი, კრუნჩხვა, გულის მწვავე უკმარისობა, სისხლის მიმოქცევის მოშლა, გულის გაჩერება და უეცარი სიკვდილი მოჰყვება.
– ამოვიკითხე, რომ მეფედრონის მომხმარებელმა ადამიანს სახე მოაჭამა. რომ ეს საშუალება, ადამიანებს ზომბებად აქცევს და უჩენს სურვილს, შეჭამონ ვინმე საკუთარი გარემოცვიდან.
– ერთეულების სახით ასეთი მითითებებიც გვხვდება. ზომბად ადამიანს ლტოლვა აქცევს. დაუოკებელი ლტოლვა აბსოლუტურად უვიწროებს ცნობიერებას და მისი ფიქრები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ამ ნარკოტიკის მოპოვებისკენ, რაც ადგმევინებს ყველანაირ ნაბიჯს. აბსოლუტურად შესაძლებელია, სახეც მოაჭამოს, მოკლას კიდეც და ყველა უმსგავსობა ჩაიდინოს, რომ მისთვის სასურველი დოზა მოიპოვოს.
– როგორია საქართველოში სურათი მისი მოხმარების თვალსაზრისით? ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო ამერიკისთვის და ევროპისთვის. ახლა კი საუბრობენ იმის შესახებ, რომ ის ბუმი, რომელიც მათ უკან მოიტოვეს, აკრძალვის თუ სხვა საშუალებების გზით, ახლა ჩვენთან იწყება.
– 2011 წელს, მოხმარების სიხშირის თვალსაზრისით, მეფედრონი მეოთხე ადგილზე იყო, იმდენად მომხიბვლელი იყო ძლიერი ეიფორიის გამო. მერე როგორღაც შემცირდა, მაგრამ მაინც ახალგაზრდობის, მოზარდების ნარკოტიკად მოიაზრებოდა. როგორც გითხარით, 2014-15 წლებში აქტიურად გამოიყენებოდა „აბაზანის მარილის“ სახით, იყო ზედოზირებები და ლეტალური შედეგებიც. ძალიან ხშირია სუიციდის მცდელობები, რადგან მეფედრონი სუიციდისკენ მიდრეკილებასაც იწვევს.
– ბოლო პერიოდში, მას ახალგაზრდებში გახშირებული სუიციდის შემთხვევების ერთ-ერთ მიზეზადაც განიხილავენ.
– რასაკვირველია, ფსიქოზურ აშლილობას შეიძლება, სდევდეს სუიციდის მცდელობა. საქართველოს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ ისეთი ბუმია, ჩვენი კლინიკა მეფედრონის მომხმარებელი პაციენტებითაა გადაჭედილი-მეთქი. ცოტა ხნის წინ განსაკუთრებით ბევრი ამფეტამინის მომხმარებელი გვყავდა, ახლა პოლინარკომანია წამოვიდა წინა პლანზე – ყველაფერს მოიხმარენ.