კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ვინ და როგორ გაანეიტრალა მოუხელთებელ მძარცველთა ბანდა თბილისში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

უპრეცედენტო ძარცვა
1968 წლის 20 სექტემბერს, თბილისში, დღისით-მზისით უპრეცედენტო დანაშაული მოხდა. მოსკოვის გამზირზე მოძრავ ფურგონიან „მოსკვიჩს“ თავს დაესხნენ ავტომატებით შეიარაღებული ბოროტმოქმედები და საინკასაციო მანქანიდან ერთი მილიონი მანეთი გაიტაცეს. ფული თბილისის ¹31 საავიაციო ქარხნის თანამშრომელთა ხელფასებისთვის იყო განკუთვნილი.
ფურგონიან „მოსკვიჩში“ ოთხი ადამიანი იჯდა. მძღოლი პავლე მურაბოვი, მოლარე ნათელა პაპასკირი, ინკასატორები – როლანდ გაბუნია და იაგო ხვადაგიანი. ინკასატორები მხოლოდ „ტეტეს“ სისტების პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებული.
როდესაც ფულით სავსე ფურგონი თევზის მაღაზიას გასცდა, მოსახვევიდან „ურალის“ მარკის სამხედრო მანქანა გამოვარდა. „მოსკვიჩს“ ტარანი გაუკეთა და გააჩერა. იქვე გაჩერდა ორი „პობედის“ მარკის მანქანაც. იქიდან რვა ადამიანი გადმოხტა. ექვსი მათგანი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატით იყო შეიარაღებული, ორი კი – უავტომატო. შეიარაღებულებმა ალყაში მოაქციეს „მოსკვიჩი“ და შიგ მსხდომებს ავტომატები მიუშვირეს. უავტომატოებმა კი ფურგონიდან ორ-ორი ტომარა ფული აიღეს, ინკასატორებს ტაბელური „ტეტეებიც“ აართვეს და ისევე სწრაფად გაუჩინარდნენ, როგორც გამოჩნდნენ. ამ პროცესს სულ 45 წამი დასჭირდა და მხოლოდ იმის დადგენა მოხერხდა, რომ დანაშაულზე თორმეტი ადამიანი იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ  დამნაშავეებს ნიღბები არ ეკეთათ, მათი სახეების აღწერა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს. ეს ძარცვა, თავისი მასშტაბებითა და შესრულების სიზუსტით არა მარტო საქართველოში იყო გამორჩეული, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში.

მოუხელთებელნი
ბოროტმოქმედთა ბანდის წევრებს, რომლებმაც ერთი მილიონი მანეთი გაიტაცეს, მილიციელები „მოუხელთებლებს“ უწოდებდნენ. მათ უკვე ორი წლის განმავლობაში დასდევდნენ ქართველი ძალოვნები, მაგრამ შედეგი ნულის ტოლი იყო. ისინი მოუხელთებლობასთან ერთად, ფაქტობრივად, უჩინარნი იყვნენ, რადგან ფანტომებივით მოქმედებდნენ, არსებით კვალს თითქმის არსად ტოვებდნენ და მილიციას მათ შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდა. ძალოვნებმა არც ამ ბანდის წევრთა რაოდენობა იცოდნენ, არც მისი პირადი შემადგენლობიდან რომელიმეს  ვინაობა. ვარაუდობდნენ იმას, რომ ბოროტმოქმედების მეთაური ყოფილი მილიციელი ან სამხედრო იყო, რომელიც კარგად ერკვეოდა ოპერატიულ-ტაქტიკურ საქმიანობაში და ძლიერი მმართველობის უნარი ჰქონდა. მათ ანგარიშზე  იყო თოთხმეტი ძარცვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მიყენებულმა ზარალმა კი 2 მილიონ მანეთს გადააჭარბა. ბოროტმოქმედები გატაცებული მანქანებით გადაადგილდებოდნენ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი, ტრანსპორტს ქუჩაში ტოვებდნენ.

პირველი სისხლი

მიუხედავად იმისა, რომ მოუხელთებელი ბანდიტები, ფაქტობრივად, უსისხლოდ, უჩინრად და უდანაკარგოდ მოქმედებდნენ, 1968 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომლების ხელფასების გატაცებისას პირველი სისხლი დაღვარეს. „გეპეის“ ადმინისტრაციული კორპუსთან ჩასაფრებულ რვა ბანდიტს შეტაკება მოუხდა მილიციის შეიარაღებულ ოპერჯგუფთან, რომელიც შემთხვევით შეესწრო ძარცვის ფაქტს. მართალია, ბოროტმოქმედებმა 200 ათასი მანეთის გატაცება მოახერხეს, მაგრამ მილიციამ მათი მეგობარი დაიჭირა, რომლის წაყვანაც ვერ მოახერხეს და ფულთან ერთად მიიმალნენ. დაჭრილი ბოროტმოქმედი 24 წლის მალხაზ სამხარაული აღმოჩნდა. ტყვია მას მარცხენა ბარძაყში ჰქონდა მოხვედრილი, თუმცა ჭრილობა მსუბუქი იყო. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს. პირველადი დახმარებაც იქვე აღმოუჩინეს. შემდეგ კი ინტენსიურად დაჰკითხეს და გაარკვიეს, რომ ბანდაში სულ რაღაც ერთი თვის მისული იყო. სადაც ის მისმა ბიძაშვილმა, კოტე სამხარაულმა მიიყვანა და რომ კოტეს გარდა, ბანდის სხვა წევრებს არ იცნობდა. მილიციამ ეს სიტყვები არ დაიჯერა და მალხაზ სამხარაული სასტიკად აწამეს. მან იგივე გაიმეორა და მხოლოდ ამის მერე დაანებეს თავი. თავდაპირველად კოტე სამხარაულის აყვანა უნდოდათ, რომ გამოეტეხათ. თუმცა, შემდეგ ეს გადაიფიქრეს და პოლკოვნიკმა ბახვა მანჯავიძემ კოლეგებს სხვა გზა შესთავაზა.

ოპერაცია „ხაფანგი“

გამოცდილი პოლკოვნიკი მიხვდა, რომ ბანდას ძალიან ეშმაკი და ჭკვიანი მეთაური ჰყავდა. იმის დიდი ალბათობა არსებობდა, რომ ბანდის ახალი წევრები მართლაც არ იცნობდნენ დანარჩენებს და რომ მეთაური ამას უსაფრთხოების მიზნით აკეთებდა და ახალ წევრებს ყოველმხრივ ცდიდა, ამოწმებდა და ნელ-ნელა შეჰყავდა ბანდაში. ხოლო, რადგან თავად კოტე სამხარაულიც ბანდის ახალი წევრი იყო და იქ სულ რაღაც ექვსი თვის წინ მივიდა, მისი აყვანის ნაცვლად, მისი გამოყენება გადაწყდა. თავდაპირველად, მილიციამ „კაგებეს“ დახმარებითა და დაპატიმრებული მალხაზ სამხარაულის მშობლებთან შეთანხმებით, მალხაზის მსგავსი მამაკაცის გვამი იპოვეს პროზექტურაში და მაკიაჟი გაუკეთეს. შემდეგ, დაკავებულის ორეული მთელი ნათესაობის წინაშე, მათ შორის იყო კოტეც, „ცინკის“ კუბოში ჩააწვინეს და დაასაფლავეს. თავად კოტეზე კი თვალთვალი დააწესეს, პარალელურად, მას 25 წლის ზურაბ კობაიძე დაუახლოვეს, რომელიც სინამდვილეში, მილიციის სკოლის კურსდამთავრებული, ლეიტენანტი ომარ ქამუშაძე იყო. ბიჭმა ჯერ კოტე სამხარაულის ნდობა მოიპოვა და მას დაუახლოვდა. შემდეგ მისი მეშვეობით, ბანდაში შეაღწია და რამდენიმე ბოროტმოქმედებაში მონაწილეობის მიუხედავად, არც ბანდის მეთაურს იცნობდა და არც სხვა წევრებს...
უმცროსმა ლეიტენანტმა ბანდაში ექვსთვიანი ყოფნის შემდეგ კოტეს აუწყა, რომ 1969 წლის 15 აგვისტოს თბილისის ცენტრალური ბანკიდან 300 კილოგრამი ოქრო და 20 მილიონი მანეთი უნდა წაეღოთ აეროპორტში მოსკოვში გასაგზავნად. ინფორმაციის წყაროდ ქამუშაძემ ბიძამისი დაასახელა, რომელიც ვითომდა, ბანკის მთავარი მოლარე იყო და ტვირთს უნდა გაჰყოლოდა. იმავე ინფორმაციით, ტვირთს სამხედრო „ურალით“ წაიღებდნენ და მხოლოდ ოთხი შეიარაღებული ადამიანი გაჰყვებოდა უკან, რათა ყურადღება არ მიეპყროთ. ბანდის უფროსი ამ ფანდზე წამოეგო და 1969 წლის 15 აგვისტოს მთელი ბანდა, რომელშიც 25 ადამიანი იყო, საქმეზე წავიდა. თუმცა, შეიარაღებული ბანდიტები ორმაგ ალყაში აღმოჩნდნენ და იძულებული გახდნენ, დანებებულიყვნენ. მეთაური ყოფილი სამხედრო მაიორი, „სპეცი“ გურამ ქურციკიძე აღმოჩნდა. ბანდის წევრები გაასამართლეს და დიდი ხნით სხვადასხვა საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ომარ ქამუშაძეს კი უფროსი ლეიტენანტის ჩინი და სახელმწიფო ჯილდო უბოძეს.
скачать dle 11.3