კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რას მღეროდნენ ერაყელი მუსიკოსები თამარ მეფის შესახებ და რატომ არ კლავდნენ ბაგრატიონები ირმებს

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

თამარ მეფის შესახებ მის ცხოვრებაშივე იქმნებოდა ლეგენდები. ამას ხელს უწყობდა ეპოქა. იმ ეპოქაში ინფორმაცია, ძირითადად, ზეპირად ვრცელდებოდა და მათი მთხრობელები, ხშირად, რაღაცას უმატებდნენ ამბავს, ხანდახან ზღაპრულ სიუჟეტებსაც. იმ პერიოდის ადამიანებს ეოცნებებოდათ სიკეთე, ჰუმანურობა ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც. კეთილი ადამიანები  კი განსაკუთრებულ, სასწაულმოქმედ პიროვნებებად მიაჩნდათ.
თამარ მეფის შესახებ ლეგენდების გავრცელებას ხელი შეუწყო მისმა სქესმაც. იმდროინდელ მსოფლიოში ქალებს სამეფო ტახტზე ასვლა არ შეეძლოთ, მეტიც, მათ პოლიტიკური უფლებები არ გააჩნდათ. საქართველოში მეფე-ქალის არსებობამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ხელმწიფე ქალის პიროვნება ადამიანთა წარმოდგენებში შარავანდედით შეიმოსა. განვითარებულ შუა საუკუნეებში ქალებისთვის საამაყო და სასურველი, მამაკაცებისათვის აღმატებულად სასიყვარულო და საოცნებო პერსონა გამოჩნდა. კურტუაზიული ლიტერატურისათვის საინტერესო, სარაინდო რომანებისთვის სანიმუშო და ლეგენდებისა და ზღაპრებისთვის მისწრება იყო სუზერენი ქალის პროტოტიპი.
ვრცელდებოდა ინფორმაცია თამარის ჯარის გამარჯვებებისა და ჩვენი ქვეყნის წარმატებების შესახებ. განსაკუთრებით მომხიბლავი გახლდათ მეფის ქრისტიანული სიწმინდე, ჰუმანიზმი და ქველმოქმედება.
თამარის ერთ-ერთი ისტორიკოსი, ბასილი ეზოსმოძღვარი წერდა (თანამედროვე ქართულად თარგმნა ნ. ნიკოლოზიშვილმა):
 თამარის სიცოცხლეშივე... „პირზე მხოლოდ თამარის სახელი ეკერათ: სახლის კედლებზე აკროსტიხით მის შესხმას წერდნენ, ბეჭდებს, დანებსა და ჯოხებსაც თამარის საქებარი სიტყვებით ამკობდნენ; ყველას ბაგე მუდამ მზად იყო, რათა თამარის სახოტბო სიტყვა აღმოეთქვა: ხნულის გაკვეთისას მეორნატე ყრმები თამარის საქებარ ლექსებს ამბობდნენ; ერაყში მყოფი მუსიკოსები, ებანზე თუ ჩანგზე დამკვრელნი, თამარის შესასხმელ ჰანგებს გამოსცემდნენ; ფრანგი და ბერძენი მენავეები, ზღვაში მშვიდი ამინდის დროს მცურავნი, თამარს აქებდნენ. ამგვარად, მთელი ქვეყანა სავსე იყო მისი ქებით ყველა ენაზე. სადაც კი ოდესმე მისი სახელი ჰქონდათ გაგონილი, თამარს ადიდებდნენ“... ისტორიკოსის თქმით, კიდით-კიდემდე იყო მისი სახელი ცნობილი.
ბასილი ეზოსმოზღვრის მიხედვით, ჩვენს ხელმწიფეს ახასიათებდა: „უზომო თავმდაბლობა, ენით აუწერელი ამაღლებულობა, საქები სიმშვიდე, ზომიერი სიხისტე, თანამგრძნობი ლმობიერება და მოწყალება, უზადო უმანკოება, გულწრფელობა, ყოვლისმომცველი სიკეთე, უზომო სიუხვე და, ყველაფრის თავი და თავი – ღვთის შიში და მისი ერთგული მსახურება“...
თამარის სხვა ისტორიკოსი, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ უცნობი ავტორი, თამარისა და მისი დედის შესახებ უჩვეულო მეტაფორებს იყენებდა. ის თამარ მეფის მიერ ლაშა-გიორგის დაბადებას, ბეთლემში მაცხოვრის შობას ადარებდა: „ტაბახმელისა ბეთლემ-მყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა“. მანამდე, აღნიშნული უცნობი ავტორი, თამარ მეფის დედის შესახებ წერდა: იყო „სწორი ძისა ღმრთისა დედისა“, ანუ ღვთისმშობელს მიმსგავსებული. ეს, მართალია, მეტაფორა უნდა იყოს, თუმცა, განღმრთობის თეორიები სწორედ, ასე იბადება.
„ისტორიანისა და აზმანის“ ცნობით, მეფეს არ უნდოდა გათხოვება, „უწადინელმან ქორწინებისამან იაჯა ხსნა ქმროსნობისაგან“. მაგრამ, სახელმწიფო ინტერესების გამო აიძულეს, გათხოვილიყო. ამისთვის საეკლესიო კრებაზეც კი მიუღიათ გადაწყვეტილება. მეორეჯერ გათხოვებაც მეფისა სახელმწიფო ინტერესებიდან იყო გამომდინარე – ქვეყანას სჭირდებოდა მემკვიდრე. მემკვიდრის დაბადება სახელმწიფოს არსებობის გაგრძელებას ნიშნავდა. დროთა განმავლობაში, ხალხურ შემოქმედებაში, ეს ამბები, გადასხვაფერდა და ლეგენდის სახე მიიღო, რომელსაც ჰქვია „თამარ მეფის ვაჟი“:
„თამარ მეფეს, ამ ბრძენ ხელმწიფეს, შვილი არ ჰყავდა. თვითონაც გვარში ობლად ობოლი იყო. მის შემდეგ სამეფოს უმეფოდ დარჩენა მოელოდა. ეს აწუხებდა ყველას, დიდსა და პატარას. შეიყარნენ სახელმწიფოს თავი კაცები. იბჭეს და გადაწყვიტეს:
– სამეფო ტახტი მოითხოვს, მეფემ ქმარი შეირთოს.
 გადაწყვიტეს. მაგრამ გადაწყვეტილების მოხსენება მეფისათვის ვერც ერთმა ვერ იკისრა ეგ.
– დავავალოთ, იმ სულიწმიდით შემოსილ ბერს, რომელიც განდეგილად მოღვაწეობს სტეფანწმიდის გამოქვაბულში და თამარივით, სიწმინდის გამო, ჰაერ-ჰაერ დადისო.
ერთ საღამოს ბერი ეწვია თამარს, დალოცა და ჯვარი გარდასახა. მეფე ხელზე ეამბორა მთიდან ჩამოსულ ასწლოვან მოხუცს. თან მოწიწებით მოიკითხა და უჩვეულო წვევის მიზეზი ჰკითხა. ბერმა ხელმწიფეს მიართვა ეტრატი, რომელზედაც დაწერილი იყო დიდებულთა გადაწყვეტილება. მეფემ ამოიკითხა ფსალმუნის სიტყვები ნაყოფიერი და უნაყოფო ხის შესახებ და მყის იგრძნო, რომ დაორსულდა. შეწუხდა ძალიან მეფე ქალი, ეს რა მომივიდა, როგორღა ვეჩვენო ხალხს, როგორ ვიმართლო თავი წინაშე ღვთისა, რომელსაც ქალწულობის აღთქმა მივეციო.
ჩაწვა ლოგინში და ფიქრებში გართულს ტკბილად ჩაეძინა. ძილში გამოეცხადა ბრწყინვალე ფრთოსანი ვარსკვლავი და მოახსენა:
– მიდგომილხარ ერის შენის სულის მობერვით. ჰშობ ძეს, რომელსაც აღზრდის ნუკრის დედა. ხმა ერისა ხმა ღვთისა არს და ამიტომ შვილის გაჩენით ქალწულობა არ მიგეღებაო.
მეცხრე თვეზე ეყოლა ვაჟი, დაბადებითვე მსგავსი ბრწყინვალე ვარსკვლავისა. ერი ძალზე გაახარა მისმა დაბადებამ, ეკლესიებმა მრავალი წირვა გადაიხადეს მის ასაღორძინებლად. წლის განმავლობაში შვება, ლხენა არ დალეულა სასახლეში. არც მთელს სამეფოში.
ყრმას უკვე გამოევლო სიჩჩოობის ხანა. უკვე ფეხი აედგა, რომ გადიამ ჟინვნის სამეფო ბაღში წაიყვანა სასეირნოდ.
ხეივნების ბოლოს ფართო ჯურღმული იყო. იქ ამოჩუხჩუხებდა ცივი, ანკარა წყარო. გადიამ ყრმა ზევით დატოვა და თვითონ ჩავიდა წყლის დასალევად. წუთიც არ გასულა, წყურვილი მოიკლა და ამოირბინა, მაგრამ ელდა ეცა: აღარსად იყო მეფე ყმაწვილი.
გადიოდა დღეები და თვეები, დაკარგულს ეძებდა ხალხი ტყესა და ღრეში, მაგრამ სანუგეშო ამბავი არავის მოჰქონდა. თამარი კი მაინც ჰსასოებდა, რომ მისი საყვარელი შვილი დაღუპული არა იყო და ამ სასოებას უორკეცებდა ის ხმა, რომელმაც სიზმარში გაანდო – შენს ნაშობს ნუკრის დედა გაზრდისო.
 წელიწადი მიწურულიყო, რომ თვით თამარი თავისი დიდებულებით წაბრძანდა ყმის საძებნელად. გზა-გზა ბევრ ნადირს ხოცავდნენ. თამარსაც თან ახლდა კარის მონადირე, განთქმული ვაჟკაცობით. საკმაოდ იარეს ამ ტყეში.
 უცბად თამარის მხლებელმა მონადირემ ირემს მოჰკრა თვალი და მყის მოიმარჯვა მშვილდ-ისარი. ის იყო უნდა ეტყორცნა, რომ თამარმა აუკრა ხელი. მისმა თვალმა კარგად გაარჩია, რომ დედა ირემს სწოვდა მოჩიტული ყმაწვილი. დაიჭირეს ორივე და მიჰგვარეს თამარს. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
მეფემ შვილი დიდებულებს გადასცა აღსაზრდელად. ხოლო ირემი დააბინავა თავის წალკოტში და გასცა ბრძანება: ჩემი მეფობის დასასრულამდე ჩემს სამეფოში არა კაცს არ  შეეძლოს ირემზე ნადირობა და ირმის მოკვლაო“.
ირმის კულტი გავრცელებული იყო ძველ დროში. ზღაპრებში ირმის რძით გამოკვება განსაკუთრებული ნიშან-თვისების მიმცემი იყო ადამიანისთვის. ირმის რძით გამოკვება არ გახლდათ უცხო ჰაგიოგრაფიისთვისაც. დავით გარეჯელს და მის მოწაფე ლუკიანეს უდაბნოში, სადაც სხვა საკვები არ იყო, სამი ირემი (ყოვლადწმინდა სამების სიმბოლო) კვებავდა რძით, მარხვის დღეების, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა. სხვა ხალხების ჰაგიოგრაფიაშიცაა მსგავსი სიუჟეტი. 41-ე ფსალმუნის მიხედვით, ირმის წყურვილი სიმბოლოა საღვთო ჭეშმარიტების მიღების წყურვილისა. ირმის რქები უფალთან მისასვლელი კიბეა და ასე შემდეგ.
ასეთი ლეგენდა წარმოიშვა ხალხში თამარ მეფის სიწმიდისა და ლაშა-გიორგის განსაკუთრებულობის შესახებ.
скачать dle 11.3