№19 შვილიანი ქალის სიყვარულმა, ცხოვრება შემაძულა
შვილიანი ქალის სიყვარულმა, ცხოვრება შემაძულა
როცა შვილიანი გოგო შემიყვარდა, ყველა მეუბნებოდა, შარში ყოფ თავსო, მაგრამ არ დავუჯერე და მაინც მოვიყვანე ცოლად მაიკო. ნია კი, ჩემი შვილივით გავზარდე. უკვე 10 წელია, დაოჯახებული ვარ და ჩემი ცოლის შვილმა, რომელიც კიდევ ვამბობ, საკუთარი შვილივით გავზარდე, ცხოვრება შემაძულა, დამღალა. თავიდანვე ეჭვიანობდა ჩემსა და დედამისის ურთიერთობაზე, მაგრამ ვფიქრობდი, პატარაა, ვერ ხვდება, გაიზდება, თვითონაც შეუყვარდება და მერე მიხვდება-მეთქი. პირიქით მოხდა: რაც გაიზარდა, უფრო დაიბოღმა და შურიანი გახდა. საკმარისია, დედამისმა თბილად მომმართოს, ისეთი თვალით შეხედავს, ენა უვარდება ხოლმე ჩემს ცოლს. მართლა არაფერი დამიკლია და ვერ ვხვდები, რა უნდა. თუ მის ძმას რამე ვუყიდე, ანუ ჩემსა და მაიკოს საერთო შვილს, სულ გიჟდება. ამხელა გოგოა და ვერ აცნობიერებს, რომ ლაშა პატარაა, უფრო მეტი ყურადღება და სითბო სჭირდება. ვცდილობ, როცა ნიაკოს მეგობრები ამოდიან სახლში, მარტო დავტოვო, მოვკიდებ მაიკოსა და ლაშას ხელს და დავბოდიალობთ ქუჩაში, ჭორაობაში რომ არ შევუშალოთ ხელი. თუ რამის ყიდვა მოითხოვა, შუაზე ვიხევი, ვალებს ვიღებ და ვყიდულობ, მაგრამ მისი გული ვერა და ვერ მოვიგე. ახლა ვხვდები, რასაც ფიქრობდნენ მეგობრები და ოჯახის წევრები, როცა უარს მეუბნებოდნენ შვილიანი ქალის მოყვანაზე. ჩემს სამეგობროში, რამდენიმემ მოიყვანა შვილიანი, მაგრამ არცერთს პრობლემა არ შექმნია. ჩემი ბედის, რა ვთქვი! ყველაფერი მე უნდა დამემართოს, ჩემი სიმართლე და კეთილი გული ვერავის დავანახე. მის გამო, ცოლთანაც პრობლემები მექმნება და სანათესაოშიც. ერთხელ, საუბრისას ვუთხარი, რომ გათხოვდები, მაგარი ქორწილი უნდა გადაგიხადო-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? ჰო, ერთი სული გაქვს, როდის წავალ ამ სახლიდანო. რა უნდა უპასუხო ასეთს? გავჩუმდი. მამამისი ცოცხალია, საღ-სალამათი და საკმაოდ შეძლებულიც, მაგრამ ზედაც არ უყურებს თავის შვილს. მაიკო რომ მე გამომყვა ცოლად, გაბრაზდა და უთხრა: თუ თხოვდები, ჩემი იმედი არ გქონდეს, შვილსაც შენ მიხედე და საკუთარ თავსაც. არ დაგინახო, რაიმეს სათხოვნელად ჩემს კართან მოსულიო. არც არაფერს არ სთხოვენ, მაგრამ იმ უნამუსომ, თავისი შვილი ჩემს სარჩენად და კისერზე დასაჯდომად გააჩინა? ამასაც ავიტან, კი ბატონო, მაგრამ ვინ მიფასებს? თავად ნია ვერ ხედავს ჩემს ამაგს და მამამისს რა მოვთხოვო? ფაქტია, რთული ყოფილა სხვისი შვილის გაზრდა. არადა, როცა საკუთარი შვილივით მიგიღე, რატომ უნდა იყო ჩემ მიმართ ასეთი დაბოღმილი? ამას წინათ, მე და ჩემი ცოლი გეგმებს ვაწყობდით, ზაფხულში სად წავიდეთ დასასვენებლადო და გამოგვიხტა, ჩემს გარეშე რაებს გეგმავთ, იქნებ მე არ მინდა იქ წამოსვლა, არ უნდა მკითხოთო? არადა, მის გარეშე ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. რასაკვირველია, დავეკითხებოდით აზრს, მაგრამ ვინ გვაცადა. სულ იმას ცდილობს, მეჩხუბოს, სკანდალი ატეხოს და ოჯახში აურზაური შემოიტანოს. ერთხელ, ისიც კი უთხრა დედამისს, ამას რომ გაყევი ცოლად, ტვინი სად გქონდაო. ვერ ვხვდები, რითია უკმაყოფილო, რა აკლია? ის სჯობდა, მარტოს გაეზარდა დედამისს, დღე და ღამე ეწვალა ლუკმა პურის საშოვნელად? არც არაფერი დაკლებია და არც მოვაკლებ, რახან მისი გაზრდის ვალდებულება ჩემს თავზე ავიღე, მაგრამ დაფასება და დანახვა ხომ უნდა? მაპატიოს მაიკომ, მაგრამ, ამ გადამოსახედიდან, რომ მცოდნოდა რა მოჰყვებოდა, შვილიანი ქალის შეყვარებას და ცოლად მოყვანას არ გავრისკავდი.
აჩიკო, 38 წლის.