№19 რატომ უნდა შეარჩიოთ წარბის ფორმა სახის მოყვანილობის მიხედვით
წარბები სახის მნიშვნელოვანი დეტალია, მისი ფორმის შეცვლა კი – საკმაოდ სარისკო. ის, დიდწილად განსაზღვრავს სახის გამომეტყველებას და ვიზუალურ ეფექტს. თითოეული სახისთვის არსებობს წარბების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. წარბების ფორმის მიცემა და ამოქნა, წარბის ქვედა ნაწილში წამოზრდილი თმის ხარჯზე ხდება. სანამ წარბის ამოქნას დაიწყებთ, წარბები დაივარცხნეთ ჯაგრისით, მახვილწვერიანი ფანქრით მოხაზეთ წარბის სასურველი კონტური და ამის შემდეგ, წარბს მოაცილეთ თმის ყველა ის ღერი, რომელიც კონტურის გარეთ დარჩა. აუცილებლად, გაისუფთავეთ კანი სპირტიანი ტამპონით და წაისვით მკვებავი.
წარბებისთვის გარკვეული ფორმის მიცემით შესაძლებელია შუბლის ფორმის შეცვლა. მაგალითად, ცხვირის ფუძესთან წარბების დამოკლებით, პატარა შუბლიც კი, შესაძლოა დიდი გამოჩნდეს. მათთვის, ვისაც ძალიან დიდი შუბლი აქვს, რეკომენდებულია წარბების „დაგრძელება“ ცხვირის ფუძესთან.
წარბების ფორმის მეშვეობით, ასევე, შეიძლება ცხვირის ზოგიერთი ნაკლის გამოსწორებაც. ვისაც მსხვილი ცხვირი აქვს, წარბები ერთმანეთს ოდნავ უნდა დააშოროს. ასე ცხვირი უფრო თხელი გამოჩნდება. ფართო, მრგვალი სახის მქონე ადამიანებს კუთხოვანი წარბები უხდებათ, რადგან მომრგვალებული წარბები მათ სახეს ვიზუალურად კიდევ უფრო მრგვალს ხდის. ოვალურ სახეს ოდნავ აწეული, შედარებით სწორი წარბები უხდება. სამკუთხა ან გულის ფორმის სახეს არ უხდება გრძელი წარბები, სასურველია ისინი ოდნავ მოხრილი იყოს და არავითარ შემთხვევაში – სწორხაზოვანი. ფართოყვრიმალებიან სახეს, ცისარტყელასავით მომრგვალებული ფორმა უხდება.
გრძელი, ოდნავ მორკალული წარბები სახეს მკაცრ იერს სძენს და ასაკსაც მატებს. მაღლა აზიდული, მორკალული წარბები ადამიანს არაბუნებრივ, გაკვირვებულ გამომეტყველებას ანიჭებს; ხოლო დაბალი, თვალებთან ახლოს განლაგებული წარბები – გაბრაზებულ იერს. ნიკაპთან შევიწროებული სახისთვის ყველაზე მისაღებია წარბის ჰორიზონტალური ხაზი.
თუ თვალები ერთმანეთთან ახლოსაა, სასურველია, წარბები ერთმანეთისაგან მეტად იყოს დაშორებული. წარბების მომრგვალებული ფორმა სახეს ვიზუალურად უფრო ვიწროს ხდის, ამასთანავე, უფრო კეთილ გამომეტყველებასაც სძენს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზომიერების დაცვაა საჭირო.
არ შეიძლება, წარბების ერთ მთლიან ხაზად შეღებვა. ამით სახე არაბუნებრივ იერს იძენს. წარბის დასაწყისი შედარებით ღია ფერის საღებავით იღებება, შუა ნაწილი – უფრო მუქით, დაბოლოება კი – წვრილი, მსუბუქი შტრიხით. შესაღებად გამოიყენეთ ფანქარი, ტუში ან წარბების სპეციალური საღებავი. შეღებვამდე წარბები ლოსიონით უნდა გაიწმინდოთ. ამის შემდეგ, ფუნჯის მეშვეობით, ნელ-ნელა დაიწყეთ საღებავის წასმა წარბის დაბოლოებიდან ცხვირის ფუძისკენ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ წარბები ერთი ტონით ღია ფერის უნდა იყოს, ვიდრე თმა. შავგვრემანთათვის რეკომენდებულია ყავისფერი ან მუქი ნაცრისფერი საღებავი. შავად შეღებილი წარბები სახეს მკაცრ და პირქუშ იერს ანიჭებს. ქერა ქალებმა უმჯობესია, ღია წაბლისფერი ან ღია ნაცრისფერი საღებავი გამოიყენონ. ღებვის დასრულებისას, საღებავი ჯერ მშრალი, შემდეგ კი, საპნიანი ტამპონით მოიცილეთ და თბილი წყლით დაიბანეთ.