კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ყირამალა საყვარლები

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-18(905)



ისტორია ორმოცდამეერთე
ოტელოსთან ნაჯვარი რომეო
 (მოქმედი პირები:
ლაშა, ეკა, ვაჟა და ლანა)

ვიცოდი, რომ არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვეღარ გავბრიყვდებოდი. ჩემ მიერ არაერთხელ გამოყენებული მეთოდით ეკას მობილური ჩემს პერსონალურ მოსასმენ-სათვალთვალო საშუალებად ვაქციე (თავის დროზეც უნდა დამეჭირა თადარიგი! უბრალოდ, ვერ გავთვალე, რომ ჩემს ყოფილ ცოლს ჩემი გაბითურებისთვის ეყოფოდა ტვინი, ჰოდა, ამიტომაც თავად გავბითურდი). ოღონდ ეკას მოსმენას მეგობარ დეტექტივსაც ვერ ვანდობდი: იმდენად პირადული იყო, ვერც ხელს დააფათურებდა იქ ვინმე და ვერც თვალს მოავლებდა.
როგორც კი მისი ნომრიდან ზარი გადიოდა ან შემოდიოდა, ჩემს მობილურზე შეტყობინება შემოდიოდა. ონლაინში უნდა მომესმინა – ჩანაწერებსაც კი ვერ დაველოდებოდი. თუმცა მის საუბრებს არ ვუსმენდი, უბრალოდ, ვაკვირდებოდი… რომ მცოდნოდა, სად დადიოდა, ვისთან ურთიერთობდა. პრინციპში, არც ვაკვირდებოდი, იმ ნაბიჭვრის ან ვინმე მსგავსის ზარს ველოდი. უცნაური ის იყო, რომ ეკას ვენდობოდი, მაგრამ მაინც ვამოწმებდი. ვამოწმებდი იქნებ იმ იმედითაც, რომ ჩემს იმედებს არ გაამართლებდა. ეკა ჩემს გეგმებს აყირავებდა – თამაშის ასეთ წესს მე არ ვაღიარებდი. გული არავისზე და არაფერზე მწყდებოდა და მიზნის მისაღწევად თითქმის ყველა საშუალებას ვიყენებდი. მოკლედ, ოტელოსთან ნაჯვარი რომეოს როლი ჩემთვის არ იყო, აშკარად უარყოფითად მოქმედებდა ჩემივე წესებით აწყობილ ჩემს ცხოვრებაზე… თან, ისიც ცხადი იყო, რომ იმ გელას გვამი იმ ნაბიჭვარმა შემომიგდო საწყობში და ამ საქმიდან თავის დაღწევა არც ისე იოლი იქნებოდა. ჯერჯერობით ვერ მედავებოდნენ, რადგან ვერ ამტკიცებდნენ, რომ იმ ტიპს ვიცნობდი. გულის სიღრმეში მწყინდა, რომ ეკამ ჩემი ამბავიც არ იკითხა, რადგან, დარწმუნებული ვიყავი, ლანასგან ყურმოკვრით მაინც გაიგებდა, რომ პრობლემები შემექმნა.
თორმეტდღიანი ლოდინის შემდეგ ეკას ტელეფონიდან ის ზარიც გავიდა, რომელსაც ასე ველოდი – თვითონ დაურეკა, არადა გარკვევით გავაფრთხილე – იმ ტიპს არ გაჰკარებოდა. ხმაზე ვიცანი, რომ ის ნაბიჭვარი იყო. მეორე ზარზევე უპასუხა: ეკა...
– შენთან საქმე მაქვს, – ეკას უცნაური ხმა ჰქონდა. რომ არ მცოდნოდა, რომ მის გარდა სხვა ვერავინ იქნებოდა, ვერც კი ვიცნობდი.
– სადაც მეტყვი, იქ მოვალ ხუთ, მაქსიმუმ, ათში.
– ჩემთან მოდი, სახლში.
– მარტო ხარ?
– ჰო, მარტო ვარ და გულისფანცქალითაც გელი! – ენის ამ უაზრო ტლიკინს უნდა გადავაჩვიო! რაც მასში ადრე მომწონდა, იმას ახლა წყობიდან გამოვყავდი.
– უკვე გამოვდივარ, – ეს ნაბიჭვარი სუფთა უსაქმურია–მეთქი, ისე ვთქვი, ვითომ მე ოფლს ვერ ვიშრობდი: ნარები მელოდებოდა და მე კიდევ ქალს დავსდევდი.
ამას აღარ ველოდი, თუმცა, რაკი სახლში დაიბარა… მაგრამ იმ სახლში ხომ მეც ვყოფილვარ… ის მამშვიდებდა, რომ, წესით, სახლში დედამისიც იქნებოდა. სანამ ის ნაბიჭვარი მივიდოდა, დავაზუსტე, თუ მოხერხდებოდა იმ პროგრამით ტელეფონიდან მათი პირისპირ საუბრის მოსმენა. კაბინეტის კარი ჩავკეტე. ბოლო დროს სამსახურში ვათენ-ვაღამებდი. არსად მე არ მეჩქარებოდა და არც არავინ მე არ მელოდებოდა.
აი, კარზე ზარის ხმაც გავიგონე. ყურსასმენებში ვისმენდი, თითქოს საკუთარ თავსაც ვუმალავდი, იმიტომ რომ მთლად მოსაწონადაც ვერ ვიქცეოდი, თუმცა მსგავსი უამრავჯერ გამიკეთებია ჩემი კონკურენტებისა და პარტნიორებისთვისაც კი, ოღონდ სინდისს არასდროს შევუწუხებივარ.
– მართა დეიდა, როგორ ხართ? ძალიან მომენატრეთ, მაგრამ ეს თქვენი ქალიშვილი არ მპატიჟებს და ამიტომ ვერ გნახულობთ ხოლმე… ეკა, არაჩვეულებრივი ხარ, ულამაზესი, როგორც ყოველთვის...
სანამ ის ნაბიჭვარი მისასალმებელ სიტყვას ამბობდა და მე შვებით ამოვისუნთქე, რომ მარტო არ იქნებოდნენ, თუმცა ყურში მომხვდა მისი კომპლიმენტები, ეკამ ჩუმად უთხრა: დედაჩემი ახლა სერიალის საყურებლად გავა და მე და შენ სერიოზულად ვილაპარაკებთ!
ვერაფრით ვხვდებოდი, რის სათქმელად დაიბარა ან საერთოდ რატომ დაიბარა და ჩემი თხოვნა რატომ დაიკიდა?!
ეკა ხმადაბლა ლაპარაკობდა: ყველაფრის მკადრებელი რომ იყავი, ისედაც ვიცოდი, მაგრამ აი, სისხლშიც თუ ამოისვრიდი ხელებს, ეგ აღარ მეგონა… ნუ მაწყვეტინებ!.. ჩუმად მისმინე: თუ რამე არ მოგწონს, ჩემთან უნდა გაარკვიო, ნუ – იმას თავი დავანებოთ, რომ შენ ვინ გეკითხება ჩემს ცხოვრებას. დაიმახსოვრე – მე ისე ვიცხოვრებ, როგორც გამიხარდება, ჩემთვის არავის არაფერი დაუძალებია, არც არავის შევუცდენივარ, არც კი გადავუცდენივარ. მე გავაკეთე ეს, მე! საღ გონებაზე მყოფმა. საკუთარი სურვილით. იმიტომ რომ ასე მინდოდა! და მინდა! შენ ვინ მოგცა უფლება, ჩაერიო სხვა ადამიანების ცხოვრებაში და დააბრალო ის, რაც მათ არ გაუკეთებიათ?!
– ვერ ვიგებ, რაზე ამბობ? ისევ რაღაც მოიგონე და დაიჯერე?
– თავს ნუ ისულელებ! გადასარევად იგებ! რატომ მიუგდე საწყობში, რაც მიუგდე?!
– წარმოადგენა არ მაქვს, რაზე ლაპარაკობ. იმ კაცმა სულ აგირია ტვინი? იმან მოგაგზავნა ჩემთან ხომ?!
– ამდენი წელია, მიცნობ და კიდევ იმას ამბობ, რომ მე ვინმე ტვინს ამირევს?! მით უმეტეს, ვინმესთან მიმაგზავნის?! ვერ იგებ, ესე იგი! კაი – მაშინ მე ახლა ავდგები, მივალ პოლიციაში და აღიარებით ჩვენებას მივცემ, რომ ის გელა მე მოვკალი, მაუპატიურებდა და შემომაკვდა! კარგად მათრია, არ დაუკლია და ხელებზე უპოვის ექსპერტიზა ჩემს კვალს. ჰო, ამის მერე ლაშა დავაშანტაჟე და გვამი დავამალინე! და სულ ვაშანტაჟებდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. მერეც ვერ გაიგებ, რაზე ვლაპარაკობ, რომ დამიჭერენ?!
– არ მესმის, ეს რატომ უნდა გააკეთო? ამას ვერ გააკეთებ!
– ისე ლამაზად გავაკეთებ, როგორც დაგიბარებია! ვინ დამიშლის, ხომ არ იცი?! მე ამას გავაკეთებ და შენ იცი, რომ გავაკეთებ!
– ის პიჟონი გიყენებს.
– კაი, კაი! ჰო, აბა, მიყენებს! იცი, რა არის ყველაზე ამაზრზენი? ის პირუტყვი შენ იმიტომ კი არ მოიშორე თავიდან, რომ მე მომაყენა შეუარცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გაგყიდა! მაშინვე მივხვდი, რომ მანდ რაღაც ვერ იყო.
– კიდევ კარგი, იმას მაინც ხვდები, რომ შენ არაფერს დაგიშავებ…
– ნუ მაწყვეტინებ! შენ გაგიტყდა, იმიტომ რომ შენ დაგახურა თავზე ჩემთან ასე მოქცევით… მოკლედ, ამ საქმეს მოაგვარებ ისევე, როგორც გააფუჭე.
– მე შენ ვერ დაგკარგავ იმ პიჟო...
– პიჟონიც ხარ და იმბეცილიც! რომ დაკარგო, უნდა გყავდეს! აკვიატება გჭირს, აკვიატება! ჩამიხვიე, უბრალოდ. ოჯახი გყავს, ხალხს კაცი ჰგონიხარ, ფულს აკეთებ, მეტი რა გინდა?!
– შენ მე ცოლად არ გამომყევი.
– მართლა?! რატომ არ გამოგყევი, ნეტავ?! იცი, რატომ ხარ ნაძირალა? ჩემი ძმა რომ ცოცხალი იყოს, შენ ამას ვერ გაბედავდი! – მომეჩვენა, რომ აქ ეკას ხმა აუკანკალდა, – მაგრამ მე გამიბედე, დედაჩემსაც გაუბედე, იმიტომ რომ ის მკვდარია! და უტიფარი ხარ, ისიც კი შეგიძლია, აქ მოხვიდე და დედაჩემს უთხრა, მართა დეიდა, როგორ მომენატრეო და ამ დროს მისი მკვდარი შვილი საფლავში ამოატრიალო, ცოცხალი კიდევ… ამაზე არ მინდა ლაპარაკი. არც მილაპარაკია და იმიტომ არა, რომ გაგიფრთხილდი ან მე მომერიდა ვინმესი – ჩემი ძმის  ხსოვნას გავუფრთხილდი და იმიტომ არ ვუთხარი არაფერი დიმას ძმაკაცებს, მაგრამ ახლა ვეტყვი და იმ შენს მართა დეიდასაც ვეტყვი ყველაფერს, ასე რომ გენატრება თურმე!
– მე შენ სულ მიყვარდი, ბავშვობიდან! სულ პატარა გოგო რომ იყავი. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, უბრალოდ.
– ის გამიკვირდებოდა, რამე უკეთესი რომ მოგეფიქრებინა. პატარა გოგოს მოტყუების გარდა, მართალი ხარ, შენ ვერაფერს მოიფიქრებდი, ამის მჯერა. ოღონდ ახლა დიდი ბიჭი ხარ და იცოდე: ვინც უყვართ, იმას ასე არ ექცევიან! მე გასაგებად გითხარი ყველაფერი! ვერ ვიგებ, ჩემი ძმა რატომ არის მკვდარი და შენ – ცოცხალი?! თან, ის უფრო მაგიჟებს, აი, იმისთვის რომ მოკვდა, რომ შენნაირები ცხოვრობდნენ ბედნიერად! იმ ფულსაც იმიტომ გართმევ, რომ გეკუთვნის, დაეხმარო ჩემს ძმისშვილს!
– შენ იცი, რომ არც შენ და არც შენს ოჯახს არასდროს არაფერს დავუშავებ. მაგრამ იმ კაცთან შენ ვერ იქნები,
– მე იმასთან ვიქნები, ვისთანაც მიმინდება ყოფნა! და ვერავინ დამიშლის! ვერავინ – მით უმეტეს, შენ! იცოდე, ყველაფერს მოვუყვები დიმას მეგობრებს!
– ეკა…
– არ შემეხო… – ეკას ამ ფრაზაზე ტვინში ელვასავით დამიარა: ისეთი ტუგადუმი ხარ, იმასაც ვერ ხვდები, რაზე გელაპარაკები: შენ რომ იქცევი, ისე მოქცევა არ შეიძლება და ასე რომ იქცევი და იქცეოდი სულ, იმიტომაც არ მინდა შენთან და ვერც მომინდებოდა. ჩემ წინ დარეკავ და მოაგვარებ ამ საქმეს! ჩემ წინ! მიდი! დროზე!
გავთიშე. წარმოდგენაც არ მინდოდა, რა მოხდებოდა, ეკას რომ გაეგო, ვუსმენდი. არადა, ეს საუბარი რომ არ მომესმინა, მე ვერასდროს ვაპატიებდი, რომ იმ ნაბიჭვარს შეხვდა და არც არასდროს დავუჯერებდი, რომ ეს ჩემ გამო გააკეთა. მათი ურთიერთობის უკან რაღაც ძალიან ბინძური იმალებოდა, რომლის გაგებაც მე უკვე აღარ მინდოდა და არა იმიტომ, რომ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მაშინ ის ნაბიჭვარი უნდა მომეკლა, მაგრამ ვიცოდი, რომ აი, იმ რაღაცამ გამოძერწა დიდწილად ისეთი ეკა, როგორიც გარეგნულად ჩანდა. ამ ტიპს თითქოს აჰიპნოზებდა – ისიც ფინია ძაღლივით კუდს უქიცინებდა. ნეტავ, მართლა უყვარს?! აზრი, რომ ეკა ვიღაცას უყვარდა, წონასწორობას მაკარგვინებდა.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი გაუნძრევლად. კარზე ბრახუნმა გამომაფხიზლა: ჩემი ადვოკატი იყო: ბატონო ლაშა, გირეკავდით, მაგრამ ტელეფონი გამორთული გვქონდათ. თქვენს დასთანაც დავრეკეთ. გეძებთ საათზე მეტია. ვერ წარმოვიდგინე, რომ აქ იქნებოდით. ოფისის დაცვამაც არ იცოდა. კარგი ამბავი მაქვს: გამომძიებელმა დარეკა, რომ გაარკვიეს, რაც მოხდა და ჩვენთან პრეტენზიები აღარ აქვთ.
თავი დავუქნიე და შევეცადე გამეღიმა. პირველად მომიგვარა პრობლემა ქალმა. თან – იმ ქალმა, რომელსაც მე ვაწონებდი თავს და პირველადვე ჩემს ცხოვრებაში წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა. ვიჯექი და ვუცდიდი, რომ ვიღაც მოქმედების გამზადებულ სცენარს მომაწვდიდა, იმიტომ რომ ჩემი ტვინი აღარ მუშაობდა.
სწრაფი ნაბიჯების ხმა გავიგონე და ჩემმა დამ კარი ლამის შემოგლიჯა: ნორმალური ხარ? კინაღამ ინფარქტი მივიღე?! ტელეფონი რატომ გაქვს გამორთული და რატომ არავინ იცის, სად ხარ?! – ლანა ისე ქოთქოთებდა, გამეღიმა: რით მოხვედი? ან როდის იყო, შენ ღამით ქუჩაში დადიოდი, თან – მარტო?
– მარტო არ ვარ, ეკამ მომიყვანა.
– უთხარი, რომ ამოვიდეს, შენ კი შალვა წაგიყვანს. აი, ამ კარიდან გახვალ და კიბესთან დგას მანქანა. უთხარი, რომ მიგიყვანს, სახლში წავიდეს.
– მგონია, რომ არ ამოვა.
– შენც ისეთი რამ მოიფიქრე, რომ ამოვიდეს.
ლანა ცოტა ხანს ორჭოფობდა, მერე ოთახიდან გავიდა. რა უთხრა ეკას, არ ვიცი, ცოტა ხანში ისევ შემოვიდა, ის კარი საითააო, მკითხა და წავიდა.
სამიოდ წუთში დერეფანში ქუსლების ხმა ტყვიამფრქვევივით გაისმა: იმ ფეხსაცმლის პატრონი აშკარად მორბოდა. მე სკამზე თავი მოვიმძინარ-მოვიმკვდარუნე (ნაღდად გავრეკე!). კარი გაიღო და დავინახე, ეკას სახე როგორ გაუფითრდა, საიდან დავინახე, არ ვიცი: ორივე თვალი დახუჭული მქონდა და კარისკენაც ზურგით ვიჯექი ჩემს ძალიან კომფორტულ სკამზე, საკმაოდ მაღალი საზურგით. ისე მყისიერად აღმოჩნდა ჩემთან, თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, არათუ გახელა. როგორც კი ჩემკენ დაიხარა, მაგრად ჩავიხუტე.
– რა უსინდისო ხარ, არც კი დაგირეკავს თერთმეტი დღე და 18 საათია…
– ხომ მითხარი, არ დამირეკოო?!
– მერე რა?! რომ გითხრა, გადახტი ფანჯრიდან-მეთქი, გადახტები?!
– კიიი... სულ გისმენდი, პირველივე საათიდან… არ მისაყვედურო. ვერ გენდე ბრმად. მაგრამ რომ არ მცოდნოდა, რას აკეთებდი, ესეც არ შემეძლო.
– ყველაფერს უსმენდი?!
– არა, არაფრისთვის მომისმენია, გარდა... ბოლომდე არა.
– ეს აღარ გააკეთო. ცუდია.
– მე საერთოდ არ ვიცი, რა გავაკეთო. შენ უკვე ჩემ ნაცვლად გააკეთე ყველაფერი. და ეს არასდროს გააკეთო აწი.
– კაი, ახლა სადმე დამპატიჟე.
– სად გინდა? და იმ სახლში რომ წავიდეთ, არა?
– ძუნწი ხარ?! ხომ იცი, ბევრს არ ვჭამ, ძვირი არ დაგიჯდება!
– თუ ბევრს არ ჭამ, მაშინ კაი, და მერე იქ არ წავიდეთ?
– წესიერი გაუთხოვარი ქალები უწესო უცოლო მამაკაცებთან სახლში არ დადიან, განსაკუთრებით – შეღამებულზე. რატომ უნდა წამოვიდე – რომ მაცდუნო? – მითხრა ეკამ და უტიფრად მოთავსდა ჩემს კალთაში მოხერხებულად: ხელები წელზე შემომხვია და თავი მხარზე დამადო.
– მართალი ხარ, რა საჭიროა წასვლა–წამოსვლა, პირდაპირ აქ გაცდუნებ...
სკამი შემოვატრიალე. ეკამ იდაყვები მაგიდაზე დადო, მარცხენა ხელი გაზნექილ წელზე მოვკიდე, მარჯვენათი ოდნავ ავწიე და მაგიდაზე შევაცურე: თორმეტი დღე-ღამის ვალი გაქვს ჩემთვის გადასახდელი.
– შენც და მე პროცენტებით ვითხოვ...

ისტორია ორმოცდამეორე

არშემდგარი განშორება
(მოქმედი პირები: დუდუ და ნონკა)
როცა დუდუმ სასტუმრო „ფანტაზიასთან“ მანქანა დააყენა, ეგრევე დაინახა ნონკა, რომელიც ღია აივანზე ოდნავ შეტრიალებული იჯდა და ყავას მიირთმევდა.  ხედავდა ნონკას ქერა, გრძელსა და ხვეულებად დაყრილ თმას, მოშიშვლებულ მხრებსა და გაბანტულ ტუჩებს. მაინც რა კეკლუცია, ეს ქალი და სულ ფორმაშია?! სასიამოვნო მოგონებებმა სადღაც მზის წნულის ოდნავ დაბლა თბილი ტალღა შეაგება დუდუს და წუთით წარსულისაკენ გააქანა. მართლაც, არაერთი სასიამოვნო მოგონება აკავშირებს ამ გოგოსთან. ერთად გატარებული წლები და ძალიანაც რომ მოინდომოს, ნონკაზე აუგს ვერ იპოვის ამ წლების მატიანეში. მაგრამ ახლა ნონკა უდანაშაულო დამნაშავეა, უბრალოდ, იმიტომ, რომ ის მესამეა. და სულ ასე იყო. დუდუს გონებაში თეო მუდამ ცოცხლობდა და მუდამ პირველი იყო. ახლა ამის შესახებ ნონკაც გაიგებს... ან იქნებ, ეს მისთვის სიახლე სულაც არ აღმოჩნდეს. ქალს, აბა, რას გამოაპარებ და თან შეყვარებულ ქალს?! ასეა თუ ისე, დუდუს გადაწყვეტილი აქვს ნონკასთან განშორება და ახალი ცხოვრების დაწყება. მაგრამ ახლა, მანქანიდან როცა უმზერს მეგობარი ქალის პროფილს, ხედავს როგორ უყურებს მას მეზობელი მაგიდიდან ხანში შესული მამაკაცი, დუდუ ხვდება, რომ არც თუ იოლი იქნება ეს საუბარი... და მაინც. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. ერთდროულად ორივეს ვერ დაიტოვებს. სამწუხაროდ. დუდუს მწარედ ჩაეღიმა და მანქანიდან მკვეთრი მოძრაობით გადმოყარა ორივე ფეხი. მერე ზურგიდან ესროლა გასაღები სასტუმროდან  შესახვედრად გამოსულ ბიჭს და ნონკასკენ დაიძრა
– საყვარელო!  – ნონკა წამოფრინდა და კისერზე ჩამოეკიდა, – როგორ მომანატრე თავი, ძვირფასო! მაგრამ არ გიბრაზდები, აქაურობა ისეთია, ისეთია, აქედან, საერთოდაც, როგორ წამოხვედი?! იცი, მგონი, აღარც მე მინდა უკან დაბრუნება ან რა დაგვრჩენია ბარნაულში? თოვლი, თოვლი და ყინვები... დუდუ, დავრჩეთ აქ და გავაჩინოთ ბავშვი...  – ნონკა გაუჩერებლად აყრიდა სიტყვებს, თან, დუდუს კისერში კოცნიდა ცხელი და ნოტიო ტუჩებით. ისე სწრაფად ლაპარაკობდა და მდუღარედ კოცნიდა, დუდუმ ვერც ერთი გააწყვეტინა და არც მეორე. ბოლოს, როგორც იქნა, ქალი ოდნავ განზე გაწია და თვალეში ჩახედა:
– ნონკა, დამშვიდდი. დავსხდეთ, უხერხულია, ხალხი გვიყურებს. აქ მართლა არ არის ბარნაული... – ნონკა ერთბაშად ჩაქრა. თითქოს შიგნიდან ნათურა გადაეწვა. ქერა კულულებიც კი გაუფერმკრთალდასავით და ცისფერი თვალები ჩაუმუქდა.
– კარგი, როგორც იტყვი, მაპატიე, საყვარელო...
– არაფერი გაქვს საპატიებელი, ნონკა! აი, მე კი...
– არა, არაფერი მითხრა! გემუდარები! დღეს არაფერი მითხრა, კარგი? მხოლოდ დამპირდი, რომ ამ დღეს ჩემთან ერთად გაატარებ. შენს ქალაქში და ჩემთან ერთად... – ნონკას ცრემლები მოადგა ლამაზ თვალებზე. გრძელ, ქერა წამწამზე დაეკიდა კურცხალი. ისეთი უმწეო და ლამაზი იყო, რომ დუდუმ ინსტინქტურად მოხვია ხელი და ჩაიხუტა. ქალი მთელი ტანით მიეკრა საყვარელ მამაკაცს და ისევ მდუღარე კოცნით დაუფარა კისერი, სახე... ცრემლი წასკდა ნონკას და ვეღარ იკავებდა. დუდუ ხმას არ იღებდა და საკუთარ თავზე გაბრაზებული და დაბნეული გულაჩუყებულ საყვარელს ამშვიდებდა. ოფიციანტმა ხელსახოცი მოიტანა და ლარნაკი მაგიდის კიდეზე უხმოდ დადგა. დუდუმ ხელსახოცით ნონკას თვალები გაუმშრალა, აწეწილი კულულები დაულაგა და გაუღიმა.
– კარგი, ოღონდ დამპირდი, რომ არ იტირებ და საღამოს მშვიდად დავილაპარაკებთ!
– გპირდები! რა თქმა უნდა, შენ გვერდით რატომ ვიტირებ?! სად მივდივართ? რას ვნახავთ, პირველ რიგში? შეიძლება, შენი სახლი ვნახო?
– აი, ეგ დიდად სანახავი არ არის, გაცილებით უკეთეს ადგილებს მოვინახულებთ, - დუდუმ მტკიცედ აირიდა საკუთარ უბანში ნონკასთან ერთად გამოჩენის პერსპექტივა და ირა-მირასთან შეხვედრა...
როგორც ყველაფერს, ამ დღესაც დაუდგა დასასრული, ნონკასთვის – ზედმეტად მალე. დუდუსთვის კი დღე უსასრულოდ გაიწელა. ძველი თბილისის ქუჩებსა და ნარიყალაზე, მთაწმინდის პარკსა და ბოტანიკურშიც, ბოლოს მცხეთასა და ზედაზენში, დუდუ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ამ ქერა ლამაზმანის მიმართ, უბრალოდ, აღარაფერს გრძნობს. იმასაც კი, რაც ადრე მასთან აკავშირებდა. არც მწველი ამბორი უფორიაქებდა სისხლს, არც ჩამოთლილი ფეხები, მართლაც კისრიდან დაწყებული, არც აშოლტილი ტანის ნარნარი რხევა და განგებ ალმურმოკიდებული მიტმასვნა... არაფერმა გაჭრა. დუდუ სრულად კორექტული, ცივიც კი, უწევდა მეგზურობას სიყვარულის ცეცხლში გახვეულ ქალს და თავს არც დამნაშავედ გრძნობდა. მას არასდროს მოუტყუებია ნონკა! არაფერს დაჰპირებია. და არც სიტყვა დასცდენია სიყვარულზე. მისთვის ხელსაყრელი იყო ასეთი ურთიერთობა! ის ბედნიერიც კი იყო, ნონკას დუდუ არასდროს აკლებდა ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ მისი გული სხვას ეკუთვნოდა, მაშინაც კი, როცა იმედის ნაპერწკალიც აღარ ღვიოდა. ახლა კი, ახლა ყველაფერი თავიდან დაიწყო. და აზრადაც როგორ გაივლებს ღალატს?! დუდუს ერთი სული ჰქონდა, ნონკასთან დაესრულებინა ეს დღე და ურთიერთობაც.
 როგორც იქნა, დაიყოლია რესტორანში დასხდომაზე და იქვე, მტკვრის ნაპირზე გადაკიდებულ ვერანდაზე გააშლევინა სუფრა. თუმცა ქალი აშკარად უხალისოდ იჯდა და არც არაფერს ეკარებოდა. დუდუმ „საფერავით“ აავსო ჭიქები და ნონკას მიაწოდა სასმისი.
– დალიე, ეს სისხლში მიდის პირდაპირ და ხასიათზეც მოხვალ. მინდა, გაიღიმო და, საერთოდაც, ბედნიერი მინდა, იყო... დამაცადე, ნონკა, მე არ დამისრულებია. შენ გაგიმარჯოს! ნამდვილად კარგი გოგო ხარ და საუკეთესოს იმსახურებ! მიდი, გაუბედე, დალიე! ქართული ღვინო საქართველოში და მით უფრო, მცხეთაში, სულ სხვაა... აი, ასე! გაიღიმე, ნახე, როგორ გიხდება ღიმილი, ნამდვილი მზეთუნახავი ხარ!..
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3