№19 ფურისულით მკურნალობა
არც ერთი მცენარის ფოთოლი იმდენ C ვიტამინს არ შეიცავს, რამდენსაც უნაბისა და გაზაფხულის ფურისულას ფოთოლი. საერთოდ, სხვადასხვა სახეობების მწვანე მცენარეთა ფოთლები იშვიათად შეიცავს 300 მილიგრამ პროცენტზე მეტ C ვიტამინს.
სპირტზე დაყენებული გაზაფხულის ფურისულას წყალზე ან სპირტზე დამზადებული ნაყენი მცირედი ტოქსიკურობით ხასიათდება, თუმცა ნახველის ამოღების გამაადვილებელი თვისება აქვს, რაც ბრონქების ლორწოვანი გარსის სეკრეციის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული.
ფესვებს შემოდგომით, ფოთლების დაჭკნობის შემდეგ აგროვებენ, ფოთლებს კი – ყვავილობის დროს. მათში C ვიტამინის დიდი რაოდენობით შენარჩუნებას 100 გრადუსამდე ტემპერატურაზე ჩქარი გახმობით აღწევენ.
ფურისულას ფესვებს აქვთ შარდმდენი (სუსტი) და ოფლისმომგვრელი თვისება. აძლიერებს კუჭის სეკრეციას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
გაზაფხულის ფურისულას იყენებენ ნაყენის სახით. 10 გრამ (დაახლოებით 2 სუფრის კოვზი) ხმელ ყვავილს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 15 წუთის შემდეგ წურავენ (დღე-ღამის დოზა ნევროზის და უძილობის დროს), ან ერთ სუფრის კოვზ (დაახლოებით 5 გრამი) ხმელ, დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა წყალს და 15 წუთს ხარშავენ ნელი დუღილით. უმატებენ შაქარს ან თაფლს და იღებენ სასუნთქი ორგანოების დაავადებისას თითო სუფრის კოვზს დღეში 4-5-ჯერ.
გაზაფხულის ფურისულას ფესვები მედიცინაში გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი საშუალება, განსაკუთრებით ბრონქიტის დროს. ფოთლებს, სალათისა და ნაყენის სახით, იყენებენ ჰიპო- და ავიტამინოზის დროს.
გაზაფხულის ფურისულას ფესვების ნაყენს ან ნახარშს (30-40 გრამი 1 ლიტრ წყალზე) იყენებენ ამოსახველებელ საშუალებად. ხველისა და ბრონქიტის დროს იღებენ ნახევარ-ნახევარ ჭიქას დღეში 3-ჯერ.
ყვავილების ნაყენს (20 გრამი 1 ლიტრ წყალზე) ან მთლიანი მცენარის წყლიან ნაყენს (40-60 გრამი 1 ლიტრ წყალზე) იღებენ ხველების, ბრონქიტის, სურდოს და საერთოდ, ყოველგვარი გაცივებით გამოწვეული დაავადებებისას, აგრეთვე, ცხვირის ნესტოებში გამოსავლებად.
მასვე სვამენ ქრონიკული ფაღარათის და შაკიკის სამკურნალოდ, აგრეთვე, როგორც შარდმდენ საშუალებას. ის ბავშვებში სუსტად მოქმედ საძილე საშუალებადაც ითვლება. გამოკვლევამ აჩვენა, რომ შაკიკის დროს ამ ნაყენის მიღების შედეგად წყდება სინათლის გამაღიზიანებელი მოქმედება და თავის ტკივილი თანდათანობით წყნარდება.
ლობიო – თქვენი ოჯახის საუკეთესო მკურნალი
ლობიოში, დაახლოებით, 25 პროცენტი ცილებია, რომელთაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვთ. მასში ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობითაა
B ჯგუფის ვიტამინები. ლობიოში, ასევე, უხვადაა A, C, E, K და PP ვიტამინები, გოგირდი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა და შეუცვლელი ამინომჟავები. გოგირდი ეხმარება ორგანიზმს კანის დაავადებებთან, ნაწლავთა ინფექციებთან, რევმატიზმთან, სასუნთქი სისტემის პათოლოგიებთან ეფექტურად ბრძოლაში. რკინა აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისთვის, ხელს უწყობს ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებას, აძლიერებს მის ინფექციებთან ბრძოლის უნარს. თუთია, რომელიც შედის ლობიოს შემადგენლობაში, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნახშირწყლოვან ცვლაზე. სპილენძი პასუხისმგებელია ჰემოგლობინისა და ადრენალინის წარმოქმნაზე. დიეტოლოგები და ექიმები ლობიოს რეკომენდაციას უწევენ, როგორც ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, თირკმელკენჭოვანი დაავადების ეფექტურ საპროფილაქტიკო საშუალებას. ის სასარგებლოა გულის რიტმის დარღვევების დროსაც. ამრიგად, ლობიო ჭეშმარიტად დიეტური და სამკურნალო საკვებია. ის კვირაში ორჯერ მაინც უნდა მივირთვათ. ზოგიერთი პარკოსანი, მათ შორის – ლობიოც, შეიცავს ნივთიერება არგინინს, რომელიც აუცილებელია შარდოვანას სინთეზისთვის. ცნობილია, რომ არგინინი მონაწილეობს აზოტოვანი ცვლის პროცესებში და ინსულინის მსგავსი მოქმედება აქვს, ამიტომ ლობიო რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც.
ლობიოს პარკისა და მოცვის ფოთლების ნახარში, ასევე ლობიოს საგდულების ნახარში კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ამ ნახარშების მიღება რეკომენდებულია უზმოზე.
ლობიო ანტიბაქტერიული და დამაწყნარებელი მოქმედებითაც გამოირჩევა. გარდა ამისა. ლობიოს ჭამას ურჩევენ ტუბერკულოზით დაავადებულებს. მწვანე ლობიოს ახასიათებს შარდმდენი ეფექტი. ის შლის და თირკმელებიდან და შარდის ბუშტიდან გამოდევნის კენჭებს. მწვანე ლობიოს იყენებენ პოდაგრის დროს. ანტიმიკრობული თვისებების წყალობით, ლობიო ეფექტურად ებრძვის ღვიძლის ანთებით პროცესებს.
ლობიო ასევე ძალიან სასარგებლოა კბილებისთვისაც. ლობიოს რეგულარული მოხმარება ხელს უშლის კბილებზე ნადების წარმოქმნას, რაც აიხსნება ამ პროდუქტის ანტიბაქტერიული მოქმედებით.
ლობიოს პარკის ექსტრაქტი სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს. ის ინიშნება 10-15 წვეთი დღეში 3-ჯერ.
ლობიოს პარკის ნახარშს იყენებენ მსუბუქი ან საშუალო ხარისხის შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ: 100 გრამ პარკს დავასხამთ 1 ლიტრ წყალს და ვადუღებთ 500 მილილიტრამდე ჩამოსვლამდე. მიღებული ნახარში უნდა დაილიოს მთელი დღის განმავლობაში. თუმცა ამგვარი მეთოდით მკურნალობა მხოლოდ მსუბუქად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის დროს შეიძლება.
ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ლობიო კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. ლობიო ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი და თავისუფალი რადიკალებისგან გიცავთ. როგორც ცნობილია, თავისუფალი რადიკალები ვნებს თქვენს უჯრედებს. 90 000 ქალბატონზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ იმ კატეგორიაში, ვინც ლობიოს ან ოსპს 8 წლის განმავლობაში კვირაში მინიმუმ ორჯერ მიირთმევდა, ნაკლები იყო ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.
მიუხედავად ზემოჩამოთვლილი სასარგებლო თვისებებისა, ლობიოსაც, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტს, უარყოფითი მხარეც აქვს.
ლობიოს ზიანის მოტანა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ საკვებად გამოვიყენებთ უმ მარცვლებს. მათში დიდი რაოდენობითაა მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლის საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას, შეუძლია, მნიშვნელოვნად დააზიანოს ნაწლავის ლორწო და, ზოგ შემთხვევაში, მოწამვლაც კი გამოიწვიოს. აღნიშნული მავნე ნივთიერებები სრულიად იკარგება ლობიოს მოხარშვის დროს.
ლობიოს მიღება არ არის რეკომენდებული ხანში შესული ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი, წყლული, ქოლეცისტიტი და კოლიტი აწუხებს. ყველასთვის ცნობილია, რომ ლობიო მეტეორიზმს იწვევს, მაგრამ ამ გვერდითი ეფექტის შემცირება შეიძლება, თუ აღნიშნულ პროდუქტს წინასწარ, რამდენიმე საათით ჩავალბობთ სოდიან წყალში. ამას გარდა, რეკომენდებულია, ლობიოსთან ერთად გამოვიყენოთ სანელებლები, რომლებიც აირწარმოქმნას ამცირებს, მაგალითად, კამა. სხვათა შორის, გასათვალისწინებელია, რომ თეთრი ლობიო გაცილებით ნაკლებად იწვევს მეტეორიზმს, ვიდრე წითელი.
ატამი გულის, რევმატიზმისა და თავის ტკივილის სამკურნალოდ
ატამის ნაყოფი, ფოთლები, მისი კურკაც კი, ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ატმის თესლის ზეთი გამოიყენება ფარმაციაში. ის ეხმარება ზოგიერთი საინიექციო წამალს გახსნაში. იყენებენ, აგრეთვე, თხევადი კრემების დასამზადებლად.
მისი ნაყოფი ასტიმულირებს ჰემოგლობინის წარმოქმნას. ხოლო ადვილად ასათვისებელი რკინის გამო სასარგებლოა ანემიით დაავადებულებისთვის.
ატმის ნაყოფი ეხმარება მომნელებელ სისტემას ცხიმიანი და ძნელად გადასამუშავებელი საკვების მონელებაში. არასაკმარისი მჟავიანობისას უნდა დალიოთ 50 გრამი ატმის წვენი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
ატამი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, ამიტომ ის უნდა მიიღონ გულით დაავადებულებმა გულის რიტმის დარღვევის დროს. კალიუმით მდიდარია ატმის კომპოტიც და ასევე, უხდება გულს.
საჭიროა: 1 კილოგრამი ატამი, 1,5 კილოგრამი შაქარი. მომზადების წესი: ატამი მოთუთქეთ (ორი-სამი წუთით ჩაყარეთ ქააფქაფა წყალში და ამოიღეთ), გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა. ჩაყარეთ ქვაბში შაქრის ფხვნილი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და გაადნეთ. ჩაამატეთ ატამი და ადუღეთ.
ატმის ნაყენი გამოიყენება ანთების საწინააღმდეგოდ – 1 სუფრი კოვზი ყოველ 3-4 საათში.
ყურის ტკივილის შესაჩერებლად ატმის ნაყენს იყენებენ წვეთების სახით.
ატმის ჩაი
გავრეცხოთ 4 ცალი ატამი, დავჭრათ და ჩავყაროთ გრაფინში. დავასხათ 1 ლიტრი თბილი წყალი, გემოვნებისამებრ ჩავამატოთ შაქარი. ცალკე მოვამზადოთ 1 ჭიქა ჩაის ფერი და ჩავასხათ გრაფინში. ჩავამატოთ დაჭრილი ლიმონი, შევდგათ მაცივარში და გავაცივოთ.
ჭიების საწინააღმდეგოდ და ამოსახველებლად: 3-7 გრამი ატმის გამხმარი თესლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი და 5-7 წუთი ნელ ცეცხლზე ადუღეთ. გააგრილეთ და გაწურეთ. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
რევმატიზმის, თავის ტკივილისა და გასტროენტერიტის დროს 1 სუფრის კოვზი ხმელი, დაფშვნილი ატმის ფოთოლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 150 მილილიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი წყლის აბაზანაში, გადმოდგით ქურიდან და 2 საათის შემდეგ გაწურეთ დოლბანდში. მიიღეთ 50 მილილიტრი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ფოთლები ზამთარში შესანახად რომ მოვამზადოთ, უნდა დავიჭიროთ მდუღარე წყლის ოთრქლზე 10 წუთი, შემდეგ ყინულიანი წყლით გავაგრილოთ (არ ჩავუშვათ წყალში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემცირდება ფერმენტების აქტიურობა). გავაშროთ, დავაწყოთ ქაღალდზე და ზემოდანაც ქაღალდი დავაფაროთ, შემდეგ გადავიტანოთ ჰერმენტულ ჭურჭელში და შევინახოთ საყინულეში.
უნდა გავითვალისწინოთ:
შაქრის დიდი შემცველობის გამო ატმის მიღება აკრძალულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, ჭარბწონიანი და მსუქანი ადამიანებისთვის. ასევე, ალერგიის დროს.
ალუჩა – სასარგებლო
სეზონური ხილი
ალუჩა, მისი სასარგებლო თვისებების გამო, კარგი დიეტური საშუალებაა. სასარგებლოა როგორც უმი, ისე ჯემის, კომპოტის თუ საწებლის სახით. ასევე,
ძალიან სასარგებლოა ალუჩის წვენი, რომელსაც იყენებენ ავიტამინოზის, მწვავე რესპირატორული დაავადებების, მუცლის ტკივილის დროს. წყალგარეული კი, კარგი საშუალებაა იარების მოსაშუშებლად.
ალუჩის ნაყოფი ძალიან ცოტა შაქარს შეიცავს, ამიტომ მისი გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მქონეთა რაციონშიც შეიძლება. რაც შეეხება ბავშვებს, ზომიერად, წლამდე ბავშვსაც კი, შეიძლება აჭამოთ.
ალუჩა შეიცავს 13 პროცენტ შაქარს, 5 პროცენტ ორგანულ მჟავებს, 1,5 პროცენტ პექტინს, ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს B, C, E, P და PP-ს.
ალუჩის წვენი ჩინებული მატონიზებელი საშუალებაა, შესანიშნავად უმკლავდება წყურვილის გრძნობას, გამოიყენება ჰიპოვიტამინოზების (ვიტამინების ნაკლებობა) და მუცლის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ. კალიუმის მაღალი შემცველობა ალუჩას გულის დაავადებებისთვის საოცრად სასარგებლო პროდუქტად აქცევს – ეს მინერალი თავიდან გვაცილებს არითმიას და ამკვრივებს გულის კუნთს. ალუჩა სასარგებლოდ მოქმედებს ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, აქვს დამამშვიდებელი და მომადუნებელი მოქმედება. თუ წნევამ აგიწიათ და თავი აგტკივდათ, მიირთვით, დაახლოებით, 200 გრამი ალუჩა და 40-50 წუთში თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, წნევა კი, ნორმაში ჩადგება.
სასარგებლოა ალუჩისა და ტყემლის ნახარშები და კომპოტებიც: ისინი აძლიერებს მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. განსაკუთრებით ფასობს გასტრიტებისა და მომატებული მჟავიანობისას. ალუჩისა და ტყემლისგან მზადდება გემრიელი მურაბები, საწებლები, ხილფაფები.
ოფიციალური მედიცინა ალუჩისა და ტყემლის რაციონში ჩართვას განსაკუთრებით ურჩევს ორსულ და მეძუძურ ქალებს, ბავშვებს, ხნიერ ადამიანებს, რადგან ის ორგანიზმის ვიტამინებით, მინარალებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგების ფასდაუდებელი საშუალებაა.
უმი სახით ალუჩის მიღება უკუნაჩვენებია ინდივიდუალური აუტანლობისას, ასევე, მუცლის ღრუს იმ დაავადებების დროს, რომლებიც კუჭის წვენის მომატებულ გამომუშავებას უკავშირდება. ალუჩისა და ტყემლის მიღება, ასევე, არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც გასტროდუოდენური მიდამოსა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაზიანება აქვს.