№19 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რატომ არის საჭირო აღსარების ხშირად თქმა?
პასუხი: აღსარების ხშირად თქმა საჭიროა, რადგან ჩვენ იოლად ვივიწყებთ ცოდვებს, ხოლო, როცა სულიერ მოძღვარს გავანდობთ, ეს ცოდვები ძირფესვიანად ამოიძირკვებიან. გარდა ამისა, სინანული თვალებს გვიხელს ცოდვებზე. ერთ ცოდვას რომ მოინანიებს ადამიანი, შემდეგ იწყებს სხვა ცოდვების დანახვას. ვინც მიეჩვევა, აღსარების დროს პასუხი აგოს თავის საქციელზე ამქვეყნად, მას არც უფლის სამსჯავროზე გაუჭირდება წარდგომა.
კითხვა: სურვილი მაქვს, სასულიერო სემინარიაში ჩავაბარო. თუ შეიძლება, მითხარით, რა წინაპირობაა ამისთვის საჭირო?
პასუხი: ასეთი სურვილი რომ გაგიჩნდათ, ეს უკვე სასიხარულოა. რელიგიური ცოდნის გაღრმავება არა მხოლოდ უფალთან დაგაახლოვებთ, არამედ საერო ყოფის სიმძიმესაც გაგიიოლებთ. ასეთი სურვილი ადამიანში უფლის ნებით ჩნდება, თუმცა, ისიც უნდა იცოდეთ, რომ მხოლოდ სურვილი არ კმარა. სანამ სასულიერო სემინარიაში ჩააბარებდეთ, უნდა მოემზადოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა იცხოვროთ ეკლესიურად. სულიერად იყოთ მზად საღვთო მცნებების მოსასმენად და შესასწავლად. უნდა გყავდეთ მოძღვარი, რომელსაც ეცოდინება თქვენი ცხოვრების წესი.
კითხვა: შეიძლება თუ არა ანგელოზების დანახვა?
პასუხი: როგორც წმიდა ისააკ ასური ამბობდა: „მასში როდია სიდიადე, რომ ქრისტიანი ხედავს ანგელოზებს, სიდიადე იმაშია, ადამიანი ხედავდეს თავის ცოდვებს“. საერთოდ, წმიდა მამები გვაფრთხილებენ, რომ უნდა ვუფრთხილდეთ ყოველგვარ ხილვებს, იმიტომ რომ შესაძლოა, მათ ადამიანი ხიბლში ჩააგდონ და აცდუნონ. სულიერებაში გამოუცდელი ადამიანები დემონურ ხილვებს ანგელოზების გამოცხადებად მიიჩნევენ.
კითხვა: რა უნდა ქნას ადამიანმა, როდესაც არ შეუძლია პატიება?
პასუხი: როდესაც ვლოცულობთ: „მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“, იგულისხმება, რომ ჩვენც ისევე მოგვეტევება უფლისგან, როგორც ჩვენ მივუტევებთ, ვაპატიებთ მოყვასს. პატიება თუ არ შეგიძლია, ეს ტრაგედიაა. ხოლო მას, ვისაც თავისი გულწრფელი მცდელობის მიუხედავად არ მიუტევებენ, შეუძლია, მშვიდად იყოს.
კითხვა: როგორ გამოვიყენოთ ნაკურთხი წყალი?
პასუხი: ნაკურთხი წყალი ყველა ქრისტიანის ოჯახში უნდა ინახებოდეს. ის გამოიყენება დასალევად, სადილების მოსამზადებლად, ასევე, მოსასხურებლად. ნაკურთხი წყალი მოათავსეთ საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში. სასურველია, ნაკურთხი წყალი დალიოთ დილით უზმოზე, ლოცვის შემდეგ და რასაკვირველია, ავადმყოფობის დროს.