კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 სად სთხოვდნენ დაჭრილი ადამიანები შველას ვახუშტი კოტეტიშვილს და ვის ხუნვეიბინურ მენტალიტეტს ვერ შეეგუა ის

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

„უნდა ვაღიარო, რომ მე არ გახლავართ დღიურების მწერალი კაცი. მე რომ დავჯდე და ყველაფერი აღვნუსხო, რაზეც დღის განმავლობაში ვფიქრობ, მაშინ სხვა საქმეებისთვის დრო არ დამრჩება. მე ხომ, ჩემი შერყეული ჯანმრთელობის გამო, შინიდან თვეობით ვერ გავდივარ. ეს მდგომარეობა ჩემისთანა დაუდეგარი კაცისთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ამასაც, თურმე, აქვს თავისი დადებითი მხარე: რისთვისაც ადრე ვერ ვიცლიდი და ყოველთვის მომავლისთვის ვდებდი, აღმოჩნდა, რომ ახლა დადგა ის „მომავალი“ (წყარო: „თავისუფლების დღიურები“) ვზივარ და ვწერ, ვწერ, რაც ჩემი ტვინის ხვეულებში მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე დაილექა და აქამდე წიგნებად ვერ მიქცევია“, – ასე იწყება თბილისში, ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და კოლორიტული კაცის, ვახუშტი კოტეტიშვილის  დღიურები. დიახ, საინტერესო პიროვნებები ქმნიან ეპოქას თავიანთი ღრმა და შინაარსიანი ცხოვრებით, იმ ურთიერთობებით და საქმით, რითაც შემდგომ ჩვენი ჟურნალის გვერდებზე საპატიო ადგილი უკავიათ.
 

9 აპრილი, ორშაბათი
„...თვალწინ მიდგას ის საბედისწერო განთიადი… ქაშვეთის ირგვლივ მდგარი ხეებიდან გაისმა ჩიტების ჭიკჭიკი, რომელიც მალე ტანკების გუგუნმა გაფანტა. გარს შემოგვერტყნენ ჯალათები, რომლებიც ჩვენ თვალწინ ჩეხავდნენ ბავშვებს პატარა ნაჯახებით. ალყაში ვიყავით. მე იღლიებში ამოვიჩარე ორი სუსტი გოგონა, ჩემი მეგობრების, ზაზა ჩიქოვანისა და დიმა ახვლედიანის შვილები და ჩემს წინ მდგომ მონღოლოიდური თვალების ჭრილის მქონე ჯარისკაცებს შევძახე: გზა მომეცით-მეთქი. როგორც ჩანს, ჩემმა უჩვეულოდ მბრძანებლურმა ტონმა, ჩახლეჩილმა ხმამ და ჭაღარა თმა-წვერმა იმოქმედა. წრე ოდნავ გაგვიხსნეს და მე ახალგაზრდებს გავძახე: შვილებო, მომყევით-მეთქი. იმ ჯადოსნური წრიდან დაახლოებით ოთხმოცამდე ბავშვის გამოყვანა მოვასწარი და შემდეგ წრე ისევ შეიკრა. ჩემი შვილი, გუგა ისევ იმ წრეში დაბრუნდა. ვეძახდი, მაგრამ ამაოდ. პირველი სკოლის ბაღში ვიღაც გასისხლიანებულმა ქალმა შემომღაღადა: მიშველეთო და გული წაუვიდა. ეს ტანსრული ქალი ზურგზე ავიკიდე, ლესია უკრაინკას ქუჩის აღმართზე ქოშინით ავიყვანე და ქუჩაში გამოფენილ ხალხს ჩავაბარე. ამასობაში ორი თავპირგასისხლიანებული ბიჭი მომადგა: ძია ვახოო, - თქვეს და კისერზე ჩამომეკიდნენ. ჩემი ბიჭების მეგობრები აღმოჩნდნენ. მათგან ერთს თავი ჰქონდა გაჩეხილი. ავიყვანე ჩემთან სახლში და შეძლებისდაგვარად გავუწიე პირველადი დახმარება. მეორე დღეს ქალაქში ხმა დაირხა: ვახუშტი კოტეტიშვილი მოკლესო. დამირეკა ვილენ მარდალეიშვილმა: გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი ნიკა ჩერქეზიშვილი გთხოვს, რედაქციაში მობრძანდიო. ჩავედი. ბატონმა ნიკამ მთხოვა: იქნებ პატარა წერილი დაგვიწერო, როგორც ამ ტრაგიკული მოვლენის თვითმხილველმა და უშუალო მონაწილემ. თანაც, ხალხი გაიგებს, რომ ცოცხალი ხარო. მე პირობა ჩამოვართვი, რომ რასაც დავწერდი, უცვლელად დაბეჭდავდა. უნდა ვაღიარო, რომ მან, პირნათლად შეასრულა მოცემული პირობა. მე მოკლედ აღვწერე, რაც მოხდა და პირველმა ვახსენე პრესაში „ნაჯახები“, რომლებითაც საბჭოთა ჯარისკაცები ულმობელად ჩეხავდნენ ჩვენს ბავშვებს. წერილს ასე ვამთავრებდი: „არ მოვმკვდარვარ, ხალხო, ცოცხალი ვარ, მაგრამ ვაი ამ სიცოცხლეს!“ ამ პატარა წერილმა ისეთი ამბავი გამოიწვია, რომ მოსკოვიდან დამირეკეს, აქ საპროტესტო აქციები იმართება და მოსკოვის ნამდვილი ინტელიგენციის თხოვნაა, შენ, როგორც თვითმხილველმა, მონაწილეობა მიიღოო. ჩავფრინდი. დამხვდა მოსკოვის ქართველობა და ჩემი მეგობრები, ცნობილი ჟურნალისტები: იაროსლავ გოლოვანოვი, იური როსტი და სხვანი. ეს აქციები იმართებოდა მოსკოვის სხვადასხვა რაიონში, დიდ, ხალხმრავალ კლუბებსა თუ სააქტო დარბაზებში. ჩემს მონათხრობს ხალხის დიდი რეაქცია ახლდა. ბოლოს, მაშინდელი საკავშირო ტელევიზიის პოპულარული გადაცემის „ვზგლიადის“ თავკაცებმა, ცნობილმა ჟურნალისტებმა ლისტევმა და ლიუბიმოვმა მთხოვეს, ამ პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა აკადემიკოს სახაროვთან ერთად. წამიყვანეს გორკის სახელობის პარკში. იქ იყო მოწყობილი სცენა, ტელეკამერებით გარსშემორტყმული. სცენის წინ მოედანი ხალხით იყო გადაჭედილი. გადაცემა დაიწყო... ატყდა პანიკა: არიქა, ჯარის ნაწილი მოდის ამ მიტინგის დასარბევადო! ჩვენი იქ მიმყვანები გვეცნენ სახაროვს და მე, ჩაგვტენეს მანქანებში ცალკ-ცალკე და სადღაც გაგვაქანეს. ასე აღმოვჩნდით კიდევ ერთ საჯარო აქციაზე, სადაც მონაწილეობდა რუსეთის მოაზროვნე ინტელიგენციის ელიტა. ჩემს გამოსვლას იქაც დიდი რეაქცია ჰქონდა. მე ეს ამბები აქამდე არასოდეს დამიწერია…

11 აპრილი, ოთხშაბათი
... რა ვქნა, ვერ ვეგუები ჩვენი ამჟამინდელი მთავრობის ბოლშევიკურ, „კომსომოლურსა“ და ხუნვეიბინურ მენტალიტეტს. თავიანთ თავს „ნაციონალებს“ ეძახიან, მაგრამ რასაც აკეთებენ, ყველაფერი ანტინაციონალურია. ყოველმხრივ ცდილობენ, რომ ცივილიზაცია კულტურის ნანგრევებზე ააყვავონ. მათი ამ „მიჩურინობის“ შედეგი რაც იქნება, ცხადია: სულიერი სიბერწე და უნაყოფობა. ერთადერთი მთავრობა, რომელსაც ალალად მხარს ვუჭერდი, ასეთი გამოდგა. ამიტომ გადავწყვიტე, აღარასოდეს მივიღო მონაწილეობა არჩევნებში. ხელისუფლებაში მოსვლა თურმე ყველას აფუჭებს. ჩემი წვლილი რატომ უნდა ერიოს ახალ უბედურებაში?.. ამიტომაც არასოდეს, არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ.

13 აპრილი, პარასკევი

ვითომ ჩემი წიგნების წერა არ მეყოფოდა, ამ ბოლო ხანებში ვიქეცი წინასიტყვაობების მწერლად. დამწყებ პოეტთაგან ბევრი მთხოვს ხოლმე, რომ საზოგადოებას მე წარვუდგინო მათი პირველი წიგნი. თუ ავტორი ნიჭიერია, ამას სიამოვნებით ვაკეთებ, ხოლო თუ უნიჭოა, დიდ უხერხულობაში ვვარდები ხოლმე... პირში მიხლა, უხრეხულიც არის და არაპედაგოგიურიც. ამიტომ მოვიგონე ასეთი ეშმაკური მეთოდი. ამოვიღებ საწერი მაგიდის უჯრიდან ჩემს რომელიმე გამოუქვეყნებელ ლექსს და ვუკითხავ. დასრულების შემდეგ ჩემსა და ახალგაზრდა ავტორს შორის იმართება ასეთი დიალოგი: – ბ-ნო ვახუშტი, ეგ ვისი ლექსია? – ჩემი. – რატომ არა გაქვთ გამოქვეყნებული? – იმიტომ, რომ არ მიმაჩნია გამოქვეყნების ღირსად. – გასაგებია. კარგად ბრძანდებოდეთ! ასე მარტივად, ბატალიების გარეშე მთავრდება ყველაფერი...  

14 აპრილი, შაბათი

დღევანდელი თარიღი მრავლისმეტყველია. 1978 წლის 14 აპრილს მთელი საქართველო გარეთ იყო გამოსული, ქართული ენის სახელმწიფო სტატუსს ვიცავდით. მილიცია, რომელიც დემონსტრაციის ასალაგმავად იყო მოგზავნილი უშიშროების კომიტეტის მიერ, ჩვენს მხარეს გადმოვიდა. გავიმარჯვეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა კომუნისტურ ყოფაში, როდესაც ხალხმა ხელისუფლებას უკან დაახევინა. მახსოვს, დემონსტრაციის დაშლის შემდეგ სიხარულით აღტყინებულებს გიგლა ფირცხალავამ გვითხრა: წამოდით, ჩემს სახელოსნოში აღვნიშნოთო. სიამოვნებით დავთანხმდით. გზად ყველამ ჯიბეები ამოვიფხიკეთ და „ზღაპრული“ სუფრა გავშალეთ, გიგლა, როგორც მასპინძელი, მზარეულობდა... გვიხაროდა, მაგრამ ეს სიხარული ლამის ძმრად წარმოგვდინდა. სახელმწიფოებრივი სიფხიზლის ორგანოებმა კატეგორიულად მოგვთხოვეს საღამოს სხვა თარიღისთვის გადატანა იმის შიშით, რომ რაიმე არ მომხდარიყო: ან პროკლამაციები არავის გადმოეყარა, ან კიდევ რაიმე „გამოხდომებს არ ჰქონოდა ადგილი“. ფილარმონიის დირექტორი დორიან კიტია კლდესავით იდგა და არწმუნებდა: ყოველი დღე დაკავებულია, მხოლოდ ეს დღე მაქვს თავისუფალიო. ბოლოს მე ჩავერთე და განვაცხადე: გარწმუნებთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და თუ მაინც რაიმე მოხდა, მე დამიჭირეთ-მეთქი...  
***
ხალხური სიტყვების ძიებაში უამრავი ადამიანი შევიძინე და საინტერესო ადამიანები გავიცანი. მათზე ბევრი მოგონება შემომრჩა. არაგვისპირეთში მომხდარ ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩემს მეგობარ გოგი წიკლაურთან ვქეიფობდი. მეგობრის დედამ, 90 წელს მიღწეულმა ხოშია გოგოჭურმა რომ გაიგო, ვახუშტის დედ-მამა არ ჰყავსო, ძალიან შეწუხდა, მოთქმა-ტირილი დაიწყო. მე ვუთხარი, რადგან ასეა, მოდი, დედა-შვილად გავიფიცოთ, მიშვილეთ-მეთქი. მართლაც იმ დღეს, როგორც ფიცვერცხლით ძმებად იფიცებოდნენ, დედა-შვილად გავიფიცეთ. ამ რიტუალს გოგი წიკლაური ხელმძღვანელობდა. რიტუალის შემდეგ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რადგან შენი ძმა ვარ, სახლის ნაწილიც მეკუთვნის-მეთქი და ყველაზე ლამაზი ოთახები ამოვირჩიე. ამ დროს მოხუცი ხოშია ზის და ტირის. შვილმა უთხრა, დედი, რა გატირებს, მოხუცებულობაში უშრომ-უზრუნველად პირდაპირ პროფესორი შვილი დაირტყიო. მოხუცმა უთხრა, შვილო, უკვე ოთხმოცდაათ წელს ვუახლოვდები, საცაა მოვკვდები და ვახუშტი რომ ისევ დაობლდება, იმაზე ვტირიო. მე როგორც ერთხელ დაობლებულს, მის ნათქვამზე ცრემლი მომადგა, ალალმა შვილებმა კი, კარგად იხალისეს.
* * *  
გიგი ხორნაული: ცუდად იყო ძალიან, გული სტკიოდა. მოვიდა სასწრაფო, წინასაინფარქტო მდგომარეობა გაქვს და ახლავე საავადმყოფოში უნდა გაგაქანოთო. საკაცე შემოიტანეს. ამ დროს ვიღაც ურეკავს. როგორც ჩანს, შეეკითხა, როგორ ხარ, რას შვრებიო. წინასაინფარქტო მდგომარეობა მაქვს და მოციმციმე არითმიაო. თან ამაზე დაიწყო ხუმრობა, მე ხომ ყველაფერი მოციმციმე, მოკიაფე და მოკამკამე უნდა მქონდესო.
 ერთხელ დათვებზე სანადიროდ წავიყვანე. სტუმრები მაინც ვერ ივლიდნენ მიუვალ ადგილებში, ამიტომ მათ გამოვეყავით და მე და რამდენიმე კაცი მაღლა ავედით, რომ ხმაურით დათვი დაგვეფრთხო და ქვემოთ გამოგვერეკა. ჩემს თანასოფლელებს გზები უნდა შეეკრათ ნადირისთვის, თან გავაფრთხილე, – ეს თბილისელები სულ ბოლოში დატოვეთ, ქვემოთ, რომ ხელი არ შეგიშალონ-მეთქი. გამომექცა დათვი და წავიდა გეზზე, ვიცოდი, ვინც უნდა დახვედროდა იქ ჩასაფრებული. ველოდები, საცაა, თოფი გავარდება-მეთქი. არ გავარდა. არადა, მესმის რაღაც უცნაური ხმა. მისი ექო გაღმა ტყეებს ედება. ვერ ვხვდები, რა შეიძლება, ხდებოდეს.  გადმოვიარე ტყიანი გორი, გადმოვედი ზვერებში, ჩავიხედე ქვევით და რას ვხედავ, ვახუშტი დგას ქვევით, ფერდობზე, წინ მონადირეები დაუსხამს, რაღაცას უყვება. დროდადრო ისეთი სიცილი დაიქუხებს, კლდეები ბანს გამოსცემენ. ვის ახსოვს დათვი! მომივიდა ბრაზი. დავეშვი აჩქარებული, რომ მივუახლოვდი, შორიდანვე დავუძახე, – რას შვრებით, კაცო, რატომ დატოვეთ საფრები, დათვი როგორ გაუშვით-მეთქი.
ვახუშტი მეძახის:
 – გიგი, ერთი, აქ მოდი, რა დროს დათვია!
ისეთი ნაწყენი ვარ, სახეზეც მეტყობა, სულ არ მინდა იმათ სიცილ-ხარხარს შევუერთდე. მიდიხარ სანადიროდ და დათვს უშვებ ცოცხალს, ეგ დანაშაულია, მთიელის გაგებით, სამარცხვინო ამბავია.
– კაცო, შენ ნუ ხარ სისხლისმსმელი, – მიცინის ვახუშტი, – ასეთ ბუნებაში კაცი დათვს მოჰკლავს?! მოდი და ეს სასმისი დაგვიცალე, თანაც დაილოცე… ამათ, თურმე, საგზლად წამოღებული პურმარილი გაუშლიათ, სასმელიც ამოუღიათ და მოლხენაში არიან. მივედი. ახლა ჩემზე დაიწყო შაყირი, იხოცებიან სიცილით მონადირეები. რაღა იქნებოდა, გავიცინე მეც. ასე ჩაგვიშალა ნადირობა. ეგეთი მონადირე იყო ვახუშტი კოტეტიშვილი. არც ერთი მონადირე არ იყო. ეგენი დათვის გამშვები კაცები იყვნენ – სიყვარულით სავსე, უსისხლოდ საქმის დამთავრების მოსურნე, საქართველოს სილამაზით დამთვრალი მონადირეები.“

скачать dle 11.3