კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რამდენ საჩუქარს იღებს აფხაზეთის თითოეული მცხოვრები თბილისისგან და როგორ მიისაკუთრეს სეპარატისტებმა ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95 პროცენტი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ჯერ კიდევ 1997 წელს მიღწეული ეგრეთ წოდებული ჯენტლმენური შეთანხმებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 60 პროცენტს თბილისი იტოვებდა, 40 პროცენტი კი სეპარატისტულ აფხაზეთს მიჰქონდა (მოგეხსენებათ, ენგურჰესი ისეა დაპროექტებული, რომ დამოუკიდებლად არც ერთ მხარეს არ შეუძლია ჰიდროელექტროსადგურით სარგებლობა). ოღონდ ორივეს მიერ მოხმარებული ელენერგიის საფასურს მხოლოდ თბილისი იხდიდა. წლების განმავლობაში ისე მოხდა, რომ სეპარატისტები სულ უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ანუ თბილისს უფრო და უფრო მეტი უჯდება მათი შენახვა (ცხადია, ექსპლუატაციისა და სარემონტო ხარჯსაც ჩვენი ბიუჯეტი იხდის) და არა მხოლოდ მათი, აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზებისაც. გასული წლის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით სეპარატისტულმა მხარემ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95 პროცენტი მოიხმარა (ბუნებრივია, მუქთად), ჩვენ კი, იმპორტით მოგვიწია დეფიციტის შევსება (ანუ ორმაგი ხარჯი გავიღეთ).
საინტერესოა ისიც, რომ გასული წლის პირველი დეკემბრიდან ამა წლის მარტის ჩათვლით აფხაზეთმა 911 მილიონი კილოვატსაათი ელენერგია დახარჯა, ხოლო თბილისმა – მილიარდ 112 მილიონი.
რატომ ვერ მოხერხდა დამოუკიდებლობისა და აფხაზეთის დროებით დაკარგვის მეოთხედსაუკუნოვან პერიოდში ენგურჰესის საპირწონე ერთი ან რამდენიმე დიდი ჰესის აშენება, რომელიც რუსეთს თავის მიერვე ჩადებული ნაღმის გამოყენების საშუალებას აღარ მისცემდა?! თბილისი კი მოახერხებდა ენგურჰესი საქართველოს ენერგოსისტემიდან ამოეგდო და სეპარატისტ-ოკუპანტების შანტაჟისგან თავი დაეღწია. მეორე მხრივ, ენგურჰესის დაზიანებაც ვარიანტია, რომ სეპარატისტებსა და საოკუპაციო სამხედრო ბაზებს თავისი ჯიბეებიდანაც ეხადათ ელექტროენერგიის საფასური და ენერგიის ალტერნატიული წყაროც მოეძებნათ. ენგურჰესის დილემას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.

– რა დოზით გვძალავენ ფულს სეპარატისტები და ოკუპანტები ენგურჰესის მეშვეობით?
– ბევრი პრობლემაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ფაქტი ის არის, როცა შენდებოდა ენგურჰესი, დაახლოებით, 17 წლის განმავლობაში, საბოლოოდ ის 1978 წელს გადაეცა ექსპლუატაციაში, არავინ ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და ეს მხოლოდ აფხაზურ-ქართული დილემა არ არის, ასეთივე მდგომარეობა იყო გაზსადენებსა და ნავთობსადენებზე, რომლებიც გადიოდა, მაგალითად, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის და სხვა. მაგრამ რუსეთის ფედერაციამ ძალზე ოპერატიულად მოახერხა ამის აღმოფხვრა. მაგალითად, მოსკოვიდან სოჭი-ადლერისკენ მიმავალი სარკინიგზო ზოლის, დაახლოებით, 37-კილომეტრიანი მონაკვეთი გადიოდა უკრაინის ტერიტორიაზე და რუსეთმა ააშენა ახალი, 137-კილომეტრიანი, 100 კილომეტრით უფრო გრძელი შემოვლითი რკინიგზა თავის ტერიტორიაზე. ურჩევნია, თავის ტერიტორიაზე აკონტროლოს რკინიგზა. ისევე, როგორც, როდესაც უკრაინასთან დაიძაბა სიტუაცია, გაზისა და ნავთობის მიწოდების ალტერნატიულ მარშრუტებზე მუშაობს და ცდილობს, უკრაინა დატოვოს თამაშგარე მდგომარეობაში. ამას თავისი გეოპოლიტიკური შედეგი მოჰყვება უკრაინისთვის, რადგან, თუ გაზმა არ გაიარა, ის ქსელი ჯართად გადაიქცევა.
ისევ ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ: მე დავთვალე და ამ ბოლო 25-26 წლის განმავლობაში სეპარატისტებმა იმდენი ელექტროენერგია წაიღეს, რომ, თუ თვითღირებულებით ვიანგარიშებთ და არა საცალო ფასით, ეს თანხა საკმარისი იქნებოდა, მაგალითად, ხუდონჰესის მშენებლობისთვის.
– ჩვენვე რომ აგვეშენებინა, მოზიდული ინვესტიციების გარეშე და ჩვენვე მოგვეხმარა?
– დიახ. სხვადასხვა შეფასებით, 800 მილონი დოლარიდან მილიარდ დოლარამდე გადავიხადეთ; ეს თანხა ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტის 2,5-3 წლის ექვივალენტური თანხაა. ფაქტორივად, ეს არის დამარცხებულის კონტრიბუცია გამარჯვებულისადმი და ეს თანხა გამოიყენება რუსული საოკუპაციო ბაზებისთვის, აფხაზური სეპარატიზმის გამოკვებისთვის, არის ერთი რუსული სიტყვა – „ვსკარმლივანიე“, რომელიც ზუსტად ასახავს ასეთ მდგომარეობას. მეტსაც გეტყვით, რომ არა ენგურჰესის სამართავი პულტი საბერიოში, აფხაზურ სეპარატიზმს ასეთი ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ იქნებოდა. ენგურჰესი გიგანტური ობიექტია, კაშხლის სიმაღლე 270 მეტრზე მეტია, სიგანე – 800 მეტრი და უნიკალური ნაგებობაა. ჩვენთან ზოგიერთი მოქალაქე, განსაკუთრებით, მთიანი რეგიონებიდან, გამოდის დიდი ჰესების წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ისინი უფასოდ მოიხმარენ ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას, მაგრამ თავიანთ საცხოვრებელ მიდამოებში დიდი ჰესების აშენების წინააღმდეგნი არიან.
– ანუ მაღალმთიანეთიც, რომელიც ჩვენს იურისდიქციაშია, უფასოდ მოიხმარს ენგურის ელექტროენერგიას?
– დიახ, მესტიის რაიონის მოსახლეობა უფასოდ მოიხმარს ელექტროენერგიას. მხოლოდ იურიდიული პირები იხდიან შესაბამის გადასახდელს. ოჯახები კი გათავისუფლებული არიან საოჯახო საჭიროებისთვის დენის მოხმარების გადასახდელისგან. ჩვენ ადრეც ვახსენეთ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ, თუ აფხაზეთის მოსახლეობას განვიხილავთ, როგორც ჩვენს მოსახლეობას, მათთვის მიცემული დენი შეიძლება, ჩავთვალოთ ისეთივედ, როგორიც მესტიის რაიონისთვის მიწოდებული უფასო დენი, ოღონდ საკმაოდ დიდი რაოდენობის, მაგრამ, თუ ისინი ჩვენი მოქალაქეები არ არიან, არ შეიძლება, უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ, ვიდრე საქართველოს ენგურს აქეთა მოსახლეობა. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება არის კეთილი ნების ჟესტი, რეალურად, რუსეთის დახმარებით აფხაზეთი დაუმსახურებლად იღებს ამ ელექტროენერგიას და მათი ოფიციალური მონაცემებითაც კი, მოსახლეობის ერთ სულზე წელიწადში, დაახლოებით, 200-220 დოლარის საჩუქარს იღებენ ენგურჰესიდან. ხოლო, თუ აფხაზეთის რეალურ მოსახლეობას ავიღებთ, მაშინ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.
– ამდენი ელექტროენერგიის მოხმარებას როგორ ახერხებენ? თითქმის იმდენივესი, რასაც მილიონზე მეტი მცხოვრებლიანი დედაქალაქი თავისი განათებებითა და ამდენი ობიექტით? ჰყიდიან?
– აფხაზეთში არის სამხედრო ბაზები, ასევე, კრიპტოვალუტების წარმოებისთვისაც ბევრი ელენერგიაა საჭირო, მუქთა იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოვაო. ურთიერთობები, რომლებიც არ არის ჩაყენებული ცივილიზებულ ფულად-სასაქონლო ურთიერთობებში, ყოველთვის ქმნის ჩრდილოვანი ეკონომიკისა და დაუმსახურებელი სარგებლის მიღების პრეცედენტებს. არ მგონია, პირდაპირ ჰყიდდნენ, მაგრამ ბევრი დანაკარგია. როდესაც მუქთად იღებენ, არანაირი ეკონომიკური სტიმული არ აქვთ, რომ გააუმჯობესონ ქსელი და რაც არის, იმითიც კმაყოფილები არიან. მართალია, ეს აკონსერვებს მათ ჩამორჩენას, ზრდის მუქთამჭამელობის სურვილს, მაგრამ ამით ზარალდება მათი ეკონომიკა და დანარჩენი საქართველო, იმიტომ რომ ენგურჰესის რესურსის სრულად გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლო, გაცილებით მეტი პროდუქცია გვეწარმოებინა, მეტი სახსრების მობილიზაცია მოგვეხდინა და უფრო მეტად დავხმარებოდით აფხაზეთსაც და საქართველოს სხვა რეგიონებსც.
– გვახსოვს პერიოდი, რომ ენგურჰესის გარეშე ნულზე ჯდებოდა საქართველოს ენერგოსისტემა, ახლა რა მდგომარეობა, რა წილი უჭირავს ენგურჰესს ჩვენს ენერგოსსიტემაში?
– ენგურჰესის სიმძლავრე, იმისდა მიხედვით, მუშაობს თუ არა ყველა ტურბინა, წელიწადში 4-4,5 მილიარდი კილოვატსაათია. თუ ამის ნახევარს ვიანგარიშეთ სეპარატისტების წილად, რაც გვრჩება, არის 20-30 პროცენტამდე იმ ელექტროენერგიის, რაც იწარმოება საქართველოში.
– დეკემრიდან მარტის ჩათვლით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელენერგიის 95 პროცენტი წაუღიათ სეპარატისტებსა და ოკუპანტებს. ანუ ჩვენი ენერგოსისტემის მიერ გამომუშავებული 40-60 პროცენტი, ესე იგი, ჩვენ მათ ფულსაც ვიხდით და დამატებით თანხასაც, რომ ჩვენი დეფიციტი შევივსოთ, ორმაგად ვზარალდებით?
– ცნობილი ფაქტია, ჩვენ ყოველწლიურად ზამთარში უფრო ძვირად ვყიდულობთ ელექტროენერგიას და ვყიდით ზაფხულში უფრო იაფად. ამის გამო, მაგალითად, გასულ წელს ვიზარალეთ 22 მილიონი დოლარი.
– როგორ ვახერხებთ, გავყიდოთ უფრო იაფად და ვიყიდოთ უფრო ძვირად? ერთი და იმავესგან ვყიდულობთ და მასვე მივყიდით?
– იყო შემთხვვები ბოლო პერიოდში, რომ არა მარტო რუსეთისგან მოგვიწია ყიდვა, არამედ აზერბაიჯანისგან, სომხეთისა და თურქეთისგანაც კი, მაგრამ იმის გამო, რომ შეძენა ყველაზე მძიმე თვეებში, ზამთარში გვიწევს, თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უფრო ძვირი ღირს და ძვირი გვიჯდება. შარშან გვიშველა იმან, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვალუტის დევალვაცია მოხდა ამერიკულ დოლართან მიმართებაში და ამით გარკვეულწილად დაგვეზოგა თანხა იმ ქვეყნებიდან დენის შეძენისას, თორემ გაცილებით მეტის გადახდა მოგვიწევდა.
– რა საინტერესო სქემაა: ჩვენ ვარჩენთ რუსეთის სამხედრო ბაზებს აფხაზეთში და ამის გამო რუსეთიდანვე უფრო ძვირად ვყიდულობთ ელექტროენერგიას.
– პირდაპირ ასე არ ჩანს. აფხაზეთს მიაქვს.
– გასაგებია, მაგრამ რუსეთის სამხედრო ბაზები რომ მოიხმარს ამ ელექტროენერგიას, აშკარაა.
– ცხადია, საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიხმარენ ელექტროენერგიას. თან, ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა ხომ არ არის?! გაგახსენებთ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ჩვენგან ყალბი ავიზოებით რუსეთში განაღდებული თანხებიდან რამდენი იზარალა ჩვენმა ქვეყანამ, რაც შემდგომ ქვეყნის საგარეო ვალში აისახა. ზღვა კოვზით დაილიაო და როცა ასეთი არარაციონალური და არასახელმწიფოებრივი ქმედებები ტარდება, ცხადია, რა ბარაქაც დაადგება საერთო ბეღელს, ანუ ბიუჯეტს. ასეთი მდგომარეობის გამოა, რომ ამდენი გაჭირვებული და უპოვარია ქვეყანაში და ისინიც ცდილობენ, ქვეყნის გარეთ გავიდნენ და იქ იპოვონ შემოსავალი.
– ამ ხნის განმავლობაში ასეთი რთული იყო ენგურჰესის ჩანაცვლება? და საშუალებაც მოგვეცემოდა, დაგეზიანებინა ის ისე, რომ ვერც სეპარატისტებს გამოეყენებინათ.
– ვერც ჩვენ გამოვიყენებთ.
– ნუ გამოვიყენებთ, ხომ იქნება იმის საშუალება, რომ გამოუსწორებლად დაზიანდეს ჰესი?
– ეს არ არის პრობლემის გადაჭრის სტრატეგიული, გრძელვადიანი ხედვა. მაპატიეთ, მაგრამ ხშირად ასეთი მოქმედება მაგონებს ლუარსაბისა და დარეჯანის დიალოგს, დღევანდელი დღე ხომ გადავაგორეთო და ხვალის მერე არ მიდის მათი დაგეგმვა.
– იმიტომაც ვამბობ, ამასობაში ჩაენაცვლებინათ ენგურჰესი, თორემ სადამდე უნდა ვარჩინოთ?
– სახელმწიფოს სჭირდება უფრო გრძელვადიანი სტრატეგია და არა მარტო ქაღალდზე დატანილი, არამედ რეალური. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს საკმაოდ დიდი თანხაა არა მარტო საქართველოს ზომის, გაცილებით დიდი ქვეყნებისთვის კი და მათი მიზანმიმართული გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო გაცილებთი მეტი ეფექტის მიღწევა და სარგებლის ნახვა. არადა, ჩვენ წლიდან წლამდე გვეზრდება ელექტროენერგიის დეფიციტი, ანუ ახალი სიმძლავრეების მწყობრში შეყვანა ვერ მისდევს უნისონში ეკონომიკის მზარდ მოთხოვნებს. შეიძლებოდა, დასავლეთ საქართველოს წყალუხვ მდინარეებზე საბაზო ელექტროსადგურების მშენებლობა. ჩვენ, ყველანი, ვართ ცივილიზაციის მძევლები და ჩვენი გარემო ვერ იქნება ისეთი უბიწო და ყამირი, როგორიც იყო შუა საუკუნეებში. ეს ზემოქმედებას ახდენს ეკოლოგიაზე, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ხარჯებისა და სარგებლის თანაფარდობა. ვფიქრობ, თუ გვინდა, რომ დროს ავუწყოთ ფეხი, სხვაგვარად უნდა შევხედოთ პრობლემას. არ მგონია, ნორვეგიელებზე მეტი პატრიოტები ვიყოთ, მაგრამ ნორვეგიაში 120 000 კილოვატსაათი ჰიდროენერგია იწარმოება წელიწადში, ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი 2 000-ამდეა.

скачать dle 11.3