№19 რატომ ჩაატარა ალიევმა აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები ორი თვით ადრე, რატომ გადააყენეს სომხეთში პრემიერ-მინისტრი და რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პარტიის მეთაურად
ყველასთვის მიულოდნელად, ყაზახეთი აშშ-ს თავისი ორი პორტის გამოყენებასაც დაეთანხმა და თვით სამხედრო ბაზის განთავსებასაც. ეს უკანასკნელი აზრი რუს ექსპერტებს მოუვიდათ, თუმცა რეალურად მხოლოდ ყაზახური პორტების, როგორც სატრანზიტო ცენტრების, გამოყენებაზეა ლაპარაკი. ყაზახეთის საგარეო უწყების თავკაცის განცხადებით, ეს შეთანხმება ყაზახეთის ინტერესია, როგორც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორისა, რომელიც (აშშ) ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიილტვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყაზახეთი არის დსთ-სა და „ოდეკაბეს“ წევრი და, რუსეთი, საერთოდაც, მიიჩნევს, რომ სახელმწიფოდ მან აქცია, ადვილი წარმოსადგენია, რა რეაქციას გამოიწვევდა კრემლში ნაზარბაევის ეს აქტივობა. რა ახალი რეალობის შექმნაზე მიუთითებს ეს კონკრეტული გადაწყვეტილება სომხეთის მოვლენების ფონზე და როგორია საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ს სამხედრო ბაზის შექმნის პერსპექტივა? – ამ თემას ექსპერტთან კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძესთან ერთად მიმოვიხილავთ.
– რისთვის მზადების წინაპირობად შეიძლება, აღვიქვათ ყაზახეთში აშშ-ს სამხედრო ბაზის გახსნა და ყაზახური პორტების გამოყენების ფაქტი?
– ის, რაც ყაზახეთში მოხდა, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის შექმნის კონტექსტში ქვეყნები ერთმანეთს ებრძვიან გავლენებისთვის. ყაზახეთი ითვლებოდა და ითვლება რუსეთის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად და გავლენის სივრცედ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა ევრაზიული კავშირი, „ოდეკაბე“. ყაზახეთი ამ ორგანიზაციებიდან არ გასულა, მაგრამ თავისი მიდგომები შეცვალა. წლების განმავლობაში, რაც არ ეპატიებოდა ქართულ მხარეს, მაგალითად, გახსოვთ, ცხინვალში პირველი კონფლიქტი ენის გამო დაიწყო, ყაზახეთს ეპატია. ყაზახეთში კარგა ხანია, ავიწროებენ რუსულ ენასა და რუს მოსახლეობას, თუმცა რუსული მეორე სახელმწიფო ენაა ყაზახურთან ერთად. ყაზახეთის ხელმძღვანელობის ბოლო გადაწყვეტილება არის კირილიცის ჩანაცვლება ლათინური ანბანით. უზარმაზარი თანხა დაუჯდათ, მაგრამ მაინც გააკეთეს, რომ გასულიყვნენ რუსული ანბანის სივრციდან. რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში: ყაზახეთის სარეზერვო-სოციალური ფონდი, 22 მილიარდი დოლარი, ინახება აშშ-ში, ამას გარდა, იქ ინახება ნაზარბაევის ფულადი ქონებაც.
– რა თანხაა?
– თანხის ზუსტი ოდენობა არ ვიცი, მაგრამ, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიარდ დოლარს მოიცავს. ეს თანხა აშშ-მა კორუციასთან ბრძოლისა და ვალების არდაბრუნების მოტივით გაყინა. ეს ყაზახეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იყო, იმიტომ რომ ამ თანხის დივიდენდებით ცხოვრობდნენ. ეს ფაქტი იყო ნიშანიც. ამის შემდეგ ყაზახეთმა მიდგომების შეცვლა დაიწყო. თან, ერთი მხრივ, ეს არის აშშ-ს ზეწოლის, მეორე მხრივ, რუსეთის სულელური პოლიტიკის შედეგი.
– ყაზახეთისადმი? რას გულისხმობთ?
– არა, ყაზახეთისადმი არა. რუსეთს ულიანოვსკის აეროპორტით გაჰქონდა ავღანეთიდან „ნატოს“ ტვირთები და უცებ შეწყვიტა ტვირთების მომსახურება და მაშინვე გადაინაცვლა ამ ტვირთებმა ყაზახეთის მიმართულებით და მისი იმ ორი პორტიდან, რომელსაც ითხოვს აშშ, ერთი განვითარებულია, მეორეს ახლა ავითარებს და სწორედ ამ მომსახურების ხარჯზე მიმდინარეობს მისი განვითარება. ეს ტვირთები, რომლებსაც რუსეთი აღარ ემსახურება, მაინც გადის რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მას სხვა ავიაკომპანიები ემსახურებიან. ეს დროებითი მოვლენაა, იმიტომ რომ ეს ტვირთები ფიზიკურადაც გადავა ყაზახეთის ტერიტორიაზე, იმის თქმა მინდა, რომ ყაზახეთი აშშ-სთან ურთიერთობისას უფრო დაცულად გრძნობს თავს როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და ყაზახეთს, რომელსაც აქვს პრეტენზია, იყოს შუა აზიის დომინანტი, ჩინეთის მთავარი პარტნიორი შუა აზიაში და, თან, უფრთხის ჩინეთს, სჭირდება სტაბილური დამცველი, ერთი მხრივ, ჩინეთის ექსპანსიისგან და, მეორე მხრივ, სტაბილური გეოპოლიტიკური პარტნიორი. აი, ეს არის ყაზახეთის გადაწყვეტილების მთელი ლოგიკა.
– ამერიკული გავლენის კონტექსტში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის რომელ კონფიგურაციაშია: ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო, ანუ შუა აზია-სამხრეთ კავკასია, როგორც დერეფანი ახლო აღმოსავლეთისკენ?
– რასაკვირველია, სწორ გეოგრაფიას ასახელებთ, მაგრამ, როგორც გითხარით, დგება მსოფლიო წესრიგის ახლებური კონფიგურაცია. პარადოქსული ის არის, რომ შეიძლება, იყო ერთი ბლოკის წევრი და სხვა ბლოკის წევრებთან უფრო აქტიურად თანამშრომლობდე. ჩვენ აი, ეს ახალი რეალობა ვერ გაგვიცნობიერებია და ჩამორჩენილი პოლიტიკა მიგვყავს, ყაზახეთის ხელიუფლების პოლიტიკა კი სხვაგვარია. შეიძლება, „ოდეკაბეს“ წევრი იყოს და „ნატოსთანაც“ ჰქონდეს ხელშეკრულებითი ურთიერთობა. ჩვენზე მაღალი დონის ურთიერთობა არ აქვს ყაზახეთს „ნატოსა“ და დასავლეთთან, მაგრამ ყაზახეთს, თავისი რესურსებით, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია და ყაზახეთში აშშ-ს უფრო მეტი ინტერესია.
– ჩემი აზრით, ჩვენთან აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსება იქნებოდა ჩვენი დაცვის გარანტია, თან, 2002 წელს გავაფორმეთ აშშ-თან სამთავრობოთაშორისო შეთანხმება, რომელიც, ფაქტობრივად, ამ საკითხს ეხება. აქ სამხედრო ბაზის გახსნა უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე ყაზახეთში?
– უფრო რთული იქნებოდა, იმიტომ რომ საქართველო, ტრადიციულად და სამხრეთ კავკასია რუსეთისთვის აღიქმება, როგორც სტრატეგიულად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სივრცე, რადგან პირდაპირ ემეზობლება „ნატოს“ თურქეთის სახით. ყაზახეთში ასეთი ვითარება არ არის: რუსეთი ბოლომდე ემეგობრება ჩინეთს და თვალს დახუჭავს იმაზე, რომ არა მარტო მის ტერიტორიებს ითვისებს ჩინეთი რბილი ძალით, არამედ მისი მოკავშირეების ტერიტორიებსაც. მეორე მხრივ, აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსება ყაზახეთში სიტუაციას არ ცვლის, იმიტომ რომ ძალიან შორსაა აშშ-სგან და, ამდენად, ის ბაზა, რომელიც იქ იქნება, მოსკოვის აზრით, რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის, თუმცა სიტუაცია იცვლება და ვინ ვის შეუქმნის საფრთხეს სამომავლოდ, რთული სათქმელია. უნდა გავიხსენო ერთი საინტერესო ეპიზოდიც: აზერბაიჯანი არ აძლევს საშუალებას ყაზახეთს, რომ თავისი ენერგომატარებლები გაიტანოს დასავლეთში. აზერბაიჯანელებმა, ფაქტობრივად, გააჩერეს ბათუმის პორტის მუშაობა, ბათუმის პორტი ყაზახების საკუთრებაა: არ უტარებენ ნავთობსა და სხვა ტიპის პროდუქტს.
– რა მიზეზით, რა საქმე აქვს აზერბაიჯანს იმასთან, თუ რა გავა ბათუმის პორტში?
– ხელოვნურად აფერხებენ, იშველიებენ კასპიის ზღვის სტატუსის მოუგვარებლობას, მაგრამ აშშ-ს მოკავშირე ყაზახეთისთვის აზერბაიჯანი ვერ გაბედავს პრობლემების შექმნას. აი, ასეთი პარადოქსული სიტუაციაა.
– ყაზახეთისა და აშშ-ს პოლიტიკური ფლირტი სომხეთის მოვლენების კონტექსტშია?
– სომხეთის მოვლენების კონტექსტშია ყველაფერი, უფრო ზუსტად, სომხეთია ამ მოვლენების კონტექსტში. ვიმეორებ, მსოფლიო წესრიგის ახალი კონტურების მოხაზვასთან ერთად, იცვლება სიტუაციები, ქვეყნების სტრუქტურა და ორიენტაცია. შეხედეთ, რა საინტერესო მოვლენები განვითარდა სამხრეთ კავკასიაში ბოლო 2 თვის განმავლობაში. ერთი მხრივ, აზერბაიჯანში მისმა პრეზიდენტმა სასწრაფოდ გადმოიტანა ორი თვით ადრე და ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები; მეორე ქვეყანაში, სომხეთში, გადააყენეს პრემიერ-მინისტრი, მმართველ პარტიას ყრიან პარლამენტიდან და ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი დადგა; მესამე ქვეყანაში, რომელიც თავისი თანმიმდევრობით გამოირჩევა, ვგულისხმობ საქართველოს და რომელშიც ყველაზე სტაბილური ვითარება იყო, ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ მხოლოდ უბედურების შემთხვევაში დაბრუნდებოდა, ბრუნდება პოლიტიკაში. ამას რომ ერთმანეთთან აქვს კავშირი, ცხადია და მსხვილი მოთამაშეების ჩართულობის გარეშე არ მოხდებოდა.
– დავაკონკრეტოთ. ყველა ერთი მსხვილი მოთამაშის გავლენის ქვეშაა?
– რეგიონში ყველაზე მსხვილი მოთამაშეა აშშ, ყველა პროცესი, რაც მოხდა ამ სამ ქვეყანაში ბოლო თვის განმავლობაში, არის აშშ-ს პოლიტიკის შედეგი. მე არ ვამბობ, რომ ვიღაცამ ბრძანება გასცა, მაგრამ ეს არის მუშაობის დამსახურება. სომხეთში ეს ზედაპირზე დევს: წლების განმავლობაში მუშაობს აშშ სომხეთში, რომ სიტუაცია შეიცვალოს და ძალიან საინტერესო ეპიზოდია, რომ სომხეთის ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან აშშ-ს მოქალაქეები, ოღონდ ეროვნებით სომხები. საქართველოში ასე არ იყო. ფაშინიანი არის ნაპერწკალი, რომელმაც დენთის კასრი ააფეთქა. რაც შეეხება აზერბაიჯანს: აზერბაიჯანის ხელისუფლება რთულ ვითარებაშია, სხვათა შორის, მათი მთელი ქონებაც, სარეზერვო ფონდი არის აშშ-ში და, შესაბამისად, იგივე ვითარებაა, რაც ყაზახეთში. საერთოდაც, ილჰამ ალიევი ძალიან არასტაბილურად გრძნობს თავს. მიაქციეთ ყურადღება, ვინ გაყარეს სომხეთის მთავრობიდან: ყარაბაღის კლანი და აზერბაიჯანშიც იგივე სიტუაციაა: ნახიჭევანელების კლანი ოპოზიციაა ბაქოში და მათი ლიდერები არიან მეჰრიბან ალიევას მშობლები და ბიძები, ფაშაევები. ეს კლანი საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს ბაქოშიც და მოსკოვშიც და ამიტომაც დააწინაურეს მეჰრიბან ალიევა ვიცე-პრეზიდენტად და ეს არ იყო მხოლოდ ქმრის ახირება.
– ოპოზიცია დააწყნარა?
– რასაკვირველია, კლანის პრეტენზიები დააკმაყოფილა ამით, ანუ ნიშანი მისცა, არ არის გამორიცხული, რომ მეჰრიბანი გახდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. სხვა საქმეა, გახდება თუ არა.
– ალიევმა არჩევნების გადმოტანით, ლეგიტიმაცია განიმტკიცა, იმიტომ რომ ორი თვის შემდეგ რა მოხდებოდა, არავინ იცოდა?
– რასაკვირველია და განიმტკიცა მდგომარეობა ნახტომისთვის. როდესაც საპრეზიდენტო არჩვენები ტარდებოდა, უკვე იყო გადაწყვეტილი, რომ ბაქოში მაისში გაიმართებოდა მრავალასეულათასიანი მიტინგი ყარაბაღის დაბრუნების მოთხოვნით. ეს ხელისუფლების მიერ ინსპირირებული მიტინგი იყო, ამით ალიევმა მსოფლიოს გაუგზავნა გზავნილი, რომ, თუ მსოფლიო თანამეგობრობა არ დააკმაყოფილებს ბაქოს ინტერესს, არ არის გამორიცხული, კონფლიქტი განახლდეს. ანუ ყველა თავის თამაშს თამაშობს. ალიევის არამყარი მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ ამდენს ჰპირდება მოსახლეობას, ასეთი ძლიერი არმია შექმნა და ყარაბაღის დაბრუნება ვერ შეძლო და მას უნდა, რაღაცნაირად იპოვოს გამოსავალი.
– ყარაბაღის გაყოფის ვერსიას ამუშავებს დასავლეთი?
– არა, მაგრამ ხუთი რაიონის აზერაბაიჯანისთვის დათმობის კონტურები იკვეთება. თბილისში არის აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდების ძალიან დიდი ჯგუფები, რომლებიც ხვდებიან ერთმანეთს. რადგან ძალიან კარგად ხედავენ, რომ სიტუაცია დამყაყდა და შეიძლება, ომი არავის უნდოდეს, მაგრამ ჩეხოვის ნათქვამი ახდეს. ამდენად, თუ ჩვენ წავუყრუეთ ახალგაზრდების შეხვედრებს, არ იქნება გამართლებული.
– ჩვენთან რატომ გახდა აუცილებელი ივანიშვილის დაბრუნება, რომ ჩრდილოვან მმართველობაზე არ ყოფილიყო ისევ ბრალდებები და ლეგიტიმაცია განემტკიცებინა ჩვენს ხელისუფლებასაც?
– წარმოვიდგინოთ, რომ, მართლაც, განახლდა ყარაბაღის ომი, ამისთვის აუცილებელია, საქართველოში იყოს ბევრად უფრო ძლიერი სახელისუფლო ვერტიკალი და დარწმუნებული ვარ, მავანმა ივანიშვილს შესთავაზა პრეზიდენტობა.
– მავანმა, ანუ აშშ-მა?
– დიახ, ბიძინა ივანიშვილმა ამაზე უარი თქვა და დაბრუნდა მხოლოდ პარტიის სათავეში, იმიტომ რომ ის ასე ხელისუფლების ყველა შტოს აკონტროლებს: დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტად მოვა „ოცნების“ კანდიდატი. ყველა ეს ცვლილება ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და უფრო მეტს გავიგებთ რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ.