№19 „უბრალონი“ და საბრალონი
ანუ რა ვუყოთ, რომ შავი ვარ
მაშინ, როდესაც აქეთ – სამხრეთ კავკასიაში (ცალკე – სომხეთში და ცალკე – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის), იქით კი – ახლო აღმოსავლეთში ახალი გეოპოლიტიკური ვითარების კონტურები იკვეთება, რაც არაა გამორიცხული, რაც არის, იმაზე სისხლიანი ფაქტითაც გაგრძელდეს, „გირჩი“ თავის ამპლუაშია და ჯიუტად მიჰყვება ნაკროტიკების თავისუფლების ხაზს.
გასულ კვირას ორმა რიგითმა და ერთმა მთავარმა „გირჩელმა“ პოლიციის მსახვრალი ხელი იწვნიეს.
შსს-ს ინფორმაციით, რიგითი „გირჩელი“ ნარკოტიკს ასაღებდა და მისი დაკავების მცდელობისას მანაც და სხვა „გირჩელებმაც“ წინააღმდეგობა გაუწიეს. ამდენად, ორ რიგითს სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა (წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო), მთავარს კი 2 000-ლარიანი ჯარიმა აკმარა.
მთავარმა „გირჩმა“ განაცხადა, რომ „სასამართლო იყო ჩვეულებრივი კლოუნადა“ (და რთულია, არ დაეთანხმო, იმიტომ რომ, სადაც „კლოუნები“, ანუ მასხარები, მაშასადამე, „გირჩელები“ არიან, კლოუნადა გარანტირებულია) და ირწმუნება, რომ პოლიციისთვის არც შეურაცხყოფა მიუყენებიათ და საერთოდაც, უბრალონი არიან (მე დავამატებდი, ჰიუგოს სტილში, საბრალონი-მეთქი). თუმცა შენიშნავს, რომ ხმამაღლაც ლაპარაკობდნენ და უწმაწურ სიტყვებსაც იყენებდნენ, მაგრამ უმისამართოდ (არამც და არამც პოლიციელების მისამართითო).
საბოლოოდ, მთავარმა „გირჩმა“ დაასკვნა, რომ ეს პოლიტიკური ამბავია და უბრალოდ, უნდათ, „გირჩთა“ და პირადად მისი „გაშავება“, თითქოსდა ნარკობარიგებს ვლობირებთო (არადა, ჯერ ერთი, ლობირებენ და, მეორეც, უკვე შავს რაღა გააშავებს?!). „გირჩს“ ბანი „რესპუბლიკელებმაც“ მისცეს, პათოსით, რომ „შსს-მ წააგო ეს ომი „გირჩთან“.
მოკლედ, მტერს რომ გაუხარდება, ისეთ შარში ვართ: დამოუკიდებლობის მეოთხედსაუკუნოვან პერიოდს ნარკოთავისუფლებისთვის ომით ვაგვირგვინებთ.