№19 ამაყი „პრ.-ი“
ანუ დასატირებლები
მაშინ, ანუ პირველ მაისს, როდესაც ზოგი მშრომელთა დღეს აღნიშნავდა, ამ ჩვენმა აფხაზმა სეპარატისტებმა სომხური მუსიკის ფესტივალი ჩაატარეს.
მის გახსნას სოფელ ალაჰაძიში თვით „პრ.“ ხაჯიმბა დაესწრო და სომეხ თანამემამულეებს მეტად ამაღელვებელი სიტყვითაც მიმართა.
სახელდობრ, შენიშნა, რომ ამაყობს, რაკი შეუძლიათ ასეთი ზეიმის ჩატარება.
მომყავს ციტატა: „ეს ღონისძიება ტრადიციად იქცა, ჩემთვის კი ტრადიციაა, არ გამოვტოვო ის“.
ამით კი იმიტომაა ბედნიერი, რომ თავისი ხალხის უფრო ახლოს გაცნობის საშუალება ეძლევა, თურმე და არც ის დაივიწყა, რომ აფხაზეთის სომხობა თავს ყველაზე უკეთ სწორედ აფხაზეთში გრძნობს და კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას, რომ მათი ძალა ერთობაშია და, ცხადია, მადლობაც გადაუხადა, რომ ქართველები ერთობლივი ძალით გამოყარეს (ირიბი ტექსტით).
თუ გავიხსენებთ, რომ საცაა სომეხი მოსახლეობა რაოდენობით გადაასწრებს აფხაზურს და, სავარაუდოდ, გადაყლაპავს კიდეც, ალბათ, სიმღერაში ვარჯიში არ აწყენთ (აფხაზეთის სომხობას), სხვა თუ არაფერი, ხარისხიანად გამოიტირებენ ამ ჩვენს სეპარატისტებს. –