№19 მანტიამოსხმული
ანუ ხალხზე მზრუნველი
ხალხის რჩეულმა გუგული მაღრაძემ კარგა ხანია, მოირგო საქართველოს მოქალაქეების მრთელ ჯანზე მზრუნველის მანტია. ის არ იკმარა, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის“ ავტორია (რის გამოც 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოსა და თვით ელექტროსიგარეტის მოწევაც კი აიკრძალა, თუ გაშლილ ველზე არ დგახარ მარტოდმარტო), რომ აწ უკვე სხეულის მოყვანილობაზეც დაიწყო ზრუნვა (როგორც ჩანს, პოლიტიკური მადაც კანონ-კანონ მოდის).
ჰოდა, რაკი დაიწყო, გაგვიმხილა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა იმ საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში, რომელიც ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა (ტკბილეულის ფასებია დასადგენი, ანუ ძვირი უნდა იყოს, შეძენა გაუჭირდეთო), თუმცა იქვე დაგვამშვიდა კიდეც, არ მინდა, შევაშინო მოსახლეობა, მაგრამ ჭარბი წონა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჯანმრთელობასო.
მეორე მხრივ, ჭარბწონიანობას რომ ებრძოლო, უპირველესად, თავად უნდა იყო ტანკენარი, რასაც, მაგალითად, ქ-ნ გუგულის მხოლოდ მზის დაბნელებისას თუ დავაბრალებთ და, რაც მთავარია, ჭარბწონიანობას არადაბალანსებული და უხარისხო საკვები იწვევს (რაც ისეთმა დიდმა პოლიტიკოსმა, როგორიც ქ-ნი მაღრაძეა, წესითა და რიგით, უნდა იცოდეს) და ტკბილეულზე კვოტების დაწესება პრობლემას ვერ აგვარებს.
ამდენად, აი, პოლიტიკოსების ენისთვის ლაგამის ამოდების რეგულაციის დაწესება კი ნამდვილად არ გვაწყენდა.