კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როდის უნდა დაასრულო, აჩიკო სოლოღაშვილის აზრით, ურთიერთობა, რატომ არ უკეთებს მეუღლე მას სიურპრიზებს და რაზე არ საუბრობენ ისინი სახლში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

აჩიკო სოლოღაშვილი და თიკა ფაცაცია პროექტ „მხოლოდ ქართულის“ წამყვანების ამპლუაში მოგვევლინნენ ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის ოთახიდან. მათი ტანდემი სცენაზე დიდი ხნის წინ ძალიან წარმატებულად შედგა და როგორც ვიცით, ქართულ სიმღერასთანაც ორივეს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს.
აჩიკო სოლოღაშვილი:
ძალიან გამიხარდა, როცა პროექტ „მხოლოდ ქართულზე“ დამიძახეს. ქართული მუსიკა ამოუწურავია და თან, მაყურებელი იმდენადაა მონატრებული, რომ ზუსტად ვიცი, ამ პროექტის სახით, კიდევ ერთი, ძალიან საყვარელი შოუ შეემატება მუსიკალურ პროექტებს. პირადად მე, ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა და თუ სადმე შეიძლება, ვიმღერო, შანსს არ ვუშვებ. თუმცა, ბუნებრივია – მეგობრების წრეში და სპექტაკლებში, სხვა ამბიცია არ მაქვს. ჩემ გარშემოც, რომ ვაკვირდები, ქართული სიმღერის უკმარისობა ყველას აქვს. არადა, ამ დროს ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია და ბევრი კარგი კომპოზიტორი გვყავს, რომელთა დავიწყებაც არ შეიძლება. მე ბავშვობიდან ვმღერი და გამიმართლა, რომ ძალიან კარგ პროექტებში მომიწია მონაწილეობის მიღება. ნანი ბრეგვაძესთან ერთად რომ დგახარ სცენაზე, ამით, მგონი, ყველაფერია ნათქვამი. მიუზიკლ „ქეთო და კოტეს“ ვგულისხმობ, რომელშიც ქალბატონ ნანისთან, ლადო ათანელთან, პაატა ბურჭულაძესთან, მიშა ქირიასთან, სოფო ნიჟარაძესთან, ეკა კახიანთან, ნიკო ბერიძესთან და კიდევ ბევრ არაჩვეულებრივი მომღერალთან ერთად მომიწია მუშაობა.
– შენი გამოცდილება, ალბათ, კონკურსანტებისთვისაც სასარგებლო იქნება.
– მე და თიკა ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიას წარმოვადგენთ, ჩვენი ოთახი გვაქვს. ჩვენს ოთახში სტუმრად იქნებიან ის კომპოზიტორები, რომლის სიმღერებსაც კონკურსანტები შეასრულებენ. საკმაოდ საპასუხისმგებლო და სანერვიულო მომენტია. წარმოიდგინეთ, ასრულებ სიმღერას ქართველი მაყურებლის წინაშე და თან მისი შემქმნელიც კულისებში ზის, გისმენს და ბოლოს უნდა შეგაფასოს. თუმცა, კონკურსანტებთან უშუალო შეხება არ გვაქვს.
– რაც შეეხება შენი და თიკას წყვილს. ვერ ვიტყვით, რომ თქვენი ტანდემი ახალია, თუმცა, ამჯერად – ახალი ფორმით.
– მე და თიკა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ტელესივრცეში ჩვენი წყვილი ძალიან ბევრი წლის წინ შედგა. ეს იყო „იმედის ტალღა 4“ და მასში ჩვენ გავიმარჯვეთ. მას შემდეგ სცენაზე ჩვენი წყვილი არ გამოსულა, თუმცა, ერთ სპექტაკლში ვთამაშობდით. მგონია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი ვიქნებით, იმიტომ რომ ჩემი მეწყვილე ძალიან პოზიტიური, ჭკვიანი და ლამაზია, რაც მთავარია, მაყურებელს ძალიან უყვარს და თან თავადაც მომღერალია. მოკლედ, რა რა და, მუსიკა ნამდვილად ორივეს გვესმის.
„სხვა შუადღეს“ თუ შეეხება ცვლილება თქვენი აქ ყოფნის გამო?
– არა. ეს იმდენ დროს არ წაიღებს, რომ იქ რამე შეიცვალოს. გამიმართლა იმაშიც, რომ ორშაბათ საღამოს თეატრშიც არ არის სპექტაკლები, შესაბამისად, მთელი დრო „მხოლოდ ქართულს“ დაეთმობა. ამის გამო უარის თქმა არაფერზე დამჭირვებია. თუმცა, ზოგადად, რა დატვირთული გრაფიკიც უნდა მქონდეს, ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსებას მაინც ყოველთვის ვახერხებ. პარალელურად, ვასწრებ თეატრალურ უნივერსიტეტში სიარულს და ლექციების ჩატარებას. გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვებსაც ვასწავლი.
– ლექტორი აჩიკო როგორია?
– ლექტორი აჩიკო, რამდენადაც მხიარულია, იმდენად მომთხოვნი და მკაცრია. თუ ცოდნა გაქვს, სტუდენტთან სიმკაცრის გამოჩენა აუცილებელი არაა. მთავარია, როგორ დააინტერესებ მას შენი ლექციით. თუმცა, ხუმრობისა და იუმორის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი და როცა შედეგს ვაღწევთ, მერე ერთად ვერთობით ხოლმე.
– გადავიდეთ ოჯახურ ამბებზე. ბუნებრივია, რომ პირველი გულშემატკივარი მეუღლეა, მაგრამ თქვენთან, არხების გამო, ცოტა კონკურენციის მომენტიც რომაა?
– ჩემს ოჯახში არასდროს ყოფილა კონკურენცია და არც არასდროს იქნება. ჩვენ სწორედ ამით გამოვირჩევით. მე და ნუცას სამსახური სახლში არასდროს მიგვაქვს. ყველაფერში ვუდგავართ გვერდში ერთმანეთს, ისე როგორც შეგვიძლია, მაგრამ სამსახურს სადარბაზოსთან ვტოვებთ (იცინის). ისედაც, იმდენად ცოტა დრო გვრჩება ერთად ყოფნისთვის, კიდევ ამაზე საუბარი საშინელება იქნებოდა. შეიძლება, უბრალოდ, გავუზიაროთ ერთმანეთს დღის შთაბეჭდილებები, მაგრამ განხილვის დრო ნამდვილად არ გვაქვს.
– აძლევთ ერთმანეთს პროფესიულ რჩევებს?
– ახლა ორივე იმ ასაკში ვართ, როცა ეს პერიოდი უკვე გადავლილი გვაქვს. დაახლოებით, ხუთი წლის წინ – კი, ბატონო, მაგრამ დღეს  – აღარ.
– რაც შეეხება ერთმანეთის იმიჯს. რამდენად აქტიურად ხართ ერთმანეთის სამოსის შერჩევაში ჩართულები?
– როცა ნუცასთვის ვყიდულობ რამეს, ზუსტად ვიცი, რომ ეს მისია და აუცილებლად ჩაიცვამს. იმიტომ კი არა, რომ აჩიკოს მოსწონს, უბრალოდ, ზუსტად ვხვდები, რაც უნდა. მე ამ მხრივ ძალიან საფრთხილო და უფრო მეტად სანერვიულო ვარ. ზოგადად, არ მიყვარს სიურპრიზები და ამიტომ ნუცასაც სულ ვთხოვ, თუ ზუსტად არ იცი, რამეზე რომ მინდა, მოდი, ნუ შეიწუხებ თავს-მეთქი. შეიძლება, მას მოეწონოს რაღაც სვიტრი, მაგრამ მე არ მომეწონოს ან, უბრალოდ, იმ წუთას არ ვიყო ამის განწყობაზე. ამიტომ, ვცდილობთ, ეს უხერხულობა თავიდან ავირიდოთ.
– გოგოების უმეტესობას სწყინს ხოლმე ასეთი დამოკიდებულება.
– არა. ეს ჩვენ თავიდანვე გავარკვიეთ, სანამ ჯერ კიდევ ვმეგობრობდით. მაშინვე ყველაფერი გამჭვირვალე გვქონდა. რა ვქნა, არ მიყვარს სიურპრიზები. მირჩევნია, პირდაპირ ვთქვა, რა მომწონს და რა არის საჩემო. მე თვითონ ვაფრენ ნუცასთვის სიურპრიზების გაკეთებაზე, იმიტომ რომ მას უყვარს და ეს ჩემთვის მოტივაციაა.
– სიყვარულის ან მსგავსი დღეები არის განსაკუთრებული სიურპრიზის მიზეზი თქვენთვის?
– სამწუხაროდ, სიყვარულის დღეს ვერ ვემთხვევით ხოლმე ერთად და როცა ერთმანეთს ვნახულობთ, აღარც სიყვარულის დღეა და აღარც საერთოდ დღე. ჩვენთვის ისედაც ყოველი დღე სიყვარულისაა, იმიტომ რომ დღის ბოლოს ვხვდებით მთელი დღის მონატრებულები.
– ქმრებისთვის განკუთვნილი სტანდარტული კითხვა – თუ გაქვს გართულებები ნუცას ჩაცმულობასთან დაკავშირებით, როცა საქმე დეკოლტეს ან მოკლე კაბას ეხება?
– ნუცას ბოლომდე ვენდობი, რადგან ზუსტად იცის, რა უხდება და რა არა. არ მახსოვს, მისთვის თქმა დამჭირვებოდა, „ნუც, იქნებ ეს არა?!“ ძალიან კარგი ფეხი აქვს, ძალიან კარგი ტანი აქვს და რატომაც არა, უნდა ჩაიცვას ის, რაც თავად უნდა. ზუსტად ვიცი, იმას არ ჩაიცვამს, რაც პირველ რიგში, პირადად მას ჩააგდებს უხერხულ მდგომარეობაში. თორემ, მე როცა ვხედავ, მაშინ ყველა ჩაცმულები ვართ ან ორივე გახდილები.
– აქვე გკითხავ ეჭვიანობაზეც.
– მე თვითონ ეჭვიანი ვარ, მაგრამ ეს ნუცას არ ეხება. ზოგადად, ეჭვიანი ვარ რეჟისორის, ბიძაშვილის, მეგობრის და საერთოდ, ყველას მიმართ. ამის მიზეზი დროის დეფიციტია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ეჭვიანობა ზომიერების ფარგლებშია მოქცეული. არ მახსენდება ამის გამო ოჯახში დაძაბულობა გვქონოდეს. იმხელა ნდობა გვაქვს, რომ ერთმანეთამდე არც ვუშვებთ ისეთ ნიუანსებს, რომელმაც შეიძლება, გვანერვიულოს.
– ჰო, მაგრამ ეს ჩვენგან დამოუკიდებელ მიზეზებზეც ხომაა დამოკიდებული?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ორივე იმ ასაკში ვართ, როცა ამისთვის თავის გართმევა შეგვიძლია. ჯერ ერთი, რატომ უნდა გამიბედოს ვინმემ რამე, როცა იცის, რომ მეუღლე მყავს, მაგრამ თუ მაინც მოხდება მსგავსი რამ, ამას ისე მოვაგვარებ, რომ ნუცამდე საერთოდ არ მივიდეს. რატომ უნდა დავძაბო, თუნდაც, ორი საათით? დარწმუნებული ვარ, იგივენაირად იქცევა ნუცაც. ასეთ პრიმიტიულ საკითხებზე დასაკარგი დრო არ გვაქვს. ერთადერთი, რაზეც ვეჭვიანობ, დროა, როცა ნუცა ჩემთვის ვერ იცლის. ბუნებით ნუცაც ჩემნაირია, ისიც არანაკლებ ეჭვიანია ანალოგიური კუთხით, მაგრამ მისგან ეს არასდროს მიგრძნია. მხოლოდ ასე, საუბრის დროს თუ ვაღიარებთ ხოლმე. არასდროს ჩავიდენ ისეთ საქციელს, რომ ჩემმა საყვარელმა ადამიანმა რამეზე იეჭვიანოს. ეს, ფაქტობრივად, ადამიანის გაწირვაა, ჩვენ კი ძალიან ვუფრთხილდებით ერთმანეთს და ვცდილობთ, მსგავსი რამ არამცთუ შეგვემთხვეს, არამედ თავსაც კი არ მოვახვიოთ ერთმანეთს.
– „კაცისგან ღალატს არაუშავს“ დამოკიდებულებაზე რა აზრის ხარ?

– ღალატმა სქესი არ იცის, ღალატი უსქესოა. თუ მოღალატე ხარ, მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ხარ, კაცი, ცხოველი თუ ფრინველი. არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეულები და შეიძლება, ყველას ცხოვრებაში მოხდეს რაღაც, მაგრამ ვფიქრობ, ასეთ დროს ერთ ურთიერთობას უნდა დაუსვა წერტილი და მერე გადადგა ეს ნაბიჯი. რაც უნდა ცუდი იყოს ადამიანი, ჩემი აზრით, მეორე ნახევრისგან ღალატს არავინ იმსახურებს. მგონია, რომ რასაც გასცემ, ყველაფერი ბუმერანგივით დაგიბრუნდება. თუ ღალატობ, ესე იგი ყველაფერი დამთავრებულია და თუ დამთავრებულია, ან შენ რატომ წვალობ, ან მას რატომ აწვალებ?!
скачать dle 11.3