№18 როგორ აღმოჩნდა მთვრალი გია ჯაჯანიძე ხეზე და სად დაკარგა მან საქორწილო შარვალ-კოსტიუმი
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ალკოჰოლთან „მეგობრობით“ არ გამოირჩევა – იმდენად იშვიათად სვამს, რომ თითოეული შემთხვევაც კი კარგად ახსოვს, როცა ბახუსის მსხვერპლი გახდა. იმის მიუხედავად, რომ წლები ისე გავა, ჭიქა ღვინოს არ ეკარება, თამადობა მაინც უწევს, ოღონდ ლიმონათის ჭიქით ხელში. მის ცხოვრებაში კი, ბედის ირონიით, ისეთი ისტორიები იყო, „ღვინის ქურდების“ სიუჟეტს რომ დაამშვენებდა. როგორ მოხვდა მთვრალი ხის კენწეროზე, მაღალი თანამდებობის ქალბატონის მოსასვენებელ ოთახში და როდის იპარება სუფრიდან, ამის შესახებ თავად გია გიამბობთ, რომელიც თავის ისტორიებს ისეთი ხალისით ყვება, როგორც მამაკაცები ყვებიან ამაყად სუფრებთან დაკავშირებულ „საგმირო ისტორიებს“.
გია ჯაჯანიძე: მე და ალკოჰოლს ერთმანეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, რამდენჯერმე ისე ვარ დამთვრალი, სტაჟიან და დიპლომიან ალკოჰოლიკს რომ „შეშურდება“. ვინც მე მიცნობს, იცის, რომ საერთოდ არ ვსვამ, წვეთ სასმელსაც კი არ ვეტანები, ახალი წელი ისე გავა, ერთ ყლუპსაც არ დავლევ, ვერ ვიტან ალკოჰოლს, მინდა ფხიზლად ვუყურო ცხოვრებას და ისე დავტკბე. ამისთვის დოპინგი არ მჭირდება. ამის მიუხედავად, ჩემს ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე მომენტი, რომელიც ალკოჰოლთან არის დაკავშირებული და რაც არასდროს მავიწყდება. მამაჩემი კარგი მოქეიფე იყო, კარგი თამადაც. დალევაც უყვარდა, რადგან ყველა მამაკაცს, ვისაც სახლში აუღებელი სუფრები აქვს, ჩემი აზრით, სასმელიც უყვარს. იმის მიუხედავად, რომ მდიდარი ოჯახი არ გვქონია, მამას სახლში ხშირად ჰყავდა სტუმრები, დედა და ბებია გაშლიდნენ სუფრას – ეკალა, მჭადი, ყველი, პრასი... მეტი შეიძლება არც არაფერი ყოფილიყო სუფრაზე, მაგრამ მამა და მისი სტუმრები ისე მოილხენდნენ ხოლმე, თითქოს შემწვარ გოჭსა და „ასატრინის“ მწვადს მიირთმევდნენ. მე და ჩემი და-ძმა ამ სუფრებს ვესწრებოდით, დიდი სახლი მე არ მქონდა, რომ სადამე სხვა ოთახში დამეძინა, დამაყენებდნენ ხოლმე მთვრალი სტუმრები სკამზე და ლექსებსა და სადღეგრძელოებს მათქმევინებდნენ, ალბათ, ამიტომაცაა, რომ ძალიან კარგი სადღეგრძელოები ვიცი. დალევით ვერ ვსვამ, მაგრამ სადღეგრძელოები გიყვარდეს... (იცინის) პირველად ჩემს ცხოვრებაში 13 წლის ასაკში დავთვერი. ეს მოხდა ჭიათურაში. ორმა მეგობარმა, რომლებიც ჩემზე უფროსები იყვნენ, მთხოვეს, მეგობრის ბებიის მარანში გამოგვყევი, კარი დაკეტილია და ფანჯრიდან უნდა გადაძვრეო. ტანით პატარა ვიყავი და მარტივად გადავძვრებოდი, არც მიფიქრია, რომ ღვინის მოსაპარად მიდიოდნენ. მარანი მართლაც მეგობრის ბებიას ეკუთვნოდა. ბებო შვილთან იყო წასული სადღაც სოფელში. მე ეს არ ვიცოდი, პატარა „ფორთოჩკიდან“ გადავძვერი, კარი შიგნიდან გავხსენი და მეგობრები ჭურის პირას აღმოჩნდნენ. ჩვენ ვიყავით ნამდვილი „ღვინის ქურდები“. ჩემმა მეგობრებმა ღვინო ორი ბოცით მოიპარეს, სამი ჭიქა მე დამალევინეს – გასამხნევებლად. ჭურის პირას ისე დავთვერი, საღამოს სახლში დაბრუნებულ ნინა ბებოს თავის მარანში მძინარე დავხვდი (იცინის). ეს იყო ჩემი პირველი კონტაქტი ალკოჰოლთან, მეორედ უკვე მერვე კლასის მოსწავლე ვიყავი, სახლში სამი ჩაის ჭიქა ღვინო დავლიე, ისე დავთვერი, რომ არ ვიცი, რატომ, კაკლის ხეზე ავედი, კენწეროზე ისე მოვექეცი, ვერც კი გავიგე. ლამის ხეზე დამეძინა, ვეღარ ჩამოვდიოდი, სახანძრო კიბე მოიტანეს ჩემს ჩამოსაყვანად, რასაც სახლში დიდი ამბავი მოჰყვა.
– როდესაც თბილისში ჩამოხვედი, ბნელ და ცივ 90-იან წლებშიც არ დაუმეგობრდი სასმელს?
– არა, არ მქონია ეს სურვილი. არ მესმის იმ ხალხის, სასმლით დარდს და დეპრესიას რომ ებრძვიან, დარდს და დეპრესიას ბრძოლა უნდა, გამოსავლის პოვნა, დალევა კი არა. სასმლით შენი მდგომარეობა იცვლება, თორემ სანერვიულო თემა ხომ მაინც სანერვიული რჩება. საკუთარ ქორწილში, როცა 17 წლის ახალგაზრდა ვიყავი, წვეთიც კი არ დამილევია. ხომ იციან სიძეებმა დალევა გამბედაობისთვის, თან, როცა პატარა ხარ, სიდედრის გადახდილ სეფაში გაშლილ სამასკაციან ქორწილში, ცოტა კი უნდა დალიო, მაგრამ მე არც მაშინ დამილევია. მახსოვს, ზამშის შინდისფერი შარვალ-კოსტიუმი მეცვა, რომელიც მერე დავკარგე, ახალ სახლში გადასვლის დროს. მოკლედ, იმ შარვალ-კოსტიუმით საცეკვაოდ რომ გადავედი, რაღაცას ფეხი წამოვკარი და ისე დავეცი, ლამის ტვინი დავანთხიე. მეზიზღება სუფრები, ჩემთვის სუფრა არის მიდი, ჭამე და წამოდი. მთვრალი ხალხის ატანა არ მაქვს. ყველამ იცის, რომ ასეთ სუფრებზე, სადაც დალევა მიდის, მე არ უნდა დამპატიჟონ. როდესაც ნანა პატარკაციშვილი იყრიდა კენჭს პარლამენტში, კახეთში ხშირად გვიწევდა ყოფნა. წარმოიდგინეთ, კახეთში გაშლილი სუფრების ამბავი, არასდროს რომ არ მთავრდება და ყველა რომ დალევას გაძალებს. სადაც ნასვამ ადამიანებს ვხედავ, იქიდან ვიპარები. ჩემი მეთოდი მაქვს, ვიცი, როგორ „გავქრე“. მოკლედ, კახეთში წვეთი ვერ დამალევინეს კახელებმა. ჯერ ვიტყუებოდი, რომ მოურჩენელი ავადმყოფობა მჭირდა. მაშინ დალიე, რა მნიშვნელობა აქვსო, მეუბნებოდნენ. მერე მოვიგონე, რომ ალკოჰოლიკი ვიყავი და ამპულა მქონდა ჩადგმული – რა მექნა, სხვა გზა არ მქონდა, კახელებს დალევაში როგორ ავყვებოდი? ისე მოვიარე საბჭოთა ჯარი ლენინაკანში, წვეთი არ დამილევია. უბით მოჰქონდათ ჯარისკაცებს სასმელი – ხან სად იპარავდნენ, ხან – სად. მე ვერ ამიყოლიეს. ერთხელ ერთმა ქალმა მირჩია: თუ გინდა, მხნედ და ჯანმრთელად იყო, ყოველ დილით კონიაკის ბოთლის თავსახურით კონიაკი დალიე, სასწაულად იქნებიო. ერთი კვირა ვაკეთებდი ამას, დღის ორ საათამდე გაბრუებული, დარეტიანებული, გატრეტილი ვიყავი ხოლმე და დავანებე თავი, ყლუპიც არ ეტეოდა იმ თავსახურში და ისიც კი მათრობდა. დალევასთან დაკავშირებით ერთი სასაცილო ისტორია მაქვს. ერთ ცნობილ ქალბატონს, რომელიც დღეს მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, მის სამუშაო კაბინეტში შევხვდი, საქმეზე ვიყავი მისული. შემომთავაზა, ვისკი დავლიოთო, მომერიდა, ხომ არ დავუწყებდი, არ ვსვამ-მეთქი და მოკლედ ორი-სამი ჭიქა ვისკი დავლიე მასთან ერთად. თვითონ, გიყვარდეს, არაფერი ემჩნეოდა, მე ისე დავთვერი, რომ ვემშვიდობებოდი, გარეთ კი არ გამოვედი, ამერია და რომ არ ეჩვენებინა, მის მოსასვენებელ ოთახში შევდიოდი.
– გადაღებების დროს ხშირად გიწევს მოხვედრა სუფრასთან, გვინახავს კიდეც, როგორ მიირთმევ სასმელს. გამოუვალ სიტუაციაში როგორ იქცევი?
– გამოუვალ სიტუაციაში არ ვვარდები, ბატონო, ვსვამ ლიმონათს, რომელიც ჯერჯერობით არ მათრობს, მერე ვნახოთ. ლიმონათითაც მშვენიერ სადღეგრძელოებს ვამბობ, ტრადიციული სადღეგრძელოები მიყვარს – მშვიდობის, წასულების, სიყვარულის. ლიმონათით ისეთ სადღეგრძელოებს ვამბობ, იმას არავინ აღარ უყურებს, ვსვამ თუ არა (იცინის). როცა მთვრალი ვარ, მიყვარს ყველა და ყველაფერი, რომ მომკლა, ვერ გავიხსენებ, ვინმემ რამე თუ მაწყენინა, თან სულ მეტირება. ყველა მიყვარს, ყველა მეცოდება და ყველას გამო ვიტანჯები, ყველა გარდაცვლილს ვტირი და წინასწარ იმათაც, ვინც უნდა გარდაიცვალოს. ჩემი დალევა შეიძლება?! (იცინის) ვინმე სასამელს რომ მომართმევს და ფიქრობს, რომ გამახარებს, მეცინება. ჩემს ძმას ვჩუქნი, რომელიც ალკოჰოლთან საკმაოდ მეგობრობს. როცა ახალ სახლში გადმოვდიოდი, მითხრა, მოდი, მარანი გავაკეთოთ, ჭურები ჩავყაროთო. მოვკვდი სიცილით. ჭურები გვაქვს ჭიათურაში და თუ ძალიან უნდა, ვეუბნები, იქ მიხედოს მეღვინეობას. ეზოშიც ყურძენი გავაშენე, მაგრამ ჩემს ძმას და დედაჩემს ბოლომდე წინააღმდეგობას ვუწევ. ისინი ფიქრობენ, რომ ოჯახში ღვინო უნდა იყოს, ვერ ვხვდები, რატომ უნდა მქონდეს სახლში ღვინო. ჩემთან სტუმრები რომ მოდიან, თუ ისეთი სტუმარი მყავს, რომელიც დალევს და აღარ მოისვენებს, ვეუბნები, რომ სასმელი არ მაქვს, თუ ახლობელია, რომელთანაც არ მერიდება, ვეუბნები, რომ სასმელი მაქვს, მაგრამ ძალიან გთხოვ, არ დალიო-მეთქი. წლების წინ, როცა მუხიანში მივიღე ბინა და გადავედი საცხოვრებლად, სოსო ჯაჭვლიანი მესტუმრა. ორი ბოთლი შამპანური მომიტანა, ახალი ჭერი დავლოცოთო. ვუთხარი, შენ ისედაც კარგი გულით მოხვიდოდი, დალევა რაღად გვინდა-მეთქი. არ გავახსნევინე შამპანური და როგორც კი წავიდა, „ბუტკაში“ ჩავაბარე, 90-იანი წლები იყო, შამპანურს კარგი ფასი ჰქონდა (იცინის).