№18 როგორ გახდა ბელორუსი ანა პატარიძე ქართველების რძალი და როგორ იღებს ის აღმოსავლური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალებზე პირველ ადგილებს საქართველოს სახელით
აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელი ანა პატარიძე ფართო საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან თავისი მშვენიერი, ცეცხლოვანი, ცეკვით მოხიბლა მაყურებელი და ჟიური. ანა ელენე ორიენტალის მოსწავლეა და როგორც თავად ანა ამბობს, მას შემდეგ, რაც ის ელენესთან ვარჯიშობს, მისი ცეკვის ხარისხი და სხეული, კიდევ უფრო დახვეწილი გახდა. ანა და ელენე ცოტა ხნის წინ ძალიან მნიშვნელოვან კონკურსზე, ისრაელში იმყოფებოდნენ, სადაც ანამ ორ ნომინაციაში პირველი და მეორე ადგილი აიღო.
ანა პატარიძე: ბავშვობაში სხვადასხვა სახის ცეკვებს ვასრულებდიი. 14 წლის ვიყავი, როდესაც არაბული ცეკვებით დავინტერესდი. მაშინ რუსეთში ეს ძალიან მოდური იყო. მეგობრებთან ერთად მივედი სტუდიაში, შემდეგ მომეწონა და ჩემი ცხოვრება გახდა. 22 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს მომავალ მეუღლეს შევხვდი, იმ პერიოდში თურქეთში ვმუშაობდი, შეგვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით და საქართველოში გადმოვედი საცხოვრებლად.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ჩემი მეუღლეც მოცეკვავეა. კონცერტზე გავიცანით ერთმანეთი: ის ქართულ-ხალხურს ცეკვავდა, მე – აღმოსავლურს. როგორც მითხრა, ძალიან მოეწონა ჩემი ცეკვა და რომ მანამდე ასეთი ხარისხით შესრულებული არაბული ცეკვა არ ენახა, ასეთი კოსტიუმები და ასე შემდეგ. შეგვიყვარდა ერთმანეთი და საცხოვრებლად გადმოვედი საქართველოში.
– ეს რთული იყო?
– საკმაოდ. ახლა რომ ვფიქრობ, გიჟური იდეა იყო – ყველაფერი უნდა დამეტოვებინა. ციმბირში ვცხოვრობდი, არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლება, საქართველოში გადმოვსულიყავი საცხოვრებლად. პირველი თვეები უჩვეულო იყო ჩემთვის. როდესაც ქართულ ოჯახში მოვხვდი, სულ ვფიქრობდი, რომ ოჯახის წევრები მეჩხუბებოდნენ, რადგან ხმამაღლა საუბრობდნენ, ჟესტიკულაციით. ვფიქრობდი: სად მოვხვდი, ასე მეჩხუბებიან, ნუთუ ესენი ჩემი ოჯახის წევრები იქნებიან-მეთქი. როცა ქართული ენის გაგება ვისწავლე, შევეჩვიე ქართულ საუბარს, მივხვდი, რომ ისინი ასე განიხილავენ ამინდს, სამსახურს, სხვადასხვა საკითხს და საერთოდ არ ჩხუბობენ. ახლა მეც ისეთი ემოციური გავხდი, რომ ქართველივით გამოვხატავ ემოციებს.
– როგორ მიიღეს შენმა ოჯახის წევრებმა შენი გადაწყვეტილება?
– მამა ბელორუსიიდან არის, დედა რუსია. პატარიძე ჩემი მეუღლის გვარია. მშობლები შოკში იყვნენ. მე ოჯახში ერთადერთი შვილი ვარ. ყოველთვის უჭირდათ ჩემი შორს გაშვება. ამიტომ რთული იყო მათთვის, მაგრამ როდესაც ჩემი მეუღლე გაიცნეს – მას შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა, ძალიან ლამაზად საუბრობს – ის ჯერ დედას მოეწონა, შემდეგ უკვე მამას და მიეჩვივნენ.
– როგორც ვიცი, უკვე რამდენიმე წელია, ელენე ორიენტალთან დადიხარ სტუდიაში და შენს წარმატებაში მას, როგორც პედაგოგს, ძალიან დიდი წვლილი აქვს.
– რუსეთში სხვადასხვა კონკურსში, ფესტივალში მივიღე მონაწილეობა და ბევრი ჯილდო მაქვს აღებული. შემდეგ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი და ელენე გავიცანი, მივხვდი, რომ ნამდვილი არაბული ცეკვები მხოლოდ საქართველოში, ელენესთან შეიძლება შეისწავლო. როდესაც სწორად ცეკვა დავიწყე, ჩემი სხეული იმაზე უკეთესია, ვიდრე იყო. მშობიარობამდეც არ ყოფილა ჩემი სხეული ასეთი, როგორიც ახლა არის.
ელენე ორიენტალი: როდესაც ანამ დამირეკა, უკვე ვიცოდი, როგორ ცეკვავდა, მისი ვიდეოები მქონდა ნანახი. ვიფიქრე, თუ უნდა სწავლა, ისწავლის-მეთქი. ერთხელ სცადა, ორჯერ და ნელ-ნელა დაიხვეწა. თავიდან მორიდებულად იყო, თანდათან გაიხსნა და გაიხსნა... მერე ერთად წავედით ეგვიპტეში, კონკურსზე, სადაც მანამდე მე უკვე ნამყოფი ვიყავი. ოფიციალურად ვამბობ, რომ მთელ კავკასიაში ერთადერთი მოცეკვავე ვარ, რომელიც ქაიროს აღმოსავლური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალზეა დაპატიჟებული. ქაირო ამ ცეკვის დედულეთია. როგორც პედაგოგი, ისე ვარ დაპატიჟებული უკვე 7 წელია. 2014 წელი იყო როდესაც მე და ანა ერთად წავედით ქაიროში. ორი თვის განმავლობაში ყოველდღე ვმეცადინეობდით, ვჩხუბობდით კიდეც, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია და ძალიან ბევრი წარმატებული, ცნობილი მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. კონკურენცია საკმაოდ დიდია. რაც მთავარია ჟიურის წევრები ცნობილი ვარსკვლავები არიან. მაგალითად: მონა საიდი, მოცეკვავე, მსახიობი; ფოლკლორის პროფესორი ხასან ხალეი, რომელსაც ქუვეითის შეიხის ორდენი აქვს. ფინალში 30 ქვეყნის მონაწილე იყო და ხომ წარმოგიდგენიათ, მანამდე რამდენი იქნებოდა. მონა საიდი ძალიან ძნელად უკრავს ვინმეს ტაშს, რადგან ეს ცეკვები, იმ სახით, როგორიც ახლა არის, თითქმის მისი შექმნილია. ჩვენს დადგმაში მონას რამდენიმე მოძრაობა ჩავდე – აღმოსავლეთში ეს პატივისცემად მიიჩნევა: მე შენ, როგორც ვარსკვლავს, პატივს გცემ. ცეკვავს ანა, მე ერთ ხელში კამერა მიჭირავს და თან, მონას ვუყურებ, ანასაც ვამხნევებ. ძალიან კარგად იცეკვა და დავინახე, მონამ გაიღიმა და ბოლოს ტაშიც დაუკრა. მივხვდი: საოცარი რამ მოხდა. იმ დღესვე მოგვიანებით გრანდ-ფინალი ჩატარდა, სადაც მოცეკვავეებმა კიდევ შეასრულეს ცეკვა. ანამ ყველაფერი გააკეთა და რომც არ გასულიყო პირველ ადგილზე, ჩემთვის საკმარისი იყო. ისეთი ემოცია გამოიწვია ჟიურიში, ვფიქრობდი: პირველს თუ არა, მეორე ან მესამე ადგილს მაინც დავიკავებდით. მე ორგანიზატორებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. გრანდ ფინალის შემდეგ მოვიდა ჩემთან ორგანიზატორის შვილი და მითხრა: ძალიან კარგი ადგილი აიღეთ, არ ინერვიულოთო. ვინ მოიგო, ამას დახურვის ცერემონიალზე ამბობენ, რომელიც იმართება გემზე, გემი მიდის ნილოსზე, სტუმრები, ცოცხალი ბენდი, საოცარი გარემო... ანასთავის არაფერი მითქვამს, რადგან მოცეკვავისთვის ეს იმხელა ემოციაა, არ მინდოდა, ეს ემოცია წამერთმია.
ანა: ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს, ვერც ფეხებს ვგრძნობდი, ვერაფერს და შემდეგ, გვირგვინი რომ დამადგეს, მომილოცეს პირველი ადგილი, საოცარი ემოცია მქონდა. მონა საიდისგან გაიგო, რომ ძალიან კარგი იყავი, ეს არის საოცრება.
ელენე: მეორე წელსაც წავედითთ და კიდევ მოიგო ანამ, პირველი ადგილი დაიკავა. ერთადერთი ქართველია, რომელიც ამ მაღალი, „ა“ კლასის ფესტივალზე მონაწილეობდა და ორჯერ აიღო პირველი ადგილი.
– ცოტა ხნის წინ ისრაელში იყავით, სადაც ასევე, ძალიან სერიოზულ ფესტივალზე გამოხვედით.
– ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი, რომელიც უკვე მეთოთხმეტედ ტარდება. იმ დროს ანა მაროკოში მუშაობდა.
– როგორი რეაქცია ჰქონდა შენს მეუღლეს, როდესაც გაიგო, რომ მაროკოში მიდიოდი რამდენიმე თვით?
ანა: მითხრა, წადი და რომ დაბრუნდები საქართველოში, ყველაფერი ისე დაგხვდება, როგორც იყოო. ისიც მოცეკვავეა, ხელოვანი და ყველაფერი ესმის კარგად. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს. მოროკოში ვმუშაობდი ვიპ რესტორანში, ეს იყო პატარა თეატრივით, სადაც იყო ორკესტი, ცნობილი მუსიკოსები უკრავდნენ, მღეროდნენ და აქ მოცეკვავის გამოსვლა ძალიან დიდი პრესტიჟია. მათ „ფეისბუქზე“ ნახეს ჩემი ვიდეო და დამიკავშირდნენ. ჩემს ჩასვლამდე იქ მღეროდა ძალიან ცნობილი მომღერალი, თავის ბენდთან ერთად და არავის აძლევდა უფლებას, რომ მასთან ერთად, პარალელურად, ვინმეს ეცეკვა. თუმცა, მე თავად შემომთავაზა, მისი გამოსვლის დროს შემესრულებინა ცეკვა. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დიდი გამოცდილება მივიღე.
ელენე: ანა 17 თებერვალს დაბრუნდა საქართველოში, ჩვენ 20 თებერვალს მივფრინავდით ისრაელში. ის ფიქრობდა, რომ მხოლოდ მასტერკლასებს აიღებდა. მერე შევთავაზე: მაინც მივდივართ, შეგიძლია, მონაწილეობაც მიიღო-მეთქი. მზად არ ვარო. მოკლედ, ორ დღეში დავდგით ორი კომპოზიცია. ფოლკლორში აიღო პირველი ადგილი, აღმოსავლურ კლასიკაში კი – მეორე.
– ანა, როგორც მივხვდი, მეუღლე ძალიან გიდგას გვერდში.
ანა: ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს ჩემი ცეკვა, რჩევებსაც მაძლევს. ჩემთან ერთად დადის მაღაზიებში, ვარჩევთ ქსოვილს კოსტიუმებისთვის, აქსესუარების გაკეთებაშიც მეხმარება.