კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რამაზ ჩარექიშვილის როლი საქართველოში ლაპარასკოპიული გინეკოლოგიის განვითარებაში

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

ექიმი-რეპროდუქტოლოგის, მედიცინის დოქტორის, „კარაპს მედლაინის“ ენდოსკოპიურ-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის, საქართველოს გაერთიანებული ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტის, ბატონ რამაზ ჩარექიშვილის სახელს უკავშირდება ლაპარასკოპიული გინეკოლოგიის განვითარება საქართველოში, რისთვისაც თავის დროზე, დიდი ბრძოლა და წინააღმდეგობების დაძლევა მოუხდა.
რამაზ ჩარექიშვილი: საქართველოში  ლაპარასკოპიული გინეკოლოგიის განვითარებას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, რაც სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის. 90-იან წლებში, ზოგადი გაჭირვებიდან გამომდინარე, ბევრს არ ეცალა რაიმე სიახლის დანერგვისთვის, მით უმეტეს, მეცნიერებაში. იმ პერიოდში ახალი დაწყებული მქონდა ჩემი სამედიცინო კარიერა და დაახლოებით 25-26 წლის გახლდით, როდესაც დავიწყე მოღვაწეობა ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში, რომელიც მაშინ უშვილობასთან ბრძოლის ერთადერთი ინსტიტუტი გახლდათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. აღნიშნული ინსტიტუტი მაშინდელი დირექტორის, ბატონი არჩილ ხომასურიძის მოთხოვნით და ინიციატივით, საქართველოში ჩამოიტანეს ლაპარასკოპიული აპარატურა, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, რომ ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაცია გაჭრის გარეშე გაგვეკეთებინა. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ლაპარასკოპიული გინეკოლოგიური ოპერაციების დანერგვა დაიწყო.
აპარატურა ჰუმანიტარული დახმარებით მივიღეთ ამერიკიდან და ხომასურიძის ინიციატივითა და მსოფლიოში კარგად ცნობილი და აღიარებული პროფესორის, ედუარდ ვეიმბერგის ხელმძღვანელობით, მე და ჩემმა მეგობრებმა – ახალგაზრდა ექიმებმა  დავიწყეთ ამ მიმართულების საქართველოში დანერგვა, პოპულარიზაცია და განვითარება.
– თქვენს წამოწყებას საკმაოდ კრიტიკული თვალით უყურებდნენ და ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა მოგიწიათ. რა იყო ამის მიზეზი?
– ბუნებრივია, ეს არ იყო სამედიცინო საზოგადოებაში ადეკვატურად მიღებული და ამიტომ სკეპტიკურად უყურებდნენ. მეტიც, „ჭუჭრუტანის ქირურგიასაც“ კი უწოდებდნენ, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს იყო უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც ისტორიას გაუსწრო. გავდიოდით ყველანაირ წნეხს და ერთმა ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ძალიან საინტერესო შედარება მოახდინა, თქვა, რომ ჩვენ გვდევნიდნენ ისე, როგორც თავის დროზე ქრისტიანებს. წინააღმდეგობის მიზეზი ის გახლდათ, რომ ლაპარასკოპიული ქირურგია ახალი ხილი იყო ყველასთვის და გარდა ამისა, იყო პირადი დაინტერესებაც, ვინაიდან ისინი არ ფლობდნენ აღნიშნულ მეთოდს და არ უნდოდათ პაციენტების დაკარგვა, ამიტომ არ აღიარებდნენ მის უპირატესობებს.
– დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებთ ლაპარასკოპიული გინეკოლოგიის დანერგვას და მის უპირატესობებს?
– გავიდა წლები და დღეს, 26 წლის გადმოსახედიდან, ვფიქრობ, მაქვს ყველანაირი მორალური და ზნეობრივი უფლება, შევაფასო და ვთქვა, რომ ეს იყო მართლაც უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი და რევოლუციური სვლა მედიცინაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მინიმალური ინვაზიით მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ პაციენტებს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ როგორმა კარგმა ქირურგმაც არ უნდა აწარმოოს ოპერაცია, მუცელკვეთა ოპერაციის შემდგომ ვითარდება შეხორცებითი პროცესი, რაც მავნეა ახალგაზრდა ქალბატონისთვის, რომელიც მომავალში აპირებს, დედა გახდეს. ვინაიდან შეხორცებით პროცესში შეიძლება მოხვდეს კვერცხსავალი მილი ან სხვა ორგანოები და ერთი საქმის გაკეთებით მეორე გავაფუჭოთ და ისეთი მოვლენები გამოვიწვიოთ, რაც სამომავლოდ ხელს შეუშლის შვილოსნობას.
ლაპარასკოპიული მიმართულება, რომელიც ჩვენი დანერგილია საქართველოში და თავად გახლავართ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჩვენთან ძალიან მაღალ დონეზეა და ამითი შემიძლია, ვიტრაბახო. დღეს გინეკოლოგიური ოპერაციების 90 პროცენტი ამ მეთოდით კეთდება და არ მეგულება სამედიცინო დაწესებულება, არა მხოლოდ გინეკოლოგიაში, არამედ ზოგად ქირურგიაში, რომელსაც არ აქვს ლაპარასკოპიული აპარატურა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში სპეციალისტების დეფიციტია.
– თუმცა, ამ პრობლემის გადაჭრაზეც აქტიურად მუშაობთ.
– სასიამოვნო სიახლეა, რომ სამინისტროს მხარდაჭერით დავაარსეთ სასწავლო ცენტრი, სადაც მოვამზადებთ ინსტიტუტდამთარებულ ექიმებს და შევასწავლით მეთოდს, როგორ უნდა აკეთონ ლაპარასკოპიული ოპერაციები. ცენტრი შესაბამისი პროგრამით აკრედიტებულია სამინისტროში და ჯერჯერობით პირველები ვართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ამიერკავკასიაშიც. ვფიქრობ, ამით საბოლოოდ მოვხსნით სპეციალისტების დეფიციტის პრობლემას. მინდა, რომ ჩვენი კვალი დავტოვოთ და ფუჭი არ იყოს იმ დიდი წინააღმდეგობების დაძლევაც,  რაც ამ გზაზე შეგვხვდა – საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ მომავალ თაობას, რომელიც წარმატებით გააგრძელებს ამ გზას.
  მე დიდი ხანია დანერგილი მაქვს, ახლა კი გამოვდივარ ინიციატივით, რომ თითოეული ჩვენი შესრულებული ოპერაცია ჩაწერილი იქნას და შესაბამისი ვიდეომასალა გადაეცეს პაციენტს. რათა, როცა პაციენტი გარკვეული პერიოდის მერე მოვა ჩვენთან, უკეთესად შევძლოთ მისი მდგომარეობის გახსენება და ადეკვატური დახმარების გაწევა. ვფიქრობ, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ამ მიმართულებას და მისცემს განვითარების საშუალებას, რაც ჩვენი მომსახურების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
– რა არის თანამედროვე მედიცინის ძლიერი მხარე?
– ამ წლების განმავლობაში საქართველოს მედიცინის განვითარების პროცესი სამ ეტაპად შემიძლია დავყო: 90-იან წლები, როდესაც ვაკვირდებოდით, რომელ დაწესებულებას როგორი რემონტი აქვს გაკეთებული; ამის შემდგომი პერიოდი, როცა კლინიკის პრესტიჟს ტექნიკური აღჭურვილობით ვაფასებდით და დღეს, როგორც იქნა,  მივედით ჭეშმარიტებამდე, რომ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია და მთავარია, პროფესიონალი კადრი, რომლის გარეშეც ყველაფერი უფუნქციოა.
– მედიაჰოლდინგ „თბილისელების“ დაჯილდოვებაზე თქვენი მიღწევებისთვის გადმოგეცათ „მედია ვარსკვლავი“, როგორი შეგრძნებაა, როცა გრძნობთ პაციენტების  მადლიერებას?
– ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაციენტის კმაყოფილებას და მადლიერების გამოხატულება ყველაზე დიდი ჯილდოა. მყავდა ერთი პაციენტი, 23 წლის გოგონა, რომელსაც სისხლის დაავადება ჰქონდა, მარტივ ენაზე რომ გითხრათ, არ ხდებოდა სისხლის შედედება. სახელმწიფო ამზადებდა ავსტრიაში გადასაფრენად, სადაც ძვლის ტვინი უნდა გადაენერგათ. სამწუხაროდ, სასწრაფოდ საოპერაციო გახდა და დედამისი და თვითონ მოვიდნენ ჩემთან, მითხრეს, რომ ბევრ ცნობილ სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა მიზეზით თავი აარიდეს დახმარებას. პაციენტის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, მისი საოპერაციო მაგიდაზე დარჩენის რისკი 90 პროცენტი იყო და როდესაც ეს ავუხსენი,  პაციენტმა მკითხა, ჰქონდა თუ არა გადარჩენის შანსი 1 პროცენტი მაინც და მუ ვუთხარი – დიახ, მთხოვა, ნუ დამიკარგავთ იმ 1 პროცენტსო და ჩვენც გავრისკეთ, გავუკეთეთ ოპერაცია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მეორე დღეს ბედნიერი პაციენტი სახლში გავწერეთ. გოგონა უმწეო იყო და ერთი თეთრიც არ გადაუხდია, მოვიდა დედამისი და ხელები დამიკოცნა, მე არ მგონია, არსებობდეს ისეთი ექიმი, ვინც ამ საოცარ ემოციას ფულზე გაცვლის. მიმაჩნია, რომ ოპერაცია არ უნდა კეთდებოდეს ოპერაციისთვის,  მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს ადამიანის დახმარება.

скачать dle 11.3