№18 საიდუმლო ორგანიზაცია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13-17 (904)
ზლობინი და გოგიჩა რომ მოსკოვში ჩავიდნენ, საღამოს ცხრა საათი შესრულდა. კონსპირაციულ ბინაში დიდი სიფრთხილით მივიდნენ. რამდენიმე ცრუ მანევრი გააკეთეს და როდესაც დარწმუნდნენ, „სუფთები“ იყვნენ, მხოლოდ ამის შემდეგ გაემართნენ ბინისკენ. იქ კი, როგორც გენერალმა თქვა, საიდუმლო სამსახურის ორი ოპერმუშაკი შეხვდათ. ზლობინი მათ კარგად იცნობდა. ორივეს მაგრად ჩამოართვა ხელი და უთხრა:
– საქმე როგორაა, ბიჭებო?
– ნორმალურად, – ერთხმად თქვეს ოპერმუშაკებმა. ახალმოსულები ოთახში შეიპატიჟეს და ერთ-ერთმა ნოდარს უთხრა:
– თქვენი ახლობლები ორ საათში უკვე აქ იქნებიან. თქვენ კი მოეწყვეთ, ივახშმეთ, შხაპი მიიღეთ და ტანსაცმელი გამოიცვალეთ.
– გმადლობთ, – თქვა გოგიჩამ და ზლობინს მიუბრუნდა:
– მოდი, ვივახშმოთ. არ გშია? მე ძალიან მომშივდა.
– არა. უნდა წავიდე. საქმეები მაქვს, – თქვა ზლობინმა. ნოდარს ხელი ჩამოართვა და დააყოლა, – აბა, ყოჩაღად! შეხვედრამდე. მე წავედი.
ნოდარი სააბაზანოდან გამოვიდა და უნდა ევახშმა, როდესაც სპეციალურ ხაზზე გენერალმა დარეკა, ნოდარს მოუხმო და უთხრა:
– როგორ მოეწყვეთ?
– გმადლობთ. კარგად, ამხანაგო გენერალო, – მიუგო ნოდარმა.
– ძალიან დაღლილი ხართ?
– სულაც არა. გჭირდებით?
– დიახ. ერთი საქმე გამოჩნდა და თქვენ ხართ საჭირო.
– მე მზად ვარ. რა უნდა ვქნა?
– თხუთმეტ წუთში მანქანა მოგაკითხავთ და უნდა წამოყვეთ. დანარჩენს კი, ადგილზე გაიგებთ.
– კეთილი. მე მზად ვარ და გელოდებით, – თქვა გოგიჩამ და სპეცკავშირის ტელეფონი გათიშა.
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ გოგიჩა უკვე დაჯავშნულ „ვოლგაში“ იჯდა, რომელიც სპეცშეკვეთით იყო დამზადებული და გაურკვეველი მიმართულებით მიდიოდა. ნოდარი მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა. მის გარდა კი, იქ მხოლოდ მძღოლი იყო, რომელიც ხმას არ იღებდა. ნოდარს უხმოდ მიესალმა – თავი დაუკრა. ტრასაზე დაახლოებით ნახევარი საათი იარეს, შემდეგ კი, „სპეცვოლგა“ ტყეში შევიდა და კარგა ხანს სრულ სიბნელეში მიდიოდა. აშკარა იყო, მძღოლი კარგად იცნობდა გზას. მოულოდნელად გვირაბში აღმოჩნდნენ, რომელიც მიწის ქვეშ იყო განთავსებული და კარგად განათებული. ათიოდე წუთის შემდეგ კი, მანქანა ერთ შენობასთან გაჩერდა. მძღოლმა პირველად მაშინ ამოიღო ხმა და გოგიჩას უთხრა:
– მოვედით. გადადით.
ვოლგიდან გადასულ ნოდარს შუა ხნის, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი მამაკაცი შეეგება და ანიშნა, – წამომყევიო, წინ გაუძღვა და შენობაში შევიდა. უზარმაზარი შენობა რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი საკომანდო პუნქტი იყო. ის მოსკოვთან ახლოს, მიწისქვეშ ნახევარი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა და ულტრათანამედროვე ელექტრომოწყობილობებითა და სხვა აპარატურით იყო აღჭურვილი. იქიდან, რამდენიმე კოსმოსური თანამგზავრის მეშვეობით, შესაძლებელი იყო მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის დანახვა, როგორც დღისით, ასევე ღამითაც. აქვე მდებარეობდა რამდენიმე საევაკუაციო ხაზი, როგორც სარკინიგზო, სახმელეთო და საჰაერო, ასევე წყალქვეშა გზითაც. აქედანვე იმართებოდა ყველა რუსული ბირთვული ბაზა და აუცილებლობის შემთხვევაში, ატომური დარტყმის განხორციელება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლებოდა. ამ ბუნკერში იყო განთავსებული, აგრეთვე, მძლავრი, ავტონომიური ენერგოსისტემა და სხვადასხვა პროდუქტის ხუთწლიანი მარაგი ოცი ათას ადამიანზე. ამ ბუნკერ-ქალაქს შეეძლო ცხრაბალიანი მიწისძვრის გაძლება და მძლავრი ატომური დარტყმის ატანა. ნოდარმა, რა თქმა, უნდა, ეს ყველაფერი არ იცოდა და ფიქრობდა, რომ მიწისქვეშა ბუნკერში მიიყვანეს, მაგრამ რა მიზნით, წარმოდგენა არ ჰქონდა. გამყოლმა გოგიჩა მეოთხე სართულზე აიყვანა და ოთახში შეუშვა. თავად კი არ შეჰყოლია და კარი მიხურა. დაახლოებით, ორასი კვადრატული მეტრის ოთახში პულტი და უამრავი მონიტორი იყო დამონტაჟებული. იქვე იმყოფებოდნენ სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ხუთი ადამიანი. ერთი ქალი და ოთხი მამაკაცი. ნოდარი მათგან მხოლოდ გენერალს იცნობდა.
– მოდით, მოდით, გელოდებით, – მიიპატიჟა გენერალმა ახალმოსული და ოთახში მყოფებს მიმართა:
– გაიცანით. ჩვენი მეგობარია, ნოდარი.
ოთახში მყოფები რუსეთის სხვადასხვა საიდუმლო სამსახურების ის ფუნქციონრები იყვნენ, ვისაც განსაკუთრებულად ენდობოდა პრეზიდენტი და სწორედ მათ დაავალა რუსეთის უმაღლესმა ხელისუფალმა მასზე დაგეგმილი ტერორისტული აქტის სასწრაფო და საფუძვლიანი გამოძიება. საამისოდ კი, ერთ-ერთი თავისი საკომანდო პუნქტი დაუთმო, რომ მათ ულტრათანამედროვე ელექტრომოწყობილობებისა და სხვა ტექნიკის სრულფასოვანი გამოყენების საშუალება ჰქონოდათ.
დამხვდურები სათითაოდ გაეცნენ ნოდარს, მაგრამ მას მხოლოდ სახელები უთხრეს. შემდეგ უკვე გენერალმა მიმართა გოგიჩას:
– თქვენ იმყოფებით პრეზიდენტის სპეციალურ ბუნკერში, რომელიც ულტრათანამედროვედაა მოწყობილი და აქ ყველა საშუალება არსებობს, რაც პრეზიდენტზე ტერაქტის მოწყობის მცდელობის გამოძიებაში დაგვეხმარება.
– საქმეს შეუდექით, ელენა. ჩვენი მეგობარი თქვენს განკარგულებაშია, – უთხრა გენერალმა ქალს.
ელენა ორმოც წელს მიტანებული, ლამაზი, მაღალი ქალი იყო და დისონანსი მის გარეგნობაში მხოლოდ მკაცრ იერს შეჰქონდა. სიმკაცრე კი, არც იყო გასაკვირი, რადგან ეს ქალი კოსმოსური დაზვერვის სპეციალისტი გახლდათ. გენერლის ჩინს ატარებდა და მთელი რუსეთის ჯაშუში თანამგზავრები მის ხელში იყო. ქალმა უხმოდ მოიხმო ნოდარი პულტთან. უზარმაზარ მონიტორზე გამოსახულება გამოჩნდა და ჰკითხა:
– ეს ადგილები ხომ არ გეცნობათ?
მონიტორზე თეთრი ქვიშით დაფარული, პალმებში ჩაძირული კუნძულის კადრები მოჩანდა. ნოდარმა ხუთიოდე წუთი უყურა ეკრანს და ბოლოს თქვა:
– ქალბატონო ელენა, ეს ის კუნძულია, სადაც მე თოთხმეტი თვის განმავლობაში მამზადებდნენ.
– დარწმუნებული ხართ? – იკითხა გენერალმა ქალმა.
– დიახ, – მიუგო ნოდარმა.
– მაინც, რატომ ფიქრობთ ასე? – კვლავ იკითხა ელენამ.
– პალმები და, რაც მთავარია, შენობები ვიცანი, – თქვა გოგიჩამ.
გენერალ ელენას ირონიულად გაეცინა და მრავალმნიშვნელოვნად გადახედა გენერალს. შემდეგ კი ნოდარს უთხრა:
– თქვენ ახლა ონლაინ-რეჟიმში უყურებთ ამ კუნძულს ერთ-ერთი ჩვენი თანამგზავრის მეშვეობით. კიდევ უფრო კარგად დააკვირდით ამ კადრებს და ისე გამეცით საბოლოო პასუხი.
ორიოდე წუთის შემდეგ ნოდარმა დამაჯერებლად თქვა:
– ეჭვგარეშეა. სწორედ ის კუნძულია, რომელზეც უკვე მოგახსენეთ.
– ძალიან კარგი, – თქვა ელენამ და გენერალს მიუბრუნდა.
– ეს კუნძული ატლანტის ოკეანეში მდებარეობს და ისეა ჩაკარგული სივრცეში, რომ წლების განმავლობაში მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდით. მის ირგვლივ სპეციალური ელექტრომაგნიტური ველია შექმნილი, რომელსაც ყველა სახის ტრანსპორტი გვერდს უვლის. მხოლოდ თქვენი ინფორმაციის მერე, ჩვენი სპეცთანამგზავრის მეშვეობით, რის ვაი-ვაგლახით მივაგენით მას და აშკარაა, რომ ჩვენი მეგობარი ნოდარი მართალია და ეს ის კუნძულია, სადაც მას თოთხმეტი თვე ამზადებდნენ. ჩემი დასკვნა ცალსახაა – საქმე გვაქვს ძალიან ძლიერ, ყოველმხრივ მოდერნიზებულ ორგანიზაციასთან, რომელსაც გლობალური და სწრაფი მოქმედების უნარი აქვს. ეს კი მას ორმაგად სახიფათოს ხდის.
– რა თქმა უნდა, – თქვა გენერალმა და დაამატა, – ჩვენ ცხვირწინ მოქმედებენ, პრეზიდენტის მკვლელობას გეგმავენ და ამის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს. ყველაზე საშიში კი ისაა, რომ მათ ისე მოახერხეს საკუთარი კვალის წაშლა, რომ უმცირესი ხელჩასაჭიდიც კი არ დაგვიტოვეს.
– აი, ხელჩასაჭიდი და ამ საქმის გამხსნელი ძაფიც, – ერთ-ერთმა შავკოსტიუმიანმა მამაკაცმა მონიტორისკენ გაიშვირა ხელი და გენერალს უთხრა:
– აი, აქედან უნდა დავიწყოთ და რაც შეიძლება, სწრაფად.
– კუნძულს გულისხმობ, ვასილ ანდრეევიჩ? – ჰკითხა გენერალმა.
– დიახ, – მიუგო ვასილ ანდრეევიჩმა, რომელიც ასევე გენერალი იყო და პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფ სპეციალური რეაგირების ძალებს მეთაურობდა.
– შენი გეგმა? – მოკლედ ჰკითხა გენერალმა.
– ძალიან მარტივია, როგორც ყოველთვის. ჩემი არწივები იქ მოულოდნელად გამოჩნდებიან და ყველაფერს ადგილზე ნახავენ. თუ საჭირო იქნება, იქაურობას მიწასთან გაასწორებენ. დასაკითხს დაკითხავენ, წამოსაყვანს კი, წამოიყვანენ.
– გასაგებია, – თქვა გენერალმა და დააყოლა, – შეიძლება, კუნძულზეც კი არავინ იცოდეს საქმის ნამდვილი არსი და იქ მხოლოდ დაბალი რანგის მოხელეები იყვნენ. თუმცა, ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, მით უუმეტეს, რომ ჯერჯერობით სხვა გზა არ ჩანს. დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, ვასილ ანდრეევიჩ!
ვასილ ანდრეევიჩი სწრაფად გავიდა ოთახიდან. ელენამ კი გენერალს უთხრა:
– ჩემები ინიტენსიურად მუშაობენ იმ კადრების მოძიებაზე, სადაც ეს მითიური „მერსედესი“ შეიძლება იყოს აღბეჭდილი და თუ გაგვიმართლა, საგრძნობლად წავიწევთ წინ.
– თუ, რა თქმა უნდა, კადრებზე ერთი სახე მაინც იქნება აღბეჭდილი, – თქვა გენერალმა.
– იმედია, ამხანაგო გენერალო, – თქვა ელენამ და პულტის ღილაკებზე მანიპულაციები განაგრძო.
– ეგორ, შენ რას იტყვი? – ჰკითხა გენერალმა ახალგაზრდა, მაგრამ თითქმის მთლად ჭაღარა მამაკაცს, რომელიც უძრავად იდგა ჩაფიქრებული.
– ჩემებიც ინტენსიურად მუშაობენ და ვფიქრობ, სამიოდე საათში რაღაც რეალურ სურათს მივიღებთ, – მიუგო ეგორმა, რომელიც სპეცანალიტიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა და ისეთი თანამშრომლები ჰყავდა შემოკრებილი, რომლებიც თავიანთ დასკვნებში, ფაქტობრივად, არასდროს ცდებოდნენ.
პრეზიდენტის დავალებით, ეგორმა თავის ხელქვეითებს ამოცანად დაუსახა იმ ადამიანების მიგნება, ვისაც შეიძლება, კავშირი ჰქონოდა, ეგრეთ წოდებულ, „მსოფლიო მთავრობასთან“. ასეთ შემთხვვაში, საიდუმლო ორგანიზაციის გამოვლენისა და „მსოფლიო მთავრობის“ გაშიფვრის შანსი ჩნდებოდა. ამას კი, საპასუხო ზომები უნდა მოჰყოლოდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან.
– მიდი, ეგორ, დააჩქარე შენი ვუნდერკინდები. დრო არ ითმენს, – თქვა გენერალმა და ლურჯპიჯაკიან, ქერა მამაკაცს უთხრა:
– გენადი ანტონოვიჩ, შენებისგან ახალი არაფერია?
გენადი ანიტონოვიჩიც გენერალი იყო და სპეცსაგამოძიებო სამსახურს მეთაურობდა. მან თავი გააქნია და თქვა:
– ჯერჯერობით არა. როგორც კი სიახლე გამოჩნდება, დაუყოვნებლივ დამიკავშირდებიან.
– კეთილი, – თქვა გენერალმა და ნოდარისთვის უნდა ეთქვა, – წადი, დაისვენეო, როდესაც ელენამ წამოიძახა:
– მე მგონი, გაგვიმართლა!
გენერალი და დანარჩენები პულტთან მივიდნენ. ელენამ კი გენერალს უთხრა:
– აი, როგორც ეტყობა, ეს ის „მერსედესია“, რომელზეც ჩვენი მეგობარი ნოდარი ლაპარაკობდა, – ელენამ ხელით მიიხმო გოგიჩა და ჰკითხა:
– ისაა?
– დიახ, – მიუგო ნოდარმა.
– ხომ არ გეშლებათ, ნამდვილად ისაა?
– დიახ. ნამდვილად, – მტკიცედ თქვა გოგიჩამ.
ელენამ კადრი, რომელზეც ვოლოკოლომსკის გზატკეცილზე მქროლავი „მერსედესი“ იყო აღბეჭდილი, დიდ მონიტორზე გადაიტანა. მანქანა ავტოინსპექტორმა გააჩერა და მძღოლს დაელაპარაკა. შემდეგ კი მანქანამ გზა განაგრძო. კადრებზე „მერსედესის“ მძღოლის სახეც ჩანდა და ავტოინსპექტორისაც. ელენამ კოპები გახსნა და გენერალს ღიმილით უთხრა:
– აი, „მერსედესის“ მძღოლიც და თვითმხილველი ავტოინსპექტორიც. როგორც ჩანს, „გაიშნიკმა“ ფული გამოართვა მძღოლს და შეუმოწმებლად გაუშვა.
– ელენა, როგორ მოახერხე ამ კადრის მოპოვება. მათ ხომ ყველაფერი წაშალეს? – იკითხა აღტაცებულმა გენერალმა.
– ამხანაგო გენერალო, პირატულ ვიდეოთვალს მივაგენი, რომელიც ისე ეშმაკურადაა დამონტაჟებული, რომ მისი აღმოჩენა არც თუ ისე იოლია. მთავარი კი ისაა, რომ სისტემაში არაა ჩართული და ამიტომ ვერ წაშალეს.
– პირატული რას ნიშნავს? – იკითხა გენერალმა.
– როგორც ეტყობა, ეს ვიდეოთვალი ვიღაც კერძო პირმა დაამონტაჟა ვოლოკოლომსკის გზატკეცილზე ვიღაცაზე სათვალთვალოდ, – თქვა ელენამ და დააყოლა, – შეიძლება, ბოროტმოქმედებმაც კი, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ამას მოგვიანებით დავადგენთ, თუ საჭირო გახდა. ახლა კი „გაიშნიკისა“ და „მერსედესის“ მძღოლის სურათები და ვინაობები გვჭირდება.
– მიდი, – თქვა გენერალმა და დაიძაბა.
ელენამ კიდევ რამდენიმე მანიპულაცია ჩაატარა და ხელში უკვე მეორე ამონაბეჭდი ეკავა, რომელზეც ავტოინსპექტორი და „მერსედესის“ მძღოლი იყვნენ დაფიქსირებული. გენერალმა ქალმა პირველ ფურცელს დახედა და თქვა:
– პოლიციის კაპიტანი პავლე აფანასიევი, ორმოცი წლის, ცხოვრობს ჩერიომუშკებში. ახლა კი, მძღოლი – ოცდაჩვიდმეტი წლის ივან ხარიტონოვი, პროფესიით – „აიტიშნიკი“, ცხოვრობს ლუბერცებში. მუშაობს კერძო ფირმა „დორაში“, რომელიც კომპიუტერული პროგრამების უზრუნველყოფითაა დაკავებული. უცოლშვილოა.
– ძალიან კარგი. ყოჩაღ, ელენა! შენ და შენიანებს – ორმაგი პრემია პრეზიდენტისგან, – უთხრა გენერალმა ელენას. შემდეგ კი გენერალი გენადი ანტონოვიჩს მიუბრუნდა:
– გენადი ანტონოვიჩ, მონაცემები გაქვს, ასები გყავს, ჩემგან არაფერი გესწავლება. მიდი და საქმეს დაუყოვნებლივ მიხედე. ხოლო თუკი დამატებით რამე დაგჭირდა, დამირეკე.
– გასაგებია. წავედი, – თქვა გენადი ანტონოვიჩმა და ოთახიდან გავიდა. გენერალმა კი ოთახში დარჩენილებს უთხრა:
– მეგობრებო, ყველანი თქვენს ადგილებზე გაემართეთ და დასახული გეგმით განაგრძეთ მუშაობა. მე კი პრეზიდენტს უნდა ვეახლო და პირველი შედეგები მოვახსენო.
გენერლები ოთახიდან გავიდნენ, გოგიჩამ კი გენერალს ჰკითხა:
– მე რა ვქნა, ამხანაგო გენერალო?
– სახლში დაბრუნდით. იქ მანქანა წაგიყვანთ. თქვენი ოჯახის წევრები, ალბათ, უკვე მოუთმენლად გელოდებიან, ნოდარ.
– გმადლობთ. გასაგებია, ამხანაგო გენერალო, – მიუგო გოგიჩამ. გენერლის გამოწვდილ ხელს მაგრად ჩამოართვა ხელი და ოთახი დატოვა.
***
გოგიჩა იმავე მანქანით, იმავე მძღოლმა წაიყვანა. კონსპირაციულ ბინამდე კვლავ უხმოდ იმგზავრეს. სახლში შევიდა თუ არა ნოდარს მორიგე ოპერმუშაკმა უთხრა:
გაგრძელება შემდეგ ნომერში