№18 როგორ დავატენიანოთ და მოვამზადოთ გასარუჯად გამომშრალი სახის კანი
სახის კანს განსაკუთრებული მოვლა გაზაფხულზე სჭირდება, რადგან, მისი ყველა პრობლემა ერთბაშად მწვავდება.ზამთარში ირღვევა სახის კანის დამცავი შრე, მას აზიანებს ყინვა, ქარი, თოვლი და შენობებში არსებული მშრალი ჰაერი. გაზაფხულზე კი, ამას ვიტამინების ნაკლებობა და იმუნიტეტის დაქვეითებაც ემატება. კანი წითლდება, იქერცლება, ჩნდება გამონაყარი. მსგავს პრობლემებს, თავიდან ადვილად აიცილებთ სწორი მოვლით, სათანადო კვებითა და დანოტივებით.
პირი ყოველთვის გადადუღებული წყლით დაიბანეთ. კარგია თუ ამისთვის მცენარეების, მაგალითად, პიტნის, ოხრახუშის ან გვირილის ნახარშებს გამოიყენებთ. როგორც სახის კანისთვის, ასევე, მთელი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა საუნა. სახლის პირობებში კი, შეგიძლიათ, სახეზე ორთქლის აბაზანები გაიკეთოთ.
გაზაფხულზე სახის კანს დამატებითი კვება სჭირდება. კანის კვება გარეგანადაც შეიძლება და შინაგანადაც, რადგან კანის მდგომარეობა უშუალოდ არის დამოკიდებული ჩვენს რაციონზე. გაამდიდრეთ რაციონი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვებით, გარეგანი კვებისთვის კი, ნიღბები გამოიყენეთ. მაგალითად, ნახევარი ბანანისა და 1 სუფრის კოვზი რძისგან მომზადებულ ფაფას 3-4 წვეთი ლიმონის წვენი დაამატეთ. ცხიმიანი კანისთვის კარგია ყურძენი. ყურძნის წვენი დამატებითი კომპონენტების გარეშეც შეიძლება გამოიყენოთ. სასარგებლოა ბლენდერში დაქუცმაცებული ყურძნის ნიღაბი. ისპანახი ხსნის კანის გაღიზიანებას – ისპანახის ფოთლები კარგად გარეცხეთ და ბლენდერში დაკეპეთ. ასეთივე მოქმედება ახასიათებს, ჭინჭრის ახალგაზრდა ფოთლებს, ოღონდ ისინი ბლენდერში ცოტა მეტხანს უნდა კეპოთ. კომბოსტო სახის კანს ხავერდოვნებასა და სინაზეს სძენს. საკმარისია, სახეზე ოცი წუთით დაიდოთ კომბოსტოს ფურცელი. შვრიის ფანტელი კანს სიმკვრივესა და სიგლუვეს ანიჭებს, ავსებს A ვიტამინის დეფიციტს – დაალბეთ „ჰერკულესი“ ცხელ წყალში, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 10 წუთით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კანის გასაწმენდად კარგია რბილი სკრაბისა და ნიღბების გამოყენება. უარი თქვით სპირტზე დამზადებულ საშუალებებზე და პროფესიულ პილინგზე – ეს პროცედურა ზრდის კანის მგრძნობელობას ულტრაიისფერი სხივებისადმი.
გაზაფხულზე უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკური საშუალებები – დამატენიანებელი, მაგრამ არა ცხიმიანი. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კოსმეტიკაც. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, იმატებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობა – მშრალი კანი ნორმალური ხდება, ხოლო ნორმალური – ცხიმიანდება. ამიტომ, საზაფხულოდ კანის მოვლის შესაბამისი საშუალებები უნდა შეარჩიოთ.
სახის კანი ზაფხულისთვის აუცილებლად გაზაფხულიდან უნდა მოამზადოთ. ამისთვის გამოგადგებათ დამატენიანებელი ნიღაბი, რომელიც მარტივად მზადდება სახლის პირობებში: 1 ჩაის კოვზ ნაღებს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი რძე, რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი, ერთი-ორი წვეთი გლიცერინი. კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეგიძლიათ, ეს ნიღაბი კვირაში ერთი-ორჯერ გაიკეთოთ.