№18 ყირამალა საყვარლები
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #6-17(904)
ისტორია მეორმოცე
ოთხი შეშინებული თვალი
(მოქმედი პირები: ლანა, ეკა და ლანასა და ზურას შვილები)
– და რატომ ვერ წაგართმევს ქმარს? ლელი რომ მოგცემს, იმას ჩაუყრი და იმიტომ?!
– ეგ რა შუაშია?! ლელი, უბრალოდ, მეხმარება, რომ ოჯახი შევინარჩუნო.
– ლანა, ლელი გეხმარება, ზურა გამოაშტერო! ზუსტად ისევე, როგორც შენი ძმის ცოლი აშტერებდა შენს ძმას!
– ნუ ურევ, ძალიან გთხოვ, ეკა, მაწყენინებ! და…
– შენ არ გინახავს, რა დაემართა ლაშას! არ გინახავს და იმიტომ ლაპარაკობ ასე! მარტო რომ ყოფილიყო იმ ღამით?! მოკვდებოდა, გესმის?! მოკვდებოდა! ზურას კი შენ მოკლავ!
– მე ვკითხე ლელის, არაფერია საშიშიო, უბრალოდ, სახლისკენ გამოუწევს გულიო… მე ზურას არაფერს ვუშავებ.
– უშავებ, ლანა, უშავებ და ამას არ გეტყოდი, მე რომ არ გამეცნო შენთვის ლელი! ლელის ლამის მთელი ცხოვრებაა, ვიცნობ, მაგრამ არასდროს, არასდროს რჩევაც კი არ მიკითხავს მისთვის! არასდროს! ან ძალით დაბმული კაცი რად გინდა?!
– მე შენსავით არ შემიძლია, მე მარტო არ შემიძლია. მე ვერ დავრჩები მარტო. ვერც ჩემი შვილები დარჩებიან უმამოდ.
– აუცილებლად დარჩებიან, იმიტომ რომ შენ ზურას კლავ. ხომ გესმის? ეს ის ადამიანი აღარ იქნება, მხოლოდ ფიტული იქნება, ლანა. რობოტი. არ გეცოდება?
– აბა, ჩემი ხელით გადავულოცო იმ უსირცხვილო ქალს, რომ ბედნიერად იყვნენ და მე დამცინონ?! – ისე გავბრაზდი, ხმის ტონსაც კი ავუწიე, მაგრამ მაინც ცრემლები მომერია: არ ვიცი, რა ვერ გავუკეთე ისე, როგორც უნდოდა, სულ თვალებში ვუყურებ, იმაზე ვფიქრობ, რა ესიამოვნება. არ ვეჩხუბები, ვუვლი, ბავშვებსაც კი ვუკრძალავ ხმაურს, როცა სახლში არიან, რომ ზურა არ შეწუხდეს.
– და გიყვარს?
– როგორ?! ჩემი ქმარია და, რა თქმა უნდა, მიყვარს და მასაც ვუყვარვარ.
– და რაში გამოიხატება ეს თქვენი სიყვარული?!
– როგორ თუ რაში?! შენ რა, არ იცი, ზურა როგორი სამაგალითო ქმარი და მამაა?! როგორი ყურადღებიანი და მზრუნველი?! სახლში არასდროს უჩხუბია, ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის. პატარა ბავშვივითაა... ის ქალი არ მოასვენებდა და ტვინს აურევდა, თორემ ზურა ამას მე არ გამიკეთებდა. იცი, რა მითხრა? ზურას ჩემთან უნდა გადმოსვლა საცხოვრებლად, ცოლს უნდა გავეყაროო. ისეთი ნამუსდაკარგულია, ასეთ უტიფარ ტყუილებსაც არ ერიდება!
– ლანა, მე სიყვარულზე გკითხე. გრძნობაზე და არა ვალდებულებებზე.
ძალიან კარგად ვიცოდი, რაც მკითხა ეკამ, მაგრამ მასაც კი ვერასდროს ვეტყოდი ხმამაღლა, რომ ზურას არასდროს შემოუხედავს ჩემთვის ისე, როგორც ჩემი ძმა უყურებდა ეკას იმ დილით, მე რომ თავზე წამოვადექი.
– მე არ შემიძლია ისე, როგორც შენ, – ეს უნებურად ვთქვი, ეკას წყენინება არ მინდოდა.
– როგორც მე, ანუ? დავწექით და დავიშალეთ? თუ შენს ცოლიან ძმას რომ წავყევი დაუფიქრებლად?
– ამის თქმა არ მინდოდა…
– მართალი ხარ, მაგრამ ისე გამოდის, რომ ქალმა უფრო მეტი უნდა იფიქროს, იმიტომ რომ, საბოლოოდ, მაინც გამოყენებული რჩება. ზუსტად მასე მოიქცეოდა შენი ზურაც. ყველა კაცი ასე იქცევა და იმიტომ რომ ამის უფლებას აძლევენ ქალები. ამის უფლება შენ მიეცი – თუ არ უნდა დაიმსახუროს კარგი მოქცევა და შენ მაინც თავზე შემოევლები, რატომ მოიკლავს თავს?!
– შენ ლაშამ გაწყენინა, ესე იგი.
– არა, არავის ჩემთვის არ უწყენინებია. საიდან მოიტანე, რომ ნაწყენი ვარ?! – ეკამ გაიღიმა, რომ ჩემთვის ეჩვენებინა, ყველაფერი რიგზეაო და წამოდგა: მე წავალ, ლანა, გთხოვ, დაანებე თავი ლელის… სანთლები დავანთეო და სანთლები და ის წამალი ერთად ვითომ კარგია?!
ეკა გატრიალდა თუ არა, მივაძახე: იცოდი, რომ ლაშას ერთ-ერთ საწყობში ვიღაცის ცხედარი იპოვეს?
– ვისი ცხედარი?
– არ ვიცი, ვიღაც გელა სვანიძეა თუ სვანაძე.
ეკა ოდნავ გაფითრდა, მაგრამ არაფერი უთქვამს: წავედი, ლანა.
არ გამიცილებია, იმიტომ რომ მაინც ნაწყენი ვიყავი მასზე. ჯერ იყო და, იმ ქუჩის ქალს შემადარა, მერე – ზურას არ უყვარხარო, მითხრა, აი, ჩემი ძმა ხომ გიჟდება ამაზე, რა?! გულის გადასაყოლებლად უნდოდა და დროის გასატარებლად! და რატომ არ მოუნდებოდა, ღამე გაათევინე-მეთქი და ამანაც, ალბათ, დრო იხელთა და…
ლანა, როგორ არ გრცხვენია?! აბა, რეებს ამბობ?! რამდენჯერ დამდგომია გვერდზე, მე კიდევ დავდექი და ვლანძღავ. მაგრამ მე ზურას სიკვდილი არ მინდა. ზურასთან ერთად სიცოცხლე მინდა, მინდა, რომ ერთად გავზარდოთ შვილები, ერთად ვუყუროთ მათ წარმატებებს, მერე შვილიშვილები გვეყოლება, მინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ. და ზურასაც რომ რამე დაემართოს, როგორც ლაშას?! დაემართოს მერე – არ ჯობია, დაემართოს, ვიდრე იმ საზიზღარ ქალთან წავიდეს?! მე ამას ვერ გადავიტან! მოვკვდები! და ზურა რომ მოკვდეს ამას გადავიტან?! ვერც ამას გადავიტან! და რომელი მირჩევნია?!
ლანა საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, რომ ზურას ქვრივობა ერჩივნა. იმიტომ რომ მაინც ზურას სახელი ერქმეოდა. და ისიც ზუსტად იცოდა, რომ ზურას ვერსად გაუშვებდა, ვერავის დაუთმობდა, იმიტომ რომ იცნობდა თავის ქმარს, მის ხასიათს. ლანაც რომ დაეთმო, ზურა ვერ დათმობდა კარგ და უზრუნველ ცხოვრებას. და რომ დაეთმო?! იმ ქალის გამო რომ დაეთმო?! და იცნობდა კი ლანა საკუთარ ქმარს?! რა თქმა უნდა, იცნობდა. იცოდა მისი თითოეული ჟესტი, მოძრაობა. უსიტყვოდ გრძნობდა, რა აწუხებდა ზურას, მაშინაც კი, როცა თვითონ ზურამაც არ იცოდა. იმ სხვა ქალსაც გრძნობდა მათ შორის, მაგრამ იმასაც, რომ ზურა იმ ქალს სახლის კარის იქით ტოვებდა. ამ სახლის ბატონ-პატრონი ლანა იყო და ზურა ამას ყოველთვის აღიარებდა. ლანა მიხვდა, რომ ცოცხალი ზურა სჭირდებოდა. ლელისკენ გული მიუწევდა, მაგრამ თვალწინ მაშინვე ლაშას ხედავდა და ისიც ახსენდებოდა, როგორ უცერემონიოდ მოისროლა ლაშამ ის ქუჩის ქალი, რომელსაც მანამდე ყველაფერს პატიობდა.
– ზურამაც რომ გაიგოს?! და ლაშამაც?! საიდან გაიგებენ?! ეკამ რომ უთხრას? – ლანას განგაშის ზარივით ჩაესმა ეს კითხვები და ცრემლები თავისთავად წამოუცვიდა თვალებიდან. ტელეფონის წიგნაკში ლელის ნომერი მოძებნა და წაშალა.
– ღმერთო, დამიბრუნე ჩემი ქმარი, მაპატიე, რაც გავაკეთე, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, ძალიან მრცხვენია. იმისიც მრცხვენია, რომ იქ მივედი და თავი დავიმცირე. გთხოვ, ნუ დამტოვებ მარტო, ნუ გამაუბედურებ. სხვისი არასდროს არაფერი მომდომებია. არავის არაფერი შემშურებია. მხოლოდ ჩემი ოჯახი მინდა: ჩემი ქმარი და შვილები, მინდა, რომ ერთად ვიყოთ. მოანდომე ზურას ჩემი თავი. ერთხელ მაინც შემომხედოს სიყვარულით, ერთხელ მაინც მომეხვიოს და მაკოცოს… დამიბრუნე ზურა, გთხოვ. ნუ დატოვებ ჩვენს შვილებს უმამოდ. მე დამსაჯე, მირჩევნია, მოვკვდე. მე მოვკვდე. – ლანა უკვე მოთქმით ტიროდა და ვერც ამჩნევდა, რომ ოთხი შეშინებული თვალი სამზარეულოს შეღებული კარის კუთხიდან უყურებდა.
ისტორია ორმოცდამეერთე
განშორება
(მოქმედი პირები: თეო, ზურა და კოტე)
ზურა ფეხზე ვერ იდგა – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ისე წაბარბაცდა, თეო რომ არ შეშველებოდა, იქვე, ასფალტზე, გაადენდა ზღართანს. არასასიამოვნო სანახაობა გამოდგა თეოსათვის საყვარელი მამაკაცის ასეთ მდგომარეობაში ყურება. ისედაც წყალშემდგარ გრძნობასა და სასწორზე შეგდებულ ურთიერთობას ნამდვილად არ ალამაზებდა. თუმცა თეოში დედის ინსტინქტმა გადასძლია ქალურს და სიბრალულით შეაშველა მხარი წაბარბაცებულ საყვარელს.
– საოცარია! ასე რამ დაგათრო, წამოდი, დაგაწვენ და იქნებ გამოფხიზლდე.
– მეც წამოვიდე? – უცნობმა და გვარიანად შეზარხოშებულმა მამაკაცმა, თითქოს დამნაშავესავით რომ იდგა თეოსა და ზურას შორიახლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.
თეოს გაოცებისგან ენა ჩაუვარდა! წარმოუდგენელია! შუაღამეს ჯერ ერთი მთვრალი აეკიდა და ახლა ვიღაც... მაწანწალა თავს იპატიჟებს. ხმის ამოუღებლად შეხედა მომაკვდინებელი მზერით (თუმცა ეჭვი შეეპარა, რომ ღამის მკრთალი განათება მზერის მომაკვდინებლობას მიიტანდა მთვრალი დაუპატიჟებელი სტუმრის მზერასა და გონებამდე), ზურას უკვე გაბრაზებულმა უბიძგა სადარბაზოსკენ. მთვრალი ზურა რაღაცას ბუტბუტებდა გაუჩერებლად და გაურკვევლად. არც ისე ადვილი და ნამდვილად არასასიამოვნო გამოცდილება მიიღო ამ საღამოს თეომ – აი, თურმე, რას მოიაზრებს ცნება – ცოლი, ანუ მეუღლე?! ნეტა, რამდენჯერ ჰყავს ლანას ნანახი ასეთ მდგომარეობაში მყოფი ზურა...
ისევ ეს ქალი! ხომ შეიძლება, მასზე არ ვიფიქრო და საკუთარი ცხოვრება ისე დავალაგო, როგორც თვითონ მინდა... თეო უკვე ყველაზე და ყველაფერზე ბრაზობდა: ლიფტის დაგვიანებაზე, ლანაზე, ზურას სიმთვრალესა და საკუთარ ფიქრებზეც კი. როგორც იქნა, კარი გააღო და ზურა ბნელი დერეფნის კედელზე მიაყუდა. სანამ სინათლე აანთო და ფეხსაცმელი მოისროლა, ზურამ მოასწრო წაბორძიკება და იატაკზე გაშხლართვა.
– ღმერთო! რას ჰგავხარ?! რა დაგემართა?! და ახლა მე როგორ აგაყენო, თუ იცი?
– მოდი აქ, ერთად დავწვეთ... – შესთავაზა მთვრალმა და გვერდი იცვალა.
რამდენიც ეცადა თეო, ზურა ფეხზე დაეყენებინა, არაფერი გამოუვიდა. ზურა მოიკუნტა და ხვრინვა ამოუშვა. საბრალო სანახავი კი იყო! და ეს არის კაცი, რომლის გულისთვისაც ვიბრძვი?! აი, ეს უსუსური, არყის სუნით აქოთებული და პიჯაკდაკუჭული?! თეო გაოგნებული ჩანდა. თითქოს პირველად დაინახა მთვრალი ადამიანი, თითქოს რაღაც საოცრება დაინახა პირველად და ეს რაღაც სულაც არ მოსწონდა. მეტიც – აშინებდა და მზად იყო, ვინმესთვის დაერეკა, თუნდაც, ლანასთვის, რომ იატაკზე გაშხლართული, მხვრინავი მამაკაცი წაეყვანა მისი დერეფნიდან. ან იქნებ, მისი ცხოვრებიდანაც...
„ნეტა, ჩემი ბრალია, ასეთ მდგომარეობაში რომ ჩავარდა ზურა?! ამდენი წელია, ერთად ვართ, ჰო, ნუ, როგორც ვართ – წლებია, ურთიერთობა გვაქვს და არასდროს, არც ერთი ჭიქით ზედმეტი არ დაულევია. არასდროს დაუკარგავს კონტროლი... ნუთუ ასე გავამწარე და ვატკინე, რომ საკუთარი თავი და თავმოყვარეობა დაავიწყდა. ან ის მაწანწალა ვინ იყო? კიდევ კარგი, რომ არ... დაიცადე, იქნებ გაქურდა უკვე? – თეო დაიხარა და ზურას პიჯაკის შიდა სპეციალური ჯიბე მოუსინჯა. საფულე ადგილზე დახვდა. მერე ძლივ-ძლიობით გააძრო ტვიდის ძვირფასი პიჯაკი. სრულად დაკუჭულ-ამოგანგლული აივანზე გაიტანა. დაფერთხა და საკიდზე დაკიდა. მერე საფულე ამოიღო, გახსნა. საფულეში ბარათები და პირადობაც ადგილზე იყო. ასევე, შვილების ფოტოები და... ლანა ბავშვებთან ერთად... თეომ სიმწრით მოიკვნიტა ქვედა ტუჩი და საყვარლის ცოლს დააშტერდა. ლანა მშვიდად, უდარდელად უღიმოდა და თითქოს აქეზებდა – აჰა, მნახე, დარწმუნდი, მე ვარ ზურას შვილების დედა. მე ვარ მისი ცოლი, მე ვარ...
თეომ უკან დააბრუნა პორტმონე. უაზროდ ჩაყო ხელი გარე ჯიბეში და ხელში რაღაც ნაფშხვენები მოყვა. ასევე, გაუაზრებლად ამოყარა და დახედა. თითქოს რაღაც მცენარის თესლს ჰგავდა ან ბისკვიტის გამხმარ ნარჩენებს... უსიამოდ გააჟრჟოლა, თითქოს შეამცივნა კიდეც. ზიზღით დაიფერთხა ხელები, ჯიბეები ამოატრიალა. კარგად გადაფერთხა და ისე დაკიდა პიჯაკი. ამას კვლავაც გაუაზრებლად აკეთებდა, მთვარეულივით, ავტომატურად მოძრაობდა. თეო ისევ ლანასა და ბავშვების ფოტოსურათზე ფიქრობდა. ხედავდა, გრძნობდა.
როცა ოთახში შეტრიალდა, ზურა ისევ იქ იწვა, ისევ ხვრინავდა. ვიწრო დერეფანსა და სამზარეულოში მთვრალი მამაკაცის უსიამოვნო სუნი დატრიალებულიყო. თეომ პლედი და პატარა ბალიშები აიღო საძინებლიდან. იატაკზე მძინარე საყვარელს თავქვეშ ამოუდო ორი ბალიში, პლედი მიაფარა და გატრიალდა. ძილი არ ეკარებოდა. ან რა დააძინებდა ასეთ სიტუაციაში?!
...სამზარეულოს ფანჯარაში მზის პირველმა, გაუბედავმა სხივმა შემოიხედა. სკამზე მოკუნტული თეო შეიშმუშნა. უხერხული პოზის გამო კისერი სტკიოდა და ფეხები დაბუჟებოდა. მაინც რამ დამაძინა?! და... უცბად გაახსენდა წუხანდელი ღამე. არეული ფიქრები და უსიამოვნო სუნი, იატაკზე გაგორებული სხვისი ქმარი...
არა, ეს კოშმარი უნდა დასრულდეს! რატომ უნდა ვათენო ღამე ასე, რით დაიმსახურა ჩემი თანადგომა და ერთგულება?! – თეომ ძლივს დაიბრუნა მგრძნობელობა ხელებსა და ფეხებში. მთელი სხეული უკვნესოდა. იმდენად სტკიოდა, რომ გულის კვნესა აღარ ესმოდა. დერეფნისკენ გახედვაც არ უნდოდა. ის, რასაც იქ დაინახავდა, ამ დილით საერთოდაც არ სურდა ეხილა. იატაკზე გამოძინებული, პახმელიაზე თავ და სახეშესიებული...
ზუსტად ასეთი წამოდგა ზურა იატაკიდან. თეომ ფხაკუნი გაიგონა და თავჩაღუნულმა დაიწყო ყავის მოდუღება.
– თეო? მე... რა მოხდა... ღმერთო, თავი! წელი... როგორ ცუდად ვარ!
– დილა მშვიდობისა! კიდევ როგორ ხარ?!
– იატაკზე მეძინა? მთელი ღამე?.. და ის, კოტე, ხომ, სად არის?
– უკაცრავად, რომ ლოგინში არ ჩავაწვინე... სად იპოვე? გახსოვს მაინც?
– არ მიპოვნია... და მაგარი ტიპია... ვახ, ჩემი, გასკდა თავი. თეო, ყავა დამისხი, აბაზანაში შევალ, იქნებ გონზე მოვიდე...
– ჰო, აბა რა! თეო, ყავა და აბაზანაც... – თავისთვის ჩაილაპარაკა თეომ და ყავის მოდუღება განაგრძო. მალე პატარა სამზრეულოში, სადაც ამ ბოლო დროს ამდენი დაუპატიჟებელი, მეტიც – თავზარდამცემი სტუმარი იდგა, იჯდა და საუზმობდა, ახლად მოდუღებული ყავის გამაბრუებელი სურნელი დატრიალდა. აბაზანიდან პირსახოცშემოხვეული ზურა გამოვიდა.
– ვახ, რა იყო ეს?! რა დამეტაკა ასეთი, რომ... რა გოგო ხარ! მიყვარს შენი ყავა. მაგრამ თავიიი...
– გინდა ასპირინი? თუ რამე სხვას გაწვდის ლანა ასეთ დროს?
– თეო, რა შუაშია ახლა ჩემი...
– დააბოლოვე, რატომ შეჩერდი?! შენი ცოლი ახლა შუაში კი არა თავშია. და, ალბათ, თავში ხელებსაც იშენს, რომ ღამე სახლში არ გაათენე...
– მე ხომ გითხარი, რომ წამოვედი სახლიდან?!
– უი! გამახსენდა! წამოხვედი და ეგრევე ბომჟს დაემსგავსე! არა, არ გიხდება ლანას გარეშე ყოფნა! აშკარად ცუდად ხარ, ატყობ?
– თეო!
– რა, თეო?! ტყუილს ვამბობ რამეს? რას ჰგავდი, ალბათ, ფოტო უნდა გადამეღო. იატაკიდან ვერ აგხიკე. მანამდე გაზონზე იწექი და ვიღაც მაწანწალა გეხვეოდა... საოცარია, რომ არ გაგძარცვა ან არ მოგკლა.
– იმან? ის, გითხარი, ძმაა. მაგრამ მე მართლა ცუდად ვარ და თუ გიყვარდე, არ გინდა ახლა. დამაცადე, ყავა დავლიო და გონზე მოვიდე.
– აბა, რა! თეო დაიცდის! თეო გაიგებს! თეო ხომ კარგი ტიპიც კი არ არის?! იცი, რა, მეგობარო, ჩაიცვი, თუ შეიძლება, აქ სტრიპტიზბარი არ არის. აი, შენი პიჯაკიც, იმდენი ნაგავი გეყარა, საოცარია, ცოლი არ გიწმენდს ხოლმე? თუ ეს ნამცეცებიც წუხანდელი ვოიაჟის დროს ჩაიყარე ჯიბეებში?!
– რა ნამცეცები, გოგო, ნუ მბურღავ, ადამიანო! ცუდად ვარ!
– ჰოდა, ახიკე ახლა შენი ძონძები და წადი სახლში. იქ გახდები კარგად და სხვა დროს სერენადების სიმღერას თუ გადაწყვეტ, ფხიზელი თუ არა, მსუბუქად ნასვამი მაინც მოდი!
– მაპატიე. ვერ გავთვალე. მე საერთოდ... რას მამართლებინებ თავს! ხომ იცი, რომ არ ვთვრები!
– აბა, მე დავთვერი წუხელ?!
– ჰო, ვერ მოვზომე. ხდება ხოლმე. კაცი, ისე, რომ იცოდე ხანდახან თვრება კიდევაც. არ იცოდი? თუ ცოლობა მხოლოდ ქმრის ფულის ხარჯვა გგონია?!
– რა თქვი? რა მგონია? და შენ ფიქრობ, მე შენი ცოლობა მინდა? თუ შენი ფულის ხარჯვა?! ვერ გაგაგებინე, ხომ? წადი-მეთქი აქედან და მიხედე ლანას. თორემ იმანაც არ მიგატოვოს. ისე, რას ვიხალისებ, წუხელ სხვასთან რომ ეკოტრიალა...
– გოგო, ნუ გახვედი თავს! ზედმეტი მოგდის!
– ჰოდა, ვისაც არ მოსდის ზედმეტი, იმასთან წადი! მორჩა, დავიღალე-მეთქი! აღარ მინდა არაფერი! არ მინდა შენი, შენთან და შენ გამოც. გასაგებია?! ახალი ცხოვრება მინდა, ადამიანური ურთიერთობები. არანაირი ცოლები, სახლში მოვარდნები და გარჩევები. არც ასეთი სერენადები, არაფერი!
– რა არ გინდა? ვინ გივარდება სახლში? მე?! არც იდარდო, წავალ, რაკი ასე გინდა და...
– ჰო, ვინც მივარდებოდა, ვეღარ შემომივარდება. და ისე, საკუთარ ცოლს ჰკითხე, როგორ მოვეწონე. მაინც, რა იცი, იქნებ თანახმაა და გამოგიშვას ხოლმე-ხოლმე...
– მე რას ვკითხავ ლანას... მოიცა. შენ გინდა მითხრა, რომ ლანა მოგივარდა?! რაებს იგონებ? ლანა არასოდეს...
– ჰო, ლანა ასეთი არ არის! ლანა აქროლვადია... რამდენი გადაიხადა იმ ატმისფერ თექის მოსასხამში? ისე, მე უფრო მომიხდებოდა, მაგრამ არა უშავდა, მასაც ამშვენებდა...
– როდის გნახა? – ზურას უცბად წაუხდა ნირი და თავი ჩაღუნა.
– რა მნიშვნელობა აქვს? თუ გაინტერესებს, როდიდან იცის ჩემი არსებობის შესახებ? რაო, არაფერი უთქვამს? მალადეც ქალი! გენიოსია! არადა შეხედავ, ერთი ჩვეულებრივი ქათამია... წარმოუდგენელია! არაფერი გაამხილა?! ნუ, ახლა შენც არაფერი გაამხილო და ასე გაუმხელელებმა იცხოვრეთ ერთ ჭერქვეშ. აი, მე კი! მე მომბეზრდა ეს თამაში, ეს ტყუილი, ეს ფარსი! თქვენ აშკარად ღირხართ ერთი მეორედ! გავხართ ერთმანეთს. იქნებ შენი ნამდვილი მეორე ნახევარია?! წადი, ადამიანო, წადი და ცოლ-შვილს უპატრონე! ჩამომეხსენი, არ მინდა შენი დანახვა და გახსენებაც კი! – თეო უკვე კიოდა. ერთი სული ჰქონდა, ზურა როდის გაეცლებოდა. თან, იმისაც ეშინოდა, ვაი და, მართლა წასულიყო. თან, თავს ძლივს იკავებდა, რომ არ ჩახუტებოდა საყვარელს, თან, უნდოდა, გაემწარებინა და ეტკინა მისთვის... მაგრამ, როცა ზურამ ტანზე ჩაიცვა, უხმოდ გატრიალდა და კარისკენ წავიდა, თეოს მკერდში აუტანელი ტკივილი დაეტაკა. თითქოს ვიღაცამ შუბის ცხელი ტარი დაატაკა და დაუტრიალა. ის მზად იყო, უკან გაკიდებოდა ზურას და კისერზე ჩამოჰკიდებოდა. მაგრამ წყენა და ბრაზი, რომ ისევ ვერაფერს მიუხვდა საყვარელი, რომ ისევ ზურგი აქცია, რომ... და თეომ მხოლოდ უხმოდ მოიწმინდა თვალებიდან გადმოცვენილი სიმწრის ცრემლი. უხმოდვე გააცილა მზერით ზურას მხრებში მოხრილი და დაკუჭული ტვიდის პიჯაკი...
მერე კარი დაბრახუნდა და თეო მარტო დარჩა.
ახლა მას სერენადას არც არავინ უმღერის და არც არაფერს უმტკიცებს. არც პატიებას სთხოვს და არც დარჩენას... რა მარტივად გაიხურა კარი კაცმა, რომელმაც წლების განმავლობაში დატოვა ის ამ კარის უკან, მომლოდინე და მარტოსული...
გაგრძელება შემდეგ ნომერში