№18 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა მოვალეობები აკისრია ქრისტიან ადამიანს მოყვასის მიმართ?
პასუხი: ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს უფლის მიერ, მოყვასი უნდა დააყენოს თავისზე წინ, მოთმინებით უნდა აიტანოს მათი უძლურებანი და უგუნურებანი, არავინ უნდა შეურაცხყოს, სარგებლობა უნდა მოუტანოს მათ სულიერი საუბრებით, უნდა ილოცოს მოყვასისთვის.
კითხვა: მინდა, რომ მოძღვარმა ჩემი ახლობლები ლოცვაში მოიხსენიოს. რა გავაკეთო ამისთვის?
პასუხი: თუ თქვენ კონკრეტული დღის ლოცვებში გსურთ ახლობლების მოხსენიება, წირვის წინ საკურთხეველში ცალკე ცოცხლებისა და ცალკე მიცვალებულთათვის უნდა შეგზავნოთ სეფისკვერები. ასევე, მათი სახელებიც უნდა ჩამოწეროთ ფურცელზე. სასურველია, თქვენი ახლობლების სახელზე მოწყალებაც გაიღოთ.
კითხვა: ითვლება თუ არა წინათგრძნობა ცოდვად და თუ ასეა, როგორ ვილოცოთ მის მოსაშორებლად?
პასუხი: წინათგრძნობის უნარი, თუნდაც მცირეოდენი, ყოველ ადამიანს აქვს, და ესეც, როგორც სხვა თანდაყოლილი შესაძლებლობები, მას ღვთისგან აქვს ნაბოძები. თუმცა, ჩვეულებრივ მოკვდავებს ეს უნარი ისე არ უვითარდებათ, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლებოდეს. ხშირად ცუდს ველით და სიხარულს ვიღებთ ან პირიქით. ამიტომ წინათგრძნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ. წინათგრძნობის უნარი განვითარებული ჰქონდათ იმ წმიდანებს, რომლებიც მიწიერი ცხოვრებისგან თავისუფალი იყვნენ. ისინი მოვლენებს წინ უსწრებდნენ, ნათელხილვის ნიჭი ეძლეოდათ და შეეძლოთ იმის განჭვრეტა, თუ რა მოხდებოდა მომავალში.
კითხვა: არ მაქვს იმის საშუალება, რომ ჩემს შვილს ქორწინების დროს ახალი ბეჭედი ვუყიდო. შეიძლება თუ არა, ჩემი ჯვრისწერის ბეჭედი გადავადნო და ის ვაჩუქო?
პასუხი: ჯვრისწერის ბეჭედი მას ეკუთვნის უშუალოდ, ვისზეც ჯვრისწერის საღვთო საიდუმლო აღსრულდა და მან ის ცხოვრების დასასრულამდე უნდა ატაროს. ეს ქონებაზე მიჯაჭვულობა კი არ არის. არამედ წესი და პატივისცემაა საღვთო საიდუმლოს მიმართ. როგორც ნათლობის ჯვრის გადადნობა და სხვისთვის გადაცემა არ არის სასურველი, ასევე, ჯვრისწერის ბეჭდის გადადნობა ან გაყიდვა სინდისის ქენჯნის გარეშე მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ, როცა მოყვასს ისე უჭირს, რომ მისთვის თქვენგან გაღებული ფული აუცილებელია.
კითხვა: ადამიანის ორგანიზმის რომელ ნაწილშია სული დავანებული – თუ არსებობს ამის შესახებ ინფორმაცია?
პასუხი: სულის გარეშე სხეული არ არსებობს, სული მთელს ორგანიზმს მსჭვალავს, მაგრამ თავისი ქმედებით, უპირველესად, თავს ავლენს გულითა და გონებით. სულს აქვს სხეულის მსგავსი იერსახე და ამიტომაც იმქვეყნად სულები ერთმანეთს იცნობენ. აქედან გამომდინარე, სულის არსებობა კონკრეტულად რომელიმე ორგანოში არ უნდა წარმოვიდგინოთ.