კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ უძღვნიდა ცნობილი მეცენატის ცოლს ზაქარია ფალიაშვილი „დაისიდან“ სასიყვარულო ციტატებს და როგორ „აახია“ მან დიმიტრი არაყიშვილს „აბესალომ და ეთერის“ ლიბრეტო

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა „აბესალომ და ეთერის“ დაწერას 15 წელი მოანდომა. 1919 წელს გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიულ ცნობებში ფალიაშვილი წერს: „ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გამიგონია უკმაყოფილება, რომ ფალიაშვილი ოპერას წერს და მის გამოქვეყნებას კი აქამდე არა ეშველა-რაო. და ეს ერთნაირ ეჭვსაც ბადებდა საზოგადოებაში, მაგრამ საზოგადოებამ სრულიადაც არ იცოდა ის არანორმალური პირობები, რომელშიც მე მომიხდა ამ ვრცელი ოპერის წერა...” რა ჰქონდა ზაქარია ფალიაშვილს სასაყვედურო? ვეებერთელა ენერგიის მქონე ადამიანი თითქოს ლომივით იყო გალიაში გამომწყვდეული. მის მიმართ გამოთქმული საყვედურები თავიდან ბოლომდე უნამუსო, უსამართლო და უმსგავსო იყო. დღეში შვიდი გაკვეთილი, გუნდების, ორკესტრების ლოტბარობითა და სხვა საზოგადოებრივი საქმიანობით დატვირთულ ზაქარიას მხოლოდ ზაფხულის თვეებში ეძლეოდა „აბესალომზე” მუშაობის შესაძლებლობა. ფორტეპიანოს თან ხომ ვერ ატარებდა? ბუნებრივია, რომ „აბესალომი“ ნელი ტემპით იწერებოდა... როგორც კომპოზიტორის ოჯახის წევრები გადმოგვცემენ, მუშაობის დროს ზაქარია იშვიათად მივიდოდა ფორტეპიანოსთან, წერდა მაგიდაზე და პირდაპირ ნოტებზე გადაჰქონდა მელოდიები. როდესაც რომელიმე ნაწყვეტს დაამთავრებდა, მაშინ მიუჯდებოდა ფორტეპიანოს და დაწერილს შეამოწმებდა... ფალიაშვილი, იმის გამო, რომ პირველი ოპერის დაწერას ძალზე დიდი დრო მოანდომა, თავს უხერხულად გრძნობდა, მაგრამ რა ექნა? პედაგოგიური და საკონცერტო მოღვაწეობა დიდ დროს ართმევდა. საარსებო წყარო რომ ჰქონოდა და უმცროსი ძმებისთვის კარგი განათლებაც მიეცა, კერძო გაკვეთილების ჩატარებაც უწევდა. მატერიალური გაჭირვება ზაქარია ფალიაშვილის მუდმივი პრობლემა იყო. „ქალაქ ქუთაისის მდაბიონი“ – ასე იწოდებოდა ფალიაშვილების ოჯახი (ზაქარიას ჩვიდმეტი დედმამიშვილი ჰყავდა, მათგან შვიდი ადრეულ ასაკში დაიღუპა).
 1919 წლის 21 თებერვალი. თეატრის აფიშა იუწყებოდა, რომ საღამოს პირველად იქნებოდა წარმოდგენილი ზაქარია ფალიაშვილის ხუთმოქმედებიანი
ქართული ოპერა „აბესალომ და ეთერი”. ფალიაშვილი ამ დღისთვის დიდხანს ემზადებოდა. მთავარი როლების შემსრულებლებთან, გუნდის თითოეულ წევრთან ცალ-ცალკე გადიოდა რეპეტიციას. წარმოდგენის მეორე აქტის შემდეგ დირიჟორის პულტთან მდგომ ფალიაშვილს მაყურებელმა მხურვალე ტაში დაუკრა (პრემიერის შემდეგ კომპოზიტორი გვირგვინებით შეამკეს და ძვირფასი საჩუქრებიც უძღვნეს. მეცენატმა მიხეილ ბუზოღლიმ კი, კომპოზიტორის პატივსაცემად ბანკეტი გამართა), სამაგიეროდ, მომდევნო აქტებს ასეთი ტაში აღარ მოჰყოლია. მაყურებელს ნელ-ნელა დაღლა დაეტყო. საღამოს რვა საათზე დაწყებული წარმოდგენა ღამის სამის ნახევარზე დასრულდა. ოპერის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი გრძელი ანტრაქტები ყოფილა, რაშიც დამნაშავე, თურმე, ოპერის მხატვარი, ალექსანდრე ზალცმანი იყო. ამბობენ – პრემიერისთვის მზად არ იყო და დეკორაციების მზადებას ანტრაქტებზე ამთავრებდაო.
უმაღლესი მუსიკალური განათლება ზაქარია ფალიაშვილმა მოსკოვის კონსერვატორიაში მიიღო. ხელმოკლეობის გამო მოსკოვში გამგზავრება 29 წლის ასაკში მოახერხა. მისი სწავლისა და ცხოვრების უზრუნველყოფას თბილისის საზოგადოება გულმოდგინედ ცდილობდა. იმხანად ყველაზე ცნობილი არტისტები საქველმოქმედო კონცერტებს მართავდნენ და მთელ შემოსავალს ფალიაშვილს გადასცემდნენ. სათავადაზნაურო საკრებულომ და წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მას სტიპენდია
დაუნიშნა – 30 მანეთი. სტუდენტმა ფალიაშვილმა მოსკოვში, ოთხსართულიანი ქვის სახლის მეოთხე სართულზე ერთი ოთახი იქირავა. სახლი პირველი გილდიის ვაჭარს, საიმპერატორო კარის მომმარაგებელს, მიხეილ უტკინს ეკუთვნოდა. ვაჭრის ქართველმა მდგმურმა უტკინის ქალიშვილი, იულია გაიცნო და მალე ცოლადაც მოიყვანა. სიმამრის წყალობით, ზაქარიას მოსკოვში გაჭირვება აღარ უგრძნია. „მიხეილ უტკინი ვაჭართა უმაღლეს გილდიას ეკუთვნოდა, მან თავისი სიძე უზრუნველყო ყველაფრით, რაც მისი წოდების ადამიანს შეეფერებოდა – ზაქარიას პირველი ფრაკი და პირველი, ევროპული მოდური სამოსიც სიმამრისგან ერგო. ფალიაშვილების უტკინებთან ნათესაური კავშირი ამით არ ამოწურულა. მოგვიანებით, ზაქარიას უფროსმა ძმამ, ივანემ ზაქარიას ცოლის, იულიას და – ლიდია უტკინა შეირთო. უმცროსმა ძმამ, ნიკოლოზმა კი – ზაქარიას გერი, იულიას შვილი პირველი ქორწინებიდან, ანტონინა. მოსკოვიდან დაბრუნებული, დაოჯახებული ზაქარია ფალიაშვილი თბილისში აგურის ქუჩაზე დასახლდა.
კოლეგებთან და პრესასთან ურთიერთობა ფალიაშვილს ხშირად ურთულდებოდა. იაკობ გოგებაშვილთანაც კი წამოიწყო საგაზეთო დავა მუსიკის სფეროში სტიპენდიების განაწილების შესახებ. აბრალებდნენ ანდრეა ყარაშვილის სახელგანთქმული სიმღერის, „სამშობლოს” ავტორობის მითვისებას. „აბესალომ და ეთერის” რუსული თარგმანის მისაკუთრებას ედავებოდა ზაქარიას ოპერის ლიბრეტოს ავტორი, პეტრე მირიანაშვილი და სასამართლოში ჩივილითაც ემუქრებოდა. მაგრამ, ყველაზე ცუდი ურთიერთობა ზაქარია ფალიაშვილს დიმიტრი არაყიშვილთან ჰქონდა. ორ კომპოზიტორს შორის შუღლის დაწყების მიზეზი „აბესალომ და ეთერი” გახდა. ამ ოპერის დაწერა არაყიშვილსაც სურდა, მაგრამ პეტრე მირიანაშვილისთვის ლიბრეტოს გამორთმევა მას ფალიაშვილმა დაასწრო. ზაქარიამ არაყიშვილთან შერიგება მხოლოდ სიკვდილის წინ სცადა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა ზაქარიამ ითხოვა, დიმიტრი მომიყვანეთო. არაყიშვილს გადასცეს მისი თხოვნა, მაგრამ მან უარი თქვა – არ მივიდა.
„აბესალომ და ეთერის“ შემდეგ „დაისი” დაიდგა. დადგმა კოტე მარჯანიშვილმა განახორციელა, ქორეოგრაფიული ნომრები ილიკო სუხიშვილმა დადგა.
ფალიაშვილმა „დაისი” თავის შთაგონების წყაროს, ნადეჟდა ბუზოღლის მიუძღვნა. იმდროინდელ თბილისში სახელგანთქმული ინჟინრისა და შეძლებულობით ცნობილი, მიხეილ ბუზოღლის მეუღლე სილამაზით იყო განთქმული. ზაქარია, ბუზოღლების უფროს ვაჟებს მუსიკის კერძო გაკვეთილებს უტარებდა. ნადეჟდა ბუზოღლისადმი ზაქარია ფალიაშვილის გრძნობაზე „დაისის“ ნოტებზე მინაწერი მიუთითებს. კომპოზიტორი ნადეჟდას ოპერიდან მოყვანილი ციტატებით უხსნიდა სიყვარულს. ხელნაწერის მესამე გვერდზე კი, ფალიაშვილს საკუთარი ფოტო ჩაუკრავს. „დაისს“ მენშევიკური მუსიკა უწოდეს და ოპერის რეპერტუარიდან მოხსნა მოითხოვეს. საქმეში გასარკვევად საგანგებო კომისია შეიქმნა. საბედნიეროდ, დისკუსიის ხელმძღვანელად „ქეთო და კოტეს” ავტორი, ვიქტორ დოლიძე დანიშნეს. ის მაშინ ძალიან პოპულარული იყო. სხვები კი, ის ახალგაზრდა კომპოზიტორები გახლდნენ, რომლებიც ზაქარიას აუხირდნენ. კომისიის უკანასკნელ სხდომაზე ბოლო სიტყვა ვიქტორ დოლიძეს უთქვამს: მე არ ვიცი, ეს ოპერა მენშევიკურია თუ ბოლშევიკური, მაგრამ თქვენ ყველას ამ მუსიკით დაგასაფლავებენო... მალევე დაიდგა ფალიაშვილის მესამე ოპერა – „ლატავრა“. ოპერაში ფალიაშვილმა „აბესალომ და ეთერიდან” მორჩენილი თითქმის ყველა მუსიკალური მასალა გამოიყენა. მაგრამ „ლატავრა” ოთხი სპექტაკლის შემდეგ რეპერტუარიდან მოიხსნა. ამას ფალიაშვილი სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა.
скачать dle 11.3