№18 რა თანხას იხდის შვილის სწავლაში მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე
აწ უკვე მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე 1981 წელსაა დაბადებული რუსთავში. უმაღლესი განათლება თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო (პროფესიით სამართალმცოდნეა). მისი შრომითი ბიოგრაფია 2004 წელს დაიწყო იუსტიციის სამინისტროში – სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩევლად, მოგვიანებით კი – სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის უფროსად (2007 წლამდე). ამის პარალელურად, იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2005 წელს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრად დაინიშნა (2011 წლამდე); 2007-2008 წლებში – ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გახლდათ; 2008 წელს – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, შემდეგ – ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი. 2010 წელს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ და საპარლამენტო მდივნად დაინიშნა. 2011 წელს, მცირე ხნით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს და ისევ ფინანსთა სამინისტროში დააბრუნეს – შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსად. 2012 წლის იანვარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, სადაც 2016 წლამდე იმუშავა. მას შემდეგ მის ჩინოვნიკურ კარიერაში წყვეტაა (ყოველ შემთხვევაში, დეკლარაცია არ შეუვსია). წელს კი, როგორც გითხარით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა, მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე (ყოფილი საპარლამენტო მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს, ხოლო მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტარციის აწ უკვე ყოფილი მდივანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა).
ნათია მიქელაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2005 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა და და მშობლები. იმხანად ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონების მესაკუთრე ნათია მიქელაძის მამა იყო: მისი საკუთრება იყო ბინა თბილისში, ვაშლიჯვარში (80 კვ. მ.) და 1998 წლის ავტომანქანა „ფორდი“.
ნათია მიქელაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – 1974 წელს დაბადებული გიორგი ჩხიკვაძე და 2006 წელს დაბადებული ქალიშვილი – ანკა.
ნათია მიქელაძის საკუთრებაა ბინა თბილისში, დგებუაძის ქუჩაზე (64 კვ. მ.), მისი მეუღლის კი – ცაგარელის ქუჩაზე (99 კვ. მ.) და ატენის ქუჩაზე მდებარე ბინის (247 კვ. მ.) 6 პროცენტი. მასვე ჰყავს ორი ავტომანქანა TOYOTA AVENSIS და SUZUKI.
ნათია მიქელაძე 2012 წლიდან უვადოდ არის შპს „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში ნათია მიქელაძემ, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, 86 305 ლარი აიღო, როგორც ევროკავშირის პროექტ „ტრასეკას“ ეროვნულმა მდივანმა, 12 000 ევრო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც შპს „მარაბდა-კარწახის” სპეციალისტმა, 26183 ლარი.
2014-შივე ნათია მიქელაძეს საკრედიტო ბარათ „ამექსის“ მომსახურება (4 000-ლარიანის) 12 093 ლარი დაუჯდა, უძრავი ქონების შესაძენად დოლარში აღებული და ლარით ჩანაცვლებული სესხის (85 225 ლარი) მომსახურება – 16 411 ლარი, საკრედიტო მეგობარათის (4 900 ლარი) მომსახურება – 28 080 ლარი.
იმავე წელს გიორგი ჩხიკვაძემ გაასხვისა ორი ავტომობილი (8 100 დოლარად) და შეიძინა ახალი (6 500 დოლარად), ნათია მიქელაძემ კი შვილის სწავლაში 2 000 ევრო გადაიხადა.