კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ იყო გოგა ჩანადირი საწოლს მიჯაჭვული და რა ცდუნებაზე შეძლო მან უარის თქმა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურად განსაკუთრებულად აქტიურია და ის ხშირად „ფეისბუქით“ სამოქალაქო იდეების პოპულარიზაციას ეწევა. მოუწოდებს ხალხს, იყიდონ ქართული პროდუქცია, საუბრისას არ გამოიყენონ ბარბარიზმები, არ დაანაგვიანონ ქალაქი, დაიცვან საგზაო წესები და ასე შემდეგ. როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის ადვილია, რადგან სწორედ ასეთი წესით ცხოვრობს.  
გოგა ჩანადირი: ვატყობ, ჩემს სტატუსებს, წერილებს დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე. ალბათ, იმიტომ, რომ მენდობიან, იციან ჩემ უკან არ დგას არანაირი პოლიტიკური ჯგუფი, არავის თამაშს არ ვთამაშობ. გულწრფელად მაწუხებს და პლუს ამას, ამ ცხოვრების სტილით ვცხოვრობ. მხოლოდ ქართულს ვყიდულობ, არ ვიყენებ ბარბარიზმებს, არ ვანაგვიანებ ქუჩებს და ვიცავ საგზაო წესებს. ცხოვრების წესიც რომ ასეთია, ამასაც მოაქვს შენ მიმართ ნდობა. ეს განაპირობებს გამოხმაურებებს, რაც სოციალურ ქსელში ჩემს სტატუსებსა და წერილებს აქვს. იმ ტრიბუნას, რომელსაც სოციალური ქსელი ჰქვია, კარგად ვიყენებ. უკვე 26 ათასი გამომწერი მყავს. ნელ-ნელა კიდევ უფრო ფართოვდება..
– წლების წინ „ფეისბუქის“, სოციალური ქსელების მოხმარების წინააღმდეგი იყავი.
– წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ბევრ დროს წამართმევდა. მართლაც უდიდეს დროს მართმევს, პირად სივრცეს, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის, გარემოსთვის ეს შეიძლება, უკეთესიც იყოს. რადგან ვცდილობ, ჯანმრთელი ცხოვრების, სამოქალაქო იდეების პოპულარიზაციისთვის გამოვიყენო. რაც შეეხება პირად დროს, სოციალური ქსელი მართმევს იმ კუთხით, რომ თუ თვეში 4-5 დიდ წიგნს ვკითხულობდი, შეიძლება, ახლა თვე-ნახევარში წავიკითხო. ვცდილობ, ახალი ლიტერატურა ვიკითხო, არ ჩამოვრჩე. მომავალში ვაპირებ, დავიწყო ფეისბუქ-კამპანია: „იკითხე მხოლოდ ქართული“ ან „ვკითხულობთ ქართულს“. ბოლო დრო ძალიან ბევრი კარგი მწერალი წამოვიდა, ახალი თაობა, რომლებიც კარგად წერენ, კარგ იდეებს გვთავაზობენ. თუმცა, ჩემთვის საუკეთესო ქართველ მწერლად მაინც ჯემალ ქარჩხაძე რჩება, რომელიც ძალიან ღრმა, მოაზროვნე მწერალია და ცოდოა, რომ ის აქამდე ვერ გაიცნო მსოფლიომ ისე, როგორც მას ეკუთვნის.
– თავადაც გიყვარს წერა. ხომ არ აპირებ წიგნის ან, ცოტა მოგვიანებით, მემუარების დაწერას?
– მემუარებისთვის ძალიან ადრეა, მაგრამ იდეაში მაქვს, რომ სამოგზაურო რომანი დავწერო. 110 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყველა ქვეყანაში რაღაც გადამხდენია. იქნება ჩემი პატარ-პატარა ამბები, პლუს რჩევები, შთაბეჭდილებები და განცდები ამა თუ იმ ქვეყნიდან. თან, გავაფორმებდი ჩემი ფოტოებით. 110 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და არ არის ცოტა, ფაქტობრივად, ნახევარი მსოფლიოა. რაღაც აპლიკაცია შევავსე და აღმოჩნდა, რომ ნანახი მქონდა დედამიწის 56 პროცენტი.
– და რამდენი ფოტო გაქვს გადაღებული?
– დაახლოებით, ხუთ-ნახევარი მილიონი ფოტო მაქვს არქივში. 30 პროცენტი – უცხოური ქვეყნების.
– როგორია შენთვის 5 მილიონი ფოტოს ღირებულება?
– 5 მილიონი ფოტო შეიძლება, დროთა განმავლობაში, 5 მილიარდიც იყოს, რეალურად. ახლა, ალბათ, 50 მილიონია, პრაქტიკულად, მილიონერი ვარ და ვერ გამიგია.
– რას ნახულობ ყველაზე ხშირად, როდესაც ახალ ქვეყანაში ჩადიხარ?
– სულ ვცდილობ, სიღრმეებში შევიდე, ვნახო: რას ჭამენ, რას სვამენ. მათ სახლებში შევდივარ, დავდივარ ქორწილებში, გასვენებებში, ბაზარში, ვნახულობ სასაფლაოებს, ვიხედები სადარბაზოებში, სოფლებში დავდივარ. კუბაში ვნახე, მიცვალებულის დასასვენებლად და შემდეგ უკვე გასასვენებლად ოთახი ჰქონდათ გაკეთებული. წარმოიდგინეთ, პატარა, სასტუმროს ტიპის სივრცე, ერთ ოთახში ერთი მიცვალებულია, მეორეში – მეორე და ასე შემდეგ. ყველაზე საინტერესო დატირება იყო იამაიკაში, ქრისტიანული ტაძარი იყო, ოღონდ რომელიღაც მიმდინარეობის. აფროამერიკელი, ეგზალტირებული შავკანიანი მამა მთელი ემოციებით საუბრობდა, თან, გარდაცვალებიდან მე-40 დღე იყო და ჯერ კიდევ არ იყო დასაფლავებული. უჩვეულო განცდა იყო, უცნაურიც, გადატენილი იყო დარბაზი, დასტიროდნენ გარდაცვლილს. ფილმებში რომ არის არისტოკრატულად ჩაცმული ხალხი: ფარფლებიანი ქუდებით, მაქმანებიანი კაბებით. კამერა რომ დამენახა, ვიფიქრებდი: ფილმს იღებენ-მეთქი.
– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, რამდენად სწორად აირჩიე ეს პროფესია?
– ნამდვილად კარგია, რომ ავირჩიე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბოლომდე არ დავრჩე ფოტოგრაფიაში. განათლებით კინოსცენარისტი ვარ და წერა მიყვარს. მინდა, რომ ვწერო. ერთწუთიანი ფილმებისთვის მაქვს სცენარები და ეს თუ არ გამოვა, ნაწარმოებებს დავწერ, სიუჟეტები მაქვს.
– წარმოგიდგენია საკუთარი თავი უმოქმედოდ?
– იმდენად ცოცხალი ვარ, იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ ერთ დღეს უმოქმედო, უუნარო ვიყო. ყოველდღე, საშუალოდ, 9 კილომეტრს გავდივარ. ხშირად 11-12-14 კილომეტრს. არასდროს გამისინჯავს. ნარკოტიკი და მოსაწევი. არც მაინტერესებს და არც მიდრეკილება მაქვს. ხანდახან სიგარას ან ჩილიმს გავაბოლებ ხოლმე, მაგრამ მალე მათზეც უარს ვიტყვი. დალევაც ზომიერად მიყვარს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ნებისყოფა, პატარა ასაკში კარგისა და ცუდის გარჩევა, ცდუნებისთვის თავის არიდება. რეალურად, შენ ხშირად გაცდუნებენ. როცა არ იცი, წამოეგები და მერე ხდები დამოკიდებული. ბავშვობაში ერთმა გოგონამ მარიხუანა შემომთავაზა, მაგრამ მე უარი ვუთხარი. თავიდან გასინჯვის სურვილი მქონდა, მაგრამ მერე ვთქვი: არა, ერთი ადამიანი მაინც იყოს, რომელსაც არ მოუწევია-მეთქი.
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ცდუნება, რაზეც ვერ თქვი უარი?
– მე ძალიან პროზაული ცხოვრება მაქვს, თუ არ ჩავთვლი მოგზაურობას. არაფრით გამორჩეული, არ მხვდება ხიფათები, ბრილიანტები გზაზე, ვერ ვიგებ დიდ თანხებს. მოკლედ, ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს.
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?
– ხერხემლის გამო ორი კვირა საწოლს ვიყავი მიჯაჭვული – ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სირთულე. 7-სანტიმეტრიანი თიაქარი მქონდა. ეს იყო ძალიან დამთრგუნველი, ვერ დავდიოდი, ვერაფერს ვაკეთებდი. ახლა წარსულს ჩაბარდა, 5 წლის წინ იყო. დეპრესიული ტიპიც არ ვარ. მახსოვს, 2006 წელი იყო, აზიური მოგზაურობიდან ჩამოვედი თბილისში. იქ ვიყავი სიცხეში, დროსტარებაში. ჩამოვედი, იანვარი იყო და იმავე დღეს წამოვიდა თოვლი, ყინვა, აფეთქდა გაზსადენი, შემიწყდა გაზი, წყალი და დენი. ორი დღე ვიყავი ბლოკადაში, ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მაგრამ ვთქვი: გოგა, ასე არ შეიძლება, არავითარი დეპრესია, თავის დახრა, მონახე ისეთი რამ, რაც ყოფას შეგიმსუბუქებს-მეთქი. ავიღე ფოტოაპარატი და დავდიოდი ქალაქში, ვიღებდი ფოტოებს და საკუთარი თავი თავად გამოვიყვანე ამ მდგომარეობიდან.
– რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც შენი შვილი დაიბადა?
– 19 მაისს 2 წლის გახდება. ვერ ვიტყვი, რომ რამე არსებითი შეიცვალა. ჩემი ცხოვრების სტილში – არაფერი. ძალიან მიყვარს ანიტა, პრანჭია გოგოა და უკვე ყველაფერს გაგებინებს. მინდა, რომ მამასა და დედას აჯობის სამშობლოს სიყვარულში, საქმეებში და ბედნიერებაშიც. ძალიან მიყვარს, მაგრამ ისეთი აქტიური მამა არ ვარ, როგორიც უნდა ვიყო. დროიდან საერთოდ ვარ ამოვარდნილი და ცოტა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ წამოიზრდება, წიგნებს წავუკითხავ, ბევრს ვატარებ. დედაზე ძალიან არის დამოკიდებული და იყოს დედასთან, თუ ასე ურჩევნია, არ მინდა რომ გავაწვალო. ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო. მე ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას. გული ძალიან მწყდება, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებ, რომ მამასაც სჭირდება შემოსავალი, რომ მას არაფერი მოაკლოს.
– როდესაც ანიტა დაიბადა, ბევრი ელოდებოდა, რომ მალე შენ და ნათია დაქორწინდებოდით. თუმცა, ეს ასე არ მოხდა.
– ეს ყველაფერი რიტუალები და ფორმალობაა. მთავარია, რა გაქვს გულში. ზოგადად, დიდი სუფრები არ მიყვარს, გავურბივარ.
– დაოჯახებას ერიდები?
– არაფერს ვერიდები, არასდროს გავურბივარ პასუხისმგებლობას. შინაგანი მეამბოხეობა მახასიათებს – არ გავაკეთო ის, რასაც ბევრი აკეთებს. ჩემი შინაგანი პროტესტი მაქვს ყოველდღიურობისა და მასობრიობის მიმართ.
скачать dle 11.3