№17 ვის დედებს მოიკითხავს ხშირად თამაზ ელიზბარაშვილი და რის გამო მიაყენა მან დიმა ობოლაძეს შეურაცხყოფა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ორი ვიდეო. ერთში ბიზნესმენი და ძაღლების თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილი თანამშრომელს, ბავშვობის მეგობარს, ვასილ, იგივე ბადრი ებრალიძეს ფიზიკურ შეურაცხოფას აყენებს და აგინებს, და მეორეში, სპორტულ კომენტატორს და წამყვანს, დიმა ობოლაძეს, სიტყვიერად უპირისპირდება. ზოგადად, ბატონი თამაზი, საკმაოდ მკაცრი და პირდაპირი ადამიანია და ყოველთვის იმას ამბობს და აკეთებს, რასაც ფიქრობს და თავად სწორად მიიჩნევს. მოუხადა თუ არა მან დიმა ობოლაძეს მეორე დღეს ბოდიში, რის გამო აქვს უფლება, მიაყენოს შეურაცხყოფა თანამშრომელს და ზოგადად, რის მერე გადაწყვიტა მან ძაღლების თავშესაფრის გაკეთება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამაზ ელიზბარაშვილი: ბავშვობაში არც ცხოველებზე ვფიქრობდი და არც არაფერზე, წიგნების გარდა. ვგიჟდებოდი წიგნებზე და ყველაზე დიდი საჩუქარი სწორედ, წიგნი იყო. წლების წინ დიდუბის რაიონში, წერეთელზე შევესწარი ვანდალურ აქტს: კორპუსებს შორის, სადაც უამრავი ქალი და ბავშვი მოძრაობდა, სტადიონი იყო, მაისის თვე იყო და კორპუსებიდან ხალხი იყურებოდა. ორ ახალგაზრდას სტადიონის „სეტკაზე“ ჰყავდა ჩამოკიდებული პატარა ძაღლი და დანით სერავდა. საწყალი ძაღლი, საშინელ ხმებს გამოსცემდა, მაგრამ ამ ხულიგნების წინაშე ყველა უსუსური იყო, ვერავინ ბედავდა მათთან მიახლოვებას. რასაკვირველია, ამ უბედურებაზე თვალის დახუჭვა და გვერდის ავლა არ შემეძლო. მივედი იმ ახალგაზრდებთან და კინაღამ ის დანა მეც დამარტყეს. იცით, რითი ახსენეს, ეს უბედურება? ამ უბანში საძმო გვაქვს და სადარბაზოში რომ შევდიოდით, ამ ძაღლმა დაგვიყეფაო. მოკლედ, დიდი გაწევ-გამოწევისა და გარჩევის მერე, ეს ახალგაზრდები წავიდნენ და ჩამოვხსენი საცოდავი, ნაწამები ძაღლი.
– პოლიცია რატომ არ გამოიძახეთ?
– არც ახლა ვარ და არც მანამდე ვყოფილვარ ქურდული მენტალიტეტის და ძველი ბიჭი. მაშინ, ჯერ კიდევ არ იყო პატრული და ვუთხარი იმ არაადამიანებს, ახლავე დავრეკავ პოლიციაში-მეთქი და ამის შეეშინდათ. მოკლედ, ეს ძაღლი ჩამოვხსენი, წავიყვანე, სამი დღე სახლში მყავდა და ვუვლიდი. ვერ გადავარჩინე, მოკვდა. ამის მერე, გადავწყვიტე, გამეკეთებინა ძაღლების თავშესაფარი. მამა მონადირეა და სულ ჰყავდა ძაღლი, მაგრამ მე, ჩემი არასდროს მყოლია. თუმცა, ამ ფაქტის მერე, რომ დავინახე ასეთი ვანდალიზმი ხდება ჩემს ქვეყანაში და არავინაა საცოდავი ცხოველების დამცველი, გადავწყვიტე, გამეხსნა თავშესაფარი და მეზრუნა მათზე, დამეცვა ადამიანის ოთხფეხა მეგობრები.
– ძალიან ბევრი ცუდი ჭორი თუ სიმართლე დაიწერა და გავრცელდა თქვენზე. არასდროს გინანიათ ამ ნაბიჯის გადადგმა და თავშესაფრის გახსნა?
– გააჩნია, რა ჭორებს ავრცელებენ. თუ ჭორაობენ, ესე იგი, ვიღაცას შურს შენი, აბა, სხვა რა უნდა ვთქვა?
– ბატონო თამაზ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც თქვენ გირეკავთ სპორტული კომენტატორი და წამყვანი დიმა ობოლაძე, რომელსაც თავშესაფარში ქუჩაში ნაპოვნი ლეკვების მოყვანა სურდა. ამ ვიდეოს, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან თქვენი მხრიდან იყო, სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმის გამო, რომ ის არასწორ მისამართზე მივიდა, გაბრაზდით, ეკამათეთ და ტელეფონი გაუთიშეთ. არადა, როგორც ვიცი, დიმა თქვენი მეგობარია. ასეა?
– თქვენ რომ გყავთ დიდი ხნის მეგობარი, დაგატყდათ უბედურება, რომელიც 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, სტიქიამ დაგინგრიათ სახლი-კარი, ყველაფერი, გავიდა 3 წელი ამ სტიქიიდან, გირეკავთ ეს მეგობარი და თან, არც მაშინ შეწუხებულა და მოსულა, როცა სტიქია მოხდა, არ უკითხავს, აბა, ჩემო კარგო მეგობარო, რა მოხდა, როგორ ხარო... სამი წლის მერე, გაახსენდი და მივიდა იმ მისამართზე, სადაც აღარაფერია და გეუბნება მოვედი შენთან და ლეკვები მოგიყვანეო, რას უპასუხებდით? მე დიმასთან ვმეგობრობდი. იმ სტიქიის დროს და მერე, მთელი სამი წელი არ გავხსენებივარ და როცა დასჭირდა, მოვიდა და თან სად? სადაც აღარაფერია, ძაღლების თავშესაფარი მიწასთანაა გასწორებული. თქვენ რას ეტყოდით? არ გაბრაზდებოდით? ორი ჩემი თანამშრომელი დაიხრჩო, თავშესაფარი წყალმა წაიღო, არ მოსულხარ, მირეკავ და ისიც არ იცი, იქ რა მოხდა, რა რეაქცია მექნებოდა? ხომ არ დავიწყევლები, უბრალოდ, ყველას დედას მოვიკითხავ და მოკითხული მყავს, ვინც სტიქიის მერე არ მისულა და არ დაინტერესებულა, იქ რა ხდება! ვინც ამ ვიდეოზე კომენტარები დაწერა, დავურეკე და ვუთხარი, თქვე „ფეისბუქის“ წრუწუნებო, მანდ რომ მწერთ რაღაც-რაღაცებს, როგორ გაბედე და როგორ ელაპარაკე დიმას ასეო, ჩემი მეგობარიც რომ არ ყოფილიყო, უცნობსაც იგივეს ვეტყოდი. როცა ამხელა უბედურება მოხდა, მთელი საქართველო ფეხზე იდგა და სვანიძის ქუჩაზე რომ აღარაფერი დარჩა, ჟურნალისტმა არ უნდა იცოდეს? კიდევ ვამბობ, ორი თანამშრომელი დამეღუპა და ტალახში ვეძებდით, გვამი რომ ამოგვეღო და ეს დიმამ არ იცოდა? ჰოდა, გავბრაზდი და ყველას დედები მოვიკითხე და მოკითხვაში რას ვგულისმობ, მიხვდებიან. მე ყოველდღე მივდივარ ძაღლების თავშესაფარში და ჩემი ხელით ვაჭმევ მათ. სხვათა შორის, დათვებიც მყავს. სახლიდან რომ გავდივარ, სანამ თავშესაფარში მივალ, „ფეისბუქზე“ ვრთავ ლაივს, ანუ ეს არის „გზა თავშესაფრამდე“ და ვყვები, რამდენი ძაღლი მივიღეთ, რამდენი გაჩუქდა, რა ხდება... ინფორმაციას ვაწვდი საზოგადოებას. ზარი თუ შემოვიდა, პასუხსაც ვცემ და სწორედ ამ დროს დარეკა დიმამ, ლეკვები ვიპოვე და მოვიყვანეო. ბევრი შავ პიარს მიგორებს და არც კი იციან, რომ ამით ვერაფერს დამაკლებენ.
– მართალია, რომ მეორე დღეს, დიმა ობოლაძეს დაურეკეთ და ბოდიში მოუხადეთ?
– მეორე დღეს არა, იმ დღესვე გადავურეკე და ვუთხარი: კარგი, ჯანდაბას, მეწყინა, ხომ იცი პირდაპირი ვარ და რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ... დავივიწყოთ... რომ მიხვედი და მირეკავ, აქ ვარ და არავინ გამოდისო, იმ ნანგრევებიდან და უბედურებიდან ვინ უნდა გამოსულიყო? სირცხვილი შენი, რომ არ იცი-მეთქი. კაიროს ქუჩაზე ვიყიდე მიწა, დახმარების გარეშე, არავინ დამდგომია გვერდით, ჩემი ფულით გავაკეთე ახალი თავშესაფარი და აქ ვარ და მომიყვანე ლეკვები-მეთქი. მიპასუხა, ნაწყენი ვარ და მე არ მოვალ, სხვას გამოვატანო. ვუთხარი, შენ კი არა, მე უნდა ვიყო ნაწყენი, ეს რომ არ იცი. თუ გაწყენინე ბოდიშს მოგიხდი, მაგრამ ნაწყენი მე ვარ და საბოდიშო შენ გაქვს-მეთქი. ასე დამთავრდა ჩვენი საუბარი. ლეკვები მომიყვანეს, დავაბინავე და გავაჩუქე კიდეც.
– ახსენეთ, შავ პიარს მიგორებენო. რაში და ვის სჭირდება? სხვათა შორის, საკმაოდ კრიტიკული, კონფლიქტური კაცის იმიჯი გაქვთ...
– კიდევ ვამბობ, ძალიან პირდაპირი ვარ და ვამბობ იმას, რასაც ვხედავ. ერთი ბიზნესმენი მანახეთ საქართველოში, ვინც გამოდის და აკრიტიკებს ღიად იმ კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს, ვინც ბიუჯეტის ფულს იპარავენ და ქვეყანაში არაფერს აკეთებენ. ჩემ გარდა, ვინმე გინახავთ? დამისახელეთ! თუ ვინმე დამისახელებს, 2 ათასი ლარი მაქვს ჯილდო დაწესებული. იცით, როდის მოხდება ჩვენი ქვეყნის განვითარება? როცა ქართველები მივეჩვევით ერთ რამეს – მთავრობას და ხელისუფლებას რომ ავირჩევთ, იმის შნო უნდა გვქონდეს, მოვთხოვოთ იმის შესრულება, რასაც წინასაარჩევნოდ გვპირდებოდნენ. რომელი ბიზნესმენი გინახავთ, გამოსულიყო და მოეთხოვა, რომ მპირდებოდი კომუნალურზე, ბენზინზე, წყალზე, გაზზე ფასის დაწევას, სამოთხეში ცხოვრებას, სად არისო? სად არიან, რატომ არ გამოდიან? მე კი, 2 ათასი ლარი ჯიდლო დავაწესე, რომ პასუხი გავცე მოსახლეობას იმ კითხვაზე, ვინ მიგორებს შავ პიარს. მე კი ვიცი პასუხი, შავ პიარს მიგორებენ ის მაღალჩინოსნები, თანამდებობის პირები, ვისაც მე ვაკრიტიკებ და პირდაპირ მივუთითებ, რომ თქვენ ხართ ქურდები და კორუმპირებულები, ბიუჯეტისა და ქვეყნის ფულს ჭამთ და მოსახლეობა ფეხებზე გკიდიათ-მეთქი.
– პასუხი გცოდნიათ და რატომღა აწესებდით ფულად ჯილდოს?
– მე კი ვიცი, მაგრამ ხალხმა ხომ არ იცის? ყველა მეკითხება, რატომ გებრძვიან და რატომ გიგორებენ შავ პიარსო. მხოლოდ ერთი, საქართველოში მოქმედი ბიზნესმენი დამისახელეთ ჩემ გარდა, რომელიც ამხელს კორუმპირებულ მაღარლჩინოსნებს და ორი ათას ლარს ვჩუქნი!
– ბატონო თამაზ, აუცილებლად უნდა გკითხოთ მეორე ვიდეოზე, რომელიც ასევე სოციალური ქსელით გავრცელდა და კარგად ჩანს, როგორ აყენებთ ფიზიკურ შეურაცხყოფას და აგინებთ თავშესაფრის თანამშრომელს, ვასილ ებრალიძეს. მან კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ელიზბარაშვილი თავშესაფარში უნდა დატოვონ, ძაღლებთან ერთადო. ამაზე, რა კომენტარს გააეკთებთ?
– ვასილ, იგივე ბადრი ებრალიძე, ვისაც მე თავში ხელი წამოვარტყი, არის ადამიანი, რომელიც ჩემი ბავშვობის, ტრუსიკის მეგობარია, ერთ უბანში გავიზარდეთ, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. სასმელისკენ არის მიდრეკილი, სამჯერ მეწვა საავადმყოფოში სამკურნალოდ, სადაც ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანებს მკურნალობენ. მამა არ ჰყავს და დედასთან იზრდებოდა. რადგან ჩემი ბავშვობის მეგობარია, ხელს ვერ ვკრავ, ასე რომ მოვიქცე, სიცოცხლე სანაგვე ურნასთან უნდა დაასრულოს, როგორც ბომჟმა, რაც არ მინდა. მაგრამ, ეს დედააფეთქებული, მისმა ორგანიზმმა გამოიმუშავა იმუნიტეტი და ამპულაჩადგმულმა, ისევ დაიწყო სმა. ერთი ჭიქა არაყი საკმარისია, რომ გააპათოლოგოს. 2015 წელს სტიქიამ, სვანეთის ქუჩაზე სახლი დაუნგრია, მთვრობამ კომპენასაცია არ მისცა, ჩემი სახცოვრისი და ბინა დავუთმე, სამსახური მივეცი. 10 ათასი ჯიდლო მაქვს დაწესებული იმ ადამიანზე, ვინც მომიტანს საბუთს, რომ მე ვინმე მეხმარება, უცხოური ორგანიზაცია, ან ჩვენი მთავრობა, ან გრანტი მაქვს აღებული... ჩემი ფულით ვაკეთებ ყველაფერს, ჩემს შვილებსა და ოჯახს ვაკლებ და ჩემი მეგობარი, რომელსაც დავეხმარე და ამდენს ვუკეთებ, სამუშაო საათებში რომ სვამს და მანქანაზე ნასვამი ჯდება, ის მანქანა ჩემს სახელზეა და რამე უბედურება რომ მოხდეს, დაეჯახოს ადამიანს, ვის მოჰკითხავენ პასუხს? ის ხომ დაღუპულია და მეც მხვევს შარში. იმ დღეს, სამი დღის მიტოვებული, უჭმელ-უსმელი, ტრასაზე მიბმული ძაღლის შესახებ უცხოელმა დამირეკა და რასაკვირველია, მაშინვე წავედი ადგილზე. გამოვიძახე სამაშველო ბრიგადა და ბადრი მთვრალი დაჯდა საჭესთან, არც აღჭურვილობა წამოიღო, ფეხზე ძლივს იდგა. თქვენ რას იზამდით? ვუთხარი, რამდენი ამაგი მაქვს შენზე, რატომ მღალატობ, გინდა შარში გავეხვე და ციხეში წავიდე-მეთქი. და, იცით რა მიპასუხა? როცა ხოში მაქვს, მაშინ დავლევო. ეს რომ მითხრა, თავშიც წამოვარტყი, ვაგინე, მაგრამ სამსახურიდან არ გამიგდია. რომ გავაგდო, ვინ მიხედავს?
– ისევ რომ მთვრალი დაჯდეს და უბედურება მოხდეს, მერე როგორ იმართლებთ თავს?
– მეგობარს, რომლშიც ამხელა შრომა მაქვს ჩადებული, სამჯერ ჩემი ფულით ვუმკურნალე, სახლი მივეცი, სამსახური, ჩემი ჯიბიდან, ყოველთვე 1 600 ლარს ვაძლევ და მღალატობს, მადლობას არ ვეტყვი, წამოვარტყამ კიდეც და ვაგინებ, მაგრამ ვერც გავწირავ.