კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 როგორ ისწავლა ნანიკო ხაზარაძემ საკუთარი ცხოვრებიდან ადამიანების გაშვება და როდის არის ის „მხეცი“

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

23 აპრილს „იმედის” ეთერში მუსიკალური პროექტი „X ფაქტორი” იწყება, რომელის ჟიურის ერთ-ერთი წევრი ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძეა. მისთვის ამ პროექტის ჟიურიში ყოფნა ახალი გამოწვევა და საპასუხისმგებლო საქმეა.
ნანიკო ხაზარაძე:
დამირეკეს: საქმე გვაქვსო. ცხადია, ძალიან ბევრი ვერსია დატრიალდა ჩემს ტვინში – თუ რაზე შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენი შეხვედრა. საბოლოოდ, ვარ ჟიურის წევრი. 3-4 წამი ვფიქრობდი: რა მინდა იქ, შევძლებ, ავიღო საკუთარ თავზე ეს პასუხისმგებლობა-მეთქი, მაგრამ მყისიერად დავთანხმდი. და ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე.
– ჟიურიში ყოფნა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა.
– ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს დისტანციურად ჰგონიათ ადამიანებს. მარტივად ჩანს: აფასებ ადამიანს, უი, არა... მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან რთულია. შენ ელაპარაკები ადამიანს, რომელსაც თავისი შეგრძნებები, ემოციები აქვს, მოდის მომზადებული, მონდომებული, რომ მაქსიმუმი დადოს. და ამ დროს შენ მშვიდი, გაღიმებული სახით უნდა უთხრა: კარგი გოგონა ან ბიჭი ხარ, მაგრამ წადი სახლში. რთულია.
– რა იყო ყველაზე რთული ქასთინგების პერიოდში?
– ქასთინგები უკვე დავასრულეთ. წინ გვაქვს რამდენიმე სირთულე. ჩვენი გადარჩენილი მონაწილეებიდან კიდევ უნდა გადავარჩიოთ, შემდეგ გუნდებად უნდა გავიყოთ: ვის ვინ შეხვდება, ჯერ არ ვიცით. შემდეგ უკვე 4 სკამი, რომელიც ძალიან რთული იქნება: რადგან შენი გუნდია, მათ კარგად იცნობ და პირდაპირ უნდა უთხრა: შენ ძალიან კარგი ხარ, მაგრამ სახლში უნდა წახვიდე. ვფიქრობ, მთავარი სირთულე წინ მაქვს მე პირადად, უფრო სწორად, ოთხივეს.
– ოდესმე ასეთი ტიპის კონკურსში მონაწილეობას გაბედავდი?
– ვერა, ვერა. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ იყო, როდესაც გადავირიე, რადგან პირველ სეზონში ვერ მოვხვდი. დიდი თხოვნების შემდეგ მეორე სეზონში მითხრეს: კარგი, მოდიო. პირველივე რეპეტიციის დღეს, სცენაზე რომ დავდგი ფეხი, მივხვდი: ეს არ არის ჩემი ადგილი-მეთქი. გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში კარგად უნდა ფლობდე სხეულს, თავს. ასევე, გჭირდება უკიდეგანო შრომა და დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მე არ გამაჩნია.
– რას გულისხმობ?
– ჩემს საქმესთან დაკავშირებით – კი, მაგრამ ეს არ იყო ჩემი საქმე. იქ არის კონკურენცია, იქ დგანან მხეცები და შენ უნდა შეერკინო მათ. მე ეს ჟინი არ მაქვს. თან, არ მომწონს და არ ვიზიარებ, რომ კონკურსში მთავარი მონაწილეობაა. კონკურსში მთავარია მოგება. ყველას აქვს განცდა, რომ უნდა მოიგოს. შესაბამისად, თუ რომელიმე კონკურსში წავალ, ისე უნდა წავიდე, რომ რეალურად გავიმარჯვო, სხვა შემთხვევაში, უარს ვიტყვი.
– ცხოვრებაში ბევრი „მხეცი“ გვხვდება. მათთან ბრძოლოს ჟინი გაქვს?
– ცხოვრებაში მე თვითონ ვარ „მხეცი“. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მტაცებელი ვარ, ვჭამ ჩემზე სუსტს. რასაც ვკიდებ ხელს, ის ბოლომდე მიმყავს – ამას ვგულისხმობ სიმხეცეში. ზედაპირულად არაფრის კეთება არ მიყვარს. რა საქმეც უნდა ავიღო, შეიძლება, ის ჩემი საქმე არც იყოს, მაგრამ თუ ავიღებ, ბოლომდე ვაკეთებ. ამ გაგებითი ვარ „მხეცი“. ფარ-ხმლის დაყრა არ ზის ჩემს ხასიათში. თუ დამაყრევინებენ, ცხადია, დავყრი და წავალ. მაგრამ მირჩევნია, არ დამაყრევინონ.
– შენს ცხოვრებაში ასეთი შემთხვევები ყოფილა?
– კი, ყოფილა. ტელევიზიაში იმდენი წელია, ვმუშაობ, არა ჩემი სურვილით იმდენი ადგილი მაქვს გამოცვლილი... ჩვენს ქვეყანაში სულ რაღაც ხდება და ტელევიზია არ არის სტაბილური ადგილი, სადაც შეგიძლია, ფეხი ფეხზე გადაიდო. მუდმივად სტრესში ხარ, ხვალ როგორი დღე გაგითენდება, არ იცი. მაგრამ, ფაქტია, რომ სამსახური შევინარჩუნე. ვის მოვწონვარ, ვის არა, ეს სხვა საკითხია. ერთი რამ ცხადია: ამდენი წელია მაინც აქ ვარ.
– ძველ ნანიკოსთან დღემდე ხდება ხოლმე ასოცირება? „ტოროლა“ ნანიკო რამდენად ახსოვს მაყურებელს?
– კი, „ტოროლები“ მაინც რჩება ჩემს ნათელ წერტილად, რაც მაყურებელსაც ახსოვს. ამდენი წელი გავიდა და ქუჩაში ან მაღაზიაში ადამიანებთან საუბარი, „ტოროლებით“ იწყება. „X ფაქტორი“ სხვა ფორმატია, მძიმე თემებს ვეხებით, გართობა ნაკლებად არის. „ტოროლები“ თავიდან ბოლომდე პოზიტივზე იყო აწყობილი. ტელესივრცეში ასეთი ფორმატი პირველებმა შევთავაზეთ მაყურებელს. სულ ვიცინოდით, მთლიანად ჩვენს ხასიათზე ვიყავით დამოკიდებული. მე რა საქმესაც მოვკიდებ ხელს, ეს არის ჩემი. სულ ერთია: სოციალური საკითხები იქნება, პოლიტიკა თუ გართობა. რაც არ მომწონს, იმას არ გავაკეთებ. ყოფილა შემოთავაზებები, სადაც საკუთარი თავი ვერ დამინახავს და მითქვამს უარი, ასეთი ბევრი ყოფილა.
– რა სჭირდება ნანიკოს ბედნიერებისთვის?
– არ ვიცი. შეიძლება, დღეს გამაბედნიეროს ბუფეტში გემრიელმა კატლეტმა, მეგობარმა... ყველაფრისგან შეიძლება ბედნიერების მიღება, ბევრი პატარა დეტალი აბედნიერებს ადამიანს, თუ ადამიანის გარშემო რამე ისეთი არ ხდება, რასაც ეს ვერ უშველის.
– როგორი ხარ რთულ პერიოდებში?
– გარდა იმისა, რომ ყველამ ერთად ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ, მე ჩემი მქონდა, თუნდაც ფიზიკური ტრავმა. მაგრამ ამას, როგორც სირთულეს, ისე არ ვუყურებ. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, არის გამოცდილება, რომელმაც შემქმნა მე. რომ გამომაკლო ის, რაც ჩვენ გავიარეთ, რაც მე გავიარე, ალბათ, არ ვიქნებოდი ეს ნანიკო, ვიქნებოდი სახეცვლილი. ამიტომ მთავარია, არ ვიწუწუნოთ, არ დავრჩეთ იმ ტკივილში, გამოვიყენოთ და  ჩვენს განვითარებაში გადავზარდოთ.
– გქონია მომენტი, როდესაც გარკვეული ხანი შენს ტკივილში დარჩენილხარ?
– არა. როცა ასეთი რამ ხდებოდა, ეთერში ვიყავი. მაყურებელს, არავის არასდროს გაუგია ეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რთული პერიოდი მაქვს გამოვლილი. რა საჭიროა, ყველამ იცოდეს. ამ დროს დავჯდებოდი ეთერში – გამარჯობა...
– და რა ხდებოდა მაშინ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებოდი?
– სახლში არ ვლაპარაკობ, ძალიან ჩუმი ვარ. საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ, არ მჭირდება ბევრი საუბარი, ბევრი ადამიანი, რომ გამოვთქვა ჩემი ტკივილი თუ სათქმელი. ჩემი ნეგატივისა და პოზიტივის ვენტილაციას საკუთარ თავთან ვახდენ.
– რა არის შენი ყველაზე დიდი სისუსტე, რასაც ებრძვი?
– სიფიცხე. ვერ მოვთოკე.
– როდის იჩენს თავს?
– მაშინ, როდესაც ძალიან მეხებიან. შესაძლებელია, სიფიცხის გარეშეც დაარეგულირო, მაგრამ ძალიან მყისიერი რეაქცია მაქვს ხოლმე. ძაღლს რომ გააბრაზებ, დაახლოებით ასეთი რამ მემართება, პირდაპირ „ატაკაზე“ მივდივარ. მალე ვერ ვმშვიდდები, მალე ვერ ვივიწყებ რაღაცებს.
– შეგიძლია, ადამიანების შენი ცხოვრებიდან გაშვება?
– ადამიანების ჩემი ცხოვრებიდან გაშვება ვისწავლე. არ მაქვს იმდენი დრო, რომ ნერვები ვიშალო და ვხარჯო დრო იმ ადამიანებზე, რომლებიც არაფერს მაძლევენ. ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი მყავს გაშვებული თავის გზაზე.
– რომ დავუბრუნდეთ „X ფაქტორი“, ჟიურის წევრები ხშირად კამათობდით?
– რაღაც ეტაპზე გავბრაზებულვარ სტეფანეზე. არ მოსწონს ჩემი ტაში, რა გავაკეთო. ვერ დავარეგულირე ისეთი ტაში, მას რომ მოეწონოს. ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. არავის აქვს რამე როლი მორგებული, ფუნქციებიც არ გვაქვს გადანაწილებული, ჩვენ იმიტომ ვართ იქ, რომ ვართ ჩვენ.
– ალბათ, იბრძოლებ მოგებისთვის.
– რამდენად მოვიგებ, არ ვიცი, ცხადია, მინდა. არ ვიცი, ვინ შემხვდება, ჯერ ვერ დავაცდენინე ვერავის. ყველაზე მეტად არ მინდა, ბავშვები რომ შემხვდენენ. ისინი ემოციურად უფრო მეტად გახსნილები, შიშვლები არიან. მათთან ურთიერთობაც ბევრად უფრო ფაქიზი უნდა იყოს და ემოციურად ამას ვუფრთხი.
скачать dle 11.3