№17 ვინ სწერდა განო მელითაურს კოტეს გარდაცვალების შემდეგ შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს და გამხდარა თუ არა ის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი
გასულ კვირას მსახიობ კოტე თოლორდავას დაბადების დღე და ამასთან ერთად, მისი გარდაცვალების სამი წლისთავი იყო. მისი წასვლის შემდეგ, მის მეუღლეს, განო მელითაურს, დამოუკიდებლად მოუხდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა და როგორც თავად ამბობს, ამ განსაცდელმა ძალიან გაზარდა. მასთან საუბარი ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტით დავიწყეთ, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში წერდა.
განო მელითაური: ძალიან ცუდი ინციდენტი შემემთხვა. ქუჩაში სრულიად დაუმსახურებლად ორმა ადამიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. ძალადობაზე ძალადობით პასუხს, ბოდიშის მოხდა ვარჩიე და მაშინვე ვთხოვე მათ, რომ ბოდიში მოეხადათ. რადგან ისევ უზრდელურად მიპასუხეს, ვუთხარი, რომ საჯაროდ მოვახდევინებდი ბოდიშს. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარიც კი გაკვირვებული იყო, რა საჭირო იყო ამის გასაჯაროებაო. ჩემ გარშემო არიან მამაკაცები, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ ამ პრობლემის მუშტი-კრივით, „ღრუზინულად“ მოგვარება. მაგრამ ასეთ სიტუაციაში შეიძლება, ბევრი ქალი აღმოჩნდეს, რომელთაც ჩემნაირი მეგობარი მამაკაცები არ ჰყავთ გვერდით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სამოქალაქო თვითშეგნება ამ თვალსაზრისით ავიმაღლოთ. მიხარია, რომ იმ ადამიანმა ბოდიში მომიხადა, როგორც პირადად, ისე საჯაროდ. იმავე საღამოს გამომეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყებები, თუმცა, მე არ ვარ ტიპი, რომელიც ვიღაცას დააჭერინებს, მე მხოლოდ ამ ადამიანის ბოდიში მჭირდებოდა. მინდოდა, მას გაეგო, რომ ცუდად მოიქცა და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი. ძალიან ბევრი დარტყმა მივიღე ამის გამო, ბევრი კეთილმოსურნე გამოჩნდა, ვინც ჭკუას მარიგებდა, მაგრამ მე არ მინდოდა ამ პრობლემის სხვანაირად მოგვარება. ის ადამიანები ისე მოიქცნენ, ყველაფრის ღირსები იყვნენ, მაგრამ გამიმართლა, რომ იმ მომენტში მარტო ვიყავი და არა მამაკაცთან ერთად. ჩვენ გარშემო ძალადობა ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. მაგრამ მე ბავშვობიდან ძალიან სამართლიანი ვიყავი. არც თანამდებობის პირებისთვის მომრიდებია არასდროს სიმართლის სახეში აწებება. ამის გამო ძალიან სოლიდური თანამდებობიდანაც წამოვსულვარ.
– ბოლო დროს ქალბატონებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი სექსუალური შევიწროების შესახებ. არ ჰქონიათ შენ მიმართ მსგავსი მცდელობები ან შემოთავაზებები სხვადასხვა დაპირებებით?
– არასდროს დამჭირვებია ვიღაცის ფინანსური დახმარება. როცა ჩემს ცხოვრებაში უბედურება მოხდა და საზოგადოება ჩემ გვერდით დადგა, მაშინ სხვა რეალობა არსებობდა. დღეს, ისევე როგორც ყოველთვის, დამოუკიდებელი ვარ. თუმცა, უღირსი ადამიანები ყველგან არსებობენ და გვინდა, არ გვინდა, ეს ხდება. უბრალოდ, მე მგონია, რომ როგორც შენ მიაწვდი საზოგადოებას საკუთარ თავს და პირველ რიგში, საკუთარ მეს, ზუსტად ისე მიგიღებენ. ზოგადად, თუ განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, ასეთ სიტუაციებში მგონია, რომ ქალბატონებსაც მოგვდის შეცდომები. არ მიმაჩნია, რომ ქალს თავის დაცვა არ შეუძლია. ჩვენი ცხოვრება ისე უნდა წავიყვანოთ, რომ ჩვენზე ვერ იძალადონ. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევაა, როცა ქალბატონებს წასასვლელი არსად აქვთ, შეიძლება ქუჩაში შეგხვდეთ მოძალადე მანიაკი და ასე შემდეგ, ასეთი სიმახინჯეები ყოველთვის ხდებოდა და სამწუხაროდ, მისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ პირადად მე, როგორც კი მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა და რეალურად დაუცველი ვარ, ვცდილობ, გადავაადგილდე იმ დროს, როცა შედარებით უსაფრთხოა. ვიმოძრაო ჩემთვის უსაფრთხო სივრცეებში, ვიურთიერთო ადამიანებთან, ვისთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ამის გაკეთება ყველას შეუძლია. პირადად მე, სექსუალური შევიწროების მსხვერპლი არასდროს გავმხდარვარ, ღმერთმა დამიფაროს. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, კოტეს შემდეგ, არაერთი მსგავსი შემთხვევა მქონდა. როცა, ასე თუ ისე, კარგად გამოიყურები, ლამაზი და წარმატებული ხარ, შენ გარშემო ყოველთვის იარსებებს შენით დაინტერესებული საპირისპირო სქესის წარმომადგენელი. თუმცა ქალზეა დამოკიდებული, როგორ წაიყვანს ამ ყველაფერს. იყვნენ თაყვანისმცემლებიც, ცოტა უზრდელი ადამიანებიც, რომლებსაც ეგონათ, რომ შეუძლიათ, ქუჩაში შემხვდნენ და საღამოს ვახშმობა შემომთავაზონ, ააფეთქონ ჩემი სოციალური ქსელი. სწორი საქციელით ასეთი ადამიანების დაბლოკვა შეიძლება. კოტე ცოცხალი იყო, როცა ვიღაც ავადმყოფი დამდევდა. ტელევიზიაში წერილები მოჰქონდა. სამწუხაროდ, კოტემ ვეღარ მოასწრო მისი მოძებნა – იცით, მისი ბოლო გაფრენა მოსკოვში, რითიც დასრულდა. ზუსტად ამ გაფრენის წინ, კოტე და ტელევიზიის დაცვის წევრები ერთად ცდილობდნენ ამ ადამიანის იდენტიფიცირებას. ძალიან დიდხანს მქონდა შიშები, იმიტომ, რომ ეს ადამიანი საშინელ წერილებს მწერდა. მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ მითვალთვალებდა. მერე გამოჩნდა სოციალურ ქსელში და ჩემთვის საშინლად შეურაცხმყოფელ და მიუღებელ წერილებს მწერდა. მეუბნებოდა, რომ მე აუცილებლად მას დავუკავშირებდი ცხოვრებას. ეს იმ ტრაგედიის შემდეგ ხდებოდა და მაშინ ლოლიტაზე ვიყავი ფეხმძიმედ. საბოლოოდ, ჩემი მეგობრები დამეხმარნენ მის დაბლოკვაში, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ ორი წლის განმავლობაში, დღის მეორე ნახევარში სადარბაზოში მარტო ვერ შევდიოდი.
– რაც შეეხება კოტეს, მეოთხე წელი დაიწყო მისი გარდაცვალებიდან.
– ახლახან იყო კოტეს დაბადების დღე და გარდაცვალების დღე. ვენიდან პირდაპირ სასაფლაოზე მივედი. გულმა არ გამიძლო და დავბრუნდი იმისთვის, რომ ამ დღეს ჩემს შვილებთან ერთად ვყოფილიყავი. წელს ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. საფლავზე მე, ჩემი შვილები, ოჯახის წევრები და კოტეს მხოლოდ ორი მეგობარი ვიყავით. ბავშვებმა რომ მითხრეს, რატომო? ავუხსენი, რომ დედამიწა ტრიალს განაგრძობს, ყველას თავის ცხოვრება და პრობლემა აქვს. ვერავის დაავალდებულებ, შენთან ერთად იგლოვოს. ჩვენ აღარ ვგლოვობთ, თავიდანვე ვცდილობდი, ბავშვებისთვის ცივილურ ენაზე ამეხსნა, რაც მოხდა და ჩვენ არსებობას ვაგრძელებთ. ეს არის უმძიმესი დღე, რომელმაც ყველა დაგვანგრია. მაშინ ბევრი რამ მწყინდა ჩემი გარშემო მყოფებისგან, მაგრამ ახლა ვხვდები, ეს ამბავი იმდენად დიდი ცუნამივით დაგვატყდა თავს, რომ წყობიდან გამოვედით და რაციონალური აზროვნების უნარი დავკარგეთ.
– რაც შეეხებათ ბავშვებს და მით უმეტეს, პატარებს, რომლებსაც მამა შენ უნდა გააცნო...
– ძალიან რთულია, მაგრამ გამიმართლა, რომ ასეთი შვილები მყავს. მათ იციან, რა მოხდა. ლოლიტა არ იცნობს მამამისს, მაგრამ ცნობს მას ხმაზე და ძილი ნებისას ეუბნება ყოველღამე. ორი წლის ლოლიტამ დაულაგა მამას სასაფლაო და სანთელი დაუნთო. იციან, რომ ყოველდღე უკეთესები უნდა იყვნენ, იმიტომ, რომ მამას ეს გაეხარდება. მე მათ ამ ტრაგედიას თავს არ ვახვევ. მათ ცხოვრებაში დადგება ეტაპი, როცა უფრო სიღრმისეულად გაივლიან ტრაგედიას, რომელიც ჩემს თავს მოხდა. მაგრამ ახლა მინდა მათ ისეთი ბავშვობა ჰქონდეთ, როგორსაც ნებისმიერი ბავშვი იმსახურებს. თუმცა, ჩვენს ყოველდღიურობას სევდა ლაიტმოტივად გასდევს. როცა შორიდან, როგორც დამკვირვებელი, ისე ვუყურებ ამ სიტუაციას, გული მწყდება, იმიტომ რომ ბევრი რამ აკლიათ. მამის შვილებთან ურთიერთობა სხვა ფენომენია, მით უმეტეს, კოტე შვილებზე გადაყოლილი მამა იყო. სულ ვცდილობ, დანაკლისის გრძნობა არ გაუჩნდეთ, მაგრამ ვხვდები, რომ კოტეს ვერასდროს ვერავინ შეუცვლით. ტასო ამ თემასთან მიმართებით ცოტა ჩაკეტილია. მამამისს ძალიან ჰგავს, უმძიმესი ხასიათი აქვს, თან, ახლა გარდატეხის ასაკი ეწყება და ძალიან ხშირად გვაქვს დაძაბულობა. მან ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და შეიძლება, ზუსტად ამიტომ, რაღაცებს ვპატიობ და გაასმაგებულ კომფორტს ვუქმნი. მიხარია, რომ შვილებს ღირსეულ ადამიანებად ვზრდი.
– ბოლოს, კარგი სიახლეების შესახებ ვისაუბროთ.
– იცით, რომ მაქვს ჩემი ტანსაცმლის ბრენდი „კომბინიზონა“. ახალ სიმაღლეზე გადავდივარ და ჩემს პარტნიორთან ერთად ვცდილობ, საქართველოს ფარგლებს გავცდეთ. საქართველოში ძალიან რთულია სანდო პარტნიორის შოვნა, ყველას „პოსლეზე“ უნდა გაკეთება. მე ევროპული განათლება მაქვს, ბოლო პერიოდში ევროპულ კომპანიებში ვმუშაობდი და ეს ქართული, გაურკვეველი გაგება ჩემთვის ცოტა მიუღებელია. იყო იმედგაცრუებები და დაცემები, მაგრამ ვფიქრობ, ნებისმიერი ინოვაციური სტარტაპისთვის ეს აუცილებელი გზაა. „კომბინიზონა“ და ჩემი ინოვაციური კვლევა „ფერების მიმღებლობის შესახებ“ ევროპის საუკეთესო სტარტაპებში მოხვდა. მიწვეული ვიყავი პოლონეთში, მაგრამ აღდგომასა და კოტეს გარდაცვალების დღეს დაემთხვა ეს ყველაფერი. ვიღაცებს გიჟი ვგონივარ, მაგრამ ვერ დავუშვებდი, ჩემი შვილები მარტო გამეშვა საფლავზე და ამ სამიტზე ამიტომ არ წავედი. მაგრამ იმდენად მჯერა იმ საქმის, რომელსაც ვაკეთებ, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ასეთი წარმატება იქნება.