№17 რა პრობლემებს იწვევს სექსუალური თავშეკავება და რა არის წყვილებს შორის სექსუალური დისჰარმონიის მიზეზი
სექსუალური ცხოვრება ადამიანისთვის აუცილებელია. უპირველესად, ის ფიზიოლოგიურად აგვარებს ჰორმონალურ ბალანსს. ხდება ფსიქოემოციური განტვირთვა, ადამიანი მუდმივად იმყოფება პოზიტიურ განწყობაზე. სექსუალური ცხოვრების არევას კი, უამრავი დარღვევა მოჰყვება. რა პრობლემებს იწვევს სექსუალური თავშეკავება და როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება, გვესაუბრა კანისა და ვენერიულ სნეულებათა ეროვნული ცენტრის ექიმი-დერმატოვენეროლოგი, ფსიქოსექსოლოგი იოსებ შურღაია: ფსიქოსექსოლოგები გამოყოფენ სექსუალური თავშეკავებულობის სამ ნაირსახეობას: პირველი არის ნებაყოფლობითი, მეორე – იძულებითი და მესამე – სოციალურ-ასაკოვანი. ნებაყოფლობითს მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელიც თავის ნებითა და სურვილით ინარჩუნებენ სექსუალურ თავშეკავებას. ესენი არიან სასულიერო პირები; ისინი, რომლებიც ტრადიციების გავლენით უარს ამბობენ სექსუალურ ცხოვრებაზე; მორწმუნეები, რომლებიც იცავენ მარხვას, ასევე ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა შეხედულების გამო იკავებენ თავს. ამის გარდა, ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან სპორტსმენები – ნაწილობრივ, იძულებითაც და ნებაყოფლობითაც, იმიტომ რომ შეჯიბრებების პერიოდში მათ სექსუალური ცხოვრება ეკრძალებათ. არის ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც იძულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგალითად, ონკოლოგიური დაავადებები), არ აქვთ სექსუალური ცხოვრება. ასევე, მამაკაცები, რომლებსაც აქვთ ერექციული დისფუნქცია, შორს წასული შაქრიანი დიაბეტის სხვადასხვა ფორმების, აგრეთვე სასქესო ორგანოების თანდაყოლილი ანომალიების დროს. არიან ჯარისკაცები, მეზღვაურები, რომლებიც ხანგრძლივ რეისებში მონაწილეობენ, ასევე, პატიმრები. ყველა ეს შემთხვევა იძულებითია. და ბოლოს – სოციალურ-ასაკოვანი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ასაკის გამო არ აქვთ სექსუალური ცხოვრება.
– რა იწვევს ერექციულ დისფუნქციას?
– ერექციული დისფუნქცია ფართო ცნებაა. ის შეიცავს ლიბიდოს პათოლოგიას, სექსულური ლტოლვის პრობლემებს, არარსებობას ან შესუსტებას, უშუალოდ იმპოტენციას, სექსუალური კოიტუსის ჩატარების უუნარობას და ორგაზმის პრობლემებს. სწორედ, ხანგრძლივი თავშეკავებულობა არის პირველი ნაბიჯი ერექციული დისფუნქციის ჩამოყალიბებისკენ. ერექციული დისფუნქცია ფსიქოგენური წარმოშობისაა. მამაკაცებში ასეთ შემთხვევათა რიცხვი იზრდება, რადგან ფსიქოემოციური ფონი თანდათან მძაფრდება. ამას გარდა, სექსუალურმა თავშეკავებულობამ შეიძლება, გამოიწვიოს შეგუბებითი მოვლენები მცირე მენჯის ორგანოებში და, უპირველესად, წინამდებარე ჯირკვალში, ანუ პროსტატაში. პროსტატა შედგება პატარა ჯირკვლებისგან, რომელშიც წარმოიქმნება პროსტატის სეკრეტი, რისი გამოყოფაც მუდმივად მიმდინარეობს, ანუ ხდება პროსტატის ჯირკვლების დრენირება. როცა ადამიანს ხანგრძლივად არ აქვს სექსუალური ცხოვრება, ეს პროცესი ირღვევა. შესაბამისად, აცინუსები არ იცლებიან, პროსტატის სეკრეტი გროვდება პროსტატაში და განიცდის ჰიპერპლაზიას, ანუ ზრდას და ყალიბდება ქრონიკული შეგუბებითი პროსტატიტი, რამაც, აგრეთვე, შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია. ერთხელ, 82 წლის მამაკაცი მოვიდა ძალიან შეშფოთებული. სრული სერიოზულობით მეუბნება: ასი ლარი ქალს მივეცი, სამოცდაათი ლარი ნომერში გადავიხადე და არაფერი გამომივიდა, რისი ბრალი შეიძლება იყოსო? ასაკის ბრალი იყო, პროსტატის პრობლემაც ჰქონდა, მაგრამ პერიოდულად მაინც ჰქონდა სექსუალური ცხოვრება.
– ქალებში როგორ მოქმედებს სექსუალური თავშეკავებულობა?
– ქალების შემთხვევაში, ხანგრძლივი თავშეკავებულობა არღვევს, უპირველესად, ჰორმონულ ბალანსს, ირღვევა მენსტრუალური ციკლი, ამის ფონზე, უკვე შეიძლება განვითარდეს ნევროზები და მუდმივი სტრესი, სტრესი კიდევ უფრო აძლიერებს ჰორმონული ბალანსის დარღვევას, რაც იწვევს სხვადასხვა პათოლოგიებს.
ქალშიც და მამაკაცშიც სექსუალური ცხოვრების დარღვევა ამძაფრებს ფსიქონეგატიურ ფონს, ანუ უპირველესად ნევროზების განვითარების მიზეზების 70 პროცენტი არის არასტაბილური სექსუალური ცხოვრების რიტმი ან სექსუალური ცხოვრების არარსებობა. პლუს, იზრდება გაღიზიანება ადამიანში, ის ხდება უფრო აგრესიული, უფრო ადვილად იღლება, ირღვევა ძილი. ადრე არსებობდა ჰიპოთეზა – რაც უფრო ნაკლებად აქვს ადამიანს სექსუალური ცხოვრება, უფრო მეტად ინარჩუნებს შრომისუნარიანობასო, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა. რაც უფრო დაბალანსებული აქვს ადამიანს სექსუალური ცხოვრება, მით უფრო მაღალი შრომისუნარიანობა აქვს. ზოგს მიაჩნია, რომ სექსუალური ცხოვრება ხელს უშლის მას გონებრივი მუშაობის დროს, თუმცა ეს არის მითი. როდესაც ადამიანს აქვს დაბალანსებული სექსუალური ცხოვრება, შრომისუნარიანობა გაცილებით უფრო მაღალია. ხანგრძლივი თავშეკავებულობა აქვეითებს სექსუალურ ლიბიდოს, იგივე სექსუალურ ლტოლვას, ეს უკვე არის ერექციული დისფუნქციის პირველი გამოვლენა.
– რას ნიშნავს დაბალანსებული სექსუალური ცხოვრება?
– ამ ცნებაში არ არსებობს სტანდარტები. საერთოდ, არის სამი მაჩვენებელი. სექსუალური ცხოვრების მოთხოვნილება დამოკიდებულია ადამიანის სექსუალურ კონსტიტუციაზე. არიან ძლიერი სექსუალური კონსტიტუციის, საშუალო კონსტიტუციისა და სუსტი კონსტიტუციის ადამიანები, ეს არ არის ფიზიკურ განვითარებაზე დამოკიდებული. შეიძლება, ფიზიკურად ძალიან განვითარებული იყოს ადამიანი და სექსუალური მოთხოვნილება დაბალი ჰქონდეს და შესაბამისად, ყველა ადამიანს სხვადასხვა სექსუალური ცხოვრების რიტმი სჭირდება. ზოგს მოთხოვნილება აქვს, რომ ყოველდღე ჰქონდეს სექსი, ზოგს კი – კვირაში, თვეში ერთხელ უნდოდეს. ოჯახური დისჰარმონიის განვითარების ჩამოყალიბების მიზეზი ხშირად არის სექსუალური დისჰარმონია. როდესაც სხვადასხვა კონსტიტუციის ხალხი შეუღლდება, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ მათ სხვადასხვანაირი მოთხოვნილება აქვთ.
– ბევრი წყვილი მოდის თქვენთან სექსუალური დისჰარმონიის პრობლემით?
– დიახ. ასეთი ბევრი შემთხვევა მქონია. მენტალობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემთან მოვიდა წყვილი, რომლებმაც მომმართეს უშვილობის გამო, მაგრამ რომ გამოვკითხე, აღმოჩნდა, რომ უშვილობაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, რადგან მათ სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება არ ჰქონიათ. ქალბატონმა მითხრა, მე მეგონა სექსის დანიშნულება არის მხოლოდ ბავშვის გაჩენა და მერე რომ გავესაუბრე, ჩემს გათხოვილ დაქალებს, აღმოჩნდა, რომ სექსისგან სიამოვნება შეიძლება მიიღოო. ქმარიც მიბრაზდება, შენ არაფერი არ იციო, და რომ ვუთხარი, მასწავლე-მეთქი, ძალიან გაბრაზდა ამაზე: შენ ბოზი ხომ არ ხარო. მერე, მამაკაცს რომ გავესაუბრე, სხვა ქალი ჰყოლია – არაფერს იკლებდა. დამირეკა ახლობელმა გინეკოლოგმა სამდღიანი ქორწილი გადაიხადეს და არაფერი გამოუვიდათ და იქნებ რამე უშველოო. მოვიდნენ ჩემთან და ვეკითხები, მანამდე რაიმე პრობლემები თუ გქონიათ? ამ ბიჭმა გაიშვირა ცოლისკენ ორივე ხელი და მპასუხობს: აი, სანამ ამ დებილს ცოლად მოვიყვანდი, ყველაფერი „საკაიფოდ“ მქონდაო. ეს გოგო ატირდა მე რა შუაში ვარო? როგორ რა შუაში ხარ, ოცდარვა წლის ქალი ხარ, როგორ არ უნდა იცოდე? გუშინ „ნაშა“ ავიყვანე თბილისის ზღვაზე და იმასთან ყველაფერი გამომივიდა და თუ შენი ბრალი არ არის, რატომ შენთან არ გამომივიდა არაფერიო. ის გოგო წამოხტა და გაიქცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს. აუცილებელია წყვილს შორის ლაპარაკი, გახსნილობა. ორივემ უნდა იცოდეს, რა სურს მის პარტნიორს და რას ელოდება მისგან. რაც მეტია გახსნილობა, მით ნაკლებია შეუთავსებლობა.
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ მამაკაცმა ხანგრძლივად შეინარჩუნოს სექსუალური ცხოვრება?
– ჯანსაღი კვება, ჯანსაღი ძილი, ვარჯიში ხელს უწყობს ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას. ცილოვანი საკვები, ეს იქნება ცხოველური თუ მცენარეული, დადებითად მოქმედებს პოტენციაზე. აგრეთვე, მოქმედებს ბუნებრივი საკვები, რომლებსაც აფროდიზიაკებს უწოდებენ. სექსუალურ მოთხოვნილებას ორივე სქესში ზრდის და აძლიერებს შოკოლადი. ცხელ შოკოლადში შერეული დაფქული კოჭა არის ბუნებრივი აფროდიზიაკი. სექსუალურ მოთხოვნილებას ზრდის, აგრეთვე, წიწაკა, ხორცი, თევზეული, ხიზილალა, არაჟანი. თამბაქოს მოწევა იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, რაც უარყოფითად მოქმედებს პოტენციაზე – სისხლძარღვების შევიწროება იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, სისხლის მიმოქცევის დარღვევა კი, აქვეითებს პოტენციას და იწვევს ერექციულ დისფუნქციას.
– მოქმედებს თუ არა სექსუალურ ცხოვრებაზე მარიხუანა?
– გააჩნია, მომხმარებელი როგორ მოიხმარს მარიხუანას. როდესაც ადამიანი მარიხუანის მოწევას იწყებს, თავიდან მას მოთხოვნილება უმძაფრდება, შეიძლება, მრავალფეროვანიც გახადოს და აამაღლოს კიდეც სექსის ხარისხი. მარიხუანა ამძაფრებს ემოციურ ფონს, მათ შორის, სექსუალურ ემოციებსაც და შეიძლება, სექსუალური აქტი უფრო მრავალფეროვანი და სასიამოვნო მოეჩვენოს, მაგრამ ამას დროებითი ეფექტი აქვს. ხშირი მოხმარების შემთხვევაში, ის უარყოფითად იმოქმედებს, დააქვეითებს ლიბიდოს, დაქვეითდება ერექციული ხარისხი.