№17 ვინ აღმოაჩინა მესის ფესვები საქართველოში და რა კავშირი აქვს რონალდინიოსთან მის თბილისელ ბიცოლას
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილებოდა თემა ცნობილი ფეხბურთელის, ლიონელ მესის სომხური წარმომავლობის შესახებ. ამ ვერსიის ავტორი ექსპარლამენტარი ვან ბაიბურთია, რომელიც თავდაყირა აყენებს მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავის ისტორიას, რომელიც აქამდე ვიცოდით – ვან ბაიბურთის ინფორმაციით, ლიონელ მესის ბებია-ბაბუა, არც მეტი არც ნაკლები, ჯავახეთიდან იყვნენ და მათ სომხური წარმომავლობა აქვთ, ისევე როგორც მსოფლიო ფეხბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავის, რონალდინიოს ოჯახის წევრს, თბილისელ ბიცოლას, რომელიც თურმე, რონალდინიოს სომხურ ტოლმასაც კი უმზადებს.
ვან ბაიბურთი: მესის სომხური წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავაჟღერე, რაც ძალიან აქტიურად განიხილებოდა თემა ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების სომხური წარმომავლობის შესახებ, მაშინ აქცენტი პოლიტიკოსებზე კეთდებოდა და ეს ინფორმაცია ყველას ყურადღების მიღმა დარჩა. თავს მესხმოდნენ ჟურნალისტები, მთავაზობდნენ ძალიან ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების დაახლოებით 25-კაციან სიას და მთხოვდნენ დადასტურებას, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ სომხური წარმომავლობა. მე ხომ არც არქივის თანამშრომელი ვიყავი, არც იუსტიციის სამინისტროსი, როგორ უნდა დამეწყო რაიმეს მტკიცება. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსების წარმომავლობის „კვლევა“ უკავშირდებოდა ისეთ ტენდენციას, რომ თუ ვიღაც წარმოშობით სომეხია, ეს, ვითომ, სირცხვილია. სწორედ მაშინ გავახმაურე მესის ისტორია. ვთქვი: რატომ იმაზე არ ამახვილებთ ყურადღებას, რომ მესი წარმოშობით სომეხია და არაფერს მეკითხებით-მეთქი. იცით თქვენ, მესის გარდა მსოფლიოში რამდენი ცნობილი მოღვაწე იყო და არის სომეხი? მათ შორისაა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ედუარ ბალადიური, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი იყო. მას არ აქვს სომხური გვარი, მაგრამ აქვს სომხური წარმომავლობა, სომხური წარმოშობა ჰქონდა ლიბანის ორ პრეზიდენტს – ემილ ლაჰუდს და ილიას სარკისს, სომეხი იყო ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი ნუბარ ფაშა და კიდევ ბევრი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე. ყველამ კარგად იცის შარლ აზნავურის სომხური წარმომავლობა. ის წარმოშობით ახალციხელია. არც მალავს, რომ სომეხია. მამამისიც მუსიკოსი იყო, აზნავურებისგან ერთ-ერთი პირველი ის ჩამოვიდა ახალციხიდან თბილისში. მიშა აზნავური მუშტაიდის ბაღში მუშაობდა, აკორდეონზე უკრავდა. თვითონ შარლი სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. ორჯერ იყო ახალციხეში, სადაც ბოლოს კონცერტიც კი გამართა.
– ისევ მესის დავუბრუნდეთ, რა იცით მისი სომხური წარმომავლობის შესახებ?
– წლების წინ, ჯავახეთში ყოფნისას მოვხვდი ერთ ოჯახში, სადაც ვნახე მესის ფოტო, რომელიც ამ ოჯახის წევრთან ერთად იყო გადაღებული. ოჯახის უფროსმა მითხრა, რომ მესი მათი ნათესავი იყო. ადამიანი, ვინც მესისთან ერთად ამ ფოტოზე იყო გამოსახული, 80-იან წლებში წასულა საცხოვრებლად ევროპაში. ცხოვრობდა ჯერ საფრანგეთში, მერე ესპანეთში. ის სასწავლებლად წასულა, მაგრამ ევროპაში წარმატებული სამეცნიერო კარიერა გაიკეთა და დღეს გერმანიაში ცხოვრობს. სწორედ მასთან ერთად არის მესი ფოტოზე, შინაურ გარემოში. როგორც ამ ოჯახისგან გავიგე, ამ ზაფხულს ისინი რუსეთში აპირებენ ჩასვლას, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იქ მყოფ მესის დაბადების დღე მიულოცონ. როგორც მითხრეს, მესის წინაპრები წარმოშობით ნინოწმინდის რაიონის ერთ-ერთი კათოლიკური სოფლიდან არიან. მესის მამას რაღაც კავშირი აქვს აქაურობასთან, ჩემი აზრით, ამიტომაც დაარქვა შვილს ასეთი სახელი. მოგეხსენებათ, ლეონი სომხებისთვის დამახასიათებელი სახელია, სომხებში ყველაზე პოპულარული. ამბობენ, მამამ მესის დაარქვა ლეონელი, ბაბუის – ლეონისა და ბებიის – ნელის სახელების პატივსაცემად. ლეონელ მესი, ფაქტობრივად, სომეხია. ლიონში ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს, ნაწილი იქ 1915 წლის გენოციდის შემდეგ მოხვდა. პირველი ნაკადი საფრანგეთში 1895 წელს ჩავიდა, როცა პირველი დიდი გენოციდი იყო. ჩემი აზრით, მესის წინაპრებიც ლიონში ამ გზით მოხვდნენ. სხვათა შორის, მესის გარეგნულად ბევრი საერთო აქვს ცნობილ ერევნელ ფეხბურთელთან, ჰენრიხ მხითარიანთან, რომელიც ჯერ ლივერპულში თამაშობდა, ახლა ლონდონის არსენალში თამაშობს.
– კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის სომხურ დიასპორასთან ნათესაურ კავშირზე გკითხავთ. წლების წინ ამბობდით, რომ სომეხია რონალდინიოს ბიცოლა და დიდ ფეხბურთელს ძალიან უყვარს მისი მომზადებული სომხური ტოლმა.
– ეს დადასტურებულად ვიცი, წყაროებში მაქვს წაკითხული. ეს ქალბატონი წარმოშობით სომეხია, თანაც, თბილისელი სომეხი. ზუსტად არ ვიცი, როგორ მოხვდა არგენტინაში, სადაც საკმაოდ დიდი სომხური დიასპორაა, დაახლოებით 120-150 ათასი სომეხი ცხოვრობს. ეს ქალბატონი ცოლად გაჰყვა რონალდინიოს მამის ძმას. ისიც არ ვიცი, სად და როგორ გადაეყარნენ ერთმანეთს. ამბობენ, რომ რონალდინიოს ძმისშვილიც სომეხს გაჰყვა ცოლადო. სიძე ახალქალაქიდან არის წარმოშობით. როგორც მეუბნებიან, დიდი ქორწილი გადაიხადეს და მას კიმ კარდაშიანიც ესწრებოდა. სომხები მთელ მსოფლიოში არიან მოდებულნი. შესაძლოა, კიდევ რომელიმე ვარსკვლავის ბიცოლა იყოს სომეხი. წლების წინ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში ორი სომეხი თამაშობდა. მაშინ საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. არც ვარსკვლავები გვაკლია. არ გამიკვირდება, სხვა ვარსკვლავებსაც რომ ჰქონდეთ სომხური ფესვები.
– როცა მესი თბილისში იმყოფებოდა, მოახერხეთ წარმომავლობის შესახებ მასთან გასაუბრება?
– ორი წლის წინ იყო ჩამოსული მესი, მაგრამ იმ დღეებში მე თბილისში არ ვიყავი და ეს შანსი ხელიდან გავუშვი, თუმცა, ალბათ, როცა მსოფლიო ნაკრები ჩამოვა, აუცილებლად მოვახერხებ ამ თემაზე ამ დიდ ფეხბურთელებთან გასაუბრებას, ალბათ, შევძლებ, რომ მას თბილისში დავუსვა ეს კითხვა, მე თუ არა სხვა ვინმე, ქართველი ჟურნალისტი შეეკითხება ამის შესახებ. უცხოელები ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენთან – სომხობას რომ მალავნენ. არა მგონია, ასე იყოს მათი საქმეც. ასეთი ამბები ბოლო წლებში იყო, თორემ ადრე საქართველოში ცეკას მდივანიც იყო სომეხი, ვაჭრობის მინისტრიც, და თბილისის ქალაქკომის პირველი მდივანიც, ერევანში ქართველი კაცი 10 წელი ხელმძღვანელობდა ცეკას სოფლის მეურნეობის მიმართულებას. ასევე, წარმოშობით თელაველმა კაცმა, რომელიც სომხეთში ცეკას ერთ-ერთ მდივნად გადაიყვანეს, ააშენა ერევანი და სომხეთი. მაშინ სად იყო კვლევა და ჟურნალისტების შტურმი, არავინ არავის წარმომავლობას არ იკვლევდა.