№17 როგორ იბრძვის მინდია იობაშვილი ყოველდღიურად ახალშობილებისა და დედების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის
ახალგაზრდა პროფესიონალი მეან-გინეკოლოგი, კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეანო-გინეკოლოგიური დეპერტამენტის ხელმძღვანელი მინდია იობაშვილი თავისი კარიერის განმავლობაში ათასობით სიცოცხლეს დაეხმარა, სამყაროს რომ მოვლენოდა.
მინდია იობაშვილი: ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა და ყოველთვის ქირურგია მიზიდავდა, თუმცა, სტუდენტობის დროს მეანობის კურსის გავლის პროცესში, იმდენად მომხიბლა და დამაინტერესა ახალი სიცოცხლის მოვლენაში მონაწილეობამ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გადავწყვიტე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ხუთი წლის განმავლობაში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, რეზიდენტურაში ვსწავლობდი მეანობა-გინეკოლოგიის განხრით. რეზიდენტურის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა თბილისის მეხუთე სამშობიარო სახლში და ორ წელიწადში გავხდი სამშობიარო ბლოკის გამგე, შემდეგ კი – მთლიანად სამეანო-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამი წლის შემდეგ მომიწია ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადმოსვლა, სადაც, ფაქტობრივად, იმ პერიოდში დავაარსეთ გინეკოლოგიური დეპარტამენტი, რომელიც დღემდე დიდი წარმატებით ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი კლინიკა ვიყავით, სადაც 24-საათიანი ლაპარასკოპიული ქირურგიული გინეკოლოგია დაინერგა.
დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენს დაქვემდებარებაში შემოვიდა მულტიპროფილური კლინიკა „ახალი სიცოცხლე“, რომელიც უახლესი აპარატურითა და კვალიფიციური მედ-პერსონალითაა დაკომპლექტებული. „ახალ სიცოცხლეში“ ყველა პირობაა ქალის ჯანმრთელობის სრულყოფილი მართვისთვის. პაციენტებს ვთავაზობთ ამბულატორიულ, სამეანო-გინეკოლოგიურ და ნეონატოლოგიურ მომსახურებას. აქ ფუნქციონირებს მინიინვაზიური ლაპარასკოპიული გინეკოლოგიური სამსახური და სამეანო დეპარტამენტი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ახალ სიცოცხლეში“, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია, პაციენტებს ადგილზე გავუწიოთ ნებისმიერი მიმართულების სამედიცინო დახმარება, რადგან აქვე ფუნქციონირებს ქირურგიის, მულტიპროფილური და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები, თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, სადაც ტარდება 500-მდე სახის კვლევა თანამედროვე მეთოდებითა და ლაბორატორიული ტექნიკის მწარმოებელი მსოფლიო ბრენდების მიერ შექმნილი სრულიად ავტომატური სისტემებით.
– რა განცდაა, როდესაც ახალი სიცოცხლის დაბადებაში მონაწილეობთ?
– მშობიარობა არის დიდი ნერვული სტრესი, რომელსაც ექიმის გარდა, ვერავინ მიხვდება და კარგად დამთავრებული ფიზიოლოგიური მშობიარობა უდიდეს ძალას მატებს ექიმს იმისთვის, რომ კვლავაც ბევრი ჯანმრთელი ახალშობილი მოავლინოს ქვეყანას. თითოეული ახალშობილის დაბადება ენით აუწერელი განცდაა.
– კრიზისულ სიტუაციაში ოპერატიულად შეგიძლიათ გადაწყვეტილებების მიღება, როგორ ახერხებთ ამას?
– ზუსტად ამიტომ მხიბლავდა მეანობის მიმართულება, რომ აქ არ ვარ ჩარჩოებში მოქცეული. ყველა მშობიარობა ინდივიდუალურია და შესაბამისად, ითხოვს ექიმის გონებრივ სისწრაფეს, გამოცდილებასა და აზროვნებას, რაც, საერთო ჯამში, დებს შედეგს.
– შეგიძლიათ, ყველაზე რთული შემთხვევა გაიხსენოთ?
– არაერთი რთული შემთხვევა დაგვიძლევია ჩემს კოლეგებთან ერთად. კარგად მახსოვს, ჩემი კარიერის დასაწყისში შევითავსე მორიგეობა ქარელის რაიონის
სამშობიაროში, სადაც მხოლოდ გინეკოლოგი და ერთი ბებიაქალი ვმორიგეობდით. ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლიდან ჩამოიყვანეს ორსული ქალბატონი პრეემკლაფსიის დიაგნოზით, ღებინებით, მაღალი არტერიული წნევითა და კრუნჩხვით. საბედნიეროდ, წარმატებით გავართვით თავი, მშობიარობამ კარგად ჩაიარა და დედაც და ახალშობილიც ჯანმრთელები გაეწერნენ სახლში.
– დღეს ძალიან აქტუალურია საკეისრო კვეთა, თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?
– თუ ერთი პროცენტით მაინც არის დასაშვები, რომ ქალს ფიზიოლოგიურად მშობიარობა შეუძლია, ეს ასე უნდა მოხდეს. ორსულობა და შემდგომ მშობიარობა არის ღვთისგან ბოძებული ფიზიოლოგიური მდგომარეობა. თუ არ არის ქალის ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული გართულება და რისკები, აუცილებლად უნდა იმშობიაროს ფიზიოლოგიურად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ორსულებისთვის, ისე ახალშობილისთვის და მისი მომავალი ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის. ახალშობილმა უნდა გაიაროს ბუნებრივი სამშობიარო გზები, იმისათვის, რომ შეეგუოს გარემო პირობებს. მთელი მეცნიერული სამყარო ამტკიცებს, რომ საკეისროს გზით გაჩენილ ბავშვებს უჭირთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება. მნიშვნელოვანია მშობელთა სკოლები, რაც ხელს უწყობს ქალის მომზადებას დედობისთვის.
– რა ფაქტორები მოქმედებს ორსულობის დადგომასა და ბუნებრივი გზით მშობიარობაზე?
– მიზეზი ბევრია. მაგალითად, ჰორმონული ცვლის დარღვევა, არაჯანსაღი გარემო პირობები, სტრესული სიტუაციები, არაჯანსაღი კვება, ეს ყველაფერი ხელს უშლის ორსულობის დადგომას და ბუნებრივი გზით მშობიარობას. ორსულს, უპირველესად, მშვიდი გარემო და მოსიყვარულე მეუღლე სჭირდება.
– რა როლი აქვს უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ლაპარასკოპიულ მეთოდს?
– გადამწყვეტი როლი აქვს, ვინაიდან ამ მეთოდით შესაძლებელია როგორც საშვილოსნოს მილების გამტარიანობის შემოწმება, ასევე მათი პლასტიკა, საკვერცხეების კაუტერიზაცია პოლიკისტოზის დროს და უშვილობის სხვა არაერთი პათოლოგიის მკურნალობა.
– ხშირად გაქვთ სხვადასხვა აქციები, რომლის ფარგლებშიც უამრავ ქალბატონს ეძლევა შანსი, ხელმისაწვდომ ფასად და რიგ შემთხვევაში, სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება
– ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ყოველ ოთხშაბათს გვაქვს აქცია, რომლის ფარგლებშიც პაციენტებს შეუძლიათ პაპტესტის აღება (ანუ საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება), ნაცხის საერთო ანალიზის გაკეთება, ექოსკოპიური კვლევა და გინეკოლოგის კონსულტაციის მიღება, საერთო ჯამში, 75 ლარად. ხუთშაბათსა და შაბათს აბსოლუტურად უფასოდ გვაქვს ექოსკოპია და გინეკოლოგის კონსულტაცია. ყოველ ოთხშაბათს „ახალ სიცოცხლეში“ 40 ლარად, ნაცვლად 90 ლარისა, პაციენტებს შეუძლიათ ექოსკოპიის გაკეთება და ჩემი კონსულტაციის მიღება. ჩვენი ადმინისტრაცია აქტიურად ზრუნავს, რომ ყველა პაციენტი კმაყოფილი იყოს. ხშირად გვაქვს ასეთი აქციები, რაც ვფიქრობ, ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შეღავათია. თვეში, მინიმუმ, 2-ჯერ გავდივართ რეგიონებში. სრულიად უსასყიდლოდ ვუწევთ კონსულტაციას საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ ქალბატონებს, ასევე, უსასყიდლოდ ვარიგებთ მედიკამენტებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაში.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– ჩემი კარიერა ისე აეწყო, რომ ამ წლების განმავლობაში, ძირითადად, პრაქტიკული ხაზით ვვითარდებოდი. ამჟამად, დაკავებული ვარ სამეცნიერო ხაზით.