№17 როგორი ღილის პოვნაა კარგი და რა რისკებზე მიგანიშნებთ მისი დაკარგვა
„ცხოვრობს ღილი სიმშვიდეში, მოწყენილი პატარა, ვერავინ ამჩნევს მანამ, სანამ არ მოსწყდება თვის ალაგს...“ და მართლაც ეს პაწაწინა, მაგრამ აუცილებელი ელემენტი ჩვენი სამოსისა, ფრიად პოპულარულიცაა და იმავდროულად, შეუმჩნეველიც. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ „თვის ალაგს“ მოსწყდა, ეს შეუმჩნეველი უკვე აღარავის რჩება... ჰოდა, იცით, რამდენი ხნის ისტორია აქვს ამ, თანამედროვე ტერმინით, აქსესუარს? – ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და ძველ ჩინეთშიც იყენებდნენ და დროთა განმავლობაში, ტანსაცმელზე შესაკრავის ფუნქციასთან ერთად, საზოგადოების გარკვეული ფენისთვის წარმომადგენლობითი ნიშანიც გახლდათ. ასეთი ღილები, როგორც ხელოვნების ნიმუში, ძვირფასი ქვებისგან იქმნებოდა. დღეს კი ის გამოიყენება, როგორც თავისი დანიშნულებით, ანუ ტანსაცმლის შესაკრავად, ასევე, დეკორატიულ ელემენტადაც. მაგრამ, ჩვენი ინტერესი, უმთავრესად იმით მიიპყრო, რომ ამ პაწაწინა ნივთს მაგიური დანიშნულებაც აქვს და არცთუ ხელწამოსაკრავი. ღილი ჩვენი სხეულისა და სულის თავისებური ფარია, რომ გარე სამყაროს უარყოფითი ზეგავლენისგან დაგვიცვას. მისი არსებობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კი, ათასი ლეგენდა, მინიშნება თუ გადმოცემა დაგროვდა, რომელთა შესახებაც გვიამბობს ეზოთერიკოსი, ქალბატონი დოდო.
– დავიწყოთ იმით, რომ, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, სიჩქარეში, ღილები არასწორად, ერთის გამოტოვებით, არ შეეკრას. ეს რაიმეს მიმანიშნებელია?
– სწორედ ამას უკავშირდება ჩემი ღილებისადმი ინტერესიც. ეს კარგა ხნის წინ მოხდა – მეათე კლასი რომ დავამთავრე, თანაკლასელმა არდადეგებზე თავისთან დამპატიჟა სოფელში. დილით ადრე უნდა წავსულიყავით „მარშრუტკით“ ავტოსადგურიდან. გარიჟრაჟზე ავდექით და რადგან კარგა გვარიანად გრილოდა, კარებთან მისული უკან მოვბრუნდი. სასწარაფოდ, რაც ხელში მომხვდა შემოვიცვი და ღილებიც ბოლომდე შევიკარი. მეგობარი მაჩქარებდა, „მარშრუტკამ“ არ გაგვასწროსო და ასე, ფეთებით მივცვივდით ჩვენი რეისის ტრანპორტამდე. ბილეთებიც შევიძინეთ მძღოლთან და დადგა ყველაზე გულისგამაწვრილებელი პერიოდი – სანამ არ შეივსება, გასვლას ხომ არ დაადგება საშველი?! ამ ლოდინში რომ ვართ, უცებ ჩემმა მეგობარმა ისე იკივლა, გული გამისკდა. წამავლო ხელი, თითქმის თრევით ჩამომიყვანა მანქანიდან და ბილეთების დაბრუნებაზეც ერთი ამბავი ატეხა. მთელი დავიდარაბის მერე, როგორც იქნა, მძღოლს ფული გამოართვა და მხოლოდ სახლში რომ მივედით, მაშინ ამიხსნა, რაშიც იყო საქმე. სარკეში ჩაიხედე და მიხვდებიო, მითხრა, მაგრამ მე ვერაფერს მივხვდი, გარდა იმისა, რომ ღილები მქონდა არასწორად შეკრული ჟაკეტზე. თურმე, სწორედ ამიტომ დავბრუნდით, უბედურების ნიშანიაო. მე ჯერ გავბრაზდი, მერე კი სიცილი ამიტყდა: თუ ჩემი სტუმრობა არ გინდოდა, პირდაპირ გეთქვა, რაღას მიედებ-მოედებოდი-მეთქი, ვეხუმრე. თუმცა, რაც მეორე დღეს შევიტყვეთ, სახუმარო ნამდვილად არ იყო. ის „მარშრუტკა“ ავარიაში მოყოლილა და კიდევ კარგი, არავინ მომკვდარა, მაგრამ ყველა მგზავრი საკმაოდ სერიოზულად იყო დაშავებული. იმ დღიდან დავინტერესდი ამ თემით და აღმოჩნდა, რომ გამოსავალი მაინც არსებობს: ყველა ღილი უნდა გაიხსნა და თავიდან, სწორად შეიკრა. მაგრამ, ეს გაჭრის მაშინ, თუ იქამდე შენიშნე, სანამ დანიშნულების ადგილამდე მიხვალ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დღეს ყველაფერი ყირაზე დადგება. ხოლო, თუ დროზე ჩაატარებთ შესაბამის მანიპულაციას, უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ. სხვათა შორის, თუ გზაზე კატის გადაირბენა გაშინებთ, შეგიძლიათ, სიტუაციას სულ იოლად დააღწიოთ თავი და იმას არ დაუწყოთ ლოდინი, სხვა როდის გაივლის. ამ დროს საკმარისია, ხელი მოიკიდოთ ღილზე და ის უკვე, თქვენი მცველი გახდება.
– მართალია, უმეტესად, ღილებს ვკარგავთ, რადგან, შეიძლება, ისე მოგწყდეს, ვერც შენიშნო, მაგრამ სხვებიც ხომ კარგავენ, რომელსაც მერე ჩვენ ვპოულობთ...
– ღილის პოვნა (მით უმეტეს, თუ ოთხნახვრეტიანია) – კარგის ნიშანია: სასიამოვნო ახალ ამბავს შეიტყობთ, ან რაღაც კარგი მოხდება თქვენს ცხოვრებაში. დაკარგული ღილი კი – გაფრთხილებთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებსა და ახლობელთა საქციელს, რომ ვინმემ რაიმე არ დაგიშაოთ.
– ღილის დაკერებაც ერთგვარი რიტუალია?
– მინიშნებების მიხედვით, ღილი ტანსაცმლის გაუხდელად, ზედ არ უნდა დაიკეროთ, თორემ ნიჭი, ჭკუაც და გონებაც ზედ დაგეკერებათ, თავად ცარიელი დარჩებით. თუ მაინცდამაინც გამოუვალი მდგომარეობაა და ტანსაცმლის გაუხდელად მოგიწიათ ღილის დაკერება, რეკომენდებულია, ამ დროს პირით ძაფის ნაგლეჯი დაიკავოთ და მთელი პროცესის დროს ხმა არ ამოიღოთ. ასევე, არ შეიძლება, ღილის დაკერება ახალი წლის წინ, რომ მთელი ძველი პრობლემები ზედ არ დაგეკეროთ და დამდეგ წელსაც თან არ გადაიყოლოთ. გავრცელებულია ასევე, შემდეგი გადმოცემა – როცა მამაკაცს პერანგზე ღილი აკლია: თუ უცოლოა, უნდა დაქორწინდეს, ხოლო თუ ცოლიანი – უნდა განქორწინდეს. ასე რომ, ძვირფასო ქალებო, დიდხანს ნუ გადადებთ ღილის დაკერებას თქვენი მეუღლისა თუ რჩეულის პერანგზე. სხვათა შორის, გაითვალისწინეთ, ქალი მამაკაცის სამოსზე ღილის დაკერებით, თავად პატრონსაც „კერავს.“ ოღონდ, თუ ცუდად დააკერეთ და ღილი მალე მოწყდა, რომანიც ხანმოკლე გამოდგება.
– რას ნიშნავს „მაგიური ღილის“ დაკერება?
– მაგიური ღილის დაკერების სხვადასხვა ხერხი არსებობს. მაგალითად, მამაკაცს რომ თქვენი ტრფობის ცეცხლი წაეკიდოს, ოთხნახვრეტიანი „მაგიური“ ღილია საჭირო (სასურველია წითელი ფერის), რომელსაც ტანსაცმელზე უკუღმა პირიდან განსაკუთრებული ხერხით (ძაფი ნასვრეტებში ისე გაუყარეთ, რომ მიიღოთ კვადრატი, კვადრატის შიგნით კი – ჯვარი) დააკერებთ. თანაც, ეს, რაც შეიძლება, გულთან ახლოს, ჯიბეზე, უნდა იყოს. უფრო მეტი საიმედოობისთვის კი, არ იქნებოდა ურიგო, იმავე ღილის მეწყვილე და ისეთივე ხერხით, თქვენს ტანსაცმელზეც მიგეკერებინათ, უკიდურეს შემთხვევაში – მხოლოდ თქვენსაზე მაინც. ოღონდ, ამ დროს იმაზე იფიქრეთ, ვისაც გინდათ, რომ ცხოვრება დაუკავშიროთ. მთავარია, ამ ყველაფრის გაკეთებამდე, კარგად დაფიქრდეთ, რომ მერე, ის ღილი თავად არ გაგიხდეთ მოსაგლეჯი. როცა ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, გამაჯანსაღებელი „მაგიური ღილების“ დაკერებისას ძაფი ნასვრეტებში ჯვარედინად უნდა გაუყაროთ; სამყაროსთან ჰარმონიური ურთიერთობისთვის კი – კვადრატულად. შემოქმედებითი კრიზისის დროს იისფერი ან იასამნისფერი ღილი გამოდგება თილისმად – ოღონდ, ისე დააკერეთ, რომ გვირისტი N-ს გამოსახავდეს. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კი, ყვითელი ან მწვანე ღილი შეარჩიეთ და ძ-ისებურად გაუყარეთ ძაფი ნახვრეტებში. გაითვალისწინეთ, ასეთი ღილი-ამულეტი გულთან ახლოს, საიმედოდ უნდა მიაკეროთ სამოსს, რომ, შემთხვევით, არ დაიკარგოს. მაგრამ, თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ტრაგედიად ნუ მიიჩნევთ. ჩათვალეთ, რომ ამულეტმა თავისი მოვალეობა შეასრულა და ამით უბედურება თავიდან აგაცილათ.