კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 საბედისწერო შეცდომა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ბრაუნ ლოურენსი

ჯონი მაკონეხს მიაჩნდა, რომ ბედმა დასცინა. მშვენიერი ცხოვრება ჰქონდა, სანამ მის ბინაში ტელეფონი დარეკავდა. ყურმილი, ჯინაზე, ჯონის ლამაზმანმა ცოლმა აიღო. ჯონისა და ჯინას ორი შვილი ჰყავდათ. ჯინა, როგორც იტალიელ ქალს შეეფერება, საშინლად ეჭვიანი იყო და ქმარს გვერდზე გახედვასაც არ პატიობდა. ახლაც, ქალის ხმა რომ გაიგონა, ქმარს შეუბღვირა. თუმცა, ყურმილი მიაწოდა. ჯონის უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა – მაშინვე იცნო, ეს დიანა იყო. მისი ყოფილი შეყვარებული, რომელსაც იქამდე იცნობდა, სანამ ცოლს შეირთავდა. დიანა მწითური და ეფექტური იყო, მაგრამ ერთი ცუდი ჩვევა ჰქონდა – კაცები უყვარდა, გართობა, თან უმცროსი დაც ჰყავდა, რომელსაც ჯონი შეუყვარდა. ორი და ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ. ჯონმა ვეღარ გაუძლო მათ პაექრობას და გაეცალა.
–  ვინ იყო? – ჰკითხა ჯინამ დადარაჯებულივით.
– ნუ ნერვიულობ, საყვარელო. ერთი ქალია, მას ბევრად ადრე ვიცნობდი, შენამდე. საეჭვიანო არაფერი გაქვს.
ჯინამ პასუხად ყურმილს სტაცა ხელი და გამეტებით მოუქნია. მისი სამხრეთული ტემპერამენტი თავისას შვრებოდა და ჯონის ცოტათი ეშინოდა კიდეც ცოლის. სამწუხაროდ, ყველაფერი ამით არ დასრულდა და ბინაში ზარები გაგრძელდა. დიანა შეხვედრას სთხოვდა. ეუბნებოდა, უნდა მომისმინო, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო, მაგრამ ჯინა ტელეფონთან იყო ჩასაფრებული. ერთი-ორჯერ ტელეფონის ყურმილი გამოგლიჯა ქმარს ხელიდან და ქალი უშვერი სიტყვებით მილანძღა. ჯონისთვის მშვიდი ცხოვრება დასრულდა. ჯინა მოითხოვდა, ყველგან თან წაეყვანა. სამსახურში მისული არ იყო, რომ ურეკავდა. მარტოს მაღაზიაშიც კი არ უშვებდა, იმის შიშით, რომ სადმე ყოფილ საყვარელს შეხვდებოდა. ერთ დღეს კი, საქმემ კიდევ უფრო სერიოზული ხასიათი მიიღო. ჯონი სამსახურში იყო, როცა ისტერიკაში ჩავარდნილმა ჯინამ დაურეკა: სასწრაფოდ დაბრუნდი სახლში, ჩვენთან პოლიციააო. როგორც გაირკვა, მათ შვილს სკოლაში ვიღაც ქალი გამოელაპარაკა, თავზე ხელიც კი გადაუსვა და ბარათი მისცა, – ეს მამაშენს წაუღეო. ამ სცენას ფანჯრიდან თვალი მოჰკრა მასწავლებელმა და პოლიციაში დარეკა. მერე კი, ჯინაც ჩააყენა საქმის კურსში. ბარათი მუქარის შინაარსს შეიცავდა. დიანა წერდა, რომ თუ ჯონი ერთგული ქმრის როლის თამაშს თავს არ დაანებებდა, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა, რადგან კანონით, ის დიანას ეკუთვნოდა და არა ჯინას. მეორე დღეს, როცა დიანამ ისევ დარეკა, ჯონმა უყვირა: შეშლილი ხარ და თავი დამანებე, თორემ პოლიციაში ამოგაყოფინებ თავსო. ქალი არც შეშინდა და არც უკან დაიხია. საზიზღრად გაიცინა და ყურმილი დაკიდა. ცოლ-ქმარი ნერვიულმა კანკალმა  აიტანა. ერთმანეთს უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რა გამოსავალი უნდა ეპოვათ ამ სიტუაციიდან. ის მოახერხეს, რომ პოლიციამ დროებით, რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც, მათი შვილების სკოლაში გაცილება და მეთვალყურეობა იკისრა.
ქარიშხალი თითქოს დროებით ჩაცხრა, მაგრამ ეს – მხოლოდ ერთი შეხედვით. ჯონის, ერთ დღეს, ცოლი ატირებული   და საკმაოდ შეშინებული დახვდა. აღმოჩნდა, რომ მათი სახლის ფანჯრებთან თითქმის მთელი დღე იდგა შავი ფერის „ბიუკი“. ჯონმა ცოლთან საუბარში მალე გაარკვია, რომ ჯინა არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ფანჯრიდან თვალთვალით. მანქანასთან მივიდა და დიანა გამოლანძღა. უთხრა, ჩემს ქმარს თავი დაანებე, თორემ ინანებო. პასუხად კი მუქარა მიიღო: დაინახავ, შენი ქმარი მე დამრჩებაო. ჯონმა ცოლი დაამშვიდა, მოეფერა... მაგრამ ჯინას დიდ, სამხრეთულ შავ თვალებში შფოთვა მაინც ჩანდა, როგორც შემდგომში გაირკვა, არც თუ უსაფუძვლო. დიანა სამი კვირის განმავლობაში აღარ გამოჩენილა. ცოლ-ქმარს თითქმის დაავიწყდათ კიდეც შიშით და დისკომფორტით სავსე დღეები. ბავშვებსაც აღარ დაჰყვებოდა პოლიციელი სკოლაში. იმ საღამოს თეატრში პრემიერაზე იყვნენ. შემდეგ ბარში თითო ჭიქა კოქტეილი დალიეს. მანქანაში სპექტაკლს განიხილავდნენ და საკმაოდ ბედნიერად გრძნობდნენ თავს. საჭესთან ჯინა იჯდა. მუქი ფერის „ბიუკი“ მოულოდნელად გამოვარდა მოსახვევიდან. ჯონმა შენიშნა და მთელი ხმით უყვირა, ფრთხილადო! მაგრამ გვიანი იყო. მანქანა ჯინას მხრიდან შეეჯახა. ჯინას მსუბუქმა „სედანმა“ დარტყმას ვერ გაუძლო და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ჯონი საავადმყოფოში მოეგო გონს და მაშინვე ცოლი მოიკითხა. ცნობამ, მისი სიკვდილის შესახებ, ლამის შოკში ჩააგდო. როგორც კი საავადმყოფოდან გამოეწერა, ბავშვები თავის მშობლებთან გაამგზავრა და შურისძიებაზე ფიქრი დაიწყო. იცოდა, დიანა დაურეკავდა. უნდოდა, ეთქმევინებინა, როგორ დაგეგმა მისი ცოლის მკვლელობა, როგორ შეასრულა... სახლში პატარა დიქტოფონი ჰქონდა. მთავარი იყო, დიანას შეხვედროდა და ლაპარაკი დაეწყოთ. სამი დღის ლოდინის შემდეგ დიანამ დარეკა. ჯონმა ძლივს დამალა სიძულვილი. შეძლებისდაგვარად მშვიდად დაელაპარაკა, მისამართი გამოართვა და ქალთან სახლში მივიდა. როგორც კი ბინაში შევიდა, დიანა მივარდა და კისერზე ჩამოეკიდა, ჯონიმ ფრთხილად სცადა მისი მოცილება. ხელით შარვლის უკანა ჯიბეს მისწვდა და დიქტოფონი ჩართო.
– რატომ გააკეთე ეს, დიანა? რატომ მოკალი ჯინა.
– ვერ ხვდები? იმიტომ, რომ ერთად ვყოფილიყავით. ახლა თავისუფალი ხარ, ხელს ვეღარავინ შეგვიშლის.
– შენ ის მოკალი, ჯინა! იცი, რომ ეს დანაშაულია?
– დანაშაული მის გვერდით ყოფნა იყო. მე შენ მაგ ძუკნას მარწუხებისგან გაგათავისუფლე. საყვარელო, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, ძალიან ბედნიერები.
– ჯინა, მე არ ვიქნები იმ ქალის გვერდით, რომელმაც ცოლი მომიკლა, – კატეგორიულად მიუგო ჯონმა და ქალი მოიშორა. ახლა უკვე უნდა წასულიყო აქედან. დიანას თვალებში ველური ნაპერწკალი აინთო. უცებ გვერდზე გახტა და მაგიდიდან ვეება დანა აიღო.
– მე შენ მოგკლავ, ჯონი...
კაცმა მოასწრო და ხელი დაუჭირა. მათ შორის ბრძოლა გაჩაღდა. მერე ჯონი  ვერ იხსენებდა, როგორ აღმოჩნდა დანა ქალის სხეულში. როცა გონს მოეგო, დიანა სისხლის გუბეში ცურავდა. ბინა კი სავსე იყო პოლიციელებით.
– მე ის მემუქრებოდა, ცოლი მომიკლა და ჩემი მოკვლაც უნდოდა... – იძახდა გამუდმებით, – მე ჩავიწერე, აი, აქ მაქვს მტკიცებულება, ამ სიტყვებით დიქტოფონი პოლიციელებს მიაწოდა და აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რაღაც – დიქტოფონი საცოდავად ახრიალდა. როგორც ჩანს, თავიდანვე არ იყო გამართული. ჩანაწერში მხოლოდ დიანას აღფრთოვანებული შეძახილები და კოცნის ხმა გაისმა, მერე კი სიჩუმემ დაისადგურა. ჯონის ხელბორკილები დაადეს. დიანამ „გაიმარჯვა“ – მკვდარმაც კი მოახერხა, მისი სიცოცხლე საბოლოოდ დაესამარებინა.


скачать dle 11.3