კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 როგორ ჩაატარა საბჭოთა დაზვერვამ ბერიას მიერ მოფიქრებული მიულერის გადმოყვანის ოპერაცია

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია უამრავ საიდუმლოს ფლობდა და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სწორედ საიდუმლოებების შენახვასა და დაცვას ემსახურებოდა ის თანამდებობები, რომლებზეც საბჭოთა უშიშროების მარშალი მუშაობდა. დროთა განმავლობაში, ბერიასთან დაკავშირებული არაერთი საიდუმლო გასაჯაროვდა. ერთ-ერთი მათგანი ფაშისტური „გესტაპოს“ შეფს, ჰენრიხ მიულერს ეხება. ისტორიის დოქტორი, გენერალ-მაიორი პავლე ტილჩენკო წერს: „საგულისხმო ფაქტია, რომ ჰიტლერული საიდუმლო პოლიციის, „გესტაპოს“ შეფი, ჰენრიხ მიულერი ნიურნბერგის პროცესზე დამნაშავეთა შორის არ იყო მოხსენიებული. საქმე ის იყო, რომ მიულერი მკვდრად გამოცხადდა და როგორც ბორმანზე, საერთაშორისო ძებნა მასზეც არ გამოცხადებულა. არა და, 1900 წელს დაბადებული ფაშისტი გენერალი (გრუპენფიურერი) ნიურნბერგის ტრიბუნალის მსვლელობისას საღ-სალამათი იყო და მოსკოვში ცხოვრობდა „ენკავედეს“ კონსპირაციულ ბინაში“.
მიულერთან დაკავშირებული მთელი ეს მანიპულაციები თავიდან ბოლომდე ბერიას ხელდასხმით განხორციელდა. სწორედ ბერიამ გასცა სანქცია საიდუმლო ოპერაციის ჩატარების თაობაზე, რაც მიზნად ისახავდა ფაშისტი გენერლის ბერლინიდან გამოყვანას. გენერალი პაველ სუდოპლატოვი წერდა: „საგულისხმო ფაქტია, რომ მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფიგურა საიდუმლო პოლიციის, „გესტაპოს“ შეფი, გენერალი ჰენრიხ მიულერი 1982 წლამდე საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა და საკმაოდ დიდი დამსახურებაც ჰქონდა სპეცსამსახურის წინაშე. არა, მიულერი საბჭოთა აგენტი არ ყოფილა და 1945 წლის მარტის მიწურულამდე პატიოსნად ემსახურა ჰიტლერს. ხოლო, როდესაც საბჭოთა ჯარები ბერლინს მიადგნენ და ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო, მიულერმა თავისი არხით პირადად ბერიას სთხოვა დახმარება, სანაცვლოდ კი – თანამშრომლობა შესთავაზა. ეს ხდება 1945 წლის აპრილის დასაწყისში, როდესაც მიულერი ჰიტლერის გვერდითაა რაიხსკანცელარიის ბუნკერში და ცდილობს, იქიდან დაიძვრინოს თავი. 23 აპრილს ბერიამ თავისთან მიხმო და მითხრა:
– შენთან უაღრესად საიდუმლო და ძალიან დელიკატური საქმე მაქვს.  ასეთ რამეს ყველას ვერ ვანდობ.
– გისმენთ, ლავრენტი პავლოვიჩ, – მივუგე ბერიას და  ყურადღება დავძაბე.
– პავლე, მითხრა ბერიამ, – მიულერი ვინაა, არ გესწავლება. ამ ვაჟბატონს რომ უამრავი ცოდვა აქვს, ისიც იცი, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მიულერი ძალიან ძვირფასი ინფორმაციების მფლობელიცაა, რომლებიც ჩვენ ძალიან გამოგვადგება. ამიტომ, მას ბერლინიდან გამოსვლაში უნდა დავეხმაროთ.
თავდაპირველად ვიფიქრე, რომ მიულერის გატაცებაზე იყო ლაპარაკი და ბერიას ვუთხარი:
– მიულერი უნდა გავიტაცოთ?
ბერიას გაეცინა და მიპასუხა:
– არა. მას ბერლინიდან უსაფრთხოდ გამოსვლაში უნდა დავეხმაროთ და მოსკოვში ჩამოვიყვანოთ. ეს თვითონ მიულერს სურს. მას უნდა, ჩვენზე იმუშავოს და რატომაც არა?!
– გასაგებია, ლავრენტი პავლოვიჩ, – გავეჯგიმე ბერიას.
მიულერის ბერლინიდან გამოყვანის ოპერაცია გულდასმით შევიმუშავეთ და 1-2 მაისის ღამეს ის ბერლინიდან მოსკოვში გადმოვაფრინეთ. სულ თორმეტნი ვმონაწილეობდით ამ ოპერაციაში, მაგრამ ჩემ გარდა, არავინ იცოდა, თუ ვინ გამოვიყვანეთ ბარლინიდან“.
ჰენრიხ მიულერის მოსკოვში ტრანსპორტირება პირადად ლავრენტი ბერიამ დაგეგმა. დეტალებიც გაითვალისწინა, რადგან მან ძალიან კარგად უწყოდა, თუ რა ძვირფას წყაროს წარმოადგენდა საბჭოთა დაზვერვისთვის „გესტაპოს“ შეფი. ბერიამ ისიც კარგად იცოდა, რომ აქ უაღრესი სიფრთხილე იყო საჭირო – ფაშისტ დამნაშავეებზე ნადირობა იყო გამოცხადებული და რომ გაეგოთ, ის საბჭოელებმა შეიფარეს, ამით ქვეყნის იმიჯი შეირყეოდა. ბერიას არც ის ესწავლებოდა, რომ თუკი საბჭოთა კავშირი ეტყოდა მიულერს უარს მფარველობაზე, ამას სიამოვნებით გააკეთებდა ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. ამიტომ ასეთი „ფასეული ეგზემპლარის“ (ბერიას ტერმინი) ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა... პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „1945 წლის 3 მაისს მიულერი უკვე მოსკოვში იმყოფებოდა და ამის შესახებ ბერიას პირადად ვუპატაკე.
– სადაა ახლა ჩემი ფაშისტი კოლეგა? – ირონიით მკითხა ბერიამ.
– კონსპირაციულ ბინაზე, სოკოლნიკში, – მივუგე ბერიას.
– კეთილი. ახლა კრემლში მივდივარ სტალინთან. უკან რომ დავბრუნდები, წამოიყვანე და შემახვედრე ჩემს კოლეგას, – გაეცინა ბერიას და დააყოლა, – ჩვენ ერთხელ უკვე შევხვდით ერთმანეთს – 1940 წელს ბერლინში.
ბერიასა და მიულერის შეხვედრა გვიან ღამით 2 საათსა და 45 წუთზე შედგა. მე გვერდით ოთახში ვიყავი. ბერია მშვენივრად ფლობდა გერმანულ ენას და მიულერს გათენებამდე პირისპირ ესაუბრა. იქიდან მხოლოდ დილის ექვს საათზე წამოვედით. ყურადღება რომ არ მიგვექცია, ბერია და მე ოპერატიული მანქანით ვმგზავრობდით. ჩვენ უკანა სავარძელზე ვისხედით, საჭეს კი სარქისოვი უჯდა, რომელსაც არაფერი ესმოდა, რადგან შუა შუშა ჩამოწეული იყო.
– პავლე, – მითხრა ბერიამ, – მიულერი ძალიან „ფასეული ნივთია“ და თანახმაა ჩვენთან ითანამშრომლოს. ასე მითხრა, ანგლო-ამერიკელებთან შეგნებულად არ დავამყარე კონტაქტი, რადგან გამომწურავდნენ და ადრე თუ გვიან, ბოლოს მაინც საბრალდებო სკამზე დამსვამდნენ. თქვენ, რუსები კი, სხვაგვარად ხართ მოწყობილები. საიდუმლოებების შენახვაც იცით და პირობის შესრულებაცო... ხომ გესმის, რომ არავინ უნდა იცოდეს მიულერის შესახებ. მე ჯერ ამხანაგ სტალინისთვისაც კი არ მითქვამსო.
– გასაგებია, ლავრენტი პავლოვიჩ, – მივუგე ბერიას.
მიულერმა ბერიაზე თითქმის ოცდაათი წლით მეტი იცოცხლა და 1982 წელს გარდაიცვალა“.
საგულისხმო ფაქტია, რომ სანამ ბერია სტალინს შეატყობინებდა მიულერის შესახებ, საკმაოდ დიდი მოსამზადებელი სამუშაო ჩაატარა და ეს ამბავი ბელადს მხოლოდ ამის შემდეგ გაუმხილა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიულერის კონსულტაციებმა და ინფორმაციებმა დიდი სამსახური გაუწიეს როგორც საბჭოთა დაზვერვას, ასევე საბჭოთა საგარეო პოლიტიკას და ეს ბერიას წყალობით მოხდა.
скачать dle 11.3