კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რატომ არიან ტოლერანტები ბედნიერები, ხოლო ნაკლებად ტოლერანტები – უბედურები და რა საფრთხეებს შეიცავს დემოკრატიის მექანიზმი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ გახშირდა შეფასებები (ქართველების მიერვე), რომ ქართველები რასისტები, ჰომოფობები, ანუ არატოლერანტული და, საერთოდაც, ლამის ყველაზე უგვანი ერია დედამიწის ზურგზე. მეორე მხრივ, ფაქტია ისიც, რომ მცირერიცხოვანი და მრავალრიცხოვანი ერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მათ შორის, სიახლისადმი დამოკიდებულებით და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ თვითგადარჩენის სხვადასხვა ფორმებით ხელმძღვანელობენ, იმას გარდა, რომ, რაც ერთი ერისთვის ნორმაა, მეორისთვის  გადახრაა, რასაც ამძაფრებს სამხრეთული ბუნებაც. ამის პარალელურად, თითქმის ნორმად იქცა საკუთარის ძაგება. ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით იმის დადგენას, რა არის ამგვარი მიდგომის მიზეზი და მართლაც ვართ თუ არა დედამიწის ხორცმეტები, როგორც ამის წარმოჩენას ჩვენი არც თუ მცირე ოდენობის თანამემამულე ცდილობს.
რამაზ საყვარელიძე: თქვენ მიერ დაყენებული საკითხი გაცილებით სერიოზულ კვლევას ითხოვს. უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ არის ყოველთვის გამართლებული. ჩვენი მკითხველისთვის უფრო ცხადი რომ იყოს, რაზე ვლაპარაკობ, გავიხსენებ, რომ სწორედ უმრავლესობამ გამოუტანა იესოს განაჩენი.
დაპირისპირებაში იმარჯვებს ესა თუ ის პრინციპი და უმრავლესობის პრინციპი დაუპირისპირდა მონარქისტულ პრინციპს, როდესაც ერთი ადამიანი წყვეტდა ყველაფერს და ეს უფლება მას გადაეცემოდა მემკვიდრეობით. ამ პრინციპთან შედარებით დემოკრატიული პრინციპები, რა თქმა უნდა, უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვითონ დემოკრატიის მექანიზმში ყველაფერი მოწესრიგებულია და არაფერია დასამატებელი და განსავითარებელი. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ დემოკრატიის ერთ-ერთ მონაპოვრად მიიჩნევა ტოლერანტობა. ეს, უდავოდ, მონაპოვარია ევროპული ცივილიზაციის ფონზე: ინკვიზიცია ევროპაში კოცონზე წვავდა განსხვავებული აზრის მქონეს, ამერიკაში განსხვავებული კანის ფერის მქონეს ჩამოახრჩობდნენ ხოლმე კუკლუკსკლანელები, მაგრამ ტოლერანტობა კაცობრიობისთვის უცხო ხილი არ არის, აზიური ქვეყნების უმრავლესობა ტოლერანტი იყო და ინდოეთში არსებობს უამრავი რელიგია და არ არსებობს არანაირი დაპირისპირება მათ შორის, რადგან მიაჩნიათ, რომ ყველა რელიგიასა და მრწამსს აქვს არსებობის უფლება. ამდენად, თავის გამოდება, რომ ევროპული მონაპოვარია ტოლერანტობა, არ იქნება სწორი. მეორე მხრივ, ევროპას სჩვევია აბსოლუტიზაცია, ანუ რასაც ჩათვლის სწორად, შემდეგ მიიჩნევს, რომ ეს სწორია ყველგან და ყველაფერში. არადა ტოლერანტობაც კი არ არის სწორი ყველგან და ყველაფერში.
– მაგალითებით რომ ავხსნათ, რატომ.
– ტიბეტი უაღრესად ტოლერანტული გახდა ერთხანს, იმდენად, რომ ჩათვალეს, სამხედრო ძალაც აღარ უნდა ჰქონოდათ და არმია გააუქმეს. ტოლერანტობის ერთ-ერთი გამოვლენაა არმიაზე, ანუ ძალადობაზე უარის თქმა. შედეგად მიიღეს ის, რომ ჩინეთის ტანკები შეიჭრა და აიღეს ტიბეტი. ტოლერანტობის საფრთხის მეორე მაგალითია, რაც ახლა ევროპაში ხდება. ევროპამ თავისი ტოლერანტობის გამოვლენად მიიჩნია ის, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს იმ ქვეყანაში, რომელშიც უნდა. ამას მოჰყვა ლოგიკური შედეგი: ყველას უნდა ცხოვრება იქ, სადაც კარგია და ყველა დაიძრა ევროპისკენ. შესაბამისად, არაევროპელებისადმი ტოლერანტობა გადაიქცა ევროპელებისადმი არატოლერანტობად და ევროპის მკვიდრი მოსახლეობა აღმოჩნდა დაჩაგრული.
– და დაიბნა, ვერ უწევს ამას წინააღმდეგობას. ვხედავთ მიგრანტების ძალადობას ევროპელებზე და ამ უკანასკნელების არაადეკვატურ რეაქციას.
– ვერ უწევს და ვერც გაუწევს, იმიტომ რომ რთულია, წინ აღუდგე იმ პროცესს, როდესაც თვითონ ევროპის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ არის ევროპელი და არ არსებობს წინ აღდგომის პრინციპიც, იმიტომ რომ წინააღმდეგობასაც თავისი იდეოლოგია სჭირდება. ასე რომ, საკითხავია, თანამედროვე ევროპის ტოლერანტობის გაგება უნდა იყოს თუ არა ისეთი, როგორიც არის. ტოლერანტობის ევროპული პრინციპების ცხოვრებისეული გადამოწმება არ მომხდარა. ანუ ცხოვრებას არ გადაუმოწმებია ეს პრინციპები. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ დაახლოებით იგივე რამ ხდება ორგანიზმში. ორგანიზმი ბევრ რამეს იღებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მას აქვს იმუნური სისტემა, ანუ უცხო სხეულს ებრძვის და თუკი  იმუნური სისტემა მოიშლება, ორგანიზმი ცუდ დღეში ვარდება და შეიძლება, ლეტალური ფინალიც ელოდეს.
– ჩვენთან ერთგვარად მოდური გახდა საკუთარი წარმომავლობის ძაგება. არადა ყველა ერს სხვადასხვა საფრთხე აქვს: მაგალითად, 300-მილიონიანი ერი უძლებს ნარკოტიკების ლეგალიზაციას, სამმილიონიანი ვერ გაუძლებს. ანუ რაოდენობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ვცდილობთ, დავაასლოთ დასავლური ნორმები?
– თუ გავაგრძელებთ ჩვენი საუბრის ხაზს, ტოლერანტობასაც და არატოლერანტობასაც აქვს თავისი დრო და ადგილი. ადგილში ვგულისხმობ იმას, თუ რის შემძლეა ერი. როდესაც ლაპარაკია დიდ ერებზე, იქ სხვანაირია ტოლერანტობის ხაზი, მცირერიცხოვან ერში კი, რომელსაც თავი გასჭირვებია, ტოლერანტობის ხარისხი ნაკლებია. უბედურებაში ადამიანი ნაკლებად ტოლერანტულია, ბედნიერებაში – უფრო ტოლერანტული. ჩვენი ისტორიაც ამას მოწმობს: ტოლერანტულები მაშინ ვიყავით, როდესაც ძლიერები ვიყავით.
– ხშირად მოჰყავთ დავით აღმაშენებლის მაგალითი, არადა მას ჰქონდა უკიდეგანო ტოლერნატობის ფუფუნების უფლება: თავისი თავის იმედიც ჰქონდა, თავისი ჯარისაც, თავისი ეკონომიკისაც და, ვიდრე ტოლერანტი გახდებოდა და მუსლიმანებს ნაკლებ გადასახადს დაუწესებდა, ჯერ მოსრა და ამის შემდეგ გახდა ისეთი იდეალური მმართველი, როგორიც რუსთაველის როსტევანი.
– თან, როდესაც აღმაშენებლის ტოლერანტობაზე ვლაპარაკობთ, დავაკვირდეთ: ის მუსლიმანების მიმართ ტოლერანტი იყო თბილისში, მაგრამ დიდგორზე?! ან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ იყო ტოლერანტული?
– ნაკლებად.
– სარებზე გასვა, ვინც არ ეთანხმებოდა. ამდენად, თავისი ტოლერანტობის პოლიტიკაში გამოდიოდა იქიდან, რა იყო პრობლემა. რთულად უყურებდა ამ საკითხს და ავტომატურად არ წყვეტდა, რაც არ მომწონს, ყველას და ყველაფერს უნდა შევეგუოო. იყო საკითხები, რომლებსაც ეგუებოდა და იყო საკითხები, როდესაც იქცეოდა, როგორც ტირანი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვიყავით არატოლერანტულები ისტორიულად, გააჩნია, რას ვიღებთ საზომად.
– არატოლერანტულები ვიყავით ბახტრიონის დროსაც, დედაწულიანად გაჟუჟეს ჩამოსახალებული სპარსელები.
– ცხადია. ასე რომ, რთული მოვლენაა ტოლერანტობა. კონკრეტულ პირობებს, კონკრეტულ სიტუაციას უკავშირდება და, ალბათ, იმის მოთხოვნა, რომ ყველანაირ ვითარებასა და დროში იყავი ტოლერანტულიო, არ იქნება გამართლებული. არის ტოლერანტობის დარღვევის შემთხვევები, რომლებთან შეგუებაც შეუძლებელია, მაგალითად, აღმსარებლობისა და კანის ფერის მიხედვით, მაგრამ, როდესაც ლაპარაკია ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნებაზე, იქ რთულია, დაიცვა ტოლერანტობა. თვით ამერიკის დამფუძნებელ მამებსაც კი შეეძლოთ, ეთქვათ უარი ტოლერანტობაზე ასეთ დროს, იმიტომ რომ ქვეყნის გამთლიანება უფრო მაღალი ღირებულება იყო, ვიდრე ტოლერანტობა ამა თუ იმ მოვლენის მიმართ.
– ქართველების ხასიათის თვისებაა, რაც რამ სიახლეა, მოიწონოს და მისდიოს? დემოკრატია თუ ლიბერალიზმი ისე ავიტაცეთ, თითქოს ბავშვობიდან იქ ვმსხდარიყავით. სულ ავანგარდში ვცდილობთ ყოფნას. სახასიათოა, დღეს რომ დასავლეთი გვაქებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში ბადალი არ გყავთო, ბიზანტიაც ასე გვაქებდა მეხუთე-მეექვსე საუკუნეებში, ქართველები არიან კავკასიაში ყველაზე კარგი ქრისტიანებიო. პროგრესისადმი გვაქვს გენეტიკური მიდრეკილება თუ, უბრალოდ, კლდიაშვილის აზნაურებივით კუდაბზიკები ვართ?
– პროგრესისადმი მიდრეკილებას კუდაბზიკობას ვერ დავარქმევდი.
– კეთილგანწყობილად ვთქვი.
– ეჭვი არ მეპარება. ბევრი სხვადასხვა ნიშანი გვაქვს, რომლებიც მიუთითებს, რომ ყოველთვის გვახასიათებდა შინაგანი პროგრესულობა. დაწყებული იმით, რომ დემოკრატიული პრინციპები ავამუშავეთ ევროპაზე ადრე, თამარის ეპოქას ვგულისხმობ.
– ფაქტობრივად, კონსტიტუციური მონარქიის მოდელს ქმნიდა.
– მაგისკენ მიდიოდა პროცესი. ისიც, რომ ეთნიკური პრობლემა არ გვქონდა და თბილისი ყოველთვის მრავალეთნიკური ქალაქი იყო და ერთმანეთთან დაპირისპირება არ მომხდარა. დღეს სექსუალურ ტოლერანტობაზეა ლაპარაკი და საქართველოში წარმართობის პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა კრიტიკული დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობებისს მიმართ, მიუხედავად ძლიერი ქრისტიანული ინსტიტუტის არსებობისა. იმიტომაც დავიწყე იმით, რომ ტოლერანტობის ისტორია იწყება აღმოსავლეთიდან, თუკი ამ თვალით შევხედავთ, აღმოსავლეთს არ ესწავლება ტოლერანტობა, თუმცა დღეს ყველაზე მეტად აღმოსავლეთს საყვედურობენ არატოლერანტობას, მაგრამ მულტიკულტურულ გარემოში, რაც შექმნილი იყო შუა საუკუნეებშიც და მანამდეც, ტოლერანტობის გარეშე ვერ შეძლებდა მაშინდელი კაცობრიობა არსებობას, ამდენად, ტოლერნტობა მოჰქონდა ყოფას. ჩვენც აზიური კულტურის სივრცეში ვცხოვრობდით და ამიტომაც იყო ჩვენი ყოფა ტოლერანტული, რაც არ აღინიშნებოდა, როგორც რამე განსაკუთრებული. ეს ახლა გახდა მნიშვნელოვანი და მსჯელობენ, ვართ თუ არა ტოლერანტულები. მაშინ კი, ასე არ იდგა საკითხი. ვიყავით ისეთები, როგორებიც ვიყავით და აღმოჩნდა, რომ ვიყავით ტოლერანტულები ევროპული საზომიდან. ევროპამ და ამერიკამ მეოცე საუკუნეში წამოსწია ეს საკითხი: ევროპამ – ნაციზმის გამო, ეთნიკური ტოლერანტობის, ქალებისადმი ტოლერანტობისა და ამერიკამ – რასობრივი ტოლერანტობის. ჩვენთან კი არც ერთი ეს პრობლემა არ იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში და ამდენად, ამით ვტრაბახობთ მას შემდეგ, რაც ეს თემები წამოიწია. ამასობაში კი მეორე უკიდურესობაშიც გადავცვივდით: თუ სადმე შეუგუებლობის ნიშანი შეგვხვდა, ვიწყებთ თვითგვემას. არადა თვითგვემა არ არის აუცილებელი, იმიტომ რომ გადახრები აქეთაცაა და იქითაც.

скачать dle 11.3