№17 საფრთხობელები?!
ანუ ფაროსანათა რისხვანი
რაკი გაიგაზაფხულა ამ ჩვენს მზიურ სამშობლოში, ავადსახსენებელმა ფაროსანამაც გაიღვიძა და შარშანდელი რბევა შეგვახსენა, როდესაც მისი მეცადინეობით ლამის სრულიად დასავლეთი საქართველო უმოსავლოდ დარჩა.
როგორც ჩანს, ამის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომის ჩატარება მარტვილის მუნიციპალიტეტში განიზრახა.
რატომ? იმ მიზნით, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე კიდეც იმსჯელონ და ღონისძიებები კიდეც დასახონ.
ანუ განა ხმალდახმალ შეებრძოლებიან მავნებელს, არამედ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებისგან მოხსენებებს მოისმენენ.
მანამდე კი კომიტეტის წევრები აბაშაში რეგიონულ შტაბსაც მოინახულებენ და შტაბის ხელმძღვანელებისგან უშუალოდ მოისმენენ ფაროსანას წინააღმდეგ ჩასატარებელ ღონისძიებათა ნუსხას.
იმის გათვალისწინებით, რომ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ბრძოლის მეთოდების შესახებ ხალხის აგრარულად რჩეულები ინფორმაციას თბილისშიც არანაკლები წარმატებით მოისმენდნენ თბილისშივე მყოფი მთავრობის წევრებისგან, რაკი ადგილზე მისვლა აუცილებლად მიუჩნევიათ, ვითომ იმედოვნებენ, რომ აზიური ფაროსანები მათი ხილვითაც დაფრთხებიან?!