№16 როგორ უწინასწარმეტყველებენ ნინო დავითულიანს ჰააგის მერობას და რატომ გადაწყვიტა მომავალმა მეუღლემ პირველივე დანახვისას მასზე დაქორწინება
ჰააგაში, ადგილობრივ საკრებულოში ქართველი ქალი დეპუტატი ჰყავთ. წარმოშობით თბილისელი ნინო დავითულიანი წლებია, ჰოლანდიაში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ოფიციალურად ცოტა ხნის წინ ჩაერთო, უკვე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და უფრო მეტიც – მას ჰააგის მერობასაც უწინასწარმეტყველებენ.
ნინო დავითულიანი: სკოლაში სწავლის პერიოდიდანვე აქტიური ბავშვი ვიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა იურიდიული მიმართულებით გავაგრძელე, ვმუშაობდი სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორიცაა საგადასახადო, სამინისტრო, სასამართლო და ასე შემდეგ. პოლიტიკოსობის სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ ამ ნაბიჯს როდის გადავდგამდი, არ ვიცოდი. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ცოტა უფრო გვიან წარმომედგინა, თუმცა ყველაფერი გაცილებით ადრე მოხდა. პოლიტიკაში აქტიურად ბოლო წლებში ჩავერთე. მინდოდა, რაღაც შემეცვალა და როცა გამუდმებით ცვლილებებზე ფიქრობ, ამ ნაბიჯის გადადგმა გარდაუვალია. უკვე მქონდა ფართო სანაცნობო წრე, რომელთა შორისაც ბევრი პოლიტიკოსი იყო. პარტიას გავეცანი, მათაც გამიცნეს და აღმოჩნდა, რომ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვეოდა. ჩვენს პარტიას ჰქვია Groep De Mos. პარტია 2012 წლიდან არსებობს, მე მათ 2017 წელს შევუერთდი. ძალიან მიხარია, რომ ამას ასე სწრაფად მივაღწიე. რომ არა 21 მარტის არჩევნების შედეგები, კიდევ ოთხი წელი მომიწევდა ლოდინი, რაზეც ძალიან დამწყდებოდა გული (იცინის).
– რომელ ლოდინზეა საუბარი, როცა დიდი უპირატესობით გახვედით და თან, თქვენი გუნდის ლიდერ პოზიციებზე – მეოთხე ნომრად.
– დიახ. საერთო ჯამში რვა ადგილი გვაქვს და ამ შედეგით ყველაზე დიდი პარტია ვართ ჰააგაში. მე მეოთხე ადგილი ავიღე და სიხარულისგან დღემდე შოკში ვარ. ოფიციალურად, 2017 წლის დასაწყისში ჩავერთე პოლიტიკაში, თუმცა, მანამდეც ყოველთვის აქტიური ვიყავი – საზოგადოებრივად აქტიური პიროვნება. ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა და ვერ ვიტყვი, რომ ის ყველაფერი, რასაც დღეს ვაკეთებ, ჩემთვის ძალიან უცხოა.
– როგორი იყო ემოციები, როცა ამდენად მოკლე დროში ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი გააკეთეთ – გახდით ჰააგის საკრებულოს დეპუტატი.
– ეს ყოველთვის იყო ჩემი მიზანი. როცა მას მივაღწიე, მართალი გითხრათ, სიხარულის შეგრძნების დროც არ მქონდა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ვერ გავითავისე. ყოველდღიურად ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს და იმდენად ვარ გადაშვებული სამუშაო პროცესში, რომ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ ბოლომდე, რა გადამხდა თავს. თუმცა, ვერ უარვყოფ, რომ ძალიან მიხარია (იცინის). საბედნიეროდ, ჩემთვის ახლობელი ადამიანები მაქსიმალურად მიწყობენ ხელს. მეუღლე, შვილი, მშობლები – ყველამ იცის, რომ რთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ თავიანთი პოზიტიური განწყობით ცდილობენ ყველაფრის შემსუბუქებას, რაც ძალიან მეხმარება.
– რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, ადევნებთ თვალყურს?
– პირადად მე ამის დრო არ მაქვს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ქართული პოლიტიკა იმდენად უხეშია, მისთვის ყოველდღიურად თვალის დევნება საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, იქიდან გამომდინარე, რომ მე აქედან ვერაფერს შევცვლი. ამ ამბებში მამაჩემია აქტიურად ჩართული და ძალიან შეწუხებულია არსებული მდგომარეობით. ყოველდღე ქართულ არხებს უყურებს. ასე რომ, თუ რამე მაინტერესებს, მისგან ვიგებ. პირადად მე სახლში ქართული ტელევიზია არ მაქვს, თუ რამეს ვიუყურებ, ისევ და ისევ სოციალურ ქსელებში.
– როცა პოლიტიკოსობაზე ოცნებობდით, გიფიქრიათ, საქართველოსთვის დაგეკავშირებინათ თქვენი მომავალი ამ თვალსაზრისით?
– საქართველოშიც ბევრ ისეთ თანამდებობის პირს ვიცნობ, ძალიან რომ მოვინდომო, არ გამიჭირდება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა, მაგრამ ეს ძალიან ადრეულ ასაკში იყო ჩემი ოცნება. მინდოდა, საქართველოსთვის რაღაც გამეკეთებინა. ეს სურვილი ახლაც მაქვს, მაგრამ ახლა უკვე ვაცნობიერებ, რომ აქ ყველაფრის დატოვება და საქართველოში გადმოსვლა არანაირად არ გამოვა. მაგრამ აქ მოღვაწეობის პარალელურად, თუკი რამის გაკეთებას შევძლებ, საქართველოსთვის ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ.
– რთული იყო თქვენი გზა დღევანდელობამდე?
– რთული მომენტებიც იყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც. ძალიან ბევრი ახლობელი ადამიანი გამოგვეცალა ხელიდან საქართველოში. ამ დროს შორს ყოფნა ძალიან რთულია. დაკრძალვაზე კი ჩახვალ, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის საკმარისი, როცა უკან ბრუნდები, საშინელ სიცარიელეს განიცდი. სხვაგვარ სირთულეებზე ვერ ვიწუწუნებ. იმიტომ რომ, ეს ქვეყანა იმდენ შესაძლებლობას გაძლევს, უმადური უნდა იყო, რომ რამეზე წუწუნი დაიწყო.
– რაც შეეხება პოლიტიკურ სირთულეებს? ჩვენთან ეს გზა განსაკუთრებით სიბინძურეებთან და უსიამოვნო ხრიკებთან ასოცირდება.
– პოლიტიკა ყველგან ბინძური სფეროა და მათ შორის, აქაც. რაც უფრო წინ მიიწევ და მეტს აღწევ, მით მეტად ცდილობენ, ჩირქი მოგცხონ, მაგრამ არა იმ დოზებით, როგორც საქართველოში ხდება.
– როგორც გავიგე, ჰააგის მერობის კანდიდატად მოგიაზრებენ.
– ეს ძალიან ამბიციური გამოთქმაა და მე არ ავიტაცებ. როგორც იტყვიან, თავმდაბალი ამაღლდებაო. ადამიანი ყოველთვის უფრო მეტისკენ მიილტვი და ახალი გამოწვევებისთვის მზად ხარ. მეც ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ამჟამინდელი პოზიციით და მაქსიმალურად ამაზე ვარ ორიენტირებული. ვნახოთ, რას მოიტანს მომავალი. მე ყველაფერი პოზიტიურისთვის მზად ვარ.
– მომიყევით თქვენი ოჯახის შესახებაც. როდის და რის გამო გადახვედით ჰოლანდიაში საცხოვრებლად?
– რის გამო, ამას მე ვერ ვიტყვი, ეს ჩემი მშობლების გადაწყვეტილება იყო, რომელშიც მე მონაწილეობა არ მიმიღია. ერთადერთი, რაც შემეძლო, მათთან ერთად აქ წამოსვლა იყო და სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან გამიჭირდა. ცხრა კლასი თბილისში დავამთავრე და ახლობლებსა და სამეგობრო წრესთან დაშორება რთული აღმოჩნდა.
– ჰოლანდიაში თავის დამკვიდრება რთული იყო?
– ჩემთვის და ჩემი დისთვის არა. ენა ადვილად შევისწავლეთ და გაგვიმართლა, რომ ისეთ გარემოში მოვხვდით, სადაც თავს თანასწორად გაგრძნობინებენ. მეც ისეთი ხასიათი მქონდა, თავს არავის დავაჩაგვრინებდი. ასე რომ, ადაპტაციის პერიოდმა ძალიან მშვიდად გაიარა.
– რაც შეეხება თქვენს ოჯახს?
– დედა – დეა ჭკუასელი თბილისელი ქალია. პროფესიით ლოგოპედი. მამა – მერაბ დავითულიანი მუსიკოსია – საქსოფონისტი. „რეროს“ ორკესტრის წევრი იყო ბუბა კიკაბიძის სოლისტობის დროს. მყავს მეუღლე და ცხრა წლის გოგონა, რომელსაც ჩემი საყვარელი ბებიის – ლილის სახელი დავარქვით. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გავიცანით. როგორც ამბობს, რომ დაგინახე, მაშინვე შემიყვარდი და მივხვდი, რომ ჩემი ცოლი გახდებოდიო. მე მაშინ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი (იცინის). როგორც ჩვენში იტყვიან, თავი ამაყად მეჭირა და ამას, თურმე, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონია (იცინის). მერე და მერე ძალიან ბევრი კარგი თვისება გამოამჟღავნა და თავი შემაყვარა. დღემდე ძალიან ბედნიერები ვართ. ყველაფერში ძალიან მეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვს ეხება. ძალიან უყვარს საქართველო და ჩემი ნათესავები. იმედია, ყოველთვის ასე შეხმატკბილებულები ვიქნებით. ახლა, როცა ამხელა პასუხისმგებლობა დამეკისრა და ყველა ჩემს ნაბიჯს აკვირდება, თვითონაც ცოტა დაძაბულია, მაგრამ იმდენად პოზიტიური ადამიანია, ყველანაირად მამხნევებს.
– თვითონ რა პროფესიისაა?
– ჰააგაში კერძო ბიზნესი აქვს და ძალიან ცნობილი ადამიანია, მაგრამ არა ცნობადი. ყველას უყვარს და დიდ პატივს სცემენ. ეროვნებით თურქი გახლავთ. თუმცა აქ გაზრდილია და ნამდვილი ჰოლანდიელია. ისიც მიწყობს ხელს, რომ მორწმუნე არ არის. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, არც გამოვიდოდა ჩვენი ურთიერთობა, რადგან მე მართლმადიდებელი ვარ. შვილიც მართლმადიდებლად გვყავს მონათლული. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია და ბედნიერი ვარ, რომ ამაში ხელს არ მიშლის.
– დიდი პოლიტიკის მიღმა, ოჯახში ქალური საქმეებისთვის თუ გრჩებათ დრო?
– ქალურ ამბებში ცოტა მოვიკოჭლებ (იცინის). დალაგებით კი ვალაგებ, მაგრამ კერძების მომზადება დიდად არ მიყვარს. მჭადის გაკეთება ვიცი და თუ საქართველოდან ფქვილს ჩამოვიტანთ, ვაკეთებ ხოლმე. ხინკალი და ხაჭაპური არასდროს გამიკეთებია, მაგრამ კარტოფილის შეწვა და აქაური სწრაფი კერძების მომზადება შემიძლია. ისეთი ხელი მაქვს, თუ რამეს ვაკეთებ, გემრიელი გამომდის.