№16 რატომ უჩანდა ნიუ-იორკში ოთო ნემსაძეს თვალიდან ლობსტერი და რატომ ტიროდა ამერიკაში თავის „უბედურებაზე“ სოფო მეძმარიაშვილი
ცოტა ხნის წინ ოთო ნემსაძე და სოფო მეძმარიაშვილი ამერიკაში იმყოფებოდნენ, სადაც ოთომ ემიგრანტებისთვის ორი კონცერტი ჩაატარა. კონცერტებმა წარმატებულად ჩაიარა. ამერიკაში გამგზავრებამდე ოთომ სოფოს დაბადების დღეზე ხელი სთხოვა და ძალიან ლამაზი სიურპირიც მოუწყო.
სოფო მეძმარიაშვილი: ამერიკა ყველაზე პერსპექტიული ქვეყანაა, არავინ იცის, იქ რა მოხდება და ოცნებებიც ხდება. ამერიკაში წასვლა, რატომაც არა, იყო ჩემი ოცნება. ძალიან მაგარი ქვეყანაა და ვისწავლიდი სამსახიობოზე – ეს ნამდვილად არის ჩემი ოცნება. ამერიკაში წასვლა გადაწყვეტილი გვქონდა, მაგრამ თუ ოთოს კონცერტს ჩავატარებდით, უფრო კარგი იქნებოდა. ემიგრანტებს ოთოს დანახვა ძალიან გაუხარდათ, მოვიდნენ, ეფერებოდნენ. კონცერტის დაგეგმვა არც ჩემთვის და არც ოთოსთვის რთული არ იყო. იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ოჯახის ახლობლები, რომლებიც ამ სფეროში, ასე თუ ისე, ტრიალებენ.
ოთო ნემსაძე: გამიხარდა, ყველამ ერთხმად აღიარა, რომ აქამდე ჩატარებული ქართული კონცერტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, წარმატებული კონცერტი იყო, სადაც ქართველებმა გემოვნებიანი მუსიკით მაქსიმალური სიამოვნება მიიღეს. შევასრულე სიმღერები ჩემი პირველი ალბომიდან „ფიქრების ზღვა“, ასევე ინგლისურენოვანი, უკრაინული სიმღერები – აქცენტი გაკეთებული იყო მხოლოდ და მხოლოდ გემოვნებიან მუსიკაზე. მიხარია, რომ ქართველმა ემიგრანტებმა ეს ყველაფერი ძალიან მაგრად მიიღეს. სრული ანშლაგი იყო, სრული ყურადღება სცენაზე, ჩემთან ერთად მღეროდნენ.
სოფო: ორივე კონცერტზე ყვავილები მომართვეს. ძალიან სასიამოვნოა, ოთოს კონცერტზე რომ მოდიან და მე ყვავილებს მომართმევენ ხოლმე. გვილოცავდნენ, საჩუქრები გვაჩუქეს. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა, ეს იყო ოთოსთვის სამომავლო გზა, რომ მან ამერიკაში კიდევ ბევრი კონცერტი ჩაატაროს, უკვე საკონცერტო დარბაზებში.
ოთო: მომავალში მინდა ცოცხალი კონცერტით ჩავიდე და ამერიკაში ვაჩვენო ქართველებს, რომ მხოლოდ ამერიკელები არ მღერიან მაგრად. ყველას უნდა ვაგრძნობინოთ, რამხელა ძალა აქვს ჩვენს კულტურას, რომელიც წლების განმავლობაში უფრო და უფრო ფართო მასშტაბებზე გადის, საინტერესო ხდება. ჩემს ჯგუფთან ერთად ჩავწერე მეორე საავტორი ალბომი. იმედი მაქვს, რომ ის არა მხოლოდ ამერიკაში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც წავა. გპირდებით, რომ მალე გამოვა ეს ალბომი და თავს დაგესხმებით ტურნეთი, ქარბორბალასავით დაგატყდებით. ყველა კონცერტზე 3-4 კილოგრამს ვიკლებ ხოლმე და მერე როგორღა ვიმატებ, აღარ ვიცი.
– როგორ გაატარეთ დრო ამერიკაში?
სოფო: დღეში 14 კილომეტრს გავდიოდით ფეხით. უკან ოთო მომდევდა ხოლმე. თან „ნაშოპინგარი“ პარკებით. მე მაღაზიიდან მაღაზიაში დავდიოდი, ეს – პარკებით, თან, ცოცხალი თავით არ მაჭერინებდა ხელში, მეც დიდად არ მინდოდა: ჯობია, ატაროს-მეთქი. ერთ დღეს 7 პარკი ეჭირა და დროშასთან რომ ეცემი, ასე დაეცა სახლის წინ. ჯერ ნიუ-იორკში ვიყავით, შემდეგ ნიუ-ჯერსიშიც – ჩემს მეგობართან სტუმრად. თაიმს სქვერი ავიარეთ-ჩავიარეთ, ბოლოს სახეზე გვცნობდნენ. „ჩიკაგოზე“ ვიყავით, დაგვპატიჟეს. ვუყურებდი: თან ვიცინოდი, თან ვტიროდი ჩემს უბედურებაზე, რომ იქ არ ვთამაშობდი. ვიცინოდი ბედნიერებისგან. კარნეგი ჰოლშიც დაგვპატიჟეს ძალიან მაგარი პიანისტის კონცერტზე.
– რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
ოთო: ადამიანების შინაგანმა კულტურამ. როგორ პატივს სცემენ თავის ეროვნულობას, როგორ ემორჩილებიან კანონს და როგორი შემართებით იღვიძებს მთელი ამერიკა დილის 6 საათზე, რიტმი – საოცარი.
სოფო: იმიტომ არიან ასეთი განვითარებულები, რომ ყველა მხოლოდ თავისი მიზნისთვის იღვწის და არავინ არავის ცხოვრებაში არ ერევა.
– თქვენს ცხოვრებაში ჩარეულან დიდი დოზით?
– დიდი დოზით არა, რადგან ჩვენ თუ არ მივცემთ ამის საშუალებას, ვერავინ ჩაერევა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს გარდაუვალია.
ოთო: დიდი დოზით ჩვენს ცხოვრებაში არავინ ჩარეულა. მაგრამ ნუ გგონიათ, რომ კომენტარებს არ ვკითხულობ. ისეთი არაფერი მკითხოთ, რომ თავი ვერ შევიკავო. ბევრჯერ მწყენია რაღაც, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ არ ღირს პასუხის გაცემა, რადგან ვფიქრობ, იმ ადამიანს ისედაც არ აქვს თავის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე და ჩემი დამატება უფრო ზიანის მომტანი იქნება-მეთქი.
სოფო: ჩემთვის უფრო მტკივნეულია ხოლმე. ოთო მაინც შეჩვეულია, რადგან როგორი კარგიც უნდა იყოს, არ არსებობს, ვინმე არ გამოხტეს. მასობრივად არ ხდება, მაგრამ 2-3 კომენტარიც მტკივნეულია ხოლმე. ახლაც, ვერ წარმომედგინა, რატომ უნდა ყოფილოყო აგრესიული კომენტარები ხელის თხოვნაზე, ასეთ მაგარ რაღაცაზე. რა გინდათ, რა დაგიშავეთ, არ გვიცნობ, ტელევიზორში დაგვინახე შეყვარებული წყვილი, ასეთი მაგარი რამ მომიწყო, შენ კი ზიხარ და წერ ცუდ კომენტარს. მე უფრო ემოციურად ვიღებ, რადგან არ ვიყავი ამას შეჩვეული, ოთო მეუბნება, გაატარეო, მაგრამ ჯერჯერობით მიჭირს.
ოთო: ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი იყო კომენტარი: ერთი ვნახოთ ამათი ურთიერთობა რამდენ ხანს გაგრძელდებაო. შენი რა საქმეა, ვისი ურთიერთობა რამდენ ხანს გასტანს. ილოცე, რომ დიდხანს გასტანოს, თორემ შენ დაგაბრალებ! 20 დღის მოყვანილი ცოლი მყავს და რატომ მწყევლი, ძმაო ან დაო.
– ხელის თხოვნის შემდეგ პირდაპირ ამერიკაში წახვედით –„თაფლობის თვეში“.
სოფო: კი. ხელი რომ მთხოვა, მეორე დღეს დაბადების დღე მქონდა და შემდეგ უკვე თვითმფრინავში აღმოვჩნდი. ეს სამი დღე ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარს, დღესასწაულია ჩემთვის. ორი დღე დღესასწაული და მესამე დღეს გავფრინდი ნიუ-იორკში, ცოტა არ მჯეროდა. მეოთხე დღეს თაიმს სქვერზე რომ ვიყავი, ვფიქრობდი: ხომ კარგად ვარ-მეთქი.
– ოთო, ხელის თხოვნას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდი?
ოთო: კი, დიდი ხანი ვგეგმავდი, რადგან წვრილმანი დეტალებით იყო გათვლილი. მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა.
სოფო: ჩემთვის მოულოდნელი იყო. ამაზე არასდროს გვისაუბრია. თვალები რომ ამიხილა: მივხვდი, სიურპრიზი იყო. დიდი ნახატი რომ დავინახე – მე და ოთო, მიკროფონები, მივხვდი: სცენაზე ვიყავი, მაგრამ ხელის თხოვნა რომ იყო, ეს ნამდვილად ვერ ვიფიქრე. მეორე დღეს დაბადების დღე მქონდა და ალბათ, კონცერტს მიკეთებს-მეთქი. რომ მოვტრიალდი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, დიდი ემოცია მქონდა, გავძეგლდი.
ოთო: ყველამ იცოდა სოფოს გარდა. შევაშინე: გორელი ოთარა მოვა-მეთქი.
სოფო: ვინმეს რომ წამოსცდენოდა, ისე მეწყინებოდა, ისე...
ოთო: ვინმეს რომ წამოსცდენოდა საკატლეტე ხორცივით გავატარებდი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა.
– ჯვრისწერას გეგმავთ?
სოფო: კი, გვინდა. ჯერ უნდა დავლაგდეთ სახლის ამბავშიც და მერე დავიწერთ ჯვარს.
ოთო: სახლის აშენებაზეც ვფიქრობთ და რადგან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შეიძლება, რამდენიმე წლით გადაიწიოს.
სოფო: ოთოს უნდა კერძო სახლი და მე რომ ვამბობ: კორპუსი მირჩევნია-მეთქი, გაოცებულები მიყურებენ. როგორია ქალისთვის: კერძო სახლის დალაგება, მიხედვა. თან, მე ბევრი რამის მეშინია: გველების, ღამე ვინმე არ შემომივარდეს. ალბათ, ყველა ფანჯარასთან ვიდგები. მარტო დარჩენის ძალიან შემეშინდება. პატარა გაფაჩუნებაზე: ჰა, მოვიდნენ, მომაკითხეს. ჭინკების მჯერა. თან ჩვენი მიწის უკან არის ტყე და იმ ტყეს რომ გავხედავ, ჭინკები მომელანდება.
– სოფო, კერძების მომზადება გეხერხება?
ოთო: გააკეთა რაღაც და პირველივე ჯერზე დაიწვა ხელი.
სოფო: ჩემი სამზარეულოში შესვლა და ბებიაჩემის ყვირილი ერთი იყო ხოლმე: გადი! რეალურად ამბობს, რომ არაფერში მეხმარებოდაო, მაგრამ რამდენჯერაც მივეხმარე, ხელებში მეცემოდა ხოლმე. რამდენიმე საჭმლის გაკეთება ვიცი.
ოთო: მე და სოფოს ძალიან გვიყვარს ზღვის პროდუქტები. ამერიკაში ჩემი ძმაკაცის მამამ, მალხაზი ბიძიამ, – მახო, შენ გენაცვალე! – წაგვიყვანა ჩინურ რესტორანში და მეუბნებოდა: აქამდე ჩემი ფოტო იყო გამოკრული: არ შეუშვათო და ახლა შენიც დაემატაო. იმდენი ვჭამე, ლობსტერი მიჩანდა თვალიდან.
სოფო: ვგიჟდები, ისე მიყვარს – 10 წუთი შევისვენოთ და გავაგრძელოთ-მეთქი. სულ ჭამაზე ვფიქრობდით. რომ გვშიოდა აღარც თაიმს სქვერი გვაინტერესებდა და არც თავისუფლების ქანდაკება. ორივე მაგარი ჭამის მინისტრები ვართ.