№16 როგორ ყრიდნენ გარდაცვლილ პატიმრებს ციხის საავადმყოფოდან გარეთ და რატომ ეძახდნენ გლდანის ციხეში ყველა პარასკევს სისხლიანს
ლაშა ბასლანძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დააპატიმრეს და მანაც გამოაირა ის ტანჯვა-წამება, რასაც გლდანის ციხეში გადიოდნენ პატიმრები. თვითონ ლაშაც არაერთხელ სცემეს, კარანტინი ოთხჯერ გამოატარეს, მის თვალწინ უამრავი პატიმრის წამება ხდებოდა და როგორც ამბობს, გლდანის ციხე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში საპატიმროა... როგორ ექცეოდნენ პატიმრებს, რა ცხოვრება გამოიარა ლაშამ ციხეში და მერე როგორ შეცვალა სალომე ბაკურაძემ მისი ცხოვრება, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ
ლაშა ბასლანძე: დილით ჩამოვედი სახლიდან და ვნახე, რომ მანქანის შუშა დამსხვრეული იყო. დავრეკე სადაზღვევოში, იქიდან, ალბათ, პოლიციას შეატყობინეს და დამიბარეს პოლიციაში. უბნის პოლიციის უფროსი გადამემტერა, აქეთ მაბრალებდა, შენ თვითონ გატეხე და გაუხსნელ საქმეს მტენიო და მსგავსი სისულელეები... შენნაირები მე უბანში არ მჭირდება, არაფერში გამომადგები, ჩაშვებით შენ არავის ჩაუშვებო. დამიჭირეს შუშის გატეხვის გამო, დამიდეს იარაღი და ნარკოტიკი, მარიხუანის მოხმარება თუ ანალიზში არ ამოგივარდა, ამოირჩიე, მაშინ რომელიმეს ჩაგიდებთ, მაინც დაგიჭერთო. ამომიგდო მარიხუანა და ასე დამიჭირეს პირველად და ჩამსვეს გლდანის ციხეში წინასწარ ორთვიან პატიმრობაში. მერე გირაო გადავიხადე და გამომიშვეს. ასე დამიჭირეს ოთხჯერ, გადავიხდიდი გირაოს, გამომიშვებდნენ, მერე ისევ მიჭერდნენ.
– როგორც ვიცი, კარანტინის დაშლის დროს ოლეგ ფაცაციას უცემიხარ...
– კარანტინი გამატარეს ოთხჯერ და ბოლოს ამიყვანეს კამერაში. გამომიყვანდნენ, გამატარებდნენ, მცემდნენ, შემიშვებდნენ უკან და ასე მეორდებოდა, კარანტინის დაშლა ხდებოდა ყოველ პარასკევს. „სისხლიან პარასკევს“ ეძახდნენ, რადგან სისხლის გუბეებს აყენებდნენ. კარანტინს რომ გადიოდი, პატიმრების კორიდორი ეყენათ და შენს გვარს რომ გამოაცხადებდნენ, შემოტრიალდებოდი, ხელში ფურცელი გეჭირა, რომელშიც შენს ბრალს კითხულობდნენ და გცემდნენ. რეჟიმის უფროსი და ოლეგ ფაცაცია იდგნენ, გცემდნენ და რომ დაცემულიყავი უარესი იყო – ცემაში მოგკლავდნენ. ამიტომაც ვერ უძლებდნენ პატიმრები და ხელს აწერდნენ ყველაფერზე. მეოთხეჯერ რომ გამიყვანეს კარანტინში, იქ იყო ოლეგ ფაცაცია და ისე მცემა, ბოლოს მკლავდა. ერთი ნახალოვკელი ბადრაგი მუშაობდა, რომელსაც უბნიდან ვიცნობდი და რატომ კლავ, რის გამოო. ასე იმიტომ მექცეოდნენ, რომ მეყვირა, გარეთ მიმეწვდინა ხმა, მკლავენ და მიშველეთ-მეთქი და ჩემს ოჯახს, რაც შეიძლება ბევრი გადაეხადა. მეოთხე დაშლის დროს ხელით ამიტანეს ბიჭებმა. მივლიდნენ, ხელით მაჭმევდნენ... საშინელება იყო, ნაცემი რომ გადიხარ ადვოკატებთან, გაფრთხილებენ, თუ რამე წამოგცდება, მოგკლავთო. ბოლოს უკვე ან ტყდები, ან ისე „გაგარეკინებენ“, მიდიხარ ყველაფერზე.
– ოლეგ ფაცაციას გარდა, ვინმე ცნობილ ბადრაგთან თუ გქონია შეხება?
– მე არ ვიცი, მანამდე რას აკეთებდა ლადო ბედუკაძე. მაშინ კარანტინის სმენის უფროსი იყო. მე ორჯერ ვნახე, ლოცვების წიგნი ეჭირა ხელში, სამხედრო ფორმით დადიოდა. როცა დაიწყეს ცემა და დაშლა, ადგა და წავიდა, იქ არ გაჩერდა. კარანტინში სიგარეტს ვინ მოგაწევინებდა და ერთადერთი ტიპი იყო, ვინც სიგარეტიც მომაწევინა და თავი მტკიოდა და ტკვილგამაყუჩებელი შემომიტანა. ერთი წელია, რაც თავის ტკივილებმა გამიარა.
– როგორ პირობებში იყავით საკანში?
– რა ტელევიზორი, რა რადიო, ციხეში ყველა ცოდვაა, მაგრამ ახლა სასტუმროში არიან მაშინდელ ციხესთან შედარებით. ჩვენს დროს შობას მოგვკლეს ცემით, იმიტომ რომ, სანთლები გვენთო. დილით გასეირნება ხომ ყველას ეკუთვნის, რომ გასულიყავი, გცემდნენ, რატომ გვღლი და რატომ გადიხარო. არ უნდა დამჯდარიყავი, არ უნდა წამოწოლილიყავი, რომ შემოვიდოდნენ, ფეხზე უნდა ამდგარიყავი. დაბანა 3-4 წუთში უნდა მოგესწრო, ბევრი ვერ უძლებდა და გარბოდა ბალანდიორად, იმათ ვეღარ სცემდნენ და მეტი პრივილეგია ჰქონდათ. ადამიანის სრული გატეხვა ხდებოდა. წვერი რომ გაგეპარსა და ერთი ღერი დაგრჩენოდა, მაგაზე გცემდნენ, არ იპარსავო. მერე ცოტა ხანი ორთაჭალაშიც მომიწია ჯდომა, ერთი თვე გლდანს ერთი წელი ორთაჭალა მერჩია. ჩვეულებრივად გავცვლიდი. იქ ყოფნას ვინც გაუძლო და მყარად გამოვიდა, მაგარი ნერვული სისტემა ჰქონია. მსოფლიო ციხეებში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხე იყო. ხუთი კაცი თუ იჯდა საკანში, ორი მაგათი ტიპი იყო, რამე ცუდად რომ გეთქვა, ჩათვალე, უკვე მათ იცოდნენ და მოგკლავდნენ ცემაში. ყველას აფუჭებდნენ, ვისაც ვერ გააფუჭებდნენ „ცინკის“ კუბოთი გადიოდა. სანამ უხდიდი, ბოლომდე არ გწირავდნენ, თუ ვეღარ გადაუხდიდი, სიკვდილი პრობლემა არ იყო. რაღაც ბალანდა შემოდიოდა – აფეთქებულს ვეძახდი. ბევრი რაღაც რომ ჩაყარო და „ლიმონკა“ ჩააგდო, ააფეთქო, ასეთი იყო. თან ცხიმი ჰქონდა საშინელი. ერთდერთი, ლობიოს ვჭამდი ორშაბათს და ოთხშაბათს, საპატრიარქო აგზავნიდა, ნორმალური იყო. მაღაზიაში ვყიდულობდი, მაგრამ თუ რამე არ მოეწონებოდათ მაღაზიაში ყიდვასაც გიკრძალავდენ და პური უნდა გეჭამა. პური ისეთი შემოდიოდა, რომ ვერ შეჭამდი. მე რომ დამიჭირეს, ვისი პურიც შემოდიოდა, მაგის მეპატრონე იყო დაჭერილი. მთელი ციხე ხომ გინებაში იყო, არ იჭმეოდა, ვხუხავდით, ვაცხელებდით და რომ გავიდა ციხიდან, პური ეგრევე გამოასწორა.
– შენ თვალწინ თუ ხდებოდა სხვა პატმრების წამება?
– ღამე რომ მოდიოდა, საშინელი ხმები ისმოდა, კაცის ასეთი განწირული ყვირილი არსად გამიგია. ისე კიოდნენ, რომ მახსენდება, ცუდად ვხდები. საკნიდან ვუყურებდი „რეზბალნიცას“ და ბევრჯერ ყოფილა, ორი-სამი მკვდარი გადმოუყრიათ და ძირს ეყარნენ, სანამ კატაფალკა არ შემოვიდოდა. ოლეგ ფაცაცია მიდიოდა ხოლმე „რეზბალნიცის“ თავზე და ბინოკლით იყურებოდა. 27-28 წლის ახალგაზრდა იყო და აღარ გადიოდა ციხიდან, იქ ცხოვრობდა. პატიმრებს აფურთხებდნენ და აშარდავდნენ. აუპატიურებდნენ – რაღაც რომ უნდოდათ და ვერ იღებდნენ, ამ ტიპის გაფუჭება ჩვეულებრივი იყო. სასწაულებს აკეთებდნენ. 80 წლის კაცს რაღაც საბუთების მაქინაციისთვის კლავდნენ ცემით. 78 წლის კაცს ძროხის მოპარვას აბრალებდნენ, ოთხზე დააყენეს ეს კაცი და ახლა ძროხასავით იღმუვლეო.
– ოთხჯერ დაგიჭირეს, საბოლოოდ როგორ დააღწიე თავი?
– ბოლოს რომ დამიჭირეს ჩემი შვილის, ელენიკოს, დაბადების დღე იყო. მაშინ ვაჩუქე ბავშვს კოკერსპანიელის ლეკვი, ეს ლეკვი და გომელაურის წიგნი მიდევს მანქანაში და ჩემთვის წყნარად მივდივარ. გადამაყენეს, წამობრძანდიო. თან, ეს გამომძიებლები, რომ დაგიჭერდნენ, გეუბნებოდნენ, ლაშა, მაგრად „გვიტყდება“, შენნაირ კაცს ციხეში რა უნდა, მაგრამ ხომ იცი, ბრძანებაა და რომ არ შევასრულოთ, შარში აღმოვჩნდებითო, მარაზმი ხდებოდა. იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც განაჩენის 95 პროცენტი გამამტყუნებელი იყო. გირაოთი გამომიშვებდნენ, რაღაც პერიოდის მერე კიდევ შემიყვანდნენ. „მეკაიფებოდნენ“. თან ფული უნდა მეხადა, თან ბოლომდე უნდა გავეტეხეთ. რაც გადამახდევინეს, მაგის გარდა ქონება წაიღეს, კლინიკა წაიღეს. ზუსტად იცოდნენ, რამდენი გქონდა, რამდენის სესხების თავი გქონდა; ყველაფერი რომ გაგეყიდა, რამდენი გექნებოდა და პლუს მიუმატებდნენ კიდევ ცოტას, რომ ბოლომდე გაეწურე. ბოლოს, 2012 წელს რომ გამოვედი, არჩევნებამდე, ძალიან დიდი როლი ითამაშა ივანიშვილების ოჯახმა, ბერამ. ბოლოს დაჭერილი ვიყავი და მაგ პერიოდში იყო, ჩვენი ბიჭები, ფაქო და ამიკო, გადავიდნენ „რუსთავი 2-იდან“ „ჯიდიესზე“ და ვთქვი, რომ ამას უკვე ვეღარ გადავურჩები-მეთქი. ახალაია იყო მაშინ და შეუთვალა ფაქოს და ამიკოს, თქვენი ძმაკაცი რომ გიზით აქ, იმას ცოცხალს ვერც გამოიყვანთო. ისე ვიყავი შეჩვეული, რომ ზუსტად ვიცოდი, შევბრუნდებოდი. იმან გვიშველა, რომ შეიცვალა ყველაფერი, თორემ არ მომეშვებოდნენ, შანსი არ იყო. ხანდახან რომ მიყვებიან ნაციონალებზე რაღაცებს, ვაჩერებ, ისე ნერვები მეშლება. მაწამეს ტიპებმა და ესე იგი, ემხრობი იმ მწამებლებს და რამე რომ იყოს, შენც მაწამებ. ან უნდა გავჩერდეთ მაშინ, ან კამათში თუ შემოვედი, უნდა ვცემო, ან რა ვიცი, ჩემთვის არიან პირადი მტრები. დედაჩემმა 4-5 წელია, რაც გაიცინა.
– რომ გამოხვედი, ის ბადრაგები არასდროს შეგხვედრიან?
– მერე, რომ გამოვედი, ერთ-ერთი ბადრაგი, რომელმაც მაგრად მცემა, მანქანის სამრეცხაოში ვნახე, მანქანას რეცხავდა. ძალიან დიდი ტიპი იყო გარეგნულად და რომ დამინახა, ისე დაპატარავდა, ასანთის კოლოფის ხელა გახდა და მე ვუთხარი, მე მიპატიებია, შენ თუ აპატიებ შენს თავს-მეთქი მანქანის გარეცხვა ათი ლარი ღირდა და დავუტოვე. არ მგონია, მაგათმა თავის თავს აპატიონ, წარმოუდგენელ საშინელებებს სჩადიოდნენ. მუხაძე იყო მაშინ ციხის დირექტორი. მანამდე მელაძე იყო, წავიდოდა, სპორტულებს ჩაიცვამდა და ისე გამოდიოდა, რომ ეცემა ხალხი. ჩვეულებრივად ვარჯიშობდა ტიპი. მეგრელი კოჭოია რომ დაიჭირეს, ტეორირზმის ბრალდებით, საცოდავს ეზოში სცემდნენ მინისტრებიდან დაწყებული, ყველა. მართლა არ მჯერა დღემდე, რომ იმას ამერიკის საელჩოს აფეთქება შეეძლო.
– სასოწარკვეთილების მომენტები თუ გქონდა?
– კი. იქ არ არსებობს ადამიანი, თვითმკვლელობაზე არ იფიქროს. მე რომ გამოვედი, იმ დღეს მოიკლა 18 წლის ბავშვმა თავი, ახალი გადმოსული იყო პატარებიდან და ვეღარ გაუძლო. ერთხელ მეც გავჭედე, წყალი შევასხი კლუჩნიკს და ისეთი ხმა ჰქონდა, რომ ყველა ბადრაგმა მოირბინა, ციხე აზანზარდა. მაგრად მცემეს, მაგრამ ერთ-ერთმა ნაცნობმა ბადრაგმა გადამარჩინა, გადაუდგა, რა დაგიშავათ, დაანებეთ თავიო. მაგის მერე შემოვიდა ფაცაცია და მითხრა, ჩვენ არაფერი გვინდოდა, გარედან გვქონდა ბრძანება, რომ გაგვეპრესეო. ბევრ რაღაცას გადააფასებ, ის ბავშვი აღარ ხარ და სანამ ნაბიჯს გადადგამ, ბევრად უფიქრდები. ეს რომ ის შემთხვევა ყოფილიყო, რომ რაღაცას ვაშავებდი და დავეჭირე, უფრო მეტი შეიცვლებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ამან იქით წამიყვანა, რომ ჩემს ქვეყანას არ დავტოვებ. სულ „ვიჩალიჩებ“, რომ ეგეთები არ მოვიდნენ.
– გაგიჭირდა ციხიდან გამოსულს ახალი ცხოვრების დაწყება?
– ახალი ცხოვრება დავიწყე, სალომე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი დადებითისკენ შეიცვალა, თორემ მე დღეს, ალბათ, ცოცხალიც არ ვიქნებოდი. სალომემ გადამატანინა ეს ამბავი. ახალი გამოსული ვიყავი, დანევროზებული, გაგიჟებული და ასეთი გამიცნო სალომემ და ასეთი მიმიღო. ამიტომაც, ის ჩემთვის ყველაფერია. 2012 წლიდან მე და ჩემმა ოჯახმა ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ, მიწა ვიყიდეთ, ახალი კლინიკა ავაშენეთ. ახლა ყველაფერი კარგადაა.