№16 ზურაბ დაბრუნდაშვილის წარმატების გზა ონკოქირურგიაში
ქირურგ-ონკოლოგს, „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ წამყვან სპეციალისტს, ზურაბ დაბრუნდაშვილს, თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ათასობით რთული ოპერაცია აქვს ჩატარებული. პროფესიისა და პაციენტების სიყვარული მისი წარმატებული კარიერის მთავარი ხელისშემწყობი ფაქტორია. რატომ აირჩია ურთულესი პროფესია, რა სიძნელეებთანაა დაკავშირებული ონკოლოგიურ პაციენტებთან ურთიერთობა, ამ და სხვა, არაერთ საინტერესო კითხვაზე თავად ზურაბ დაბრუნდაშვილმა გვიპასუხა.
ზურაბ დაბრუნდაშვილი: 1995 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. სწავლის პარალელურად, იმ რთული პერიოდიდან გამომდინარე, თითქმის ყველა საშუალო სამედიცინო პერსონალად მუშაობდა. მე და ჩემმა ორმა კოლეგამაც ექთნებად დავიწყეთ მუშაობა მაშინდელ ონკოლოგიურ ნაციონალურ ცენტრში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გავიარე ასპირანტურა და დღემდე ამ კლინიკაში ვმუშაობ, ბატონი კოტე მარდალეიშვილის ხელმძღვანელობით. ამ ხნის განმავლობაში 5 000-ზე მეტი ოპერაცია მაქვს წარმატებით ჩატარებული.
– რატომ აირჩიეთ ეს ურთულესი პროფესია და დარჩით მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში?
– მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა თავ-კისრის განყოფილებაში ვაკანსია გამოცხადდა და შემთხვევით მოვხვდი. რომ ვნახე, რამდენად რთული, მაგრამ ამავდროულად, საინტერესო და პერსპექტიული დარგია, არაჩვეულებრივი კოლექტივი და ძლიერი ხელმძღვანელი, მაშინ ვთქვი, რომ აქედან არსად წავიდოდი, ასე მოვდივარ დღემდე.
ჩვენი პროფესია საკმაოდ რთულია, რადგან ავთვისებიანი სიმსივნეების ლომის წილი თავისა და კისრის პათოლოგიებზე მოდის. ამ პატარა მონაკვეთში დაახლოებით 33 დაავადება შეიძლება არსებობდეს, თავისი ინდივიდუალობით, სირთულეებითა და სხვადასხვა მიდგომებით, როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული მკურნალობის მიხედვით. იმდენად პატარა სამუშაო ველი გვაქვს, რომ ჩვენი საქმიანობა ხშირად იუველირულ მიდგომას მოითხოვს.
– რა შეიცვალა თანამედროვე მედიცინაში თქვენი მიმართულებით და რამდენად აისახა თანამედროვე მიღწევები მკურნალობის შედეგებზე?
– დაავადება არ გამქრალა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიქმნა ბევრი დადებითი სერვისი, რამაც ხელი შეგვიწყო ოპერატორებს, რომ უფრო მოკლე დროში მივიღოთ გადაწყვეტილება ამა თუ იმ შემთხვევაში. თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიები ზუსტად გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ დაავადების კერის მდებარეობა, მისი გავრცელება მეზობელ ორგანოებზე და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ვხედავთ მცირე ზომის მეტასტაზურ დაზიანებასაც.
– რამდენად მაღალია პაციენტების მომართვიანობა?
– დღის განმავლობაში რამდენიმე ოპერაციას ვაკეთებ და მინდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ამოქმედდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა პაციენტების მომართვიანობა. ძალიან ბევრ ადამიანს არ ჰქონდა ექიმთან მოსვლის შესაძლებლობა და ამ პროგრამამ ეს პრობლემა მოუხსნა. აღნიშნული პროგრამის ამოქმედებამ ხელი შეუწყო დაავადებების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას. კიბო არ არის განაჩენი, მაგრამ დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომში მკურნალობის ეფექტურობაზე.
– რამდენად რთულია და რა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს ონკოლოგიურ პაციენტებთან ურთიერთობა?
– ონკოლოგიურ პაციენტებთან ურთიერთობა განსაკუთრებით რთული და სპეციფიკურია, ზოგი პაციენტი მკაცრად ითხოვს, რომ ყოველგვარი შელამაზების გარეშე გავაცნოთ დიაგნოზი, იმისთვის, რომ განწყობილი იყოს დაავადებასთან საბრძოლველად, მაგრამ ხშირად არის შემთხვევები, როცა პაციენტების ოჯახის წევრების თხოვნით, მათი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს მათთვის დიაგნოზის დამალვა. თუმცა, ეს უკანასკნელი საქციელი არ მიმაჩნია სწორად და ყოველთვის მომხრე ვარ, პაციენტმა ზუსტად იცოდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
– უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
– ჩვენი კლინიკის მთელი ძალა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი ძლიერი კავშირებით. ჩვენ გვაქვს კოლეგიალური ურთიერთობები, ისრაელთან, თურქეთთან, ამერიკასთან, გერმანიის რამდენიმე კლინიკასთან, ჰოლანდიასთან. ამ სიას ახლახან დაემატა ბელორუსიის ძალიან წარმატებული პლასტიკური ქირურგიული სკოლა და ვფიქრობ, მალე კიდევ უფრო მეტი უცხოელი პარტნიორი დაინტერესდება, რადგან ჩვენ გვაქვს ყველა ის პირობა, რითიც ჩვენი უცხოელი კოლეგები გვაფასებენ, გვაღიარებენ და ყოველთვის სიამოვნებით ჩამოდიან ჩვენთან.
– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
– მე ვფიქრობ, ნებისმიერ საქმეში წარმატებისთვის მთავარია, გიყვარდეს ის, რასაც ემსახურები. მე მიყვარს ჩემი ოჯახი, ჩემი კოლექტივი, პროფესია, ღმერთი და სამშობლო. თუ სახელმწიფოსგან გვექნება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა, დამიჯერეთ, რომ ქართული მედიცინა არაფრით ჩამორჩება თანამედროვე მსოფლიო მედიცინას.