№16 ნიშანი
– ქრისტე აღსდგა!
– ჭეშმარიტად!
– გაიგე, წუხელ ვიღაც მაწანწალა შევარდნილა ჩვენს ეკლესიაში. შიშველი ყოფილა, ჯვალო ჰქონია ტანზე შემოხვეული. შესასვლელთან დახლი აუყირავებია:
– აქ რა ვაჭრობა გაგიმართავთო?!
მერე ეკლესიაში შესულა, ჯვარცმასთან დამდგარა, დიდხანს უყურა, თურმე. დედაო მისულა – დაბალი, მსუქანი ქალი რომ არის, უკითხავს:
– ქრისტიანი ხარო?
– არაო! - უპასუხია იმას.
– მაშინ დატოვე ეკლესიაო! – მოუთხოვია დედაოს.
– აქედან როგორ მაგდებ, შე სანთლის ქურდოო? – არ შეპუებია მაწანწალა. ხმაურზე დედა ეფემია გამოსულა, ხელი მოუკიდია და ეკლესიიდან გაყვანა მოუნდომებია.
– ხელი გამიშვი, შენ ის არ ხარ, შესაწირი სახლში რომ მიგაქვსო?! – უთქვამს იმ მაწანწალას დედა ეფემიასთვის.
– დედა ეფემიასთვის? იმ სათნო ქალისთვის? რას არ გაიგებ!
მერე, დედა ეფემიას მამაოსთვის დაუძახია. მამა მირიანი გამოსულა, აი, ჯანიანი მამაო რომ არის, მისულა და უთქვამს:
– ეკლესიაში შიშველი რატომ შემოხვედიო?!
– ტანსაცმელი არ მაქვსო! – უთქვამს მაწანწალას.
– მონათლული თუ ხარო?
– კიო!
– ჯვარს თუ ატარებო?
– მე ჯვარი უკვე ვატარეო! მამაოს საკინძე გადაუწევია მისთვის, ხის თევზი ეკიდა თურმე გულზე.
– სექტანტი ყოფილა?
– ალბათ!
– რა რჯულზე ხარ მონათლულიო? – უკითხავს მამა მირიანს.
– მამაჩემის რჯულზეო!
– მამაშენი ვინ არისო?
– ყველაფერიო!
– კი მაგრამ, სად არის მამაშენიო?
– ყველგანო! – უპასუხია მაწანწალას.
– გიჟი ყოფილა!
მამაოს მისი ეკლესიიდან გათრევა მოუნდომებია. ის გაძალიანებია:
– შენ ის მამაო არ ხარ, მრევლს აღსარებების გამჟღავნებით რომ აშანტაჟებო?! – ყვიროდა თურმე მაწანწალა.
– როგორ, მამაო განიკითხა იმ საზიზღარმა?!
– აბა, აბა, დიდი ცოდვაა! მერე, ვიღაცას პატრული გამოუძახია და ის მაწანწალა წაუყვანიათ.
– კიდევ კარგი, დიდება შენდა, ღმერთო!