№16 როგორ აღმოაჩინა „კაგებემ“ სახიფათო ჯაშუში ორმაგი დანაშაულის გახსნის შედეგადf
ძებნილის ცხედარი
– მე მგონი, ადამიანის ცხედარი მოჰყვა ბადეს, შვილო! – დაუყვირა მეთევზე გენო ბაიდაშვილმა თავის ვაჟს – ვაჟას, რომელთან ერთადაც ორთაჭალჰესთან ბადით თევზაობდა.
მამა-შვილმა ბადე წყლიდან ამოიღეს, რომელსაც მამაკაცის ცხედარი ამოჰყვა. მაშინვე მილიციაში დარეკეს და ნახევარი საათის შემდეგ ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორია მილიციის, პროკურატურისა და პროზექტურის თანამშრომლებით გაივსო. ცხედარი ექსპერტიზაზე წაიღეს. მილიციამ კი გამოძიება დაიწყო და დადგინდა, რომ ცხედარი 38 წლის რობერტ კომანიძეს ეკუთვნოდა, რომელიც ძებნილი იყო. ის ერთი თვის წინ რუსთავის კოლონიიდან გაქცეულა, სადაც რვაწლიან სასჯელს იხდიდა შეიარაღებული ძარცვისთვის. გაკვეთისას ცხედრის კუჭში, მსხვილთვლიანი ოქროს ბეჭედი აღმოჩნდა, რომელიც ბრილიანტისას ჰგავდა. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ გაქცეული მძარცველი ჯერ ძლიერმოქმედი საწამლავით იყო მოკლული, შემდეგ კი – მდინარე მტკვარში გადაგდებული.
კრისტალი
კუჭში აღმოჩენილ ბეჭედს ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ თავად ბეჭედი ოქროსგან იყო დამზადებული, მაგრამ მასში ჩასმული თვალი ბრილიანტი არ იყო.
იუველირმა ხუჭუამ გამომძიებელს უთხრა:
– ეს რომ ბრილიანტი არაა, თავს დავდებ. დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ ისიც, რომ ეს თვალი კრისტალია და საგანგებოდაა დამუშავებული, მაგრამ რა დანიშნულებით, ვერ გეტყვით. ამის დადგენას ჩემზე კომპეტენტური სპეციალისტი სჭირდება და გირჩევთ, მას მიმართოთ.
იმ პერიოდში კრისტალების ყველაზე კომპეტენტური სპეციალისტი, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოეთში, 59 წლის თემურ გიგაური იყო. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა სპეცსამსახურებთან და „კაგებეს“ კონსულტანტიც იყო. როგორც კი გიგაურმა კრისტალი შეათვალიერა და ბეჭედსაც კარგად დააკვირდა, გამომძიებელ ქამუშაძეს ჰკითხა:
– ეს ნივთი თქვენთან საიდან მოხვდა?
– ბოროტმოქმედის ცხედრის კუჭში აღმოვაჩინეთ, – მიუგო გივი ქამუშაძემ გიგაურს და დააყოლა, – ამას რა არსებითი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?
– ერთი წუთით მოითმინეთ, ახალგაზრდავ, – უთხრა გიგაურმა გამომძიებელს და გვერდით ოთახში გავიდა. სამიოდე წუთის შემდეგ დაბრუნდა და ქამუშაძეს უთხრა:
– მალე აქ უშიშროების თანამშრომლები მოვლენ ბეჭდისთვის და მოცდა მოგიწევთ.
– რაშია საქმე, უშიშროება რა შუაშია? – გაუკვირდა ქამუშაძეს. გიგაურმა კი მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– სპეციფიკური სიტუაცია შეიქმნა. ბეჭედი „კაგებეს“ კომპეტენციაა და მე უფლება არ მაქვს, მათ გარეშე შეგიყვანოთ საქმის კურსში.
ქამუშაძეს მეტი კითხვა აღარ დაუსვამს. „კაგებეს“ სამი თანამშრომელი კი ოც წუთში მივიდა თემურ გიგაურის სახლში. მასპინძელმა ისინი ცალკე გაიყვანა და უთხრა:
– ამ ბეჭდის თვალი სპეციალურად დამუშავებული კრისტალია, რომელიც პორტატულ გადამცემს უერთდება და თანამგზავრის მეშვეობით დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეუძლია ინფორმაციის გადაცემა. მხოლოდ იმის ცოდნაა საჭირო, თუ როდის შემოდის მიმღებ-გადამცემი თანამგზავრი კრისტალის მოქმედების ზონაში. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ბეჭედი ჯაშუშური მოწყობილობაა.
სპეციალური გამოძიება
იმავე დღეს „კაგებემ“ საქმე მილიციას ჩამოართვა და სპეციალური გამოძიება დაიწყო თბილისში მოქმედი ჯაშუშის გამოსავლენად, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობდა. ძიებას კონტრდაზვერვის მაიორი მერაბ ტუღუში აწარმოებდა. მთავარი სამუშაო ვერსიის მიხედვით, მოკლულმა კომანიძემ და მისმა მეგობრებმა დაუდგენელ ვითარებაში გაძარცვეს სავარაუდოდ სახლი, სადაც ჯაშუშის ბეჭედი იყო. დიდი ალბათობით, ძარცვის დროს ბინაში მხოლოდ ბოროტმოქმედები იმყოფებოდნენ. კომანიძემ მიიჩნია რა კრისტალი მსხვილკარატიან ბრილიანტად, ბეჭედი თანამზრახველებისგან ფარულად გადაყლაპა. ხოლო ძარცვიდან ოთხი-ხუთი საათის შემდეგ კი ჯერ მოწამლეს, შემდეგ კი მტკვარში გადააგდეს. მაიორი ტუღუში დარწმუნებული იყო, რომ გაძარცვული სახლი ჯაშუშს ეკუთვნოდა და ის არავითარ შემთხვევაში არ განაცხადებდა ამის შესახებ მილიციაში. მან თავისი ვარაუდი გადაამოწმა და მართალიც აღმოჩნდა. ამიტომ უნდა მიეგნოთ მოკლული კომანიძის „პაძელნიკებისთვის“, გაეგოთ, თუ ვისი ბინა გაძარცვეს და მათი მეშვეობით შეეპყროთ ჯაშუში.
პიანისტი ჯაშუში
„კაგებემ“ მთელი თავისი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენა და ერთ-ერთმა ინფორმატორმა ტუღუშს აცნობა, რომ კომანიძე ძებნილობის დროს ავლაბარში, ცოლ-ქმარი გრიმაძეების სახლში იმალებოდა. გუგული გრიმაძე კომპანიძის თანაკლასელი იყო. „კაგებემ“ ის ფარულად აიყვანა. გრიმაძე კონსპირაციულ ბინაში დაკითხვაზე წაიყვანეს და მან კომანიძის მკვლელობა აღიარა:
– რობერტმა, ჩემი ცოლი ზინა აიძულა, რომ მასთან ინტიმური ურთიერთობა დაემყარებინა. ამიტომ, მე ის ჯერ მოვწამლე, კონიაკში საწამლავი ჩავუყარე, ხოლო რომ დაღამდა, კლდიდან მტკვარში გადავაგდე. ჩემს ზინას კი ვაპატიე, რადგან ის ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა.
მაიორი ტუღუში შეჰპირდა გუგული გრიმაძეს, რომ მკვლელობისთვის ციხეში არ ჩასვამდა, თუკი რობერტ კომანიძის მეგობრებს დააჭერინებდა, ვისთან ერთადაც ძარცვა ჩაიდინა. როგორც გაირკვა, გრიმაძე ყველაფრის საქმის კურსში იყო და ტუღუშს უთხრა:
– რობერტმა და პაძელნიკებმა ვიღაც „მუზიკანტის“ ბაითი გაიტანეს საბურთალოზე.
– პაძელნიკების ვინაობები? – იკითხა ტუღუშმა.
– ერთს კარგად ვიცნობ, ვასო ქოქოსაძეს. მეორეს კი, „პაკუნას“ ეძახიან და მასზე მეტი არაფერი ვიციო, – მიუგო ტუღუშს გუგული გრიმაძემ.
უშიშროებისთვის ერთი კაცის ვინაობაც საკმარისი იყო და ქოქოსაძემ და ომარ ხასაიამ, იგივე „პაკუნამ“ აღიარეს, რომ კომანიძესთან ერთად გაძარცვეს ვირტუოზი პიანისტის, გურამ ქოიავას სახლი. ქოიავა გარდაცვლილი იყო. მის ბინაში კი მისი დისშვილი ელგუჯა გეჯაძე ცხოვრობდა, რომელსაც ბიძამ თავისი სახლი უანდერძა. 40 წლის გეჯაძეც პიანისტი იყო, თუმცა ბიძასავით გამოჩენილი არა და მხოლოდ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში უკრავდა. „კაგებემ“ მასზე თვალთვალი დააწესა და იმ დროს დააპატიმრა, როდესაც ამერიკის საელჩოს თანამშრომელს „ცეერუდან“ გამოგზავნილი მიკროფირი გამოართვა.
გეჯაძე შპიონაჟში იქნა მხილებული და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.