№16 როგორ აისრულებთ სანუკვარ ოცნებას თუ იასამნის მტევანში ხუთფურცლიან ყვავილს წააწყდით და რა უსიამოვნო მოვლენის მაცნეა ამავე მცენარის ბუჩქზე სამფურცლიანი ყვავილების სიჭარბე
მართალია, გაზაფხული კარგა ხანია, დადგა, მაგრამ უმეტესობისთვის ის იასამნის აყვავებით იწყება და ვერც გაამტყუნებ. მართლაც, შეუძლებელია, ეს ულამაზესი ბუჩქოვანი მცენარე არ შეგიყვარდეს – ყვავილთა ფაქიზი გრაცია და საოცარი სურნელება ახარებს თვალს და ჭეშმარიტი საგაზაფხულო განწყობით გავსებს. ამიტომ, რა გასაკვირია, ამ მტევნებდახუნძლულ, კეთილსურნელოვან ულამაზეს ბუჩქს, განსაკუთრებული მაგიური ძალაც რომ ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრები, რასაც საუკუნოვანი გამოცდილება უფრო და უფრო ამყარებდა. შესაბამისად, ხალხური მინიშნებები და გადმოცემები იასამანთან დაკავშირებით, მრავლადაა შემორჩენილი და მიმდევარიც საკმაოდ ჰყავს. თუ რა მინიშნებები და წესებია ეს, ამაზე გვესაუბრება დღეს ჩვენი რესპონდენტი, პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ელენე.
– გამიგია, რომ ლეგენდის მიხედვით, იასამანს, სურნელებასა და სიმშვენიერესთან ერთად, კიდევ ერთი თვისებაც აქვს...
– არის ასეთი ლეგენდა, რომლის მიხედვით, იასამანი სამყაროს ერთ-ერთი ნიმფის წყალობით მოევლინა. ის ძალიან მოსწონდა ტყის ღმერთს, თუმცა, ნიმფა იგივე გრძნობით როდი პასუხობდა... და ერთხელაც, როცა სასურველ ღვთაებას გამოდევნებული ტყის მბრძანებელი, როგორც იქნა, მისწვდა მას, ხელში სრულიად უცხო ბუჩქის ტოტი შერჩა, რომელიც უხვად დახუნძლულიყო სურნელოვან ყვავილთა მტევნებით. ბრაზმორეულმა ჯავრი მცენარეზე იყარა და ტოტი მუხლზე გადაიმტვრია. ის უჩვეულო ხმა კი, რაც მცენარემ მტვრევისას გამოსცა, ისე სასიამოვნოდ ელამუნა ტყის ბრძანებლის ყურს, რომ მას შემდეგ ამ ბუჩქის, ანუ სირენის მასალისგან დამზადებული სალამური მეფის განუყრელ თანამგზავრად იქცა. „სირენი“ ბერძნულად ჩასაბერს, სტვირს, სალამურს ნიშნავს. ასე რომ, ამ ულამაზესი ბუჩქის კეთილსურნელებასა და მომხიბვლელობას, კეთილხმოვანებაც რომ დაემატა, უფრო გაძლიერდა მისი მაგიურობა.
– რაში გამოიხატება ეს მაგიურობა და საერთოდ, რატომ რგავენ იასამანს, ძირითადად, სახლის ეზოებსა და საბაღე ნაკვეთებში?
– ჩვენი წინაპრები ამ ბუჩქნარს სახლის ირგვლივ მხოლოდ ესთეტიკის თვალსაზრისითა და სილამაზისთვის კი არ აშენებდნენ, ამით ცდილობდნენ, თავიანთი საცხოვრებელი და კუთვნილი ტერიტორია ავი თვალისა და ბნელ ძალთა გავლენისგან დაეცვათ. იასამნის უნაზეს არომატს ბოროტი ძალის უწმინდურება ვერ უძლებს და იქაურობას ეცლება. მისი სურნელი სივრცის ჰარმონიულობას ააქტიურებს, ადამიანს კი, ახალი ძალითა და ნეტარი სიმშვიდით ავსებს. იასამნის ბუჩქი სახლისთვის ნამდვილი ფარია, განსაკუთრებით, თუ ის იისფერია. ნარგავი სახლთან, რაც შეიძლება, ახლოს უნდა იყოს, რომ ოჯახში სიყვარულმა და ერთგულებამ სამუდამოდ დაისადგუროს. ადრე ამ ბუჩქნარს აუცილებლად ახარებდნენ მონასტრის მიმდებარედ. განსაკუთრებით კი, შემოქმედი ბუნების ადამიანისთვისაა ის ნამდვილი შთაგონების წყარო და სულიერი ამაღლების საგანი. ამიტომ, ვისაც მუზა არ ასვენებს, უმჯობესია, იასამანის ბუჩქი თავისი ოთახის ფანჯრებქვეშ გაახაროს.
– სასაფლაოზეც ხშირად მინახავს იასამნის ნარგავები.
– დიახ, ხშირია და ამასთან დაკავშირებით, ერთ ამბავსაც გავიხსენებ, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა. ერთი ჩემი მეგობრის ოჯახის საგვარეულო საფლავზე, სადაც, სხვა ყვავილებთან ერთად, იასამნის ბუჩქიც შესანიშნავად ხარობდა, ასეთი ანომალიური შემთხვევა დაფიქსირდა. იმ წლის გაზაფხულზე დაკარგა მარინამ (ჩემმა მეგობარმა) მამა და ისიც, რა თქმა უნდა, ამ მოვლილ, ბაღნარად ქცეულ სასაფლაოზე დაკრძალეს. გაიარა თვეებმა და შემოდგომით, ოქტომბერში, იცით, რა მოხდა? ეს ულამაზესი იისფერი იასამანი ისევ აყვავდა. ყველაზე საოცარი კი ის გახლდათ, რომ იმ სასაფალოზე, სხვა ბევრ საფლავზეც იყო დარგული იასამანი. მაგრამ, სხვადასხვა კუთხეში და მხოლოდ სამ ადგილას, მათ შორის, ხსენებულ საფლავზეც, აყვავდა სამი ბუჩქი. თვალს იტაცებდა მათი სილამაზე – უნაზესი მოიისფრო ყვავილებიდან გაზაფხულის თავბრუდამხვევი სურნელი იფრქვეოდა ირგვლივ. ხალხური გადმოცემების მიხედვით, მსგავსი მოვლენა იმის მანიშნებელია, რომ იქ დაკრძალულმა მიცვალებულმა სააქაოში წესიერად და პატიოსნად იცხოვრა. შესაბამისად, ეს უდიდესი შვებაა ჭირისუფლისთვის, რომელსაც ასეთი სახით აცნობა გარდაცვლილმა იმქვეყნიურ სასუფეველზე. თუმცა, არის რადიკალურად განსხვავებული მინიშნებაც – იასამნის საშემოდგომო ყვავილობა მკაცრ ზამთარს წინასწარმეტყველებსო.
– როდის ასრულებს სურვილებს ეს ულამაზესი ყვავილი და როგორ მზადდება მისგან თილისმა?
– ყველას აქვს სანუკვარი სურვილი, რომლის ასრულებაშიც იასამანი დაგეხმარებათ. ამისთვის კი მის პაწაწინა ყვავილებს შორის მოძებნეთ ხუთფურცლიანი თავაკი. დაღეჭეთ და გადაყლაპეთ, თან სწორედ იმ ოცნების ასრულებაზე იფიქრეთ, გულით ასე სათუთად რომ ატარებდით. მაგრამ, თუ ყვავილების ჭამა არ შეგიძლიათ ან არ გინდათ, არადა, იასამნის მტევანზე უკვე წააწყდით ხუთფურცლიანს – მოწყვიტეთ ის და სულ თან ატარეთ. მშვიდად იყავით, ავი თვალი ვეღარაფერს დაგაკლებთ – დამცავი ფარი თქვენს ხელთაა. ხოლო, იასამნის გამხმარი ყვავილები, რომელსაც ჯვალოს ტოპრაკში შეინახავთ, სახლში ოჯახურ ბედნიერებას, სიყვარულსა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. უძველესი დროიდან იასამნისგან სასიყვარულო თილისმასაც ამზადებდნენ, რომელიც მეორე ნახევრის პოვნაში ეხმარებოდა ახალგაზრდებს. თუმცა, არც ცოცხალი იასამნის თაიგულია ნაკლები – როცა ახალგაზრდა კაცი პირველად მიდის პაემანზე, სასურველია, ამ ულამაზესი მცენარის ტოტები ყვავილთა აფეთქებული, ფუშფუშა მტევნებით იყოს დახუნძლული, როგორც სიმბოლო პირველი სიყვარულის ჭმუნვისა და ვნებათაღელვისა.
– იასამანის საშუალებით სიზმრის მართვაც შეიძლება?
– წინასწარმეტყველური სიზმრის სანახავად, სახლში ერთგვარი რიტუალი უნდა ჩაატაროთ. ცოცხალი იასამნის სურნელოვანი თაიგული ფანჯრის რაფაზე დადგით და დაწოლამდე, ღამის მნათობს – მთვარეს დახმარება შესთხოვეთ, რომ თქვენს პრობლემაზე პასუხი ძილში გამოგიგზავნოთ. თუმცა, თავისი ახსნა აქვს, თუ სიზმარში თავად იასამანი ნახეთ. როცა გაღვიძებულს, ზოგადად, მხოლოდ მცენარე გახსოვთ, ეს ნიშნავს, რომ სიყვარული თქვენთან ძალიან ახლოსაა; იასამნის თაიგული – ბედნიერი წუთების მაუწყებელია; ყვავილის მოწყვეტა – სიყვარულს მოპოვებას ნიშნავს; ხოლო აყვავებული ბუჩქი – ხალხის თქვენდამი ნდობის გამოცხადებაა.
– გამოდის, იასამნის მაგიას მხოლოდ კეთილი გავლენა აქვს ჩვენზე...
– არამხოლოდ. არის არასასიამოვნო მინიშნებებიც. მაგალითად, როცა იასამნის ბუჩქზე ბევრი სამფურცლიანი ყვავილია – ეს ნიშნავს, რომ ის წელი მოუსავლიანი იქნება და შიმშილობაა მოსალოდნელი. თეთრი იასამანი კი, მიუხედავად იმისა, რომ სიწმინდის, სიყვარულისა და სინაზის სიმბოლოდაა აღიარებული, სახლში არამც და არამც არ შეიტანოთ. შესაძლოა, ამას თქვენი ან ოჯახის რომელიმე წევრის დაქვრივება მოჰყვეს. მაგრამ, ნუ აღელდებით, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები და საშიშიც არაფერია. იასამნის სურნელი გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმარებათ, ენერგიასაც შეგინარჩუნებთ და ძალებასაც აღგიდგენთ. ის ხომ თქვენ ირგვლივ არსებულ უარყოფით ენერგიას მთლიანად შეისრუტავს და მხოლოდ სიხარულით აღგავსებთ. ასე რომ, თუ ცუდ ხასიათზე ხართ, იასამნის ბუჩქნარს მიმართეთ და ხარბად დაეწაფეთ მის უნაზეს სურნელს.