№16 რატომ ჩამოჰყავდა ლავრენტი ბერიას საბჭოეთში სამი მილიონი ჩინელი პატიმარი
ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზე ხრუშჩოვმა და კამპანიამ მას (ბერიას) ბრალი დასდეს სამი მილიონი ჩინელის ექსპლუატაციასა და არაადამიანურ მოპყრობაში, რაც ტყუილი იყო, თუმცა მასში სიმართლის მარცვალიც მოიძებნებოდა.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ, განსახორციელებელი დარჩა არა ერთი გრანდიოზული პროექტი, რომელთა უმრავლესობას ბერია კურირებდა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო მრავალათასკილომეტრიანი ტრანსციმბირული მაგისტრალის მშენებლობა, რომელსაც სამხედრო-სტრატეგიულ დანიშნულებასთან ერთად, დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მშენებლობა ჯერ კიდევ 1941 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მას ომმა შეუშალა ხელი. შემდეგ ქვეყნის აღდგენა მიმდინარეობდა და ამ მშენებლობისთვის არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსები არ იყო. 1953 წლის დასაწყისში კი, სტალინს ეს პროექტი გაახსენდა და ბერიას მისი რეანიმირება დაავალა. იმ პერიოდისთვის უამრავი დიდი პროექტი ხორციელდებოდა. ფული ცოტა იყო, მუშახელი კი – არასაკმარისი, მაგრამ სტალინი კატეგორიულად მოითხოვდა პროექტის განხორციელებას. ამიტომ, ბერია იძულებული გახდა, ბელადის სიტყვა შეესრულებია. გენერალი სერგო გოგლიძე 19 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ასეთ ჩვენებას იძლეოდა: „ბერია საგონებელში იყო ჩავარდნილი. სტალინი კატეგორიულად მოითხოვდა პროექტის ამუშავებას. ფული და ხალხი კი არ გვყოფნიდა. უფრო სწორად, იაფი სამუშაო ძალა არ იყო და მთელი პრობლემა ამაში მდგომარეობდა. ის დრო უკვე წარსულს ჩაბარდა, როდესაც ასეთ ძალად პატიმრებს იყენებდნენ და ეს, სწორედ, ბერიას დამსახურება იყო. იმ ხანებში ლავრენტი პავლოვიჩს თვალში მოხვედრია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩინეთში უამრავი პატიმარი შიმშილისგან იხოცებოდა და მათ პურის ნატეხსაც კი ვერ აჭმევდნენ. მხოლოდ წყალზე ამყოფებდნენ და ხშირად ეს წყალიც ამყაყებული იყო. ბერიამ თავისთან მიხმო და მითხრა:
– აი, ჩვენი ხსნა. ტრანსციმბირულ მაგისტრალს ჩინელი პატიმრები გაიყვანენ და ამას თითქმის მუქთად – ლუკმაპურის ფასად გააკეთებენ, თუ, რა თქმა უნდა, ამაზე ჩინეთის მთავრობა წავა.
– რომ არ დაგვთანხმდნენ? – ეჭვი გამოვთქვი მე.
– წესით, უარი არ უნდა თქვან. მაინც შიმშილით ეხოცებათ ხალხი, – მიპასუხა ბერიამ. დაფიქრდა და დაამატა, – თუ ამხანაგი სტალინი მაოს დაელაპარაკება, მაშინ ყველაფერი მოგვარდება.
როდესაც ბერიამ სტალინს მოახსენა ჩინელი პატიმრების შესახებ, ამხანაგი სტალინი მას დაეთანხმა. მაო ძე დუნს დაურეკა და იდეა გაანდო. მაოს უთქვამს – შიმშილით სიკვდილს, ლუკმაპურზე მუშაობა ჯობიაო და დათანხმებულა.
ამ სამუშაოს ჩვენი უწყება კურირებდა. ბუღალტრებმა იანგარიშეს და დაადგინეს, რომ ჩინელი სამი მილიონი პატიმრის შენახვა ყოველწლიურად ექვსი მილიონი მანეთი დაჯდებოდა. სამაგიეროდ, ეფექტი უზარმაზარი იყო და შეთანხმებაც შედგა. ბერია და მე პეკინში გავემგზავრეთ. შევხვდით მაო ძედუნს და შევთანხმდით, რომ პირველ აპრილს პირველი პატიმრების ჯგუფი ჩამოვიდოდა. თუმცა, ამ პროცესს ამხანაგ სტალინის გარდაცვალებამ შეუშალა ხელი და პირველი ასი ათასი ჩინელი პატიმარი მხოლოდ პირველ მაისს ჩამოვიდა ქვეყანაში“.
ჩინელი პატიმრების გამოყენებას ლავრენტი ბერია არა მხოლოდ ტრანსციმბირული მაგისტრალის მშენებლობაზე აპირებდა, არამედ პარალელურ, სამხედრო-საიდუმლო მშენებლობებზეც. მაო ძედუნთან შეთანხმებით, ჩინელები არანაირ პროტესტს არ გამოთქვამდნენ, თუკი სამივე მილიონი ჩინელი დაიღუპებოდა ამ სამუშაოებზე. ეს შეთანხმება თითზე დაიხვია რომან რუდენკომ და ბერიას პროცესზე ამით ახდენდა მანიპულირებას.
პირველ მაისს ჩამოყვანილი ასი ათასი ჩინელი ციმბირული ტაიგის გასწვრივ განალაგეს და მათ „ენკავედეს“ შეთხელებული რაზმები დარაჯობდნენ. პატიმრები არსად გამქცევები არ იყვნენ. მათ მხოლოდ პური და წყალი უნდოდათ, რომ შიმშილით არ მომკვდარიყვნენ და მზად იყვნენ, თავდაუზოგავად ეშრომათ.
ბერიას ერთ-ერთი თანაშემწე, ტიტე ალანია იხსენებდა: „ბერიას დაპატიმრებამდე და ვერაგულ მკვლელობამდე ორი თვეც არ იყო დარჩენილი, როდესაც ჩვენ ჩინელი პატიმრების ბანაკების სანახავად გავემგზავრეთ ტაიგაში. მართალია, გაზაფხული იდგა, მაგრამ ციმბირის მკაცრი კლიმატი თავისას შვრებოდა და საღამოს ძალიან ციოდა. სამი დღის განმავლობაში თითქმის ორი ათასი კილომეტრი გავიარეთ. ბერიამ გულდასმით დაათვალიერა პატიმარი მუშები და მოსკოვში რომ მოვფრინავდით, მითხრა:
– სამწუხაროა, მაგრამ მათი უმრავლესობა მშენებლობას ბოლომდე ვერ მიატანს. მხოლოდ პური და წყალი მათ უფრო ადრე მოკლავს და რაციონი გაუნოყიერეთო.
მოსკოვში რომ დავბრუნდით, იძულებული გავხდი, ბერიას ბრძანება შემესრულებინა. რაციონი გავზარდე და წლიური ექვსი მილიონის მაგივრად, თორმეტი მილიონი უნდა დაგვეხარჯა. ბერიას ხარჯთაღრიცხვა წარვუდგინე და ვუთხარი, რომ ეს ძალიან დიდი თანხა იყო. მან თავი გააქნია და მითხრა:
– იყოს თორმეტი მილიონი. სამაგიეროდ, ბევრად დიდ ეფექტს მოიტანენ. თანაც, ადამიანები არიან და ძაღლებსაც კი არ ეპყრობიან ასეო“.
ივნისის ბოლოს ბერია დააპატიმრეს და მოკლეს. ასი ათასი ჩინელი კი უკანვე დააბრუნეს. თუმცა, ბევრი მათგანი გზაში დაიღუპა, რადგან პურზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, წყალსაც კი არ ასმევდნენ.
ტრაგიკომიკურია ის, რომ ფალსიფიცირებულ პროცესზე ბერიას იმაში დასდეს ბრალი, რაც არ ჩაუდენია და რაც, ფაქტობრივად, თავად ბრალმდებლებმა განახორციელეს. მართალია, ბერია პატიმრების გამოყენებას აპირებდა თავისი გრანდიოზული პროექტისთვის, მაგრამ ხრუშჩოვისა და მისი ბანდისგან განსხვავებით, ასე უგულოდ არ გაუწირავს ისინი და რაციონიც კი გაუზარდა.
ფაქტი ფაქტად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ბერია თავის კოლეგებზე მეტად მარჯვე და განათლებული იყო, ისიც იმ სასტიქი ეპოქის მოღვაწე იყო და გარკვეული პასუხისმგებლობა დანაშაულებებზე მასაც ეკისრება.