№16 როგორ შემოაღებინა სტალინმა ლენინს გენერალური მდივნის პოსტი
სტალინის მოშურნეები, მოწინააღმდეგეები და მასზე აუგის მთქმელები ყოვლად აბსურდულ იდეას ავითარებდნენ იმის შესახებ, რომ თითქოს, სტალინის აღზევება სრულიად შემთხვევით მოხდა და გარკვეული გარემოებების ერთმანეთზე დამთხვევის შედეგად განხორციელდა. შემთხვევით დიდ პოლიტიკაში არაფერი ხდება. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება რუსეთს და ეს ჭეშმარიტება ნებისმიერმა დამწყებმა პოლიტოლოგმა მშვენივრად უწყის. სტალინის გენიალობა სწორედ, იმაში მდგომარეობდა, რომ მომავალმა საბჭოთა ბელადმა თავად შეუწყო ხელი საკუთარი თავის შექმნას და ამაში წინასწარ შემუშავებული სქემა გამოიყენა, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის ბელადს, ვლადიმირ ლენინს განახორციელებინა. ისტორიკოსი როი მედვედევი წერდა: „როგორც სრულიად სამართლიანად აღნიშნავდა ლევ ტროცკი, ბოლშევიკების ორგანიზაცია წარმოადგენდა პროფესიონალ რევოლუციონერთა ორდენს. მასში შემთხვევითი და სუსტი ადამიანები ვერასგზით ვერ მოხვდებოდნენ და სტალინი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება იყო. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ და ლენინის ძალაუფლებაში მოსვლასთან ერთად, გამძაფრდა შიდაპარტიული დაპირისპირება, რაც ილიჩს (ლენინს) ხელს არ აძლევდა. ხოლო ლენინზე განხორციელებულმა ტერაქტმა კი, ეს ბრძოლა გააათმაგა. თუმცა, მალევე გამოჯანმრთელებული ბელადი (ლენინი) ღრმად დააფიქრა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თუკი სასწრაფოდ არ მოიფიქრებდა რამეს, ხელისუფლება ხელში შემოადნებოდა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობის მაგივრად შერჩებოდა გაუთავებელი ლაყბობები პოლიტბიუროს სხდომებზე, ყრილობებზე, კონფერენციებსა თუ პლენუმებზე. ილიჩს კი რადიკალური რეფორმები სჭირდებოდა, რადიკალურ რეფორმებს – აბსოლუტური ძალაუფლება. ბოლშევიკური მთავრობის სტრუქტურა ამის საშუალებას არ იძლეოდა. და, მაშინ, როგორც ყოველთვის, საშველად სტალინი გამოჩნდა...“
სტალინის გამოჩენაში როი მედვედევი ორაზროვანია. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს, რომ სტალინი თავის მასწავლებელს (ლენინს) აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებაში დაეხმარა. სინამდვილეში კი თავისთვის გაიკვალა გზა პოლიტიკური ოლიმპისკენ და შექმნა ის, რაც შექმნა – ანუ მოდერნიზებული, ინდუსტრიულად განვითარებული წითელი იმპერია. დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე გამოცხადდა, რომ ყველაფრის წარმმართველი ძალა კომუნისტური პარტია იყო. იქვე იყო აღნიშნული, რომ ყველა საკითხი დემოკრატიულ საწყისებზე წყდებოდა პოლიტბიუროში და მას ახორციელებდნენ ცეკას – ცენტრალური კომიტეტის მდივნები. სტალინი ერთ-ერთი მათგანი, ანუ ცეკას მდივანი იყო. მომავალმა ბელადმა მოქმედ ბელადს (ლენინს) შესთავაზა გენერალური მდივნის პოსტის შემოღება, რომელსაც უფლება ექნებოდა, პარტიული კადრები ყველგან საკუთარი მოსაზრებისამებრ დაენიშნა. ეს წინადადება ლენინმა პოლიტბიუროზე „გაათრია“.იქვე დამტკიცდა სტალინის კანდიდატურა ამ პოსტზე. გამოცდილი ბოლშევიკები ვერ მიხვდნენ, თუ რამხელა ეშმაკობა იყო ჩადებული აქ. ტროცკი და კამპანია დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მთავარი იყო პოლიტბიუროს გადაწყვეტილება, რასაც ვერავინ შეცვლიდა და სწორედ აქ შეცდნენ. სტალინისა და მისი ერთგული თანამშრომლებისგან შემდგარმა კომუნისტური პარტიის არმიამ, რომელსაც რეალური ძალაუფლება, ადამიანური და მატერიალური რესურსები ჰქონდა, ტროცკისა და კამპანიას ადვილად „მოუგრიხა კისერი“. უკვე თვით სადირექტივო ორგანოში, პოლიტბიუროშიც, ხედავდნენ, თუ ვის ხელში იყო რეალური ძალაუფლება და ტროცკისაც უგანეს. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ იმან, ანუ – ლენინმა, ვისთვისაც ეს კომბინაცია ჩატარდა, ვერ მოახერხა დამორჩილებული კომუნისტური პარტიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, ეს სტალინმა გააკეთა. აქ ისმის კითხვა: სტალინმა ეს წინასწარ განზრახვით გააკეთა თუ შემთხვევა გამოიყენა?..“
დიმიტრი ვოლკოგონოვი ასეთი მრავალწერტილით ასრულებს ამ კითხვას და ბოლომდე არ ხსნის მას. ბოლომდე კი ასე ჟღერს: სტალინმა ლენინის ავადმყოფობას ხომ არ შეუწყო ხელი, რომ ილიჩისთვის შექმნილი მექანიზმი თავად გამოეყენებინაო.
გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვერცერთ ისტორიულ წყაროსა თუ დოკუმენტში ვერ წაიკითხავთ, რომ თითქოს სტალინი ხელს უწყობდა ლენინის ავადმყოფობის პროგრესირებას იმ მიზნით, რომ ილიჩი მომკვდარიყო და თავად ესარგებლა ძალაუფლების მზა ინსტრუმენტით, რომელიც თავად შექმნა. რა თქმა უნდა, ლენინის ხელდასხმით. ასეთი ბრალდების წაყენებას სტალინისთვის თვის ლევ ტროცკიც კი ვერ ბედავდა.
ვიაჩესლავ მოლოტოვი წერდა: „ფაქტია, რომ ლენინის სიკვდილს სტალინი მომზადებული შეხვდა და მთელ პოლიტბიუროში მხოლოდ მას აღმოაჩნდა ხელისუფლების განხორციელების რეალური მექანიზმი. თვით ტროცკიც კი ვერ მიდიოდა ლაყბობაზე წინ და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა სტალინი ლენინის მემკვიდრე და არა – ტროცკი...“
ფაქტია, რომ სიტყვაძუნწი სტალინი აქტიური რევოლუციური საქმიანობისას მიღებულ გამოცდილებასა და თეორიულ ცოდნას წარმატებით იყენებდა პოლიტიკური სვლების გათვლაში, მის განხორციელებაში კი, სხვა ბოლშევიკები და თვით ტროცკიც კი ჰყავდა ჩართული.
საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს მედვედევი, რომელიც წერს: „ტროცკიმ თავისი მედიდური ლაყბობითა და პოზიორობით, საკუთარი ხელით ჩააბარა სტალინს აბსოლუტური ძალაუფლება, რამეთუ მთელ ბოლშევიკურ პარტიაში არ მოიძებნებოდა სხვა ადამიანი, გარდა სტალინისა, რომელიც მარჯვედ გამოიყენებდა ძალაუფლების იმ ინსტრუმენტს, რომელსაც დამორჩილებული კომუნისტური პარტია ეწოდებოდა...“
სტალინის გარდა, ამ ინსტრუმენტის გამოყენება მხოლოდ ლენინს ხელეწიფებოდა, მაგრამ ლენინი უკვე აღარ იყო. ტროცკი ბევრს ლაპარაკობდა და იმუქრებოდა. დანარჩენი პოლიტბიუროს წევრები კი დაბნეულები იყვნენ. სტალინი იმთავითვე კრავდა ერთ მუშტად ქვეყანას, რომლისთვისაც კიდევ 30 წელი უნდა ეხელმძღვანელა.