№16 ეხმარება თუ რა ადამიანს პრობლემები და დაბრკოლებები სულიერ ცხოვრებაში და გადაარჩენს თუ არა მას დანთებული სანთლები და შეწირული ცხვრები
– ვისაც პრეტენზია გვაქვს, რომ მართლმადიდებლები ვართ, სწორი ცხოვრების წესით უნდა დავბრუნდეთ ღმერთთან და გავიყოლოთ მთელი მსოფლიო. თუმცა, დღეს მსოფლიო სხვა გზით მიდის, ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგი და გარკვეული ადამიანები აკონტროლებენ ყველაფერს, გარდა უფლის ნებისა. დღეს ძალიან ძნელია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც თავისი გზით მიდის, მიექანება ჯოჯოხეთისკენ, მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებლები, ამ მორევიდან უნდა ამოვიდეთ. ვინც შეინანებს, ის ამოვა ამ მორევიდან, არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების იქნება ის, რომელი ქვეყნიდან. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: მამის სავანეში ბევრი ადგილია და იმ ადამიანებმა უნდა შეავსონ ეს სავანე, ვინც გონს მოეგება, გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაგრამ არა რეგალიებით, სასწაულებით, ხატებით, ჯვრებით, არამედ იტყვის: „უფალო, რაც მე მჭირს, კრიზისში რომ ვარ, ეს ჩემი ცხოვრების ბრალია, არ ვარ სასუფევლის ღირსი, მაგრამ მახსენე, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა”. აი, რა არის მართლმადიდებლობა და ვინ ცხონდება. შეიძლება, ვინც ჩვენ ძალიან გვძულს, მათ თქვან სიკვდილის წინ ეს სიტყვები და დაიმსახურონ ქრისტესგან: „დღეს ჩემთან იქნები სასუფეველში.” და ჩვენ, ვინც მთელი ცხოვრება ვითომ რელიგიური პიროვნებები ვართ, ღმერთმა გვითხრას: შვილო, მე თქვენ არ გიცნობთ, რადგან დადიოდი და არ ლოცულობდი, არ ეზიარებოდი, ადრე გარბოდი ეკლესიიდან, შენი გული ბოღმით იყო სავსე, თუმცა გარეგნულად ძალიან თავმდაბალი, კეთილი, რელიგიური ჩანდით, შიგნიდან კი აყროლებული საფლავები ხართო. ანთებული სანთლებით, შეწირული ცხვრებით ცხონდება ვინმე? რა თქმა უნდა, არა.
– ხშირად მორწმუნე ადამიანებს უფრო მეტი განსაცდელი აქვთ.
– მაცხოვარი ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში გვაფრთხილებს: წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ მე ვძლიე წუთისოფელს. მაცხოვრის მხრიდან ეს არის ყველაზე ნათელი განმარტება, თუ რა გველოდება. ჩვენ გვყავს ქრისტე, მაცხოვარი, მესია, რომელმაც გაგვაფრთხილა, რომ წუთისოფელში გვექნება ჭირი. არ იქნებით გალაღებულები, ბედნიერები, მაგრამ ნუ გეშინიათ, მე ვიქნები თქვენთან, რადგან მე ვძლიე წუთისოფელს. ჩვენი რწმენა, რომელიც ქრისტეშია, უნდა იყოს მძლეველი განსაცდელების. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი ეხება მართლმადიდებელ ქრისტიანებს და არა იმათ, ვინც დიდი ხანია, ეკლესიაში არ დადის – ნელ-თბილია, გულგრილია, ხან აქეთ არის, ხან – იქით და მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ეკლესიური ცხოვრება. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ვილოცოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს. ყველამ უნდა იცოდეს და აღიაროს, რომ ეს განსაცდელი ცოდვების გამო გვეწვია. ანუ, ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე ჩვენი ცოდვების გამო მივიდა. ყველაფერი ჩვენი ცოდვებიდან, არასწორი არჩევნიდან, იდეოლოგიიდან მომდინარეობს. ერთეული ადამიანები გავხადეთ ღმერთად. რაც მთავარია, განსაცდელის ჟამს ქრისტიანი შიშმა არ უნდა მოიცვას. არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ. იმის კი არ უნდა გეშინოდეს, რა მოხდება ხვალ, ზეგ, არამედ იმისა, რომ ღმერთმა არ მიგატოვოს ან შენ არ მიატოვო ის. არ უნდა დაიწყოთ წუხილი, წუწუნი, რასაც განსაცდელის ჟამს ბევრი აკეთებს, იმედს კარგავს და დაჩიავებულ მდგომარეობაშია: დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ მაინც არაფერი მშველის, იქნებ იქ მივიდე და იქ მაინც მეშველოსო. როდესაც ჭეშმარიტი სარწმუნოება გაქვს, გყავს მაცხოვარი, ხარ ეკლესიის წევრი, რატომ წუწუნებ? ესე იგი, ღმერთი ბოროტია, ღმერთმა ჩაგაყენა ამ მდგომარეობაში? არა, ეს არის შენი ცოდვებიდან გამომდინარე და თუ რამე წუხილი და წუწუნია შენში, საკუთარ თავს დააბრალე და დამშვიდდები. ყველა განსაცდელი მოთმინებით უნდა გადავიტანოთ, რადგან, თუ არ მოითმენ, მაშინ წააგებ. მოითმინე და მოიგებ, მოითმინე და გადარჩები, მოითმინე და ღმერთი მოვა შენთან. დაბოლოს, მადლობა შევწიროთ ღმერთს. ხარ განსაცდელში? – მაინც მადლობა უთხარი ღმერთს იმისთვის, რომ პირში სული გიდგას; მადლობა იმისთვის, რომ მომავალში სწორი, მართებული არჩევანი მიიღო.
– ხშირად ადამიანს პრობლემები, დაბრკოლებები სულიერ ცხოვრებაში, ცხონებაში ეხმარება.
– გარკვეული პრობლემები, განსაცდელები, ჯვარი, რომელიც ღმერთმა ჩვენზე დაუშვა, საჭიროა იმისთვის, რომ უფრო მეტად გავიზარდოთ, გავძლიერდეთ, არ დავკარგოთ სასოება; ამიტომაც, ამის გარეშე ვერავინ ცხონდება. კარგად ამბობს ბასილი დიდი: ცხონება ადამიანის ნებით და ღვთის დაშვებით ხდება. როგორ შეიძლება, ღმერთმა რამე ვერ შეძლოს, მაგრამ, შენ თუ არ გინდა ცხონება, ის ძალით არ გაცხონებს, რადგან მთავარია ადამიანის თავისუფალი ნება. მაგრამ, თუ შენ თავიდანვე ფიქრობ: აიდი-ბარათი ავიღე, რა მეშველება, ყველაფერი დამთავრდა; სატანები არიან ეკლესიაში, ყველაფერი ცუდად არის – შენ უკვე ჩაკეტე ღმერთთან ურთიერთობის კარი და ვეღარ ცხონდები. იმიტომ კი არა, რომ ღმერთს არ შეუძლია, არამედ, შენ არ გინდა. პესიმისტი ხარ და როდესაც ანტიქრისტე მოვა, შენ იქნები კარგი მრევლი. ასეთი ადამიანები შეგროვდებიან და იტყვიან: არ გაგვიმართლა ქრისტეში და იქნებ გაგვიმართლოს ანტიქრისტეში. ანუ, უკვე არსებობს ის მრევლი, რომელიც ანტიქრისტეს მიიღებს.
ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცუდზე ფიქრობენ. კეთილი მოვიდა – არ მიიღეს, ცუდი მოვა და იმას მიიღებენ, რადგან, ის ეტყვის: აქამდე ყველაფერი მირაჟი იყო, არავითარი ქრისტე, არავითარი სიწმინდე, არავითარი ოჯახური პატიოსნება, სიყვარული... დადგება დრო, როდესაც თქვენ, მართლმადიდებლებს, გეტყვიან: თქვენ არანორმალურები ხართ, იმიტომ რომ, ძალიან ცოტანი ხართ. ლუკას სახარებაში ქრისტე ამბობს: „როცა მოვა იესო ქრისტე, ნახავს კი რწმენას დედამიწაზე?!“ ჭეშმარიტი სარწმუნოება იქნება არა ერთ ქვეყანაში, არამედ – ერთეულებში და ისიც რამდენიმე ეკლესიაში, როგორც იოანეს გამოცხადებაში წერია. ამიტომ, ვიფიქროთ არა ცუდზე, არამედ კარგზე. თუ მორწმუნედ მიიჩნევ თავს და მაინც გშია, მაშინ, შეამოწმე შენი რწმენა – იქნებ, ისე არ გწამს, როგორც ეშმაკეული ჭაბუკის მამას. თუ ითხოვ და არ იღებ, ესე იგი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ითხოვ ბოროტს. ამიტომ, კარგად დაუკვირდით, რატომ მოდიხართ ეკლესიაში. ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი მაშინვე კარგად იქნება, ხელფასი მოგემატებათ. ეკლესიაში იმიტომ მოდიხართ, რომ თქვენი ცოდვები აღიაროთ, განიწმიდოთ, შეინანოთ: ღმერთო, მოვედი უძღები შვილივით და იქნებ, მოჯამაგირედ მაინც დამაყენო კარში და ერთი-ორჯერ მაინც მაზიარო. მოჯამაგირედ დამაყენოო და არა მაშინვე სტიქაროსნად ან დიაკვნად, როგორც ამას ხშირად ითხოვენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ღვთისგან გვაქვს და, ამიტომ, მუდმივად უნდა ვიყოთ მადლიერები და თავი დავანებოთ წუწუნს, უარი ვთქვათ უკმაყოფილო სახით სიარულზე და იმედიანად ვიყოთ განწყობილები.